Home რუბრიკები პოლიტიკა თავისუფალი დაკიდების კოეფიციენტი, ანუ Жираф большой, ему видней!

თავისუფალი დაკიდების კოეფიციენტი, ანუ Жираф большой, ему видней!

525

საქართველოს პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ პატივცემულ ფილოსოფოსს თანამდებობისთვის შესაფერისად, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არც საქართველოში მიიჩნევს ვინმე და არც თურქეთში. ძალიან მიმძიმს ამის აღიარება _ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბატონი მარგველაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია _ მას არც შინ და არც გარეთ სერიოზულად არავინ აღიქვამს. აქვე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს «შეუფერებლობა» ყველაზე ნაკლებად არის თავად მარგველაშვილის ბრალი, რადგან მისი არასერიოზულად აღქმა შედეგია უმოწყალო კასტრაციისა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დავმართეთ ზოგადად, და ბატონი ივანიშვილის ახირებისა _ რომ ამ კასტრირებულ პოსტზე ყველაზე კარგი კანდიდატურა სწორედ მარგველაშვილი იქნებოდა.

კასტრაციასა და თანამდებობისთვის შესაფერისობას მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტის რამდენიმე უკიდურესად მნიშვნელოვან და სამარცხვინო დეტალს მივაქცევ თქვენს ყურადღებას.

პირველი და მთავარია დახვედრა _ გიორგი მარგველაშვილს აეროპორტში დახვდნენ, როგორც ლამის რიგით მგზავრს. ტოტო კუტუნიოსაც კი, როდესაც ნაფტალინს შემოაცლიდნენ და სააკაშვილის ახირებით სამღერად ჩამოჰყავდათ, გაცილებით ღირსეულ და წარმომადგენლობით დახვედრას უწყობდნენ თბილისის აეროპორტში, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს მოუწყვეს ანკარაში…

თანაც საქართველოს პრეზიდენტის დახვედრა ადგილობრივი მერისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის დონეზე საკმაოდ ღია და უტაქტო მინიშნება იყო თურქეთის მხრიდან, რომ ანკარა საქართველოს «საშინაო საქმედ», ვილაიეთად განიხილავს.

მეტიც, სამთავრობო უწყების მოსაცდელში პრეზიდენტის პრესმდივანს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც თურქულ მხარეს ოფიციალურად ბოდიში ჯერაც არ მოუხდია.

მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში სტუმრობისას ფეხებზე დაიკიდეს, მომიტევეთ ამ უხეში შედარების გამო, მაგრამ ჯიუტი ფაქტების ერთობლიობა მკაფიოდ მეტყველებს, რომ, როგორც «თანასწორს თანასწორთა» შორის, მას თურქეთში არავინ აღიქვამდა…

და საერთოდ, მთელი ვიზიტი, იმ წვრილფეხა თურქი ჩინოვნიკების გამომეტყველება, რომლებმაც მარგველაშვილს კომპანიის პატივი დასდო, ძალიან ჰგავდა არა მეზობელი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ ღარიბი და აბეზარი ნათესავის სტუმრობას, რომელსაც მასპინძლის მოსამსახურე პერსონალიც კი ამრეზით და ქედმაღლურად უმზერს…

ამ და სხვა სამარცხვინო, დამამცირებელი დეტალების ფონზე, რომელთა ჩამოთვლითაც მეტს აღარ დაგძაბავთ, შოკისმომგვრელი იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება:

«თურქეთი საქართველოს უახლოესი პარტნიორია… ჩემ მიერ პირველი ვიზიტი სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში ხორციელდება. საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერა ფასეულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში»…

თქვენც ხომ?!

რა თქმა უნდა, ერთადერთი ასოციაცია, რომელიც ამ განცხადებამ შეიძლება გააჩინოს, არის მარგველაშვილის წინამორბედი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის ბოდვა იმის თაობაზე, რომ «თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია».

