დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ა. იდენი, რომელიც ევროპის პოლიტიკოსთაგან ყველაზე ხშირად შემხვედრია, სტალინს წერს: «სტალინმა თავდაპირველად ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და აზრი მასზე არასდროს შემიცვლია. ამაზე ღაღადებს მისი პიროვნება, რომლის შეფასებაც გაზვიადებას არ საჭიროებს. მას ჰქონდა კარგი, ბუნებრივი, ეტყობა, ქართული წარმომავლობის მანერები».
ამგვარი შეფასებები უამრავია, რაც უცილობლივ ამტკიცებს სტალინის ფენომენის სიდიადეს. მსჯელობა სტალინის შესაძლებლობებზე, მის მიერ განვლილ წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზე კი დაუსრულებლად იქნება. მსოფლიოში ბევრს არ რგებია ისეთი პატივი, დიდება და ლაფის სროლაც კი, როგორიც სტალინს. მიუხედავად ყველაფრისა, იგი რჩება ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქართველად და შეუდარებელ მხედართმთავრად.
სტალინი იყო მოვლენა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში შეასრულა უდიდესი მისია _ დედაბუდიანად ამოძირკვა ფაშიზმი და დასაბამი მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, როგორც მშვიდობის დაცვის გარანტს.
სამწუხაროდ, ჩვენში გამოჩნდნენ კაცუნები, რომლებსაც ომში გმირობის ჩადენა კი არა, სანადირო თოფის დაჭერაც არ ძალუძთ და აძაგებენ მსოფლიო გენიას, ქართველს, რომელმაც, ჩვენდა საამაყოდ, ოცდაათი წელი მართა დიდი და მძლე რუსეთი. ცხადია, მის მაგინებელთ არც სმენიათ პაბლო პიკასოს გამონათქვამი: «თუ მსოფლიო ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება».
სააკაშვილის ხელისუფლება შეეცადა, მხოლოდ უარყოფით პიროვნებად წარმოეჩინა XX საუკუნის გენია _ მოშალა მისი ძეგლები მთელ საქართველოში. მანვე განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელიც არ იცნობს სტალინის ღვაწლსა და დამსახურებას სამშობლოსა და მსოფლიოს წინაშე, ჩაუნერგა ზიზღი და სიძულვილი ამ პიროვნების მიმართ.
მიუხედავად ყველაფრისა, სტალინი დარჩა და კვლავაც დარჩება საზოგადოების უმრავლესობისთვის უპირველეს ქართველად და მსოფლიოს თვალში დაუმარცხებელ მხედართმთავრად. უდიდეს მოაზროვნედ და პოლიტიკოსად. ამის მაგალითია ქვემოთ მოყვანილი შემთხვევა, რომელიც სტალინის დაბადების 100 წლის იუბილის დღეებში მოეწყო სენაკში.
1979 წლის 17 დეკემბერს, ღამის 4 საათსა და 15 წუთზე, რუსთაველისა და ორჯონიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე, მოედნის ცენტრში ტაქსის მძღოლმა შენიშნა სამმეტრიან პიედესტალზე შემოდგმული ბიუსტი. შორიდან ყურადღებით შეათვალიერა და, როცა დარწმუნდა, სტალინის ბიუსტი იდგა, მანქანით ირგვლივ შემოუარა და საყვირით რკინიგზის სადგურისკენ გაქანდა. ვაგზალში მისულმა ხმამაღლა ყველას ამცნო: სტალინის ძეგლი დაუდგამთო.
მაშინ, როცა სტალინის ხსენება აკრძალული იყო, ძნელი დასაჯერებელი იყო სტალინის ბიუსტის აღმართვა ქალაქის ცენტრში. ეს შეეძლო მხოლოდ გაბედულ ადამიანს. ათიოდე წუთში ექვსი მძღოლი მიიჭრა აღნიშნულ ადგილას, რომლებიც აღფრთოვანებისგან სიხარულს ვერ ფარავდნენ.
