Home რუბრიკები საზოგადოება გულბაათ რცხილაძე: ლიტვასა და ლატვიაში საშუალო ხელფასი 400-500 ევროა და, 300 ევრო...

გულბაათ რცხილაძე: ლიტვასა და ლატვიაში საშუალო ხელფასი 400-500 ევროა და, 300 ევრო რომ მხოლოდ შუქისა და გათბობის გადასახადი მოგივა, როგორია?

587

ევრაზიის ინსტიტუტი რუსეთსაქართველოს დაახლოების მიზნით სახალხო მოძრაობას იწყებს. უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციის წევრები  მუშაობენ. მათი ინიციატივით, საზოგადოებრივი დისკუსიაც არაერთხელ გაიმართა. რა სიახლეს სთავაზობს ევრაზიის ინსტიტუტი ამჯერად საზოგადოებას? სამომავლო გეგმებისა და ინიციატივების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» «ევრაზიის ინსტიტუტის» ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე ესაუბრა.

 

_ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, დაახლოებით 14 წელიწადია, აქტიურად ვმუშაობ, ვწერ, ვსაუბრობ, ღონისძიებებს ვმართავ. თუმცა ამჯერად ევრაზიის ინსტიტუტში გაჩნდა სახალხო მოძრაობის დაწყების იდეა, რომლის მიზანიცაა, ხალხს დაუთმოს ტრიბუნა. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს ჩვენს ორგანიზაციაში და გამოთქვას საკუთარი აზრი, უჭერს თუ არა მხარს რუსეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციას.

_ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ «რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ გამოვა, სანამ საქართველოს 20% ოკუპირებულია». როდესაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ტერიტორიების დაბრუნების გარეშე ამ ურთიერთობის აღდგენა?

_ არ ვიცი, რატომ აკეთებს ქალბატონი მაია ასეთ განცხადებებს, მეორე მინისტრიც მყავს ასეთ სიცხარეში შემჩნეული ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი და ეს ორი მინისტრი ამ მიმართულებით რატომღაც ძალიან აქტიურობენ და, ალბათ, სჯობს, პრემიერსა და პრეზიდენტს წინ ნუ გადაასწრებენ, ვინაიდან ღარიბაშვილიცა და მარგველაშვილიც ძალიან ზომიერები არიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

 აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი.  ეს ტერიტორიები რუსეთს თავის საკუთრებად არ გამოუცხადებია. რუსეთმა, უბრალოდ, აღიარა მათი დამოუკიდებლობა, რადგან სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს მომხდარიყო. მან აიძულა რუსეთი, ასე მოქცეულიყო. ამიტომ იმის თქმა, რომ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები ცოტა დილეტანტური საუბარია. იურიდიულად ასე არ არის. ჩვენ ეს უნდა დავინახოთ და პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ.

დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არანაირ აღიარებას არ ნიშნავს. თუ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შესაბამის განცხადებაში ისეთ დეკლარაციას მოაწერენ ხელს, რომელშიც დაფიქსირებული იქნება, რომ ეს პრობლემა არსებობს და ერთი მხარე არ ცნობს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას, მეორე მხარე კი ცნობს, მაგრამ, ვინაიდან მხრეები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რადგან საქართველოს და რუსეთს სხვა საკითხებში კონფლიქტი არ აქვთ, ამ საკითხის ლოკალიზება უნდა მოხდეს. დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს კულტურული, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, პოლიტიკური მიმართულებით.

_ ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარება გადაწყვიტა. რას მოუტანს ეს საქართველოს?

