სატელეფონო მიყურადების თემა კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას «ფრთხილად, თქვენ ისევ გისმენენ» დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტობრივად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გახმაურებული ფაქტები სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის ღია დადასტურება იყო:
როგორც «პირველ პრესკლუბში» გამართულ პრესკონფერენციაზე «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს» მთავარმა იურისტმა განაცხადა, «ჯეოსელის» აღმასრულებელი დირექტორის _ პასი კოისტინენის ინფორმაციით, «ჯეოსელის» 21 ათასი სმარტფონის მქონე აბონენტი ისმინება: «სამი თვეა, რაც ფარული მიყურადების კანონპროექტზე ვმუშაობთ და პარლამენტსაც მივმართეთ. პარლამენტში შესულია კანონპროექტი და კანონის ჩამოყალიბების შემდეგ დაწესდება, რა კუთხით უნდა მოხდეს მოსმენა. სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვა მომავალი წლიდან დაიწყება. ჩვენ ვითხოვთ, მართვის პულტი, რომელიც შს სამინისტროს აქვს და თითქმის ყველა აბონენტის მოსმენას ახორციელებს, მობილურ ოპერატორებს გადაეცეს. შს სამინისტრო ახორციელებს ფარულ მოსმენებს, ახალი თაობის მობილურებით ხდება დადგენა, თუ სად გადაადგილდება ესა თუ ის პიროვნება. ალბათ, რთული იქნება, ამ მანკიერ პრაქტიკაზე უარი თქვას, რადგან შედარებით გართულდება საქმის გახსნა, მაგრამ აუცილებელია, რომ ფარული მიყურადება აღარ მოხდეს. დღევანდელი ვითარებით ჩვენი თითოეული მოქალაქის მდგომარეობა ბევრად ილახება», _ განაცხადა ბოკუჩავამ.
როგორ უსმენენ სმარტფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მოქალაქეებს, რა სპეციალური აპარატურა და მართვის პულტი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს, ვინ აკონტროლებს და როგორ ხდება ტელეფონიდან მოსმენა _ ამ და სხვა საკითხებზე დეტალების დასადგენად ჩვენ იურისტებსა და ექსპერტებს დავუკავშირდით.
«საქართველო და მსოფლიო» კომენტარისთვის «საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს» მთავარ იურისტს ეკა ბოკუჩავას დაუკავშირდა.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ სმარტფონები და ახალი თაობის ტელეფონები ყველაზე მარტივი მოსასმენია _ დაახლოებით 21 ათასი ადამიანის მოსმენა შეიძლება მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია გაქვთ? ტექნოლოგიურად როგორ ხდება მოსმენის პროცედურა?
_ პირველ რიგში, მოსმენის პროცედურასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პროკურორი და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი ვალდებულია, ფარული მიყურადების დაწყებამდე მიმართოს სასამართლოს, მიიღოს შესაბამისი ნებართვის განჩინება და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს მოსმენა. თუმცა არის განსაკუთრებული გამონაკლისები, როცა, ოპერატიული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მას შეუძლია ფარული მიყურადება, თუმცა 24 საათის განმავლობაში ის ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს ამის დაკანონებისთვის. ის, რომ სმარტფონი ისმინება და სმარტფონების საშუალებით შესაძლებელია ჩვენი გადაადგილების იდენტიფიცირება, ახალი თემა არაა.
_ ეს ტექნიკურად როგორ ხდება? თვითონ სმარტფონშია რაიმე ახალი ტიპის დეტალი, რომელიც ასეთ საშუალებას იძლევა თუ სხვა მექანიზმია?
_ გარდა იმისა, რომ სმარტფონი დაკავშირებულია სატელიტთან, მასში არის გუგლნეტიც, გვაქვს ინტერნეტიც. სადაც კი არის ინტერნეტთან წვდომა, იქ ყველაზე მარტივია, ყოველგვარი თვალთვალი. ძველი თაობის მობილურებში ეს პროცედურა, თვალთვალისა და მოსმენის უფრო გართულებულია, მაგრამ ფარული მიყურადება ასეთ შემთხვევებშიც ხდება. რაც შეეხება მობილურ ოპერატორებს, «ჯეოსელი» ადასტურებს და საჯაროდაც იყო გაცხადებული, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, აონტროლონ, როდის იწყებს შს სამინისტრო ფარულ მიყურადებას, რა დროის განმავლობაში უსმენს, რა რაოდენობას და ა.შ. «თელიასონერა», როგორც იცით, არის «ჯეოსელის» ჯგუფის მფლობელი. მან დაახლოებით ერთი თვის წინ განმარტა, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2005 წელს შეიძინა «სონი ერიქსონის» დანადგარები, რომელიც დამონტაჟდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სწორედ ამ დანადგარებიდან ხდება პირდაპირი წვდომა მობილური ოპერატორის ქსელთან.
_ ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უკვე ისეთი აპარატურა, რომ აღარ სჭირდება მიმართოს მობილურ ოპერატორს, რომ კონკრეტულ ნომერზე ჩართონ.
_ კი, ასეა. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში არის ისეთი მუხლი, რომელიც უწყებას საშუალებას აძლევს, რომ დაამონტაჟოს კონკრეტული დანადგარები კონკრეტულ დაწესებულებებში, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება პირდაპირ წვდომას სატელეფონო საუბართან, დღევანდელი მდგომარეობით, როგორც გითხარით, მობილური ოპერატორები ვერ აკონტროლებენ, თუ როდის იწყება ჩაწერა-მოსმენა. ამას პირდაპირ შსს ახორციელებს. ერთადერთი, რაც ფორმალურად ხდება, როცა შსს იწყებს ფარულ ჩაწერას, არის ის, რომ ამის დაკანონებას ითხოვს სასამართლოსგან. როგორც ასეთი, ფარული მიყურადების მართვის პულტი, ვინც იწყებს მიყურადებას, ეს მობილური ოპერატორის ხელში, დღეის მონაცემებით, არ არის, მხოლოდ შსს აკონტროლებს ამ პროცესს. ოპერატორებს არანაირი წვდომა არ აქვთ.
_ რამდენად კანონიერი იქნება თქვენი მოთხოვნა, რომ კერძო კომპანიის, თუნდაც მობილური ოპერატორის, ხელში გადავიდეს მართვის პულტის წვდომა ფარულ მოსმენაზე?
_ პირველი არის ის, რომ ჩვენ ვართ მობილური ოპერატორის მომხმარებელი და ჩვენი უფლებაა, რომ დაცული იყოს ჩვენი პირადი სატელეფონო საშუალებით განხორციელებული საუბრები და ევალება ყველას, მათ შორის მობილურ ოპერატორსაც და სახელმწიფოსაც. რადგან კომპანია არის პასუხისმგებელი და ახორციელებს ჩვენს სატელეფოო კომუნიკაციას, ის უნდა იყოს ვალდებული, მხოლოდ სასამართლოს განჩინების მიხედვით ჩართოს მოსმენაზე ტელეფონი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მართვის პულტის გადაცემას, ეს არის დიდი საფრთხის შემცველი, ამის ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს. შემდგომ ეს ყუთები და აუდიოფირები იყო აღმოჩენილი და დადასტურდა კიდეც შსს-ს მიერ. ნდობა შსს-ს მიმართ ძალიან დაბალია, ნდობასაც რომ თავი დავანებოთ, უფლებების დაცვის მხრივ, ეს უნდა იყოს მობილურ ოპერატორთან. ასევე მნიშვნელოვანია ზედამხედველობის მექანიზმიც.
მობილური ოპერატორების ხელში მართვის პულტის გადასვლის შემთხვევაში, აუცილებლად მოხდება ზედამხედველი რგოლების ჩართვა: ეს შესაძლებელია იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ეს შეიძლება იყოს სახალხო დამცველის ინტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაციები. პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე.
_ როგორ მუშაობს მოსმენის აპარატურის ახალი მოდულები, რა მექანიზმებით?
_ ჩვენ ეს აპარატურა ვიზუალურად არ გვინახავს. აღწერილობით ვიცით, რომ ეს არის სპეციალური ყუთები, რომლებიც დგას შსს-ს გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულებში, ოპერატიულ-ტექნიკურ სამმართველოში, მოდულის შენობაში, იმავე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამ ყუთებიდან გამომავალი ხაზები პირდაპირ მიერთებულია მობილური ოპერატორების ქსელთან კომპიუტერული მობილური ცენტრიდან და იქიდან ხდება სიგნალის მიღება: რთავს და იწყებს სატელეფონო საუბრის ჩაწერას. ფარული მიყურადების ნებისმიერ საქმეზე გამოყენება უნდა აიკრძალოს. ის მხოლოდ მძიმე შემთხვევებში უნდა განხორციელებდეს, და მხოლოდ იმ გარემოებებში, როცა გამოძიებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა დანაშაულის დამტკიცებისთვის. ამას ჰქვია ე. წ. ლასტ რიზორტი, რომელიც უნდა დაიცვან. ამისთვის უნდა შეიქმნას კარგი საკანონმდებლო ბაზა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სტანდარტები უნდა გაუმჯობესდეს.
