Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი: კოალიცია გასაწმენდია…

მამა ბასილი: კოალიცია გასაწმენდია…

974

ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვართან _ მამა ბასილ მკალავიშვილთან

_ 17 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმი ოფიციალურად დასრულდა. ახლა საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია და ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაიმედებელია ახალი გუნდი და რას უნდა ველოდეთ მომავალში კოალიციაში შემავალი იმ ძალებისგან, რომლებიც თავის დროზე ერთნაირად თანამშრომლობდნენ როგორც შევარდნაძის ხელისუფლებასთან, ისე «ნაცმოძრაობასთან»?

 

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩუენთან არს ღმერთი.

ჯაბა, გენაცვალე, ისეთ შეკითხვას მისვამ, თითქოს მთელი პოლიტიკური საქმე მე უნდა გადავწყვიტო. მე, როგორც ღმრთის მსახური, შევეცდები, შეკითხვებს სულიერი ხედვით ვუპასუხო; რამეთუ, როცა ქუეყანა განსაცდელშია, ერი თუ ბერი ვალდებულია, გარკვეული წვლილი გაიღოს სამშობლოს საკეთილდღეოდ.

17 ნოემბერს მართლაც პარადოქსული რამ მოხდა. ხშირად ვამბობთ, საქართველო ღმრთისმშობლის წილხვედრიაო და ღმერთი არ მიგვატოვებსო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველივე უზრუნველად აღსრულდება. ღმერთი დაბლა არ ჩამოვა, არამედ მისი ნებითა და წყალობით რომელიმე პიროვნება აღასრულებს კეთილ საქმეს. სწორედ უფლის ნებით მოხდა, რომ საქართველომ მოიცილა სატანის მიერ მოგზავნილი დამანგრეველი  სააკაშვილის სახით, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ქვეყანა როგორც სულიერად, ისე ზნეობრივად. წარმოიდგინეთ, 9-წლიანი ტანჯვაწამებაც ღვთის სასჯელი იყო ჩვენზედ მოწევნული.

_ მამაო, რა დავაშავეთ ასეთი?

_ ცოტა წარსულისკენ მივიხედოთ, გავიხსენოთ 1991-92 წლები, მაშინ, როცა საქართველოში მართლაც კანონიერი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდა ღვთივკურთხეული ეროვნული მთავრობა. ზვიად გამსახურდიას მმართველობის მოკლე პერიოდში ვიგრძენით, რომ ქართველნი ვიყავით და ღვთივბოძებულ მშობლიურ მიწაზე ვცხოვრობდით. ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი სიხარული. ისევ ჩვენივე, ქართველთა, მეშვეობით შევძელით განაჩენი გამოგვეტანა ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის. ვერ შევიფერეთ ჭეშმარიტი პრეზიდენტი, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს: «აჰა ესერა მოვავლინე თქუენდა წინასწარმეტყველნი, ბრძენნი და მწიგნობარნი და მათგანი მოჰსწყვილეთ»… (მთ: 23-24).

ქართულმა ეკლესიამ ლომის წილი დაიდო მოძმეთა განდევნაში მშობლიური მიწაწყლიდან. სასჯელად მივიღეთ შევარდნაძის სატანური მმართველობა. მას მოჰყვა მისი გამოზრდილი ქართველთ მოძულე სააკაშვილი. ესენი, ორივე აშშდან იმართებოდა. სააკაშვილი რომ ეშმაკის მოგზავნილი იყო, მტკიცდება იმით, რომ მან თავისი მოღვაწეობა ეკლესიის რბევით დაიწყო. ჩვენი ეკლესიის დარბევის შემდეგ მე ჩემი მრევლის 10-მდე წარმომადგენელთან ერთად წლების მანძილზე ციხეში გამომკეტა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაც უფლის ნება იყო. სწორედ მან მოგვაშორა მძვინვარე ჭირი, რომელიც პარტიებმა და ხალხმა ვერ მოიშორეს. სწორედ ღვთის ნებით ერთმა ადამიანმა შეძლო ეს, თუმცაღა ჯერჯერობით დალაგებული არაფერია, მაგრამ მჯერა, რომ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაიჭერს, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება სულიერებას თავის პრიორიტეტს მიანიჭებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სულისწარმწყმედელი სექტების პროზელიტიზმი ახალ ხელისუფლებას შევარდნაძისა და სააკაშვილის გზას გაუყენებს.

რაც შეეხება კოალიციაში მყოფ პიროვნებებს, თავიდანვე ვაცხადებდი,  შეგიძლიათ გადახედოთ იმდროინდელ ჩემს ინტერვიუებს, სადაც თეთრზე შავით წერია მხილება უღირსი პიროვნებების მიმართ;

ფრიად დასანანია, რომ ახალ მთავრობაში ტრადიციულად არიან მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები რესპუბლიკური პარტიის სახით. ვაცხადებ, რომ კოალიცია გასაწმენდია.

მე არავისი მეშინია, გარდა უფლისა. უღირსი სააკაშვილი ჩვენი დარბევის წინა დღეს მკაცრად ვამხილე სახალხო დამცველის ოფისის ეზოში.

