ეს ერთი ხანია, წიგნების გამოცემაში გააქტიურებულმა აიპ «ისტორიულმა მემკვიდრეობამ» მკითხველებს კიდევ ერთი ნაბეჭდი პროდუქცია მიაწოდა _ «ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მიზანი და შედეგები», რომელიც საქართველოს ყოფილი პარლამენტის მიერ მიღებული ცრუსოლიდარული აქტის კრიტიკული მიმოხილვაა, იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემაა, რომელთაც რუსეთს უყენებენ XIX საუკუნეში ჩადენილი «ცოდვებისთვის», კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის შემოერთებაზე, განსაკუთრებით კი _ ჩერქეზეთის (ადიღეს) მიწების გამო;
იმაზე, რომ ამ რეგიონში რუსების გადაადგილებას თან ახლდა «ენით უთქმელი სისასტიკე», მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა–ჟლეტა» და ა. შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2013 წლის 25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Betsy’s Hotel–ში არასამთავრობო ორგანიზაციის «ისტორიული მემკვიდრეობა» მიერ მოწყობილი სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ჩერქეზების გენოციდის აღიარების მიზნისა და შედეგების განხილვას მიეძღვნა.
ქართველი მეცნიერების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების, პუბლიცისტების, ჟურნალისტების მიერ მოხსენებებში წარმოდგენილ პლურალისტულ მოხსენებებში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა და ვარაუდი გამოითქვა.
ეს იყო თავისუფალი ტრიბუნა, რომლიდანაც დაუნჯებული, პრინციპულად გამართული და მეცნიერულად დასაბუთებული ბჭობა მიმდინარეობა.
მაგრამ არა ერთ ხმაში.
«ჩემი ღრმა რწმენით, _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» თავმჯდომარემ ტარიელ გაგნიძემ, _ (საქართველოს პარლამენტის მიერ) ჩერქეზების გენოციდის წამოწევის მიზანია აგრესიული ისლამისთვის იდეოლოგიური საფუძვლის შექმნა, რათა შემდგომში (დაინტერესებულმა ძალებმა) განახორციელონ ექსპანსია რუსეთის ფედერაციის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც არ არის ჩრდილოკავკასიური ეროვნულ–სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, მაგალითად, ჩეჩნეთის ან დაღესტნის რესპუბლიკების მსგავსი. ასევე, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, უკავშირდება იმ გლობალურ პროექტს, რომელიც «ანაკონდას მარყუჟის» ან «დაძაბულობის რკალის» სახელითაა ცნობილი მსოფლიო გეოპოლიტიკაში, და გულისხმობს რუსეთის ფედერაციის სამხრეთისა და დასავლეთის საზღვრების გასწვრივ მუდმივი დაძაბულობის კერების შექმნას და მათით მანიპულირებას».
მოკლედ, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება შეეცადა ქვეყნის ავანტიურაში გაბმას და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს მისი ინიციატივა არ ყოფილა. მარიონეტების მონდომებით ასრულებდნენ ისინი დამკვეთთა ნებას.
საკითხთა-საკითხი მაინც გენოციდის პრობლემაა.
იყო კი გენოციდი?
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი ვალერიან დოლიძე მიიჩნევს, რომ «თანამედროვე იურიდიული ტერმინის გამოყენება იმ ისტორიული მოვლენის მიმართ, რომლის დროსაც კაცობრიობის სამართლებრივი ცნობიერება არც გენოციდის დანაშაულს იცნობდა და არც შესაბამისი ტერმინოლოგია არსებობდა», გამართლებული არ არის. «ამიტომ ჩერქეზების გენოციდის აღიარება საქართველოს (ყოფილი) პარლამენტის მიერ წარმოადგენს ისტორიის დეისტორიზაციას, როცა წარსულის მოვლენების შესახებ მსჯელობა და მათი შეფასება ხდება თანამედროვე სამართლებრივი და მორალური ნორმების საფუძველზე. ეს არის ისტორიის მიმართ ჩადენილი ძალადობა, რადგან ხდება მოვლენის ხელოვნურად ამოგლეჯა კონკრეტული ისტორიული კონტექსტიდან…» (გვ. 27-28).