ალიონზე, ვიდრე პოლიცია და უშიშროება ამ ამბავს გაიგებდა, უკვე ასობით ადამიანმა მოიყარა თავი ბიუსტის ირგვლივ და ცნობილ და სახელდახელოდ ექსპრონტად შეთხზულ ლექსებს კითხულობდნენ.
პოლიციის მუშაკებისა და უშიშროების წარმომადგენელთა ცდა, რომ დაშლილიყო ხალხი, უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომ ხელისუფლებას ბიუსტისთვის სტალინის დაბადების დღემდე ხელი არ ეხლო, თორემ მასობრივ ბუნტსა და მსვლელობას მოაწყობდნენ.
ძალოვან სტრუქტურებს გაუჩნდათ თავსატეხი _ ვის შეეძლო ბიუსტის დადგმა? ვინ იყო ის გაბედული, რომელმაც უჩუმრად მოახერხა ბიუსტისა და პიედესტალის მომზადება და შეუმჩნევლად დამონტაჟება? მომხდარზე რაიკომის მდივანმა ვახტანგ ესვანჯიამ იმავე დილით მოახსენა საქართველოს ცეკას პირველ მდივან შევარდნაძეს. უშიშროების რაიონული განყოფილების უფროსი გრიშა კაჭარავა მომხდარს ატყობინებს სახელმწიფო უშიშროების მინიტრს _ ინაურს, ხოლო მილიციის რაიონული განყოფილების უფროსი აპოლონ ქებურია ურეკავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
რესპუბლიკური ორგანოებიდან სენაკში დაუყოვნებლივ მოავლინეს წარმომადგენლები. დაიწყო ერთობლივი გამოძიება, მაგრამ ცხელ კვალზე ოპერატიულმა სამსახურებმა ვერ შესძლეს «ძეგლის დამდგმელთა მხილება».
მთელ საქართველოს მოედო ეს ამბავი. იმავე დღეს, ე. ი. 17 დეკემბერს ხალხის მოთხოვნით დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა ძეგლთან. მოსახლეობას მოჰქონდა სტალინის სურათები, ჩიბუხები, თაიგულები, პლაკატები წარწერით: «გაუმარჯოს სტალინს!», «დიდება სტალინს!». მოედნის მიმდებარე ხეებზე აკრავდნენ საკუთარ ლექსებს.
მოედანი იქცა სახალხო ზეიმის არენად, სადაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში იმართებოდა პატრიოტული გამოსვლები. ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერ გაბედეს მოსახლეობასთან დაპირისპირება და მათი დაშლა, რადგან მეორე დღეს გამოჩნდნენ «სტალინელები» მეზობელი რაიონებიდან. მოდიოდნენ მსუბუქი ავტომანქანებითა და ავტობუსებით, რომლებსაც ამშვენებდა პლაკატები მოწოდებებით: «ღირსეულ ქართველს ღირსეული დაფასება სჭირდება!» და სხვ. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ხალხს ვერ იტევდა, იყო ცეკვა-სიმღერა გაჩაღებული და ყოველივე ეს სტალინის ას წლისთავს ეძღვნებოდა.
როგორც ჩანს, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა კრემლს, რადგან ღამის თერთმეტ საათზე რაიკომის პირველი მდივნის _ ვახტანგ ესვანჯიას კაბინეტში გაისმა ზარი და საქართველოს ცეკას პირველ მდივან შევარდნაძესთან ამგვარი საუბარი შედგა (ცხადია, რაიკომის მდივანს გულმა რეჩხი უყო. გრძნობდა, მოუწევდა უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა. საბედნიეროდ, შევარდნაძეს ხმაში ბრაზი არ ეტყობოდა).
_ რა მდგომარეობაა? _ იკითხა შევარდნაძემ.
_ ძეგლს ჯერჯერობით ვერ დავშლით, ხალხია ბლომად, ბატონო ედუარდ, მაგრამ დამნაშავეებს მალე ვიპოვით და საკადრისად დავსჯით, გპირდებით.