«საქართველო და მსოფლიო» ასევე ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს _ თემურ კენკებაშვილს, რომელიც იმ პერიოდს იხსენებს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მოსასმენ აპარატურას ცოლების სატელეფონო საუბრების ჩასაწერად იყენებდნენ:
_ ფარული მიყურადება, შესაძლოა, ტექნიკურად ბევრი საშუალებით განხორციელდეს, ერთ-ერთი არის პროგრამული ხასიათის. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც გააჩნია ოპერატიულ სამსახურებს. მათი საშუალებით ხდება დაკავშირება ამა თუ იმ სერვერზე გარკვეული ნებართვის საფუძველზე. მეორე ვარიანტია თვითონ მიმწოდებლებთან დადგმა გარკვეული აპარატურის, საიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის ამოღება თვითონ პროვაიდერებიდან. სატელეფონო სიგნალის მიმღებებიდანაც შესაძლებელია სიგნალის მოხსნა, ასეთი აპარატურები არის დამონტაჟებული გარკვეულ ადგილებში. თუმცა ძირითადად მიმდინარეობს პროგრამული სახით მოსმენა, როდესაც მიყურადება ხდება თვითონ სამინისტროდან.
_ ამბობდნენ, რომ კოდური სიტყვების მიხედვით უსმენდნენ…
_ ფარული მიყურადება შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში, ეს არ არის პროცესუალური ნორმები, ეს ცალკე კანონით დგინდება, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, ეს რამდენიმე 4-5 ოპერატიული ღონისძიება, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკურ სხვადასხვა ასპექტთანაა დაკავშირებული, შესულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და კონკრეტული ღონისძიებები რეგულირდება 136-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით. საჭიროა პირის მოსმენაზე დაყენებამდე მოტივირებული მოთხოვნა და სასამართლოს დასტური.
_ წინა ხელისუფლების პირობებში საუბარი იყო მოსასმენი აპარატურის შეძენაზე, ახლა საუბარი დაიწყო სმარტფონების მასობრივ მოსმენაზე…
_ აპარატურა ძალიან კარგია ამ მხრივ და პროცედურაც არაა რთული. რამდენადაც ყველაფერი ციფრულ რეჟიმზეა გადასული, ელექტრონულ რეჟიმზეა აწყობილი და უფრო მარტივი გახდა მოსმენის რეგულირება. როდესაც იქმნება ნებისმიერი ტიპის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია რაღაც ღონისძიების დასაცავად, ამის პარალელურად ყოველთვის იქმნება მეორე პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პირველი პროგრამიდან ინფორმაციის გადმოწერას, ანუ დღევანდელ რეალობაში მარტივი რამაა. ლეგენდის დონეზე რომ დადის, რომ ყველა ერთად ისმინება და მილიონებზეა საუბარი, ასე არ ხდება. აქ ხდება კონკრეტული პირების _ ეჭვმიტანილების მოსმენა.
_ გასაგებია, ვის რატომ უსმენენ, მაგრამ, როდესაც კონკრეტულ პირს უსმენ, მისი ჩანაწერის გაშიფვრა როგორ ხდება: ავტომატურად იყრება მთლიანი ჩანაწერი კომპიუტერულ ფაილებში?
_ არა, ასეთი პროგრამა აქვს მხოლოდ აშშ-ს, როდესაც ავტომატურ რეჟიმში ხდება მისი გაშიფვრა. ჩვენს რეალობაში, გარკვეულ პერიოდში, ვთქვათ, დილა-საღამოს ხდება, ამის მოსმენა-ანალიზი, დგებაPპატაკი და ამის შემდგომ ამოაქვთ საინტერესო და გამოძიებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რაც პრიორიტეტულია. ადრე ძვირი სიამოვნება იყო ფარული მიყურადებისთვის განკუთვნილი აპარატურის შეძენა, დღეს უკვე ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს ამ აპარატურას. რაც შეეხება მართვის პულტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, იმავე დეველოპერების მხრიდან შავ ყუთებზე იყო საუბარი, როგორც მახსოვს, ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, აქვს და უნდა ჰქონდეს წვდომა ამ მიმწოდებლებთან, რომ მან განახორციელოს ფარული მიყურადება ოპერატიული წესით. დღეს იმ ფორმით და იმ კონტექსტით, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, ეს მოსმენები ასე მასობრივად აღარ ხორციელდება.
_ როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს, ცოლების სატელეფონო საუბრების მოსასმენადაც კი იყენებდნენ ამ ტექნიკურ საშუალებებს მაღალჩინოსნები.
_ კი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა და პრაქტიკა იყო. დღეს, საბედნიეროდ, ასე მასობრივად, იმედს ვიტოვებ, რომ აღარ ხდება.
ესაუბრა ეკა ჩეჩელაშვილი