_ საქართველო ამით არაფერს არ მიიღებს. ახლახან გამოჩნდა, რომ ევროკავშირი ბანკროტია, ის კრედიტს ვერ აძლევს უკრაინას. ამ შემთხვევაში რუსეთი აბსოლუტურად გამარჯვებული გამოვიდა. მე ტრაგედიას ვერ ვხედავ ამ ასოცირების ხელშეკრულებაში. კი, ბატონო, თუ მთავრობას სურს, წავიდეს ამ გზით, მაგრამ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ევროკავშირი გვინდა თუ რუსეთის საბაჟო კავშირი, ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, რა მოგებას მივიღებთ ან ერთისგან ან მეორისგან და შესაბმისად მოვიქცეთ. ჩვენთან ასე არ ხდება: თუ მთავრობა დაგვიმტკიცებს, რომ ეს უკეთესია საქართველოსთვის, კი, ბატონო; ხოლო, თუ ისეთი გენიალური მთავრობა გვეყოლება, რომ ორივეს შეუთვსებს ერთმანეთს, მთლად უკეთესი იქნება.

 _ თქვენ გაქვთ ურთიერთობა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები. რამდენიმე ხნის წინ თბილისშიც მოიწვიეთ ისინი. რა მოუტანა მათ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებამ?

_ ისტორიულად ბალტიისპირეთი მაინც ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო. ჩვენ ჩამოვიყვანეთ კიდეც მათი წარმომადგენლები და უშუალოდ მათგან მომისმენია, რა პრობლემებიც აქვთ. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მათ სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ, გაძვირდა ცხოვრება. მაგალითად, ლიტვასა და ლატვიაში საშუალო ხელფასი 400-500 ევროა და, 300 ევრო რომ მხოლოდ შუქისა და გათბობის გადასახადი მოგივა, როგორია? არადა, ლიტვას ჰქონდა თავისი ატომური ელექტროსადგური, რომელიც მთელ ლიტვას ამარაგებდა და ექსპორტზეც გადიოდა ელექტროენერგია, თუმცა ევროკავშირმა გააჩერებინა მას ეს ატომური ელექტროსადგური და თავის ელექტროენერგიაზე დამოკიდებულად აქცია, ანუ კონკურენტი მოიშორა, სამაგიეროდ, საშინელ ფასად ყიდიან ლიტვაზე ამ ელექტროენერგიას. ამან ლიტვაში არეულობა გამოიწვია. 2009 წელს ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ასევე _ ლატვიაში, სადაც რამდენიმეჯერ გადადგა მთავრობა. რიგას რომ გასცდებით 50 კმ რადიუსით, ვერ იგრძნობთ, რომ ეს ევროკავშირის ქვეყანაა. გაპარტახებულია მეურნეობა. მაგალითად, ლატვიას ჰქონდა საზღვაო-სათევზაო ფლოტი, რომელიც ჯართად გაყიდეს, მაშინ, როცა დიდძალი შემოსავალი ჰქონდა აქედან ლატვიას. ყოველი საწარმოს დახურვის შემდეგ ხალხს ტაშს აკვრევინებდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ფარულად ამ ხალხში კომუნიზმისკენ ლტოლვა იყო გამჯდარი _ სურთ, არ იმუშაონ და კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. ჩვენთანაც უნდათ, რომ ევროკავშირმა გვარჩინოს. იმიტომ უნდათ ევროკავშირი. მცდარია ასე ფიქრი, არავინ გარჩენს.

  ბულგარეთი და რუმინეთი 2004 წლიდან არიან ევროკავშირში, არ ვიცი, რამე უკეთესობა თუ დაეტყო ამ ქვეყნებს. ინტერნეტში უამრავი რეპორტაჟია და ნახავთ, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი. არაფერი პოზიტიური იქ თითქმის არ ხდება.

_ მოგეხსენებათ, აზერბაიჯანმა და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე უარი განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი რუსეთის მიერ ინიცირებულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებს. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი საქართველოზე?

_ თუ ალექსი პეტრიაშვილსა და მაია ფანჯიკიძეზე იქნება დამოკიდებული, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და, თუ მთავრობა გონივრულად იმოქმედებს, რაღაც დასკვნებს, ალბათ, გააკეთებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here