სხვათა შორის, თურქეთს ისტორიულ მეგობარს უწოდებდა სააკაშვილის წინამორბედი ედუარდ შევარდნაძეც. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მარგველაშვილმა ამ შემთხვევაში წინამორბედი პრეზიდენტების «რეჩი» გაიმეორა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოსტს, დასაჭურისების შემდეგაც შერჩა ბოდვითი იდეებით დასნებოვნების უნარი და ამ ხვედრს ფერშალი და იურისტი პრეზიდენტების კვალდაკვალ ვერც ფილოსოფოსი მარგველაშვილი გაექცა.

არადა, ეს ის «ისტორიული მეგობარი თურქეთია», რომლის პრეზიდენტიც 2008 წლის აგვისტოში არა თბილისში, არამედ მოსკოვში ჩაფრინდა, რუსეთის ხელმძღვანელობისგან აჭარის მიტაცების ნებართვის ასაღებად;

ეს ის «ისტორიული მეგობარი» თურქეთია, სადაც რუკებს დღემდე ისე ბეჭდავენ, რომ ბათუმი და აჭარა თურქეთის ტერიტორიაა;

ეს ის «ისტორიული მეგობარი» თურქეთია, რომელმაც ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე დაასრულა აჭარის ოკუპაცია;

ეს ის «ისტორიული მეგობარი» თურქეთია, რომლის მეოხებით ბათუმის შემოგარენსა და საერთოდ აჭარაში ათეულობით რელიგიური პანსიონი მოქმედებს, სადაც ყურანს ასწავლიან და სასწავლო პროგრამა ძირითადად რელიგიურ, მუსლიმანურ თემატიკასა და ჰაფიზობის კურსებს მოიცავს. მაღალმთიან აჭარაში მოქმედი სასულიერო პანსიონატები კი, რომლებიც ბავშვებს ძირითადად ისლამის საფუძვლებს ასწავლიან, მოსწავლეებს თურქეთში აგზავნიან «ისლამის ცოდნის გასაღმავებლად» და დაბრუნების შემდეგ აჭარაში, თურქულ კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან. 

მხოლოდ ხულოს რაიონში 80-მდე მუსლიმანური სასწავლო ცენტრია და მედრესეებში სამი ათასზე მეტი მოზარდი სწავლობს.

ეს ის «ისტორიული მეგობარი» თურქეთია, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი ტაძარი გადასცა ბერძნებს, რომლებთანაც საომარი მდგომარეობა აქვს, ასევე სომხებს დაუბრუნა ჩამორთმეული ქონება კილიკიის საკათალიკოსოშიც კი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი, თორემ სომხეთის ეკლესიის უპირატესობას აღიარებს, ხოლო ჩვენ, «ისტორიულ მეგობარს» _ ქართველებს სათოფეზე არ გვაკარებს ქართულ ისტორიულ ძეგლებთან;

ეს ის «ისტორიული მეგობარი» თურქეთია, რომელიც, რომ არა ყარსის ხელშეკრულების ვალდებულებანი და რუსეთის რიდი, თვალისდაუხამხამებლად გაგვავილაეთებდა.

მეგობრობა-პარტნიორობას და ისტორიას თავი დავანებოთ, მოდით, მარგველაშვილის ციტატის კიდევ ერთ მარგალიტს მივაქციოთ ყურადღება _ «საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერა ფასეულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში».

იმაზე, რომ 2008 წელს თურქეთის პრეზიდენტი არა თბილისში, არამედ მოსკოვში ჩაფრინდა აჭარის მიტაცების ნებართვის ასაღებად, უკვე მოგახსენეთ და აღარ გავიმეორებ. ბატონმა მარგველაშვილმა, ეტყობა, არ იცის, რომ თურქეთი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეშვეობით ძალ-ღონეს არ იშურებს, გადმოიბიროს აფხაზი სასულიერო პირები და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეპარქია კონსტანტინოპოლის პატრიარქს, შესაბამისად კი თურქეთის გავლენას, დაუქვემდებაროს. ეს არც არის გასაკვირი, თურქეთი ცდილობს, შეავსოს ვაკუუმი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის მიერ ცხუმ-აფხაზეთის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციად აღიარების შედეგად წარმოიშვა. აფხაზი სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიასთან კონტაქტზე არ მიდიან, რუსეთის ეკლესია მათ არც დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებს და არც თავის ქვეშევრდომად, რადგან ოფიციალურად აღიარებს, როგორც ქართული ეკლესიის ნაწილს. სწორედ ამ ფონზე ცდილობს ანკარა აფხაზეთში საკუთარი ინტერესების გატარებას კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეშვეობით, რომელსაც, ცნობისთვის, საკუთარ აპარტამენტში კედელზე ქემალ ათა თურქის სურათი უკიდია.