_ არავითარი დაშლა!
_ ეს როგორ? _ გაკვირვებულმა იკითხა რაიონის ხელმძღვანელმა.
_ ყოველმხრივ ეცადეთ, რაიმე ინციდენტი არ მოხდეს!
_ რასაკვირველია, უკვე დავაწესეთ პასუხისმგებელ პირთა მორიგეობა.
_ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ძალოვანი სტრუქტურების უხეში ჩარევა.
_ დიახ! _ უნებლიეთ ფეხზე წამოდგა ესვანჯია.
_ ვესაუბრე საკავშირო ხელმძღვანელებს. ბრეჟნევის მითითებაა, სტალინის იუბილის დასრულებამდე ხელი არ ვახლოთ ბიუსტს.
_ ასეც იქნება, ბატონო ედუარდ! _ მიუგო სახეზე ალმურმოდებულმა რაიკომის მდივანმა.
ერთ საათში ესვანჯიას კაბინეტში რაიონის ხელმძღვანელთა თათბირი გაიმართა, რომელზეც დაწვრილებით განიხილეს შექმნილი მდგომარეობა და გააანალიზეს ისიც, რომ საკავშირო ხელისუფლება არ ეწინააღმდეგებოდა ხალხის ნებას, საზეიმოდ აღენიშნათ სტალინის იუბილე.
თუმცა უკმაყოფილება გამოითქვა იმის გამო, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერ მოახერხეს ბიუსტის დამდგმელთა ვინაობის მხილება, ამიტომ გადაწყდა ამ მხრივ გამოყენებულიყო ყველა შესაძლო საშუალება.
ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მოდიოდნენ იმერეთის, გურიისა და სვანეთის წარმომადგენლები. განსაკუთრებული ოვაცია და აღფრთოვანება გამოიწვია გორიდან დელეგაციის ჩამოსვლამ. გაიმართა ერთობლივი საზეიმო მიტინგი.
რაც უფრო ახლოვდებოდა სტალინის დაბადების დღე, მით უფრო მატულობდა საზეიმო განწყობა. ტელევიზიით გაცხადდა, რომ 21 დეკემბერს დიდი ზეიმი გაიმართებოდა სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, რისთვისაც მომიტინგეებმა საგანგებო დელეგაცია აირჩია გორში მისავლინებლად.
21 დეკემბერს, დილით გორის უშიშროების განყოფილებაში გამოცხადდა მაღალი აღნაგობის, მეგრული აქცენტით მოსაუბრე მამაკაცი და მოითხოვა შევარდნაძესთან შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცი აათვალიერ-ჩაათვალიერეს და თავაზიანად მიუგეს, რომ შევარდნაძე ვერ ახერხებდა გორში ჩამოსვლას. მაშინ მაღალმა მამაკაცმა ისურვა უშიშროების მინისტრ ინაურთან შეხვედრა. ამჯერად უთხრეს, რომ ინაური მხოლოდ საღამოს შეძლებდა გორში ჩამობრძანებას და, თუ სურვილი ექნებოდა, ინაურის პირველ მოადგილეს, გენერალ მაისურაძეს შეახვედრებდნენ, ოღონდ უნდა გაეცხადებინა, ვინ იყო და რა სურდა. მოსულმა თამამად მიუგო, რომ იგი ვაჟა სორდიაა, სენაკში სტალინის ძეგლის დადგმის ორგანიზატორი და თან აქვს ათასამდე მოქალაქის ხელმოწერილი მოთხოვნა ძეგლის დატოვების თაობაზე.
გენერალმა მაისურაძემ დაუყოვნებლივ მიიღო ვაჟა სორდია. განცვიფრდა, რომ შიში არ ეტყობოდა და ამაყად ეჭირა თავი.
_ თავად რომ გამომეცხადე, არ გეშინია? _ ეს იყო გენერლის პირველი შეკითხვა.
