Home რუბრიკები საზოგადოება «კოდალები» თურქეთ-საქართველოს საზღვარზე

«კოდალები» თურქეთ-საქართველოს საზღვარზე

ჯავახეთის ზეგანზე თოვლი სამადლოდაა მოყრილი, უნალექო ზამთრის ხელმომჭირნეობით. ასე იყო 2013 წლის 11 დეკემბერს. დიდთოვლობას საახალწლოდ ელიან. თუმცა წალკიდან აქ ამოსასვლელი გზა უკვე ჩაკეტილია. ბორჯომიახალქალაქის მხრიდან თუ ამოხვალ. ამოჰყვები ტრანსნაციონალური რკინიგზის მაგისტრალის _ ბაქოთბილისიყარსის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის ხელმძღვანელს ოლეგ ბიჭიაშვილს.

უკვე _ მეოთხედ. საკმაოდ გაშინაურებულითეთრი მყუდროების საუფლოში გრიალებს ტექტონიკური ძვრების გულისხეთქება, რომლის ამოხსნა, აქაურ მოულოდნელობებს შეჩვეული დილეტანტისთვის არ არის რთული და გაუგებარი, თუნდაც იმიტომ, რომ თბილისიდან აქამომდე გაგრძელებულ გზაზე ბატონ ოლეგს რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ დაწვრილებით აქვს ნალაპარაკები. იმ ტექნიკის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს

აქ, მაგისტრალის მშენებლობის მალიმიტირებელი გვირაბის უბანზე დამთავრდა მიწისმთხრელი ექსკავატორების ერა და გვირაბის გამყვანი მანქანა-დანადგარების ხანა დაიწყო: «კოდალა» ამუშავდა, აგუგუნდა, არახრახდა და პირველი ნაბიჯები მთის სიღრმისკენ გადაიდგა კიდეც: გავლილია 7,5-8 მეტრი, თაღი გამაგრებულია სპეციალური ბეტონის ხსნარითა და შესაბამისი არმატურით.

ძნელად გადადგმული ნაბიჯები, გაშიშვლებული პრობლემებით, აშკარად წარმატებული შედეგების ფონზე, რასაც წლის ბოლოსთვის შეაჯამებენ.

ახლა კი «საქართველოსა და მსოფლიოს» მკითხველების ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად კომპეტენტური ადამიანებისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუებს გთავაზობთ.

თენგიზ ბულუთი, თურქეთის ფირმა «ბაიჩელის» ინჟინერგეოლოგი. იგი ხელმძღვანელობს გვირაბის გაყვანის სამუშაოებს.

შეკითხვაზე, თუ რატომ დაბრკოლდა გვირაბის მშენებლობის დაწყება (ბატონმა ოლეგ ბიჭიაშვილმა გულდაწყვეტით ილაპარაკა ამ პრობლემაზე აქეთკენ რომ მოვდიოდით, მაშინ), გვიპასუხებს, რომ ოცი დღეა, რაც შეუდგა მოვალეობის შესრულებას. კონკრეტულ მიზეზებში გარკვეული არ არის, ამიტომ მისი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით შეიძლება არაკომპეტენტური იყოსო. მაგრამ ფაქტი სახეზეა, და მასაც, როგორც ყველა პროფესიონალს, ვინც მაგისტრალის მშენებლობასთანაა დაკავშირებული, ეს პრობლემა აწუხებს.

_ ტექნიკის დაგვიანებით გადმოყვანის გამო შეფერხდაო ეს საქმე, თენგიზ ეფენდი.

_ ტექნიკის დაგვიანებით გადმოყვანის გამოც, ასე უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რადგან ბევრი სხვა მიზეზიც იყო. ახლა უკვე ავამუშავეთ ეს ტექნიკა, პირველი მეტრებით შევაღწიეთ გვირაბში და არ ვაპირებთ გაჩერებას. ესაა მთავარი.

ბატონი თენგიზ ბიჭიაშვილის აზრით, თუ დეკემბრის ბოლომდე 30 მეტრით შეაღწევენ მთის სიღრმეში, მაშინ გვირაბის მშენებლობას ვეღარაფერი დააბრკოლებს, უწინარეს ყოვლისა კი, ამ მხარისთვის დამახასიათებელი ძლიერი ყინვები, რომლებიც მინუს 30 გრადუსამდე ეცემა.