ამ ფონზე ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა _ პირი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენის საკითხში თურქეთის მხარდაჭერა ფასეულია, ან პოლიტიკის ანა-ბანაში არ ერკვევა, ან ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის ინტერესებში საერთოდ არ შედის.

დღეს ბრმისთვისაც ნათელია, რომ თურქეთი საქართველოს განიხილავს, როგორც თავისი გავლენის სფეროს და კავკასიაში აშშ-ის როლის შესუსტების პერსპექტივის ფონზე ცდილობს, რომ თვითონ ჩაანაცვლოს ვაშინგტონი გავლენებში. ამ პროცესს ხელს დიდად არც ამერიკელები უშლიან.

ეს კი ჩვენთვის ერთადერთ რამეს ნიშნავს _ ნატოს ან ნებისმიერი სხვა ეგიდით საქართველოში სამხედრო წარმომადგენლობას, აგრეთვე, სხვა ტიპის ჩარევას განახორციელებს უშუალოდ თურქეთი. ფაქტობრივად, ანკარა ცდილობს, ჩაანაცვლოს ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების მართვაში და პერსპექტივაში მაქსიმალურად გააღრმაოს და გააფართოოს საკუთარი გავლენა გურჯისტანზე.

ნაწილობრივ ამითაც აიხსნება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის, ასე ვთქვათ, «თავისუფალი დაკიდება» და დემონსტრირება იმისა, თუ ვინ არის უფროსი და ვინ კიდევ _ ყურმოჭრილი მონა.

ამ ვიზიტით თურქულმა მხარემ შეგნებულად, ქართულმა კი სიბრიყვით ან სულაც მესვეურთა მითითებით კიდევ ერთი დასტური მისცა რუსეთს, სადაც რეალურად დევს როგორც ჩვენი სუვერენიტეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის გასაღები, რომ მისი ხისტი პოლიტიკა საქართველოს მიმართ სწორია, რადგან მხოლოდ ასეთი ხისტი პოლიტიკით თუ შეაჩერებს მოსკოვი გურჯისტანის თურქიზაციას, რომელსაც თავად გურჯები რატომღაც დასავლეთთან ინტეგრაციას ვეძახით.

წესით და რიგით ისტორიული მეგობრობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არა სამხრეთელი, არამედ ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქში უნდა ვსაუბრობდეთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

რაც შეეხება ბატონი მარგველაშვილის კიდევ ერთ უსუსურ არგუმენტს, თუ რატომ ხორციელდება მისი პირველი ორმხრივი ვიზიტი სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში, აქაც პასუხი მარტივია _ სხვაგან სად? აშშ-ის გიორგისთვის კი არა, ბიძინასთვისაც არ უმასპინძლია, რუსეთს მარგველაშვილის მასპინძლობის სურვილი, დიდი ალბათობით, არც გაუჩნდება. ასე რომ, ისევ ანკარა, ვაშინგტონის მიერ საქართველოს ახალ ბატონად ნებადართული დედაქალაქი, თუ იქნებოდა ბატონი ფილოსოფოსის ქედმაღალი მასპინძელი.

ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტს, ასეთი უბადრუკი ბედი ელოდა, ჯერ კიდევ შარშან გახდა ცხადი. შარშანვე ნათელი იყო, რომ პრეზიდენტის სახით ჩვენ მივიღებდით არაფრისმთქმელ და, რაც მთავარია, არაფრისმაქნის უმაღლესი თანამდებობის პირს. მართალია, ეს ყველაფერი «ოცნების» მიერ მოწოდებული იყო, როგორც სურვილი, შექმნილიყო ძლიერი პრემიერის, ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარისა და ძლიერი პრეზიდენტის ტრიო, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა, რეალური ძალაუფლება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს შორის გადანაწილდა, ხოლო მესამეს – პრეზიდენტს სამი თითის კომბინაცია ხვდა წილად.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებსა და საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე მიდგა საქმე, «საქართველო და მსოფლიო» აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ საჭურისი პრეზიდენტის პოსტის ქონის ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა და უმჯობესი იქნებოდა, ეს პოსტი და მასზე წარდგენილი პირი კონკრეტული, რაც მთავარია, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ფუნქციებით, კერძოდ კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მისიით დაგვეტვირთა. «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში პოლიტოლოგი

ალექსანდრე ჭაჭია აცხადებდა:

«საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის… მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს. რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრთან აფხაზეთის, ოსეთისა და მით უმეტეს რუსეთის ხელმძღვანელობა საგნობრივად არაფერს განიხილავს. რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენლის სამ თვეში ერთხელ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შედეგი კი იქნება ერთობლივი ვახშამი და პირობა, რომ სამი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან. დრო კი მიდის და უნდა ვაღიაროთ, რომ _ არა საქართველოს სასარგებლოდ».

ის, რომ მხოლოდ ჰალსტუხის გაკეთება, სიგელების ჩაბარება და გაბღენძა საკმარისი არ არის, საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტისთანავე გამოჩნდა. აქვე გამოჩნდა, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაზე დესპანის ან გაუგებარი ფუნქციების მქონე მინისტრის საქმიანობა საკმარისი არ არის, ხოლო პრეზიდენტი, რომელიც შეძლებდა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გარღვევას, რატომღაც კარიკატურულ ფიგურად ვაქციეთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერში დავკარგეთ დრო…

«…პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს, მაგრამ ზემოხსენებული საქმიანობისთვის არ გამოდგება _ მას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი «მედასავლეთის» იმიჯი და, რა თქმა უნდა, უდავოდ გააჩნია სერიოზული ვალდებულებები დასავლელ პარტნიორებთან, ამიტომ არც რუსები, არც აფხაზები მასთან გულწრფელად არ ისაუბრებენ. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან, ანუ პრეზიდენტი», _ ასევე ხაზს უსვამდა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე ჭაჭია.

მაშინ ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ, გაეზიარებინა ვინმეს აზრი, გარდა საკუთარი მოსაზრებისა. ამ ხისტი სიჯიუტის შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – მკვეთრი დისბალანსი პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის, ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით და არასერიოზული პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც მეზობელ თურქეთში ძაღლადაც არ აგდებენ; გავუშვით ხელიდან დრო და შანსი, გვეწარმოებინა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან და მკვდარი წერტილიდან დაგვეძრა დაკარგული ტერიტორიების გაყინული საკითხი.

ფაქტია, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რუსეთთან, აფხაზებთან, ოსებთან ურთიერთობების სფეროში არავითარი პოზიტიური ნაბიჯი არ გადადგმულა, რადგან პოლიტიკის ამ მიმართულებით მუშაობდნენ ყველაზე არაკომპეტენტური ჩინოვნიკები, რომლებიც პარტნიორებთან არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ. ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ «მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან», ანუ პრეზიდენტი დაგვეტვირთა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებით და გამოგვეყენებინა აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან ურთიერთობებში სერიოზული გარღვევის მისაღწევად, იგი მხოლოდ ჰარამხანის საჭურისობისთვის გავიმეტეთ, ვაქციეთ ძვირადშესანახ უსაქმურ მაღალჩინოსნად და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თურქეთში მას შესაბამისი «პატივით» დახვდნენ და ვიზიტმაც თავისუფალი დაკიდების რეჟიმში ჩაიარა…

ამ ყველაფერში თავად გიორგი მარგველაშვილს დანაშაული არ მიუძღვის, აქ დამნაშავეა ის, ვინც რაციონალური აზრისა და წინადადების გათვალისწინების ნაცვლად გაჰკიოდა _ Жираф большой, ему видней!

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here