_ შიში რა შუაშია, როცა საქმე გიღირს…
გენერალმა დაწვრილებით მოუსმინა, თუ როგორ მოხდა ბიუსტისა და პიედესტალის მომზადება; რომ ელექტროინჟინერ სოსო ლომიას სახლიდან წამოიღო ძველი ბიუსტი. სამხედრო მოსამსახურე ზურიკო გაგუასა და ექიმ ნუკრი კვირკველიას დახმარებით რესტავრაცია ჩაუტარეს ბიუსტს. ელექტროშემდუღებელ შალიკო ქვარცხავას დახმარებით შეადუღაბეს პიედესტალი და ღამის სამ საათზე და ოცდაათ წუთზე დადგეს ქალაქის ცენტრში. შემდეგ იქ რაც ხდებოდა მაისურაძემაც კარგად უწყოდა.
როცა მოყოლა დაამთავრა, ვაჟა სორდიამ ითხოვა, _ სახლში დამარეკინეთ, ორსული მეუღლე მყავს და შევატყობინებ, ნებაყოფლობით რომ ჩავბარდიო.
მაისურაძემ ტელეფონისკენ მიუთითა და დინჯად მიუგო: _ მეუღლეს აცნობე, დღესვე სახლში რომ ბრუნდები.
_ ეს როგორ? არ მაპატიმრებთ? _ მამაკაცი კარგა ხანს განცვიფრებული იდგა.
_ თავისუფალი ხარ, დღესვე სახლში დაბრუნდი, ხელმოწერები აქ დატოვე, _ ხმაში იგრძნობოდა მკაცრი ტონი.
იმ დღეებს შიშნარევი სიამაყით იხსენებს ვაჟას მეუღლე, ქალბატონი რუსიკო სორდია. «მართლაც, მეორე შვილს ველოდებოდი, როცა ორსართულიანი სახლის სარდაფში მამაკაცებმა სტალინის ბიუსტის მომზადება დაიწყეს, მეუღლეს ვაფრთხილებდი, შარში ნუ გაეხვევი, თავი დაანებე ამ სახიფათო საქმეს-თქო, მაგრამ არ დაიშალა. მახსოვს, 17 დეკემბერს, გამთენიისას ოთხ მამაკაცთან ერთად გულისფანცქალით ფანჯრიდან შევცქეროდი რაც ხდებოდა ბიუსტის დადგმის პირველსავე წუთებიდან. დღესაც თვალწინ მიდგას ის საზეიმო განწყობა, რომელიც მაშინ სუფევდა».
სტალინის მტერთა ხმას აყოლილებს ვურჩევ, წაიკითხონ რუსი მწერლის, იური ბონდარევის წიგნი «გაელვება» და დარწმუნდებიან, რა გიგანტური როლი ითამაშა სტალინმა მსოფლიოში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში; ან გაეცნონ, ი. სუხოტინის «სტალინის ვაჟი» წაიკითხონ და მიხვდებიან, ვინ და როგორი იყო სტალინი.
მოვა ჟამი, როცა იმათ, ვინც ალიევისა და ბუშის ძეგლები წამოგვიჭიმეს და სტალინის დაშალეს, თავად თუ არ შერცხვებათ, მათ შვილებსა და შვილიშვილებს აუცილებლად შეაწუხებთ სინდისი იმ უგუნურებისა და დაუფასებლობის გამო, რომელიც ამ მიტმასნილებმა გამოიჩინეს ყველა დროის დიდი ქართველის ღირსებისა და სიდიადის შესალახად.
ბორის დავითაია,
აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი
ვაჟა სიორდია – ვიცნობ ამ ვაჟკაც კაცს. სიორდიაა გვარად.
შევარნაძის ადგილზე სააკაშვილი და მისი ბანდა რომ ყოფილიყო ამ სორდიას რა დღეს დააყრიდნენ, წარმოდგენაც კი ძნელია…. ძეგლს რომ გააქრობდნენ იმ წუთში ამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია !