Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთი გაძლიერებული რუსეთის შიშმა აიტანა

დასავლეთი გაძლიერებული რუსეთის შიშმა აიტანა

584

ყოველი წლის ბოლოს ევროპარლამენტი აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, რომლის განხილვის შემდეგ კენჭს უყრიან მის ბაზაზე მომზადებულ რეზოლუციას. ამ დოკუმენტს ევროკავშირი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებს, კერძოდ, იმ ქვეყნებზე ზემოქმედების მოსახდენად, რომლებშიც ეს დარღვევები მასობრივ ხასიათს ატარებს.

 

შარშანდელ ანგარიშში, ისევე, როგორც წინა წლების დოკუმენტებში, რუსეთს განსაკუთრებული ადგილი დაეთმო, მაგრამ ტრადიციული ანგარიშის განხილვაზე ევროპარლამენტის დეპუტატმა ავსტრიიდან _ ევალდ შტადლერმა განცხადება გააკეთა:

«მიმაჩნია, რომ ეს ანგარიში დაბალანსებული არ არის. ამ დოკუმენტის ცალმხრივობის დასადასტურებლად ამჯერად დავასახელებ სამ მაგალითს, თუმცა თავისუფლად შემიძლია კიდევ 10 მაგალითის მოშველიება.

თავში «სასიკვდილო განაჩენი და მისი აღსრულება» ადამიანის უფლებათა დამრღვევად დასახელებულია ბელარუსი, მაგრამ სიტყვაც არ არის ნათქვამი სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების ისეთ ლიდერ ქვეყანაზე, როგორიც ევროკავშირის პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია! არც ერთი სიტყვა აშშ-ზე!»

ამ საკითხს ევალდ შტადლერი მეორე დღესაც მიუბრუნდა და შენიშნა:

«ჯერ კიდევ გუშინ ვთქვი, რომ ხმას არ მივცემდი ამ ანგარიშს, დღეს ასეც მოვიქეცი, კვლავ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ანგარიში ცალმხრივია.

მეასე და ასმეერთე პუნქტებში დასახელებულია სიკვდილით დასჯის ორი შემთხვევა ბელარუსში (მინსკის მეტროში მოწყობილი ტერაქტების გამო), რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ ამასთან, სიკვდილით დასჯის ყველაზე დიდი რაოდენობა დასავლეთ ნახევარსფეროში _ აშშშია, ეს ქვეყანა კი საერთოდ დასახელებულიც არ არის, არც ერთი სიტყვა აშშზე!

ეს არის იმის დადასტურება, თუ რამდენად მიკერძოებული და ცალმხრივია მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შედგენილი ეს დოკუმენტი!..

იმავე ცალმხრივობით გამოირჩევა აბორტების თემაც, როგორც ქალთა უფლება, მაგრამ არა ბავშვის სიცოცხლის უფლება. იგივე ეხება ქრისტიანულ უმცირესობათა განადგურებას არაბულ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება.

არაფერია აქ ნათქვამი დასავლეთ საჰარის ამჟამინდელ პრობლემებზე, სიტყვა არ არის ნათქვამი ადამიანის უფლებათა დაცვაზე პალესტინაში, სადაც ისეთი ცუდი სიტუაციაა, რომ ეს თემა აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.

იგივე ეხება ედვარდ სნოუდენს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით იკისრა პასუხისმგებლობა, გარისკა და დაგვანახა, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ამერიკის სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც უთვალთვალებენ მილიონობით ადამიანის კერძო, ოჯახურ და სამსახურის სფეროებს! ამის შესახებ არც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ამ ანგარიშში. არც ერთი სიტყვა!

ამიტომ ეს ანგარიში აშკარად მიკერძოებულია. იგი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ, ბელარუსის წინააღმდეგ.

ეს ანგარიში თავიდან ბოლომდე რუსოფობიითაა გაჟღენთილი! ამიტომ, ჩემი ღრმა შეგნებითა და რწმენით, ხმას ვაძლევ ამ ანგარიშის წინააღმდეგ!»

