Home რუბრიკები საზოგადოება ფრთხილად, თქვენ ისევ გისმენენ!

ფრთხილად, თქვენ ისევ გისმენენ!

«ქართული ოცნება» ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ  თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ფარულად უსმენდნენ. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მას არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერნოემბერში საფრანგეთში კომპიუტერის მეშვეობით უსმენდნენ. მაშინ მოქმედმა მინისტრმა ალასანიამ ბრალდება უარყო _ ჩვენ აღარ ვუსმენთ, პირიქით, მოსმენების სამსახური გავაუქმეთო. ოპერატიულსამძებრო მიზნებისთვის სატელეფონო საუბრებს ყველგან უსმენენ. აქ მთავარია მკაფიო ზღვარი _ კანონიერ, ანუ სანქცირებულ და უკანონო მოსმენებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარული მიყურადება არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.

 

როგორც «საქართველო და მსოფლიოსთვის» გახდა ცნობილი, ახალმა ხელისუფლებამ ახალი სპეციალური აღჭურვილობა ჩამოიტანა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან დაკარგული ან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა უკვე შესაძლებელია. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე შეუძლია 3400-მდე მოდელის მობილური ტელეფონიდან და სიმბარათიდან წაშლილი ინფორმაციის ამოღება-აღდგენა. მართალია, ოფიციალურად ეს ასე გაფორმდა: მოქალაქეებს თუ სურთ, რომ მიიღონ ძველი მობილურიდან ინფორმაცია, ამისთვის გამოვიყენებთო, მაგრამ სადაა იმის გარანტია, რომ სპეცსამსახურები ამას უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადებისთვის არ გამოიყენებენ?!

 როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, მობილური ტელეფონის გამოშვების თარიღის, ფირმისა და პარამეტრების მიუხედავად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის ახალი ხელსაწყოს  _ UNIVERSAL FORENSICS EXTRACTION DEVICE (UFED) დახმარებით შეუძლია წაშლილი კონტაქტების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილების აღდგენა.

 ახალი მოდული _ UFED CHINEX რამდენიმე თვის წინ შეიძინეს, რომლის მეშვეობითაც ჩინური წარმოების ტელეფონებიდანაც შესაძლებელია წაშლილი და დაზიანებული ინფორმაციის აღდგენა და ამოღება, ამ ფაქტს თავად ბიუროშიც ადასტურებენ. სერვისის ფარგლებში შესაძლებელია: მობილური ტელეფონიდან და სიმბარათიდან ინფორმაციის ამოღება და აღდგენა; სიმბარათიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი მოკლეტექსტური შეტყობინების აღდგენა და ამოღება; მობილური ტელეფონიდან კონტაქტების ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი კონტაქტის აღდგენა და ამოღება; მობილური ტელეფონიდან ფოტო გამოსახულების ან ხმოვანი ფაილის ამოღება; მობილური ტელეფონიდან განხორციელებული, მიღებული, გამოტოვებული ზარების ამოღება; მობილური ტელეფონიდან წაშლილი ზარების ამოღებაც კი. ანუ გამოდის, რომ ახლა არა მხოლოდ თქვენი მოსმენა, არამედ ადრე არსებული ძველი ტელეფონებიდან თქვენი სატელეფონო შეტყობინებების, სურათებისა და სხვა ინფორმაციის ამოღებაც გახდა შესაძლებელი.

