16 იანვარს ესპანეთის ავტონომიური ოლქის _ კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2014 წლის 9 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარებას ესპანეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების თაობაზე. შესაბამისი პეტიციის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაგზავნის შესახებ ხმა მისცა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა _ 43, თავი კი მხოლოდ 3-მა დეპუტატმა შეიკავა.
ოფიციალური ბარსელონა ესპანეთის პარლამენტს მალე გაუგზავნის დოკუმენტს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა, დიდი ალბათობით, კატალონიელები უარს მიიღებენ, მაგრამ შეაჩერებს კი ეს უარი სეპარატიზმის პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია ესპანეთში და არა მხოლოდ ესპანეთში?
1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე პოსტდამში (გერმანია), ცეცილიენჰოფის სასახლეში გაიმართა ანტიჰიტლერული კოალიციის სამი სახელმწიფოს _ სსრკ-ის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის, ლიდერების შეხვედრა, რომელზეც მსოფლიოს ახალი წესრიგის, კონკრეტულად კი ევროპის ახალი მოწყობის საკითხები განიხილეს, ანუ პოსტდამის კონფერენციაზე გეოპოლიტიკური თამაშის ახალი წესები შეიმუშავეს, რომლებიც პირველად «ცივი ომის» (1950 წლიდან 1990 წლამდე) დაწყებისთანავე დაირღვა აშშ-ის ძალისხმევით.
ევროპის თანამედროვე საზღვრები კარლოს დიდის (742/747-814) _ ფრანკების მეფისა და ბავარიის ჰერცოგის იმპერიის ნამსხვრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფოებს შორის მრავალსაუკუნოვანი ომების შედეგად აღმოცენდა, თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, კეთილდღეობით სავსე ევროკავშირის ქვეყნებში დაძაბულობის კერა უამრავია. უფრო მეტიც, ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად დაძაბულობის კერების რიცხვიც იმატებს. აღსანიშნავია, რომ 4 წლის წინათ გამართული არჩევნების შედეგად რადიკალურად განწყობილმა ნაციონალისტებმა ევროპარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბება შეძლეს.
სეპარატიზმის მხრივ საფრანგეთს პრობლემა აქვს კორსიკასთან, ბასკებთან, რუმინეთს _ ტრანსილვანიასთან, იტალიას _ ჩრდილოეთ პროვინციებთან, სლოვაკეთს _ უნგრელ უმცირესობასთან, ჩინეთს _ ტაივანსა და ტიბეტთან, აშშ–ს _ ტეხასის შტატთან, კანადას _ ფრანგულენოვან კვებეკთან და ა.შ. მაგრამ ყველაზე მწვავე მაინც ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში შექმნილი ვითარებაა.
საერთოდ კი, მსოფლიოში 300-მდე ხალხი ცხოვრობს (150 მილიონზე მეტი მოსახლეობით), რომელიც უკვე რეალურად აცხადებს პრეტენზიას ან ფორმალურად აქვს უფლება, განაცხადოს პრეტენზია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე, აღარაფერს ვამბობთ იმ ერებზე, რომლებმაც უკვე თავიანთი ეთნიკური სტატუსი აიმაღლეს.
სეპარატიზმი ესპანეთში
ვითარება ყველაზე დაძაბულია კატალონიასა და ბასკების ქვეყნებში. ფრანკოს (1892-1975) რეჟიმმა ამ პროვინციებს ავტონომია წაართვა, აკრძალა ადგილობრივი პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, წიგნებისა და გაზეთების გამოცემა კატალონიურ და ბასკურ ენებზე, დროშების გამოფენა. დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, 1970-იანი წლების დამლევიდან, რეგიონული ორგანოების უფლებამოსილებები არა მხოლოდ აღდგა, არამედ შესამჩნევად გაფართოვდა. ამჟამად კატალონიასა და ბასკეთში ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების საკითხებს, გადასახადებს, ჰყავთ თავიანთი სამართალდამცავი ორგანოები, პარლამენტი. კატალონიასა და ბასკეთში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად ესპანეთში. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ელიტა ამით არ კმაყოფილდება და ესპანეთისგან სრულ დამოუკიდებლობას ითხოვს.
გაერთიანებული სამეფოს პერსპექტივა _ დაშლა ოთხ ნაწილად
დიდი ბრიტანეთის, გაერთიანებული სამეფოს, მოსახლეობის 90 პროცენტს ინგლისელები შეადგენენ. მიუხედავად ამისა, უელსელებმა, ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა შეინარჩუნეს ნაციონალური იდენტობა.