ასევე მინდა შევეხო ორ პიროვნებას, ბურჯანაძესა და ბაქრაძეს, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში მოგვევლინენ და ლამაზ დაპირებებს იძლეოდნენ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისინი სისხლისმსმელ სააკაშვილს არ ედგნენ გვერდით? ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ არ დათმეს სამაჩაბლო და აფხაზეთი? ბურჯანაძემ არ შეაქო «სპეცნაზელები», 7 ნოემბერს რიყეზე ოპერაცია კარგად ჩაატარეთო? ახლა გაახსენდა შეჭირვებული ხალხი? იქნებ პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გახდა სააკაშვილის ოპოზიცია?

_ ინაუგურაციის დღეს მარგველაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში რიგი მიმართულებებით ძირეული რეფორმები განხორციელდება. თქვენი აზრით, ხომ არ იქნება ეს რეფორმები სააკაშვილის მიერ გაცხადებული . . მენტალური რევოლუციის გაგრძელება, რომლის მთავარ სამიზნესაც იმთავითვე ქართული ეროვნული ცნობიერება, ღირებულებები და ფასეულობები წარმოადგენდა?

_ ლამაზი დაპირებებით აგვავსო დაღმაშენებელმა სააკაშვილმა აღმაშენებლის საფლავზე ინაუგურაციის დროს. არც მარგველაშვილის ფიცი მავსებს იმედით. ვერ ვხედავ მაგ პიროვნებაში საქართველოს გადამრჩენელს, რამეთუ ის ღმერთისგან დაშორებულია;

მარგველაშვილი _ «ენდიაი»-ს დამფუძნებელი;

მარგველაშვილი _ სოროსის ფონდის დამფუძნებელი;

მარგველაშვილი _ «თავისუფლების ინსტიტუტის სათავეებთან»…

კომენტარი ზედმეტია!

ვეჭვობ, ახალმა პრეზიდენტმა რაიმე სიკეთე მოუტანოს სარწმუნოებას. დაიცვას მართლმადიდებლობა; პირიქით _ სხვადასხვა კონფესიას ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, ასევე თამამად აცხადებს, რომ  ლევან რამიშვილი და თემურ იაკობაშვილი ჩემი უახლოესი მეგობრები არიანო.

ამ ერთი წლის მანძილზე არაფერი გაკეთებულა სულიერების სასარგებლოდ. პირიქით, თამამად აცხადებენ, რომ ააშენებენ მეჩეთს, მკაცრად დაიცავენ რელიგიური უმცირესობების უფლებებს, მართლაც გაუტოლეს მათი უფლებები მართლმადიდებელთა უფლებებს.

ერთ რაღაცაში დარწმუნებული ვარ _ მარგველაშვილი გაატარებს სერიოზულ ცვლილებებს, მხოლოდ სექტანტთა სასარგებლოდ.

ისე გათავხედდნენ იეღოვას მოწმეები, რომ ქალაქში ნებისმიერ ადგილას დგანან და თავისუფლად არიგებენ სულიწმიდის მგმობელ ლიტერატურას. ასე რომ, ოცსაუკუნოვან მართლმადიდებელ ქვეყანაში არაფერი კეთდება მართლმადიდებელთა სასარგებლოდ, არაფერი შეიცვლება. გამოდის, რომ ეს რეფორმები (გავიმეორებ თქვენს კითხვას) მართლაც სააკაშვილის მიერ გაცხადებულ ე. წ. მენტალური რევოლუციის გაგრძელებაა, რომლის მთავარ სამიზნესაც იმთავითვე ქართული ეროვნული ცნობიერება, ღირებულება და ფასეულობები წარმოადგენს.

ასე რომ, ჩვენი ერის ბედკრულ ისტორიაში ისე ღრმად ჩაითესა სარეველა, მისი ამოძირკვა და განადგურება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. მისი აღმომფხვრელი ღვთის რჩეული უნდა იყოს, მისი მცნებების გულისხმიერი, უზადო დამცველი. ასეთ პიროვნებას დღესდღეობით ვერ ვხედავ, სამწუხაროდ.

_ რას ფიქრობთ ივანიშვილის წასვლაზე პოლიტიკიდან? იგი ამბობდა, რომ საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილს დატოვებდა ხელისუფლებაში, რომ შექმნიდა ევროპელებისთვის შესაშურ დემოკრატიას და . . რამდენად შეძლო მან ამ დაპირებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულება?

_ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ახალი ცნობა არ ყოფილა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაპრემიერებისთანავე აღნიშნა, რომ 1 წლის შემდეგ დატოვებდა ამ თანამდებობას. ამასთანავე, ის აღნიშნავდა, რომ ყველაფერს დალაგებულს დატოვებდა, ისეთ ღირსეულ პიროვნებას დატოვებდა, რომელიც თავისი ქმედებით საზოგადოების ინტერესების გარანტი იქნებოდა და გააუმჯობესებდა ხალხის ცხოვრებისეულ პირობებს.