ქართველი მეცნიერი ღრმა განსჯისა და ანალიზის შედეგად აბათილებს ამერიკელი ისტორიკოსის უოლტერ რიჩმონდის პოზიციას, რომლის თანახმად, რუსების მიერ ჩატარებული წმენდები, რომელთაც თან სდევდა მამაკაცების, ქალების, ბავშვების მასობრივი მკვლელობა ხიშტებითა და საარტილერიო ცეცხლით, არის გენოციდი. «მაგრამ გენოციდის კვალიფიკაციისთვის მხოლოდ ხიშტებით მკვლელობაზე მითითება საკმარისი არ არის» (გვ. 45), _ ასკვნის გამოკვლევის ავტორი. ხოლო ის, რაზეც ამერიკელი ისტორიკოსი საუბრობს (დახოცვა), რა თქმა უნდა, სისასტიკის უკიდურესი გამოვლენაა, მაგრამ გენოციდად მისი კვალიფიცირება შეუძლებელია. «ეს არის ისეთი ფსიქოლოგიური მოქმედება, რომლის მიზანია შიშის დათესვა მოსახლეობაში და არა ეთნიკური ჯგუფის განადგურება» (გვ. 48).
დასკვნა კი ასეთია: საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მომხდარი ტრაგედიის გენოციდად წარმოდგენა დღეს შეუძლებელია. «ამისთვის საჭიროა არა ისტორიკოსების მიახლოებული მსჯელობები, არამედ სასამართლო პროცესები და კვალიფიციური იურისტები, მოწმეების დაკითხვა და ა.შ.» (გვ. 49).
მაგრამ ვინ უნდა აგოს პასუხი?!
პროფესორ ვალერიან დოლიძის მეცნიერული შრომა მრავალწახნაგოვნებით გამოირჩევა. გამოწვლილვითაა განხილული პრობლემის შემადგენელი საკითხები. მათ შორის, _ ისტორიის გათანამედროვების მცდელობისას ნეგატიური სტერეოტიპების წარმოქმნის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში უარყოფითი მხარეების წინ წამოწევის შედეგად განვითარებული გართულების (უკანასკნელი _ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო) დაძლევის და, ამასთან, მიჩქმალული დადებითი და პროგრესული მხარეების უპირატესი ჩვენებით, რაც ობიექტურად ჩვენი ისტორიის თანმდევი იყო.
ნაშრომში განხილულია 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები და შეფასებულია, როგორც სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა, ისტორიული ფაქტი უარყოფითი ნიშნით ორივე დაპირისპირებული მხარისთვის.
სად ვეძებოთ გამოსავალი?
«საქართველო–რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ურთიერთუნდობლობა, _ აღნიშნავს ბატონი ვალერიან დოლიძე, _ რომელიც, ერთის მხრივ, ისტორიის ცალმხრივად გააზრების, მეორე მხრივ კი, ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ (ელიტის ბრჭყალებში ჩასმა უპრიანი იქნებოდა. _ ა. ს.) რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის, არაადეკვატური შეფასების შედეგია. ამ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ იგი აგებული იყოს ღრმადგააზრებული საერთო ინტერესების საფუძველზე. როგორც საქართველოს სჭირდება რუსეთი, ასევე, რუსეთსაც სჭირდება საქართველო» (გვ. 72).
ვინ მუშაობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად დღეს? აბაშიძე-კარასინის შეხვედრები კონკრეტული საკითხებით არის შემოფარგლული. სხვა ფორმატს საზოგადოებრიობა არ იცნობს.
გამოდის, რომ ჩერქეზების გენოციდის აღიარება, რომელიც «არის რუსეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელების მცდელობა მშვიდობიანი საშუალებებით, მიმართული რუსეთის დაშლაზე» (გვ. 73), კვლავ ძალაში რჩება?!
ე. ი. რუსეთთან საქართველო კვლავ საომარ მდგომარეობაში იმყოფება?!
