Home რუბრიკები საზოგადოება «ორდენოსანთა მთელი არმია და გენერლების ბატალიონი გვყავს, ამ დროს ყველა ომი წაგებული...

«ორდენოსანთა მთელი არმია და გენერლების ბატალიონი გვყავს, ამ დროს ყველა ომი წაგებული გვაქვს»

615

საზოგადოების დიდ ნაწილს, ალბათ, ახსოვს თავდაცვის მინისტრად ახალდანიშნული ირაკლი ალასანიას განცხადება: ჩვენი პრიორიტეტი ჯარი და ჯარისკაცი იქნებაო. მას შემდეგ თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და, «ოცნების» სხვა დაპირებების მსგავსად, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებიც უამრავ კითხვას აჩენს.

 

მართალია, ახალმა ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურები წინამორბედის ავტორიტარული წნეხისგან გაათავისუფლა, მაგრამ უწყებაში მანამდე არსებული ფინანსური პრობლემები კვლავ გადაუჭრელი დარჩა. რიგითი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. რაც შეეხება ვეტერანებს, ალასანიას განცხადება, რომ მათი ინტერესების გათვალისწინება სამინისტროს პრიორიტეტი იქნებოდა, ასევე ცრუ დაპირება აღმოჩნდა. «საქართველო და მსოფლიოს» დაუკავშირდა აფხაზეთის ომის ვეტერანი გია ხიზანიშვილი და იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რომლებიც დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთა უმოქმედობის გამოა შექმნილი.

_ ბატონო გია, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტროში ბოლო ხანს რამდენიმე რეფორმა განხორციელდა და ბევრი რამ შეიცვალა. თქვენ, როგორც ომის ვეტერანი, გრძნობთ ამას საკუთარ თავზე?

_ პრობლემა, ისევე, როგორც სახელმწიფოში, თავდაცვის სამინისტროშიც, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ ეს ხელისუფლება, უკვე წელიწადზე მეტია, მოსულია. ახალი ხარ სამი თვის განმავლობაში, ვიდრე დაიწყებ სტრუქტურების ჩამოყალიბებას და, თუ წელიწად-ნახევარში ამ სტრუქტურებს ვერ აყალიბებ, მაშინ არ ყოფილხარ პროფესიონალი…

მოსვლის დღიდან გვესმის დაპირებები, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო, მაგრამ მკურნალობის ელემენტარული კურსის გავლას ვერ მივაღწიე. დღეს არც გვაქვს ქვეყანაში დაწესებულება, სადაც შეიძლება ვეტერანი მივიდეს და იმკურნალოს. მხოლოდ დიდუბეშია ძველი კლინიკა და იქ ისეთი პირობებია, ენით ვერ აღვწერ.

_ ვეტერანთა კლინიკას გულისხმობთ?

_ დიახ. ისეთი გაუმართავი და მოძველებული ტექნიკა აქვთ, რომ იქ მისვლას, ფაქტობრივად, აზრი არც აქვს. ერთხელ ექიმის კონსულტაცია დამჭირდა და აღმოჩნდა, რომ ის ექიმი იქ კვირაში მხოლოდ ერთ დღეს დადის. ისიც კეთილ ნებაზე მუშაობენ, თორემ 120 ლარად რომელი ნორმალური ექიმი ივლის სამსახურში?

_ სადაზღვევო პაკეტი თუ გაქვთ?

_ ეს დაზღვევა არის ნული, ვერანაირი მომსახურება ვერ მივიღე. თავის ტკივილის დროს ანალგინი რომ უნდა დავლიო, ამისთვის პოლიკლინიკა რად მინდა, მე სერიოზული გამოკვლევა და მკურნალობა მჭირდება…

_ სულ რამდენი ვეტერანია დღეს საქართველოში?

_ ლაპარაკი იყო დაახლოებით სამი ათას კაცზე, რომელთა მხრებზეც გადაიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა. მათგან ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის, ბევრი ინვალიდია და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ არ ვითხოვთ, ხელის გულზე გვატარონ, მაგრამ ელემენტარული ყურადღების ღირსი ხომ ვართ სახელმწიფოსგან? ამასაც ვერ მივაღწიეთ.

_ მიმართეთ შესაბამის უწყებებს?

_ პირადად შევხვდი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონი იყო, სახელი არ მახსოვს და როგორც და-ძმამ, ისე ვილაპარაკეთ. დამპირდა, ყველანაირად დაგეხმარებითო, მაგრამ იმის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და  ყურადღება არ მოუქცევიათ.

ბოლოს ვეტერანთა დეპარტამენტში გამგზავნეს  და იმათმა, რაც მჭირდებოდა, იმის ნაცვლად, ბალნეოლოგიურში სამკურნალო 250-ლარიანი პაკეტი მომცეს. ამ დროს, სულ ცოტა, 3 ათას ლარამდე მჭირდებოდა, ის პაკეტი კი გამოკვლევებისთვისაც არ მეყო.

_ . . პირველ რიგში, მკურნალობის დაფინანსებას ითხოვთ თავდაცვის სამინისტროსგან?

_ იმიტომ ვითხოვ, რომ მჭირდება, წარმოიდგინეთ, წამლის ფულსაც ვერ ვშოულობ, 22 ლარია მთელი ჩემი შემოსავალი. არც სამსახური მაქვს, არც სხვა საარსებო წყარო. რომც მამუშაონ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც მზად არ ვარ ამისთვის. ისე გამირთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმმა ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა ამიკრძალა.