თუკი შოტლანდია, გარკვეულწილად, კატალონიის ანალოგია, ბასკების ქვეყნის ანალოგი, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ირლანდიაა, სადაც 1960-1990 წლებში ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ წარმოებულ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 4 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიამ თავისი საკანონმდებლო ორგანო მიიღო, მაგრამ რეგიონში მშვიდობამ მაინც ვერ დაისადგურა _ მოსახლეობის უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფასა და სრულ დამოუკიდებლობას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში დამოუკიდებლობისკენ ლტოლვის ტენდენცია არის თვით ინგლისშიც, სადაც, მეზობლებისგან განსხვავებით, პარლამენტი არ არსებობს. შედეგად, ექსპერტთა ვარაუდით, გაერთიანებულ სამეფოს 4 ქვეყნად დაშლა ელის. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს.
როგორ უნდა «მოეწყოს» ქალაქი ბრიუსელი?
მშვიდობიან ბელგიაში, სადაც სეპარატიზმით გამოწვეული ექსცესები არ აღნიშნულა, ქვეყნის დაშლის პრობლემა უკვე მწვავედ დგას.
გასული საუკუნის ბოლოს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უნიტარული სახელმწიფო _ ბელგია გარდაიქმნა ფედერაციად, რომელშიც შედის: ფრანგულენოვანი ვალონია, ჰოლანდიურენოვანი ფლანდრია და დედაქალაქი ბრიუსელი, რომელიც ფლანდრიის ტერიტორიაზეა, მაგრამ მისი მოსახლეობის 80 პროცენტს ფრანკოფონები შეადგენენ. ამჟამად ფლანდრია ცხოვრების დონით გაცილებით აღემატება ვალონიას და სწორედ ეს არის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა გაურკვეველია, რა ბედი ელის ბრიუსელს ქვეყნის დაშლის შემთხვევაში.
კოსოვოს პრეცედენტი და საქართველო
2 ათეული წლის წინათ ექსპერტები სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებასა და ევროპის დაშლას ვარაუდობდნენ. პროცესი ასეთი რადიკალური გზით არ წარიმართა, მაგრამ პრობლემა ისევ რჩება. ბუნებრივია, მრავალრიცხოვანი განსხვავების გამო, ამ პრობლემის უნივერსალური მოდელი არ არსებობს, მაგრამ საერთო მიდგომა ნათელია _ რეგიონებისა და ავტონომიების სტატუსის ამაღლება, ოღონდ არა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხარჯზე. ევროპისთვის კი უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობდეს.
სსრკ–ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაშლისა და რუსეთის გავლენის შემცირების შემდეგ, აშშ–ის ძალისხმევით, 1991-2006 წლებში იუგოსლავიის სოციალისტურ–ფედერაციული რესპუბლიკა 6 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა: სლოვენიად, ხორვატიად, ბოსნია–ჰერცოგოვინად, მაკედონიად, ჩერნოგორიად (მონტენეგრო), სერბეთად. იმავე პერიოდში კოსოვოს ავტონომიურ ოლქში შევიდნენ გაეროს სამშვიდობო ძალები. თუმცა 1999 წელს აშშ–მა და მისმა მოკავშირეებმა, სამხედრო ძალის გამოყენებით კოსოვოს ოკუპაცია მოახდინეს და ეს ტერიტორია 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.
ამას ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიც, რომელსაც, იუგოსლავიის დაშლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში უკანასკნელი ბასტიონი წაართვა. ბევრს, ალბათ, ახსოვს 2008 წლის იანვრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება-გაფრთხილება, რომ კოსოვოს აღიარება მსოფლიოში პრეცედენტს შექმნის. დასავლელი მეგობრების არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, იმავე 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ უგუნური ნაბიჯები გადადგა, რასაც შედეგად ცხინვალის რეგიონის დაკარგვა მოჰყვა. მანამდე კი აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა და ახლა ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. დღეს ბევრი დასავლელი ექსპერტი მანიპულირებს «ხალხის თვითგამორკვევის» უფლებით, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, რომ ეს «თვითგამორკვევა» რეალიზებული უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ტერიტორიულ ფარგლებში. ამისთვის კი თითოეულმა სახელმწიფომ უნდა შექმნას თავისი «საშინაო თვითგამორკვევის» სტანდარტები, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი.
ქვემოთ გთავაზობთ რუკას ევროპის იმ რეგიონებისა, რომლებშიც მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები თვითგამორკვევის, უფლებების გაფართოების, ავტონომიურობისა და სრული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით (იხ. რუკა).