ამის იქით კი ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის თავმჯდომარის _ ირაკლი უბილავას ასეთი პერსპექტივა ესახება: «ჩერქეზების აღიარების მოტივს საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის თუ ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოადგენდა სეპარატისტული ტენდენციების ხელშეწყობა (დიდი ალბათობით, ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე), მაშინ… კავკასიის გეოპოლიტიკური სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეს ქმედება ყოვლადგაუმართლებელი და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული» («ჩერქეზეთის გენოციდის აღიარება, როგორც აშშ–ის კავკასიური პოლიტიკის ნაწილი» (გვ. 75-93).
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის _ ნანა დევდარიანის განსახილველ წიგნში წარმოდგენილი პუბლიკაცია «გენოციდი და დემოგრაფიული კატასტროფა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტები» მისი სტატუსისა და აზროვნების შესაფერისი მასშტაბურობითა და ორიგინალური დასკვნებითაა წარმოდგენილი.
«დღეს უკვე აღარავის უკვირს საქართველოდან უცხოეთში ჩაწოდებული და შემდეგ იქიდან უკან დაბრუნებული იმპორტირებული იდეები და ინიციატივები. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ «ჩერქეზული საკითხის» თითქოსდა ამერიკიდან აქტივიზაცია. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ახლოს მდგომი ორგანიზაციები არამხოლოდ საჯაროდ მხარს არ უჭერენ «ჩერქეზულ თემას», არამედ ნეგატიურად აფასებენ ქართული ხელისუფლების აქტივობას ამ მიმართულებით» (გვ. 95).
თავის ამ პოზიციას ქალბატონი ნანა კონკრეტული ფაქტებით ადასტურებს, კერძოდ, ადგილობრივი ძალების მიერ ჩატარებული კონფერენციების ქრონოლოგიური (2009-2011 წ.წ.) და თემატური ჩამონათვალით და საინფორმაციო მხარდაჭერის პრაქტიკულად განხორციელებული ღონისძიებებით და ანალიზით, რაც, საბოლოო ჯამში, ყოფილი პარლამენტის მიერ «ჩერქეზთა გენოციდის» აღიარებით «დაგვირგვინდა».
პოლიტოლოგი და ცნობილი ჟურნალისტი ნანა დევდარიანი ისეთ თემასაც შეეხო, რომელზეც საუბარს ნაცელიტის მხარდამჭერი პოლიტმოაზროვნენი თავგამოდებით გაურბიან. აი, ნანა დევდარიანი კი იმოწმებს ექსპერტ მამუკა არეშიძეს და იზიარებს მის შეხედულებას, რომ აფხაზეთის ომშიც და 2008 წელსაც საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ ჩრდილოკავკასიელთა შორის დიდი ნაწილი ჩერქეზებით იყო წარმოდგენილი. და თუ ჩეჩნები მეტად ჩანდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მეომრები არიან, თორემ რაოდენობრივად უფრო მეტი ადიღელი, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაის მკვიდრი ჩერქეზები იბრძოდნენ.
ჩვენ კი მათი წინაპრების ტრაგედია გვაწუხებს, ყოფილ კანონმდებლებს აწუხებდა!
ორიგინალურად ინტერპრეტირებული პრინციპია _ «მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ» (ლევ. 24,20).
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რომლებიც ამ ნაშრომშია განხილული, ერთი ასეთი აქცენტიცაა ხაზგასმული: «სხვათა შორის, დღევანდელი ადგილობრივი ლიბერალები, რომლებიც სტალინის სისასტიკეზე აღშფოთებით საუბრობენ, უთუოდ უნდა გაეცნონ მისი თანადროული მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების «ღვაწლს» მასობრივ მკვლელობებსა და მთელი ხალხების დედაბუდიანად აყრის საქმეში» (გვ. 117).