ზოგჯერ მეტიცაა.

_ მაგრამ ჩვენ, _ ამბობს თენგიზ ბულუთი, _ თურქეთში ვამზადებთ ყინვაგამძლე ბეტონის ხსნარს, რომელიც მიქსერებით _ სპეციალური სატვირთო ავტომანქანებით შემოგვაქვს. ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ აღებული ტემპი და დათქმულ დროს შევაერთოთ გვირაბის ქართული მონაკვეთი თურქეთის მხრიდან უკვე 260 მეტრზე შემოსულ გვირაბს.

ახლა კი პორტალის მოპირკეთებული თაღი რომ არ დავაზიანოთ, «კოდალით» კიდევ 5 მეტრით შევალთ სიღრმეში და შემდეგ დავიწყებთ აფეთქების სამუშაოებს. წინსვლაც გაცილებით მეტი გვექნება: ამჟამად დღეში 1,5 მეტრს გავდივართ. აფეთქებას რომ დავიწყებთ, დღიური წინსვლა 3,5 მეტრიდან 4 მეტრამდე გაიზრდება. ახალი წლისთვის ვვარაუდობთ 45 მეტრით გავთხრით გვირაბს.

ამჟამად აქ ოცდახუთი მაღალკვალიფიციური მუშაა დასაქმებული, შემდეგ 3-4 ამფეთქებელი სპეციალისტი დაემატება.

დასაქმებულთა უმრავლესობა სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სერვისმანქანებით თურქეთში გადის, 8 კაცი საცხოვრებელ კონტეინერებში ათევს ღამეს.

შრომის ორგანიზება სანიმუშოა.

ამ შეფასებას იზიარებს «აზერიოლსერვისის» ფილიალის დირექტორი ყურბან პირიევი, რომელიც მეორე წელიწადია, მშენებლობის გენერალური კონტრაქტორია. იგი დარწმუნებით ამბობს, რომ წლის ბოლომდე ჩააბარებენ მარაბდაახალქალაქის მონაკვეთს.

_ თეთრიწყარო-წალკის ეტაპზე კი რკინიგზის ლიანდაგი უკვე დაგებულია, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები. აქ ყველა საქმეს გაისის პირველი ნახევრისთვის დავამთავრებთ. ეს ორი ეტაპია. მესამე ეტაპზე, რომელიც 74 კილომეტრია, სიცივეების მიუხედავად, დღესაც გრძელდება სამუშაოები.

_ ამბობენ, რომ ყველაზე პრობლემური უბანი ახალქალაქის რკინიგზის სადგურია. რატომ? გაკლიათ სახსრები, ტექნიკა, მუშახელი?

_ არა, არა და არა. თუმცა მიზეზები, რა თქმა უნდა, საკმაოდაა. პირველი მიზეზი ამინდია. სერიოზულად დაგვაბრკოლა მიწის სამუშაოებმა, რომლებიც, ვარაუდის საწინააღმდეგოდ, კლდოვანი აღმოჩნდა. საჭირო გახდა ასაფეთქებელი სამუშაოების სისტემატური წარმოება. ეს კი თავისთავად ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს. საჭირო ხდება გზებზე, უპირველესად კი, ავტომაგისტრალზე მოძრაობის გადაკეტვა. ეს უამრავ ბიუროკრატიულ შეთანხმებასთანაა დაკავშირებული. იკარგება დრო. ვფერხდებით.

დიდი პრობლემაა მიწების გამოსყიდვა. არ დაიჯერებთ, მაგრამ მიწა, რომელზეც შენდება სადგური, დღემდე გამოსყიდული არ არის. მიწის კერძო მფლობელებმა გვიჩივლეს სასამართლოში, მოიგეს. თავიდან 12 მეპატრონე გვიჩიოდა, ახლა გვეუბნებიან, რომ 82-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა (!)

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა შევაჩეროთ სამუშაოები და ადგილზე დავაბრუნოთ ათასობით კუბური მეტრი მიწა (!).

ასეთი პრობლემები ხელს გვიშლის მუშაობაში.

_ დაფინანსების პრობლემა?

_ ასეთი პრობლემა არ არსებობს. შეიძლება ზოგჯერ ცოტათი იგვიანებს დაფინანსება, მაგრამ ეს სამუშაოთა სპეციფიკით არის გამოწვეული და არავითარ შემთხვევაში უყურადღებობით ან სახსრების არარსებობით.