ამ განცხადებიდან ორიოდე დღეში ევალდ შტადლერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალისტმა ალექსანდრ როსტოვსკიმ, რომლის თარგმანსაც აქვე გთავაზობთ.

_ ბატონო შტადლერ, ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. პირადად მონაწილეობდით ამ პროცესში, დებატებში და კრიტიკულად შეაფასეთ იგი.

ევროპარლამენტის ეს ანგარიში ძალიან ბევრი გაფრთხილებისა და ჭკუის დარიგების შემცველია, ჩამოთვლილია მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვანი შემთხვევა, მაგრამ ეს, ეტყობა, მაინც მცირე ნაწილია იმისა, რაც მსოფლიოში შეიმჩნევა?

_ ანგარიში მიკერძოებულია. და ეს გავაკრიტიკე. ეს ანგარიში, უეჭველია, აგებულია მძლავრი რუსოფობიის ბაზაზე.

ხაზი უნდა გავუსვა, რომ გაოგნებული ვარ რუსეთის მიმართ მტრული გამონათქვამებითა და ფორმულირებებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირი მტრულ დამოკიდებულებაშია რუსეთთან.

მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ევროპარლამენტის 2013 წლის ანგარიშში ცალკე კარი ეძღვნება ორ სასიკვდილო განაჩენს ბელარუსში. ამასთან, ანგარიშში ერთი სიტყვაც არ არის თქმული დასავლეთის ნახევარსფეროს ქვეყანაში, აშშ-ში, ყველაზე დიდი რაოდენობით აღსრულებული სასიკვდილო განაჩენების შესახებ.

არც ერთი სიტყვა არ არის თქმული წამებათა შესახებ დასავლეთისა და აშშის პარტნიორ ქვეყანაში _ საუდის არაბეთში. იქ ადამიანებს სიკვდილით სჯიან ყველაფერთან ერთად იმის გამო, რომ ისინი ქრისტიანები არიან, იმიტომ, რომ ქრისტეს რჯული ირწმუნეს

ანგარიშში ლაპარაკი არ არის ქრისტიანულ უმცირესობათა განადგურების შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის  დასაწყისიდან, უკვე 2000 წელიწადია, იქ ცხოვრობენ. მაგალითად, კოპტები ეგვიპტეში ან ქრისტიანები სირიაში, რომლებსაც ყელსა სჭრიან ისლამისტები.

სიტყვაც არ თქმულა ქრისტიანულ თემებზე ერაყში. ქრისტიანები, თითქმის 2000 წელიწადია, იქ ცხოვრობენ და დღეს მათ ისლამისტები დევნიან

კიდევ ერთი ფარისევლური პუნქტი აბორტებს ეხება. იქ ლაპარაკია ე. წ. ქალთა სექსუალური ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობაზე და, ამასთან ერთად, «ადამიანის უფლებაზე» _ გაიკეთოს აბორტი, რაც, ფაქტობრივად, აკანონებს აბორტებს.

კარგად მოისმინეთ და გაიაზრეთ: აბორტის გაკეთების უფლება! რატომღაც არავინ არ ფიქრობს ბავშვების სიცოცხლის უფლებაზე, პირიქით, შემოაქვთ უფლება აბორტზე.

ყველა ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო აშკარად ჩანს, რომ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ეს ანგარიში მიკერძოებული და ცალმხრივია, ამიტომ ხმა მივეცი მისი მიღების წინააღმდეგ.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი შეხედულება ამ ანგარიშზე გაიზიარა ზოგიერთმა ჩემმა კოლეგა-დეპუტატმა, მათ შორის, პოლონეთიდან, რამაც გამაკვირვა.

_ მიიჩნევთ, რომ პარლამენტს საერთოდ აქვს უფლება, დაადგინოს ადამიანის უფლებათა დარღვევა სხვა ქვეყნებში და ამისთვის დაგმოს ეს ქვეყნები?

