Home რუბრიკები პოლიტიკა კიევის რუსეთი თუ რუსეთის კიევი?

კიევის რუსეთი თუ რუსეთის კიევი?

1476

უკრაინამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პროცესისთვის მზადება. საფუძველი _ ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური უშიშროების უზრუნველყოფა. შეაჩერა მზადება. უკრაინელი ხალხი ფეხზე დადგა: ამ გადაწყვეტილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები უწყვეტ რეჟიმში იმართება კიევის მთავარ მოედნებზე, სხვა ქალაქებში. მასები მთავრობაზე ზემოქმედებას ცდილობენ ვილნიუსის სამიტის კვირაძალს _ ერთი მხარე გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, მეორე _ მხარს უჭერს პრეზიდენტ იანუკოვიჩის პოზიციას.

 

დაპირისპირება მწვავეა და უკომპრომისო. სიტუაცია სულ უფრო რთულდება.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი თავის გადაწყვეტილებას ხსნის იმ პრობლემათა კომპლექსის «უფრო დეტალურად» შესწავლის აუცილებლობით, რომლებიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან და რუსეთთან, ასევე, დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებთან.

The financial Timesკი კიევის ამ გადაწყვეტილებას რუსეთის გამარჯვებად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ ეს გამარჯვება «დიდი არ არის», მცირეა, რომ «ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთი ამ გამარჯვებას დაკარგავს».

შეფასებები მრავალგვარია: უკრაინა ფასს იდებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი უფლებებით თუ არა, ტრადიციულ ქვეყნებთან თანასწორად შევიდეს ევროკავშირში, არ აღაქმევინოს ეს აქტი, როგორც მოწყალების მიღება.

. . უკრაინა ვაჭრობს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს ევროკავშირში გაერთიანებისგან.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება ასევე შეიძლება აღვიქვათ, როგორც რბილი გადასვლა აღმოსავლეთისკენ, რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმა, როგორც  საბოლოო ორიენტაციის განსაზღვრის ერთგვარი მოსამზადებელი თუ მოსინჯვის ტაქტიკური სვლა.

აქაც არ გამორიცხავენ ვაჭრობის ელემენტს _ უკრაინა სჭირდება რუსეთს, სჭირდება დსთ და ამ ქვეყნის მიერ ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, აქედან გამომდინარე, მხარდაჭერილიც.

შესაბამისი სტატუსით. არ არის გამორიცხული.

მოკლედ, უკრაინა ორივე მხარეს იტოვებს გადასასვლელ ხიდებს.

ექსპერტების გათვლით, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა-ხელმოუწერლობის თამაში ბოლო დღემდე აქტიურ ფაზაში დარჩება და ვილნიუსის სამიტის შემდეგაც გაგრძელდება.

ვილნიუსის სამიტი ის მიჯნა არ არის, რომელიც ასეთ «პინგ-პონკის» პოლიტიკას წერტილს დაუსვამს.

რატომ?

თუნდაც იმიტომ, რომ არც ამერიკა არის დამთმობი, არც რუსეთი აპირებს უკან დახევას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო იყო რუსეთის ტელეარხ «როსიას» პროგრამაში «კვირის ექო» პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსაზრების ციტირება: «ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ მუქარა ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით, მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობამდეც კი. აი, ეს არის ზემოქმედება, აი, ეს არის შანტაჟი. დაემორჩილება თუ არა უკრაინა და უკრაინის ხელმძღვანელობა ამ შანტაჟს, გაირკვევა ამ დღეებში. მას შეუძლია წინ აღუდგეს ამ ზემოქმედებას და დაიკავოს პრაგმატული პოზიცია თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად».

უკრაინის პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება სამმხრივი მოლაპარაკების გამართვის შესახებ. რუსეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ამ მოლაპარაკებაში.

პუტინის აზრით, დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება იმის გასარკვევად, მზად არის თუ არა დასავლეთი მოლაპარაკების გასამართად თანასწორუფლებიანობის ნიადაგზე.

ახლა _ აშშ-ის პოზიციის შესახებ, რომლის გამოც იმავე ტელეპროგრამაში ასეთი შეკითხვა დაისვა: აინტერესებს კი აშშ-ს უკრაინა?

_ არა, არ აინტერესებს, _ იყო პასუხი. ამერიკას არ აინტერესებს არც უკრაინის ტერიტორია, არც ამ ქვეყნის სიმდიდრენი, არ აინტერესებს თვით უკრაინელები, მათი ტრადიციები, კულტურა და . . ამერიკას აინტერესებს უკრაინის არყოფნა _ გინდ მთლიანის, გინდ დანაწევრებულის(!).