სამაგიეროდ უპრობლემოა მეოთხე ეტაპის ახალქალაქი-კარწახის მშენებლობა, სადაც პრაქტიკულად მხოლოდ 1,5 კილომეტრის ლიანდაგი დარჩა დასაგები, რაც ორი დღის სამუშაოა.

ბატონი ყურბანი ამბობს, რომ ერთ საათში მიიღებენ ბეტონის მიქსერ ორ მანქანას, რაც საერთო სამუშაოებს, უწინარეს ყოვლისა კი, გვირაბის მშენებლობას სასიკეთოდ წაადგება.

ეს ტექნიკური დეტალებია, მაგრამ მთავარი, რასაც იგი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, მაგისტრალის დათქმულ ვადაში ჩაბარებაა, რადგან, როგორც იგი ამბობს, ამ პროექტს სამი ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს.

ამასვე ადასტურებს ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი, რომელიც ახლახან ჩამოვიდა სტამბოლიდან, სადაც გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია «კასპიის ფორუმის» სახელწოდებით.

_ ეს ფორუმი მესამედ ჩატარდა, _ ამბობს იგი, _ ამ საერთაშორისო ღონისძიებას 35 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველა მათგანი მონაწილეობს ტრანსნაციონალური სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობაში, რომლის ერთი მონაკვეთი მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა საუკუნის პროექტად არის აღიარებული.

35 ქვეყნის დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, თურქეთის ტრანსპორტისა და საზღვაო კავშირგაბმულობის მინისტრი ბინალი ილდირიმი. განიხილეს არაერთი აქტუალური პრობლემა. მათ შორის, მშენებარე მაგისტრალის საკითხიც.

სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი პროექტი წლის საუკეთესო პროექტად აღიარეს და შესაბამისი დიპლომებითა და პრიზებით დააჯილდოვდეს დარგობრივი მინისტრები. ამ ფაქტის მნიშვნელობაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს არის აღიარება ჩვენი საქმიანობის, რომელსაც რამდენიმე თვეა, ვუძღვებით.

_ გამოდის, რომ კარგად უძღვებით

_ ასე გამოდის.

_ ალბათ, ამ საქმის უშუალო შემსრულებლებიც ჩავიდნენ სტამბოლში.

_ რა თქმა უნდა. ვიყავით გენერალური კონტრაქტორი _ «აზერიოლსერვისის» გენერალური დირექტორი ყურბან პირიევი და მეც მასთან ერთად.

_ რახან ბატონი პირიევი ახსენეთ, გეტყვით, რომ მან «გამანდო» თქვენი ერთობლივი გადაწყვეტილება _ 2014 წლის ბოლოსთვის პირველი სამუშაო მატარებლის ახალქალაქში ამოსვლის შესახებ. რეალურია ეს ვადა?

_ ამის შესახებ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა. მან თქვა, რომ მარაბდა-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთი გაიხსნებოდა 2014 წლის ბოლოს. ჩვენ ეს პირობა დავადასტურეთ. ერთი წლის შემდეგ მარაბდიდან ახალქალაქამდე, შეიძლება კარწახამდეც კი, გავატაროთ მუშა მატარებელი. ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მთლიანად იქნება მოწესრიგებული სალიანდაგო მეურნეობა, მიღებული იქნება დეფექტური აქტებით და, მაშასადამე, შეგვეძლება მოძრაობის დაწყება.

_ დაპირება, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ სამუშაო პროცესში ბევრი დაბრკოლება რომ გხვდებათ? მაგალითად, გვირაბის გასაყვანი ტექნიკის დაგვიანებით ჩამოტანა, თანხების არაოპერატიულად ჩარიცხვის შემთხვევები და სხვა ამგვარი ფაქტები? ამ საკითხებზეც ვესაუბრე თქვენს კოლეგებს.

_ მუშაობის პროცესში დაბრკოლებების არსებობა ჩვეულებრივი რამეა. მით უფრო, ისეთ რთულ კლიმატურ პირობებში, რომლებშიც გვიწევს საქმიანობა. მთავარია გადალახო. ამას აქამდეც ვახერხებდით. არა მგონია, რომ პერსპექტივაში ნაკლებად შემართულები ვიქნებით. ასეთივე განწყობილება აქვთ ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებსაც.