_ ვფიქრობ, რომ კი. ასეთი უფლება აქვს ყველა პარლამენტს, მაგრამ ეს სამართლიანად, ობიექტურად და დაბალანსებულად უნდა გაკეთდეს. თუ ვხედავთ, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, ვლაპარაკობთ კიდეც ამის შესახებ. მაგრამ ადამიანის უფლებათა დარღვევა არ უნდა გამოვიყენოთ, როგორც პოლიტიკური პროპაგანდა, მაგალითად, უკრაინის ან თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ.

დღეს სულ უფრო აშკარა ხდება, რომ, როცა თავს ესხმიან უკრაინას, ამ თავდასხმის ნამდვილი მიზანი არის პროპაგანდა რუსეთის წინააღმდეგ. კვლავ   ხაზს გავუსვამ, რომ რუსოფობია, რომლითაც გამსჭვალულია ევროპარლამენტი, მისი მოქმედების ძრავაა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთან ანგლოსაქსური სამყაროდან მოდის.

ევროკავშირისა და ევროკომისიის დიპლომატების ქცევითა და განცხადებებით უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის იზოლაციისკენაა მიმართული ეკონომიკურ სფეროშიც. ამის მაგალითია, თუნდაც, ევროკავშირის ახალი კანონი «მესამე ენერგეტიკული პაკეტი» («გაზპრომის» წინააღმდეგ). ამასთან ერთად, ნათელია, რომ ევროკავშირი ამერიკელების ინტერესებს ემსახურება. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკა აბსოლუტურად მცდარია.

ჩვენ დავინახეთ ევროპული დიპლომატიის კატასტროფული შეცდომები უკრაინის მაგალითზე, როცა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შემთხვევაში ევროპულმა დიპლომატიამ ვერ შეამჩნია ან არ მოისურვა იმის დანახვა, თუ რამდენად ფუნდამენტურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკები.

ევროკავშირმა ვერ დაინახა, რომ იულია ტიმოშენკო დამნაშავეა, კრიმინალური ფიგურაა. და აი, ევროკავშირმა უგულებელყო რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკების მჭიდრო კავშირი, ტიმოშენკო კი უმანკო წმინდანის რანგში აღაზევა და მოლაპარაკების მთავარ თემად აქცია.

როცა უკრაინის ან რუსეთის მიმართ ევროპული პოლიტიკა მსჯავრდადებული დამნაშავეების (ხოდორკოვსკის) დაცვითაა დაკავებული, როცა ამას ურთიერთობის მთავარ თემად აქცევენ, მაშინ არ უნდა გავიკვირვოთ, რომ უკრაინამ ევროკავშირს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა და ალტერნატივისა და მოკავშირეების ძებნა აღმოსავლეთში დაიწყო. ეს სწორია, უკრაინის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი.

ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რა გადაიტანა უკრაინამ ბოლო წლებში ევროკავშირის ამ აგრესიული პოლიტიკის გამო.

უკრაინელებმა ახლა თავის თავს უთხრეს: «მორჩა, ჩვენ ყელამდე მაძღარი ვართ ევროკავშირის ამ პოლიტიკით, ჩვენ გვსურს რუსეთთან ალტერნატიული პარტნიორობა». და იმაში, რომ რუსეთმა უკრაინასთან დაახლოების ეს შანსი გამოიყენა, რომელიც მას ევროკავშირმა ლურჯკანტიანი ლანგრით თავად მიართვა, რუსეთი, ვფიქრობ, არ უნდა დავადანაშაულოთ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის პოლიტიკამ უკრაინას დამართა.

_ ჩვენ ვნახეთ, როგორც იჯდა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ქალი ევროპარლამენტის განხილვის დროს ტიმოშენკოს გამოსახულებიან მაისურში წარწერით «თავისუფლება ტიმოშენკოს». რა დამოკიდებულება გაქვთ ამგვარ ევროპულ დიპლომატიასთან?