_ რატომ იჩენს თავდაცვის სამინისტრო ასეთ გულგრილობას ვეტერანების მიმართ?

_ არ ვიცი, მათ ტვინსა და გულში რა ხდება, არც მაინტერესებს. არც რამე ჩინს ვითხოვ და არც ორდენებს. პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ მიშასგან და ედიკასგან არანაირი მადლობის სიგელი არ მიმიღია. ერთადერთი მადლობა მივიღე დათო თევზაძისგან, რომელიც დღემდე მახსოვს. ორდენოსანთა მთელი არმია და გენერლების ბატალიონი გვყავს, ამ დროს ყველაფერი წაგებული გვაქვს. ეს ხომ დაცინვაა?!

_ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგაც ბევრი დააჯილდოვა ორდენით.

_ სწორედ ამიტომაა სასაცილო, კალანდაძეზე რომ მესმის, გმირიაო. სიტყვა გმირი ყურში უკვე ცუდად მხვდება. კაცმა თავი დაიჭრა და ბრძოლიდან გამოიქცა, რომელ გმირზე მელაპარაკები? სინდისი ხომ უნდა გქონდეს, ამას რომ ამბობ?!

_ პირადად თავდაცვის მინისტრთან თუ სცადეთ შეხვედრა?

_ ყველაფერი ვცადე და მოვსინჯე, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ამათგან ყურადღება ვერ ვიგრძენი: 22 ლარი მქონდა, 22 ლარი მაქვს ისევ; ვერ ვმკურნალობდი, ვერ ვმკურნალობ დღესაც, ვიყავი და დღესაც ვარ სოციალურად დაუცველი, ძმასთან ვცხოვრობ… მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, პრობლემა იმდენი მაქვს, აღარ ვიცი, რომელზე ვილაპარაკო. ახლა ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მინდა, ვიმკურნალო, რომ ფეხზე დავდგე და წავალ აქედან; მანამდე კი მოვითხოვ, მივიღო მონაწილეობა საბრძოლო მოკვლევებში, მათ ძალიან კარგად იციან ჩემი საბრძოლო ისტორია; ან დამიდასტურონ ან მითხრან, რომ ვიტყუები.

_ რას აპირებთ?

_ არაფერსაც არ ვაპირებ, რა ვქნა?! ვერაფერს გავაკეთებ, ღვთის ანაბარა ვარ. ამ პოლიციაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ არის. ზოგჯერ ვეღარ ვითმენ და ვიგინები…

_ რის გამო?

_ რის გამო და ამ ე.წ. სამართალდამცავებმა იმდენი პრობლემა შემიქმნეს, რომ მიშასგან შექმნილი პრობლემები დამავიწყდა; და ამ ყველაფერს აკეთებენ ისევ ის პოლიციელები, სააკაშვილის დროს ზონდერები რომ  იყვნენ, მფარველობდნენ პროსტიტუციას და დღესაც იმავეს აკეთებენ… ყველა ინსტანცია რომ მოვიარე, ბოლოს პირადად ღარიბაშვილს მივმართე, თვითონ რომ გაეკონტროლებინა ჩემი საქმე, რომელიც, წელიწად-ნახევარია, თაროზე დევს; მან კი ჭიკაიძეს გაუგზავნა განცხადება რეაგირებისთვის, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი ღარიბაშვილი დღემდე მფარველობს გარეწარ ზონდერ პოლიციელებს, რომლებიც, ვიმეორებ, დღესაც ძველებურად მოქმედებენ…

_ თქვენი აზრით, რა აფერხებს ხელისუფლებას?

_ მე მარტო შედეგზე შემიძლია ვილაპარაკო; შედეგი კი არის ის, რომ ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა. ვეტერანების წელიწადად გამოაცხადეს 2013 წელი, ამ დროს თვითონ 80 და 100-ათასიანი ჯიპებით დადიან, ვეტერანები კი ექიმთან ვერ მისულან. ეს არის სამართლიანი ქვეყანა? რა მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა?! სახელმწიფო ასე არ ჩამოყალიბდება და განვითარდება. ეს გულგრილობა, ნებით თუ უნებლიეთ, ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ არის მიმართული და ძირს უთხრის და აზიანებს ქვეყანას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. დასასრულ, ირაკლი ალასანიას კიდევ ერთ განცხადებას გავიხსენებ: «ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს პოლიტიკას ჩვენი ვეტერანების მიმართ, მათ შორის სოციალურ პოლიტიკასაც. ბოლო ხანს  ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს მეომრებს და დიდი რესურსია გამოყოფილი დაჭრილთა სამკურნალოდ, ასევე ვეტერანებზესაბოლოოდ ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ვეტერანებს ექნებათ სახელმწიფოს მიერ დაცული და გარანტირებული განსაზღვრული უფლებები».

ამ განცხადებას კომენტარი არც სჭირდება. ფაქტია, თავდაცვის მინისტრი ან ჯერ კიდევ «ოცნებებში» დაფრინავს და ძირს არ დაშვებულა, ან, უბრალოდ, შუბლის ძარღვის ტრავმა აქვს მიღებული.

 

1 COMMENT

  1. ერთი ომი მაინც, რომ მოგვეგო – საქართველოში ცხოვრება აღარ ეღირებოდა, ბაყაყებს ამოგვიყვანდენ თავში, მარტო იმაზე ილაპარაკებდენ)))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here