გვირაბს, რომელიც საქართველოთურქეთის საზღვარს კვეთს, აშენებს თურქული კომპანია. საზღვრის კომპონენტის არსებობა თავისთავად გულისხმობს უამრავი ფორმალობის მოგვარებას, მართალია, ბიუროკრატიული, მაგრამ აუცილებელი წესების დაცვას. ორივე მხარე მონდომებულია და ხელოვნურად არავინ გვაბრკოლებს, მაგრამ სამუშაო პროცესის ამ თავისებურების მოგვარებას დიდი დრო და ენერგია მიაქვს.

5 ნოემბერს შევხვდით თურქული კომპანიის წარმომადგენლებს, შევთანხმდით, რომ 20 რიცხვისთვის უნდა შემოეყვანათ ტექნიკა. მაგრამ სწორედ ზემოთ დასახელებული საკითხების უამრავმა რაოდენობამ, რაც ორივე ქვეყნის მთავრობათა დონეზე გადაწყვეტის მიღებას მოითხოვდა, გაწელა შეთანხმების შესრულება. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ თუ არა ის მხარდაჭერა, რაც გვქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და განვითარების, ფინანსთა სამინისტროების მხრიდან, რომელთა შეთანხმების საფუძველზე კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ვადამდე გახსნა, გამორიცხული არ არის, საქართველოს მხრიდან გვირაბის გაყვანის სამუშაო წლეულს საერთოდ ვერ დაწყებულიყო.

აუცილებლად უნდა ვახსენო საგადასახადო და საფინანსო და, განსაკუთრებით, საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელები, რომელთა უშუალო მონაწილეობით გადაწყდა ყველა პრობლემა.

_ თქვენგან ვიცით, რომ ყველაზე უფრო პრობლემური იყო ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობა. ახლაც ასეა?

_ ამ სადგურის საპროექტო ღირებულება 212 მილიონია, ათვისებულია მხოლოდ თხუთმეტი მილიონი. აქედან გამომდინარე, რთული იყო და ასეთად რჩება. იმედი გვაქვს, რომ დავძლევთ.

თავისთავად ეს უბანი ძალიან რთულია, მთელი კომპლექსია. უშუალოდ მისი სიგრძე ოთხი კილომეტრია, ხოლო მისი სალიანდაგო მეურნეობის სიგრძე _ 50 კილომეტრი. აქ უნდა გაიმართოს სავაგონო-სალოკომოტივო დეპოები, სადაც სატვირთო ვაგონებს უნდა შეეცვალოს ურიკები (ეს თქვენმა მკითხველებმა, იმედი მაქვს, იციან, რადგან არაერთხელ გვითქვამს), ხოლო თბილისიდან ყარსის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებლის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანა ავტომატიზებული იქნება. ამ უბანზე მთლიანად ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი.

_ ამ სირთულეებს ემატება ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობების შესყიდვის საკითხი, რომელიც, ცნობილია, ძალიან მწვავედ დგას.

_ 82 მოსახლე ფლობდა მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ლიანდაგი უნდა გასულიყო. ისინი ჩივიან იმიტომ, რომ თავის დროზე არ მოხდა მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, არადა, სწორედ ამ ფართობებზე მოჰყავდათ თავიანთ საარსებო საშუალება _ კარტოფილი, რომელიც ერთადერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლის მოყვანა შესაძლებელია აქაურ აგრო-კლიმატურ პირობებში. ხალხი არა მარტო ჩივის, არამედ აწყობს აქციებს და მაგისტრალის მშენებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

მათი მოთხოვნა სამართლიანია, უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები პრობლემის მოსაწესრიგებლად და მალე მოიხსნება კიდეც _ მოსახლეობას მისცემენ დადგენილ კომპენსაციას.

 

P.S. ნაცუმცირესობა, ანუ ყოფილები ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ბევრს ყვირიან, რომ ინვესტიციები საქართველოში აღარ შემოდის, ხოლო მაშინ, როცა ისინი ხელისუფლების სათავეში იყვნენ, საქართველოს კართან ინვესტორების რიგი იდგა.

თბილისიბაქოყარსის ტრანსეროვნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ამ დემაგოგიურ ინსინუაციებს პირწმინდად აქარწყლებს.

არმაზ სანებლიძე

ახალქალაქითბილისი, ავტორის ფოტო

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here