_ ეს სისულელეა, იგავმიუწვდომელი გონებაშეზღუდულობა. ეს ვიცეპრეზიდენტი ქალბატონი უნდა დაინტერესებულიყო და ეკითხა ლონდონის ერთ-ერთი საადვოკატო კანტორისთვის, რომელმაც დაადგინა, რამდენი ათეულობით მილიონი ევრო გადარიცხა იულია ტიმოშენკომ დასავლეთის ბანკებში უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს. უნდა ითქვას, რომ ყოველთვის იყვნენ და არიან გულუბრყვილო ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ის, რაც მასმედიაშია, ლამის ღვთის განგება და უკანასკნელი ინსტანციის სიმართლეა.

_ ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროპარლამენტის ერთი დეპუტატი პირადად ეწვია იულია ტიმოშენკოს და აღმოაჩინა, რომ მას ცხოვრების შესანიშნავი პირობები აქვს მოწყობილი. ამის თაობაზე მასმედია რატომ არაფერს იტყობინება?

_ გასაგებია, რატომაც. იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება აღიარებულ პროპაგანდას. ვიმეორებ, ევროპარლამენტი პროპაგანდის სამინისტროდ იქცა. ის, რაც ევროპარლამენტის დეპუტატმა ტიმოშენკოს საპატიმრო ადგილას აღმოაჩინა, ფეოდალური წყობილების სასახლეს ჰგავს. ყველა დამნაშავე ასეთ თავადურ პირობებში როდი იმყოფება გისოსებს მიღმა.

ეს დეპუტატი გააკვირვა იმანაც, რომ სინამდვილეში ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. ამას ადასტურებს ყველა, ვინაც იგი პირადად ინახულა. ხოლო ის, რომ იგი ზურგის ტკივილს უჩივის, ბევრს ეს, თავისუფლებაზე მყოფსაც აწუხებს. ასე რომ, მისი ტკივილები სულაც არ არის გამოწვეული იმ პირობებით, რომლებიც მისთვის გისოსებს მიღმა არის შექმნილი. ის, რასაც დასავლეთის მედია ჩვენ გვიყვება გაუბედურებულ და შიმშილით დაოსებულ ტიმოშენკოზე, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები მასმედიას თავს ატყუებინებენ, ეს მათი პირადი საქმეა. მე პირადად ამ პროპაგანდისა არ მჯერა და მოვლენებს კრიტიკულად აღვიქვამ. ყოველთვის ვცდილობ, გავიგო, სინამდვილეში რა დგას საგნებს უკან. ვფიქრობ, რომ ჩვენ მოწმენი ვხდებით მუდმივად მზარდი გლობალური ბრძოლის ამერიკელებს, რუსებსა და ჩინელებს შორის. უკრაინას ამ ბრძოლაში ცენტრალური როლი აკისრია, ევროკავშირი კი ამერიკელების ინტერესებს ემსახურება.

უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის უნამუსო პროპაგანდის კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება დავინახოთ თურქეთში ამასწინათ გამართულ პროტესტებში. მოდით, გავიხსენოთ ევროკავშირის პილიტიკოსების რეაქცია თურქეთში, გიზის პარკში გამართული სტუდენტების საპროტესტო აქციების დროს. თურქეთი, უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. თურქეთის პოლიციამ მაშინ უმოწყალოდ დაარბია დემონსტრანტები. იყო ბევრი დაჭრილი, მძიმედ დაჭრილიც, რამდენიმე მოკლეს. უკრაინის მთავრობა კი პირიქით მოიქცა, იზრუნა, რათა პოლიციას კიევში დემონსტრანტების მიმართ ზომიერად ემოქმედა და, მადლობა ღმერთს, იქ არც მძიმედ დაჭრილა ვინმე, არც არავინ მოუკლავთ.

კიევში იყვნენ მძიმედ დაჭრილები, მაგრამ ისინი პოლიციელები იყვნენ. ჩემი თვალით ვიხილე შეტაკების ვიდეო კიევში, დემონსტრანტების ველური აგრესია გასაოცარი იყო. პოლიციას ნაბრძანები ჰქონდა, არავითარ შემთხვევაში არ ეპასუხა და რეაგირება არ მოეხდინა ასეთ აგრესიაზე.