მობილური ტელეფონიდან და სიმბარათებიდან ინფორმაციის ამოღებისა და აღდგენის სერვისის შესასრულებლად ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ახალი ულტრათანამედროვე აღჭურვილობა UNIVERSAL FORENSICS EXTRACTION DEVICE (UFED)  შეიძინა. ხოლო უკვე 2014 წლისთვის კიდევ ერთ ახალ ტექნიკურ მოწყობილობას ელოდებიან, რაც შესაბამის სტრუქტურებს მისცემს შესაძლებლობას GPS მოწყობილობებში მონაცემების ფიზიკური კვლევა ჩაატაროს და დაადგინოს ციფრული მოწყობილობის ადგილმდებარეობა და კავშირი. გასაგებად რომ ვთქვათ, მათ ზუსტად ეცოდინებათ თქვენი გადაადგილების მარშრუტი. რისთვის იქნება ეს ხელსაწყოები საბოლოო ჯამში გამოყენებული, ამის დადგენა რთულია, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, ერთ პირს არ აქვს უფლება, მეორე სამოქალაქო პირის ინტერნეტსაშუალების ადგილმდებარეობა დაადგინოს, მაშინ გამოდის, რომ ამ ხელსაწყოების ასეთი ფორსირებული წესით შეძენა, სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების  ინტერესებში უფრო უნდა იყოს, ვიდრე რიგითი მოქალაქეების, რომლებსაც საკუთარი ინტერნეტსივრცის გაკონტროლება ისედაც შეუძლიათ, სხვების მუქარის ან შანტაჟის გამოსავლენად კი მაინც სამართალდამცავებს უნდა მიმართონ. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი გონივრულ ეჭვს აჩენს მოსმენების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ პროკურატურამ, 6 თვის მონაცემებით,  სასამართლოს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობით 1207-ჯერ მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან «ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა» (IDFI) გამოითხოვა. «აღნიშნული შუამდგომლობები შეიცავს საიდუმლო მონაცემებს და, აქედან გამომდინარე, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია ქსეროასლების ან ელექტრონული სახით», _ ნათქვამია პროკურატურის წერილში, რომელსაც ხელს აწერს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.

ერთიანი სტატისტიკა არ აქვს მთავარ პროკურატურას. მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა საილუსტრაციოდ წარმოადგინა ცალკეული დეპარტამენტების სტატისტიკა. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორთა მიერ 2012 წლის განმავლობაში სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თემატიკაზე შეტანილი იყო 1063 შუამდგომლობა და სასამართლომ ყველა  უპირობოდ დააკმაყოფილა.

სასამართლოსა და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ფარულ მიყურადებაზე სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვების, ანუ პროკურატურის შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შემცირებულია, თუმცა საკმაოდ მაღალია პროკურორების შუამდგომლობების რაოდენობა, რომლითაც სასამართლოსგან ფარულ მოსმენებზე ნებართვას ითხოვენ. მაგალითად, მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ანუ ექვს თვეში, სასამართლოში შეიტანეს 632 შუამდგომლობა ფარულ მოსმენაზე, აქედან 83 საქმეზე (147 პირის მიმართ) არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები მოსამართლეების მხრიდან. 2013 წლის მანძილზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურიდან 1195 შუამდგომლობა მიიღო ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე და აქედან 1064 დაკმაყოფილდა, ანუ თუკი წინა წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მხოლოდ 8 შუამდგომლობაზე ეთქვა პროკურატურას უარი, 2013 წლის განვლილ პერიოდში უარის მაჩვენებელი 131-მდე გაიზარდა. პროკურატურის თქმით, შინაგან საქმეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმღვანელობის დანაყოფის მონაცემებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე 30 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ.

ფარული მოსმენების შესახებ არანაირი სტატისტიკა არ წარმოუდგენიათ არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ექვსი ორგანო ახორციელებს და, შესაბამისად, მოპოვებული მასალები გაბნეულია ამ ორგანოებში. ყველაზე დიდი რაოდენობით ასეთი მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება. ამ მასალების დაცვა-შენახვასა და სისტემატიზაციაზე პასუხისმგებელია შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის გარდა, კიდევ სხვა პირებს, იმავე შს მინისტრის მოადგილეებს აქვთ თუ არა დაშვება ამ მასალებზე? _ ამ კითხვებზე პასუხები არაა გაცემული. კონკრეტიკაზე  და მოსმენების კონკრეტულ ციფრებზე არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებს უარს იმ მოტივით ეუბნებიან, რომ ეს «გრიფით საიდუმლო» ოპერატიული ინფორმაციის შემცველი მასალაა  და, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვერ გაგიმხელთო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკურ ციფრებს  ითხოვენ, თუ რომელი უწყება რამდენ ადამიანზე ახორციელებს ფარულ  სატელეფონო მოსმენებს. მაგრამ ახლაც, ისევე, როგორც სააკაშვილის დროს, კითხვას  უპასუხოდ ტოვებენ! ან ეს ის თემაა, როცა ქურდს ქუდი ეწვის.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here