ნიშანდობლივია, რომ ასეთივეა პატიოსანი ამერიკელი ექსპერტების შეხედულებაც.

ერთი თვის წინათ, ოქტომბრის ბოლოს ერთგვარად გამოიკვეთა ახალი ამერიკული სცენარის კონტურები «ევროპისა და ევრაზიისთვის», ხოლო გასულ კვირაში შედგა საერთაშორისო საკითხების აშშ-ის კონგრესის კომიტეტის სხდომა თემაზე «აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მომენტი: პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის, ბელარუსისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის». სენატორებმა მოუსმინეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ სექტემბერში დანიშნულ ვიქტორია ნულანდს, რომელსაც ევალება ევროპისა და ევრაზიის საკითხების კურირება, და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტს _ დეიმონ უილსონს.

პირველმა ერთგვარი თავშეკავებით ილაპარაკა აშშ-ის მიერ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ევროინტეგრაციული მისწრაფების მხარდაჭერაზე, რომელსაც აბრკოლებს რუსეთი, მეორემ _ უილსონმა დიპლომატიური რევერანსების გარეშე განაცხადა, რომ ამერიკამ დრო არ უნდა დაკარგოს «აღმოსავლური პარტნიორობის» თვითდინებაზე მიშვებით და, რაც შეიძლება მეტი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო მოწყვიტოს «ევრაზიულ ავტორიტარულ კლეპტოკრატიას». აშშ-მა უნდა დაასრულოს აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული «სამუშაო», რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ამერიკის, როგორც ლიდერის, როლის შესრულებასთან ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან. ამისთვის კი ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს თავისი სტრატეგიის რადიკალიზაცია და თავი დაანებოს რუსეთის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევას. რუსეთზე დაციკლვას და მისი მეზობლების უყურადღებოდ მიტოვებას დეიმონ უილსონი «დამარცხების რეცეპტად» მიიჩნევს.

სენატორების წინაშე გამოსვლისას დეიმონ უილსონმა არც საქართველო და მოლდოვა დაივიწყა, დადებითად მიიჩნია ფაქტი, რომ ევროკავშირთან მათი ასოციაცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც გინდა იყოს, ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში რჩება.

რაც გინდა იყოსო. ისე სასხვათაშორისოდ, გინდა იყოს, გინდა _ არა, სულერთია იმავე ევროინტეგრაციისთვის. სამაგიეროდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსისთვის 28-29 ნოემბრის ვილნიუსის სამიტი ედემის ბაღის კარიბჭის გახსნად არის აღქმული და პროპაგანდირებული. ვთქვათ და, გაიხსნა კარიბჭე. რა პერსპექტივა გველოდება?

დასალიერამდე მისულმა ამ შემოდგომამ, როგორც ჩანს, ევროპაში განვითარებული ფინანსური და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ წაკითხული მოხსენებების, ჩატარებული ეკონომიკური კვლევებისა და სოციოლოგიური გამოკითხვების რაოდენობის ყველა რეკორდი მოხსნა.

ევროპის სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის ამას წინათ გამართულ კონფერენციაზე ფრიად ნიშანდობლივი მონაცემები გამოქვეყნდა. ევროკომისიის შეფასებით, 84 მილიონი ადამიანი ევროპაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ კრიზისიდან გამოსვლის პროცესი, ევროკომისიის აზრით, შესაძლებელია 10 წელიწადს გაგრძელდეს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ციფრები შეგნებულადაა შემცირებული. საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტო Oxfam-ის მონაცემებით, ბებერ კონტინენტზე სიღარიბის ზღვარს მიღმა 120 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება და, თუ არ შეიცვლება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პოლიტიკა, ევროპელ ღატაკთა მასივი 2025 წლისთვის დამატებით 15-25 მილიონით გაიზრდება.

ასეთმა პოლიტიკამ, რომელიც ლათინურ ამერიკაში განხორციელდა, ისე უკან დახია ეს ქვეყნები, რომ მათ რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდათ უწინდელი ცხოვრების დონეზე დასაბრუნებლად. ექსპერტების აზრით, კრიზისამდელი (2008 წელი) დონის მისაღწევად ევროპელებს მეოთხედი საუკუნე მაინც დასჭირდებათ. პრობლემის ფესვებს ეკონომისტები ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში ხედავენ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უპრეცედენტო სოციალური უთანასწორობა გამოიწვია.

აი, ასეთი სამოთხის კართან ვდგავართ.

ამბობენ, რომ ჭკვიანები სხვების შეცდომებზე სწავლობენ, სულელები _ ვერც საკუთარზე.

ჩვენ რომელ კატეგორიას ვეკუთვნით?

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here