უკრაინის ხელისუფლების ასეთი ქცევა ევროკავშირს სათანადოდ არ დაუფასებია. უფრო მეტიც, რაღაც ვერ ვნახე, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები და ევროკავშირის პოლიტიკოსები ჩასულიყვნენ თურქეთში _ ანკარაში, სტამბოლში, გიზის ამ პარკში დემონსტრანტების გასამხნევებლად. ასეთი რამ არ მინახავს, ასეთი რამ არ ყოფილა.

ამ მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს ევროკავშირის ორმაგი მორალი და უნამუსობა, როცა ადამიანის უფლებათა დარღვევაზეა ლაპარაკი. თუ სადმე ადამიანის უფლებათა დარღვევა ევროკავშირს არ აღელვებს ან ეწინააღმდეგება მის ინტერესებს, იქ ევროკავშირი არ რეაგირებს ან ერთ-ორ ფორმალურ განცხადებას გადმოისვრის, ვალის მოსახდელად. ასე იყო თურქეთის შემთხვევაში.

მაგრამ იქ, სადაც რაიმე დარღვევა რაც შეიძლება უკეთ ესადაგება ევროკავშირის პოლიტიკის წარმატებას, მაგალითად, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმართვა, იქ ევროკავშირი იქამდეც კი მიდის, რომ უკრაინის მთავრობის ლეგიტიმური მოქმედების კრიმინალიზაციას ახდენს. თანაც, როგორც ყველგან და ყოველთვის, მათ ერთადერთი დამნაშავე ჰყავთ _ ვლადიმერ პუტინი. ამას მე რუსოფობიას ვუწოდებ, შეგნებულად გავრცელებულ რუსოფობიას. რა მოჰყვება ამას, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. მათ რა, სურთ, ღია კონფლიქტით დაუპირისპირდნენ რუსეთს? მათ სურთ კვლავ დაუბრუნდნენ «ცივი ომის» დროს? რუსეთთან კონფლიქტის დაძაბვით მათ თავიანთი სამხედრო მრეწველობის გამოცოცხლება უნდათ? «აღმოსავლეთიდან საშიშროების» მუქარით სურთ, ბიუჯეტს წაგლიჯონ ფული სამხედრო მანქანისთვის? თუ ასეა, მაშინ პირდაპირ უთხრან ამის შესახებ თავიანთ მოქალაქეებს.

_ როგორ ახსნით ამ წინააღმდეგობას, როცა ევროკავშირი ზოგ ქვეყანას უფრო ძლიერ აკრიტიკებს, ზოგს კი _ ნაკლებად ან საერთოდ არა?

_ ეს ევროკავშირის პროპაგანდისტური პოლიტიკის ნაწილია. ისინი თავად ნიშნავენ «კარგებს» და თავადვე ამხელენ «ცუდებს», ვინც მათ არ მოსწონთ. «ცუდი» ყოველთვის ისაა, ვინც ხელს უშლის ევროკავშირს და, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ს. მათ «მტრებად» აცხადებენ, ბოროტების ღერძს მიაკუთვნებენ. დღეისთვის «მტრის» ამ პროპაგანდის გენერალური ხაზი აშკარად მიმართულია პუტინისა და რუსეთის წინააღმდეგ.

კონფლიქტის ესკალაციის ასეთი პოლიტიკა ფრიად საშიშია, ამიტომ მივმართავ ჩემს ავსტრიელ თანამემამულეებს, რომლებსაც დღემდე ყოველთვის შეეძლოთ გაერჩიათ პროპაგანდა რეალობისგან, _ თავი აარიდონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ესკალაციის ამ პოლიტიკას. ევროკავშირის პოლიტიკა ერთია, ავსტრიის ფედერალური მთავრობის პოლიტიკა _ სულ სხვა. ავსტრიას გააჩნია რუსეთთან კეთილი ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია და, თუ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარ კარიერაზე ზრუნვის მეტი სხვა საქმე არ აქვს, დროა, უფლებამოსილებაზე უარი თქვას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here