არ ეცნობიან, არ აინტერესებთ, სამაგიეროდ, ზუსტად ასრულებენ მათთვის მიცემულ ინსტრუქციებს. საქართველოს ყოფილები, რომლებსაც 300 ათასი პატიმარი და პრობაციონერი ჰყავდათ (იმდენი, რამდენი ქართველიც სამამულო ომში დაიღუპა), არნახული ოპერატიულობით დემონტაჟს უკეთებენ სტალინის ძეგლს გორში, ახალი ხელისუფლებისთვის კი სულერთია…
დაბოლოს: «ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა: ჩვენ რუსეთზე არანაკლებ ვართ დაინტერესებული ამ რეგიონის სტაბილურობითა და მშვიდობიანობით. ჩერქეზთა ისტორიის შესწავლასთან ერთად, ურიგო არ იქნებოდა, (ყოფილი ხელისუფლება) საკუთარი ქვეყნის ისტორიას ჩაღრმავებოდა, თუმცა უკვე ერთი წელია, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ვითარება კარდინალურად არ შეცვლილა, რუსეთთან ურთიერთობის «დალაგება» ჯერაც შეუსრულებელ დაპირებად რჩება» (გვ. 122-123).
«საქართველო და კავკასიური პოლიტიკა _ ისტორიული გამოცდილება, დღევანდელი მდგომარეობა, პერსპექტივა» _ ამ რთულ თემას შეეჭიდა ჟურნალ «ისტორიული მემკვიდრეობის» პასუხისმგებელი რედაქტორი დარეჯან ანდრიაძე და, უნდა ითქვას, რომ შესანიშნავად დასძლია.
ჩერქეზთა საკითხის ფონზე იგი დღევანდელ ვითარებას განიხილავს და ასკვნის, რომ «დღეს საქართველო რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ზოგი კი, ალბათ, თავს იჩენს ახლო მომავალში…» ეს არის ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთიდან გამომდინარე პრობლემები: სომხების (სომხების გენოციდის) საკითხიც დგება დღის წესრიგში, აფხაზთა მუჰაჯირობაც და ა.შ.: «ამ ლოგიკით თუ გავყვებით, მუჰაჯირობაც გენოციდად უნდა შეფასდეს და შეიძლება სანთლით საძებარი გახდეს ერი ამ სტატუსის გარეშე» (გვ. 143).
იგი აანალიზებს ჩრდილოკავკასიური ტომების ურთიერთობას ქართველებთან და მთისა და ბარის მოსახლეობის დაპირისპირების სამ სახეობას გამოჰყოფს: მტაცებლურ ექსპედიციებს, ლაშქრობებს ტერიტორიის დაპყრობისა და მუდმივი საშემოსავლო ბაზრის შექმნის მიზნით.
ავტორი არ მალავს, რომ საქართველოზე მთიელთა თავდასხმები «ანადგურებდა მწარმოებელ საზოგადოებას, შლიდა მეურნეობას, აუდაბურებდა მთელ რიგ მხარეებს, ძლიერ გავლენას ახდენდა სოციალურ ურთიერთობაზე ქვეყნის შიგნით. ამავე დროს ეს მოვლენა მჭიდროდ უკავშირდებოდა ამიერკავკასიაში ირან–ოსმალეთის აგრესიას. ამიტომაა, რომ რიგი კონკრეტული მოვლენა ფეოდალური ხანის საქართველოში შეუძლებელია აიხსნას დაღესტან–საქართველოს ურთიერთობის გათვალისწინების გარეშე» (გვ. 149).
წიგნში ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ობიექტურადაა გადმოცემული საქართველოში ლეკთა თარეშის აღსაკვეთად წარმოებული ბრძოლების პერიპეტიები ქართველთა მონაწილეობით. ამ თემას სპეციალური თავი ეძღვნება «რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი მოქმედება ჩრდილოკავკასიელთა თავდასხმებისგან თავდასაცავად 1801-1804 წლებში».
საინტერესო პუბლიკაციებით არიან წარმოდგენილნი დალილა ხორავა, ჯონდი ბაღათურია, ელიზბარ ჯაველიძე, მამუკა არეშიძე, პეტრე მამრაძე.
დაბოლოს, წიგნი უნიკალურია იმითაც, რომ პირველი კრებულია, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხთა ურთიერთობის საკითხებს დღევანდელობის პრიზმაში განიხილავს.
ღირს წასაკითხად.
არმაზ სანებლიძე