1. შოტლანდია (დიდი ბრიტანეთი);
2. ჩრდ. ირლანდია (დიდი ბრიტანეთი);
3. უელსი (დიდი ბრიტანეთი);
4. კორნუოლი (დიდი ბრიტანეთი);
5. კუნძული მენი (დიდი ბრიტანეთი);
6. ფარერის კუნძულები (დანია);
7. სკანია (შვედეთი);
8. ალანდის კუნძულები (ფინეთი);
9. ფრისლანდია (გერმანია, ჰოლანდია);
10. ფლანდრია (ბელგია);
11. ვალონია (ბელგია);
12. ბრიუსელი _ თავისუფალი ქალაქი (ბელგია);
13. ეიპენ–მალმედი (ბელგია);
14. ბავარია (გერმანია);
15. ალემანები _ შვაბები (გერმანია);
16. ელზასი (საფრანგეთი);
17. რომანდია (შვეიცარია);
18. სავოია (საფრანგეთი);
19. ნიცის რაიონი (საფრანგეთი);
20. ოქსიტანია (საფრანგეთი);
21. ბრეტანი (საფრანგეთი);
22. კორსიკა (საფრანგეთი);
23. ბასკების ქვეყანა (ესპანეთი, საფრანგეთი);
24. ასტურია (ესპანეთი);
25. გალისია (ესპანეთი);
26. ანდალუზია (ესპანეთი);
27. არაგონი (ესპანეთი);
28. კატალონია (ესპანეთი);
29. ვალენსია (ესპანეთი);
30. სარდინია (იტალია);
31. სიცილია (იტალია);
32. პადანია (იტალია);
33. ლიგურია (იტალია);
24. ვენეტო (იტალია);
35. სამხრეთი ტიროლი (იტალია);
36. ვალ დ’აოსტა (იტალია);
37. ისტრია (ხორვატია);
38. ბოსნია (ბოსნია და ჰერცოგოვინა);
39. სერბეთის რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცოგოვინა);
40. აღმოსავლეთი სლავონია (ხორვატია);
41. ვოევოდინა (სერბეთი);
42. უნგრელებით დასახლებული რაიონი ვოევოდინაში (სერბეთი);
43. სანჯაკი (სერბეთი);
44. კოსოვო (სერბეთი);
45. მიტროვიცას სერბული რაიონი (კოსოვო);
46. პრეშევო–ბუიანოვაცი–მედვედჟას რაიონი (კოსოვო);
47. ულცინი (ჩერნოგორია);
48. დასავლეთი მაკედონია (საბერძნეთი);
49. ჩრდილოეთი ეპირი, ჩამერია (ალბანეთი, საბერძნეთი);
50. ბერძნული მაკედონია (საბერძნეთი);
51. ტრანსილვანია (რუმინეთი);
52. ვალახია (რუმინეთი);
53. რუმინეთის მოლდოვა (რუმინეთი);
54. ბუკოვინა (რუმინეთი, უკრაინა);
55. ბესარაბია (უკრაინა, მოლდოვა);
56. დნესტრისპირეთი (მოლდოვა);
57. გაგაუზია (მოლდოვა);
58. ბუჯაკი (მოლდოვა, უკრაინა);
59. პოდკარპატსკაია რუს (უკრაინა);
60. უნგრელებით დასახლებული რაიონი სლოვაკეთში;
61. პრიაშევშჩინა (სლოვაკეთი);
62. ლემკოვშჩინა (პოლონეთი, სლოვაკეთი);
63. მორავია (ჩეხეთი);
64. სილეზია (პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია);
65. ლუჟიცა (გერმანია, პოლონეთი);
66. კაშუბი (პოლონეთი);
67. ნადსიანიე (პოლონეთი);
68. ხოლმშჩინა (პოლონეთი);
69. პოდლიაშიე (პოლონეთი);
70. ვილენშჩინა (ლიტვა);
71. ჟემაიტია (ლიტვა);
72. ლატგალია (ლატვია);
73. იდა–ვირუმაა (ესტონეთი).
* რუკაზე მუქად არის დაშტრიხული რეგიონები, რომლებშიც სეპარატისტული მოძრაობა ძლიერია და რომელთაც მიზნად აქვთ დასახული დამოუკიდებლობის მოპოვება. მაგალითად, შოტლანდია;
* საშუალოდ დაშტრიხულია რეგიონები, რომლებსაც უფლებების გაფართოება სურთ. მაგალითად, ანდალუსია;
* მსუბუქად დაშტრიხულია ევროპის ისტორიული რეგიონები, რომელთაც გაძლიერებული აქვთ განსაკუთრებულობის განცდა. მაგალითად, ოქსიტანია;
* დაუშტრიხავია «მძინარე» რეგიონები, რომელთა მოსახლეობაც ქმნის ეროვნულ სახელმწიფოს.