დღესდღეობით, ბუნებრივია, წინა ხელისუფლების მიერ დანგრეულის აღორძინება გარკვეულ ძალებთან არის დაკავშირებული.

მე მხოლოდ სიმართლეს ვემსახურები. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დასაფასებელია იმით, რომ ღვთის შემწეობით შეძლო თითქმის შეუძლებელი, ახლა კი ჩვენ დავიკაპიწოთ ხელები, ჩვენვე ვეცადოთ პირობების გაუმჯობესებას, მოვუხმოთ გონიერებას და ვმართოთ ქვეყანა, უფალს მინდობილი ადამიანი კლდეზე მაგარია.

მიუხედავად იმისა, რომ კოალიციას ზურგს ამოფარებული უღირსნი ივანიშვილის გარეშე 1%-საც ვერ მიიღებდნენ, პარლამენტში ამოყვეს თავი. ისინი ყველა მთავრობას ერგებოდნენ, მაგრამ არიან იქ საღად მოაზროვნენი, რომლებიც იზრუნებენ ერის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ამას წინათ ტელევიზიით ვიხილე ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობასთან. გაოგნებული დავრჩი, როგორ ეპაექრებოდნენ მას გია ბარამიძე და გივი თარგამაძე.

ბატონო ირაკლი, მე, როგორც ერთი უბრალო მღვდელი, რომელსაც მრავალი ტანჯვავაება მაქვს გადატანილი სამშობლოს სიყვარულისა და მართლმადიდებლობის დაცვისთვის, მოგმართავთ თქვენ, სასწრაფოდ გამოიძიოთ გია ბარამიძის მინისტრობის დროს ჩადენილი დანაშაულობები. ის ხელმძღვანელობდა ჩვენი ეკლესიის ბარბაროსულ დარბევას, მეორე _ სვანეთში აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვას და კიდევ რამდენი რამ არც ვიცით. მარტო ამისთვის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას.

ვიტოვებ იმედს, რომ პოლიტიკის მიღმა მყოფი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ მიატოვებს თავის ხალხს, ამომრჩევლებს იმ ქაოსში, რომელიც დღესდღეობით სუფევს საქართველოში. ღმერთმა არ ქნას, ისევ ვუყუროთ პარლამენტში დაპირისპირებული მხარეების გაუთავებელ ომს, რომელიც ხშირად მუშტი-კრივით მთავრდება. ეს რომ არ მოხდეს, ამ ბანდის თავი და თავი, რომლის ბატონობამ ჩაიარა, თავის თანამზრახველებთან ერთად უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. არავინ იფიქროს, ამას ახლა ვამბობ მხოლოდ, სააკაშვილს სისხლიან რეჟიმს მე ყოველთვის ვამხელდი.

ჯალათმა სააკაშვილმა მე ციხეში გამომაწყვდია, ბატონი გურამ შარაძე შუა ქალაქში დახვრიტა. ამით სექტანტებს ხელფეხი გაეხსნათ შავბნელი საქმეების კეთებისთვის ისევ ვაიქართველების _ ბოკერიებისა და რამიშვილების ხელშეწყობით.

_ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ, თუკი ხელისუფლება საზოგადოების მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და სამართლიანობას არ აღადგენს, ხალხი შესაძლოა, ქუჩაში გამოვიდეს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ რომელი სიმართლის აღდგენაზეა ლაპარაკი. სიმართლე იყო კი ოდესმე ჩვენთან? როგორც აღვნიშნეთ, ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ სიცრუისა და უსამართლობის წყვდიადში მოვაბიჯებთ.

ქართული ეკლესიაც ფარულად თუ ღიად ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. უსამართლობამ დაისადგურა. იქედან მოყოლებული, დაკარგა ღვთის მადლი, რის შედეგადაც დავდექით სავალალო ფაქტის წინაშე, რომლის გამოსწორებაც საკმაოდ რთულია.

საზოგადოება მართლაც ელოდება სამართლიანობის დამკვიდრებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ტირანის დამარცხების შემდეგ ხალხს იმედი ჩაესახა. ქართველი ადამიანი იმდენად ბრძენია, მან მატერიალური გვერდზე გადადო, ითხოვდა მხოლოდ სამართლიანობის დამკვიდრებას.

ასე რომ, თუ სიმართლემ არ იზეიმა, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. დაპატიმრებული ჰყავთ კრიმინალური დამნაშავენი და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ბრალეულობას ვერ უმტკიცებენ მერაბიშვილსა და ახალაიას, რომელნიც უშუალოდ აწამებდნენ პატიმრებს არაადამიანურად; თან უსირცხვილოდ აცხადებენ, ჩვენ მართლები ვართო. ისევ ემზადებიან რეანიმაციისთვის, რათა კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე არ ვიცი, არ ვარ პოლიტიკოსი, იქნებ კულუარებში სხვა რაღაც ხდება, მაგრამ აშკარად იკვეთება გარიგების მსგავსი რამ… ამიტომ, ბატონო ირაკლი, მოგიწოდებთ, შეუმცდარი მხოლოდ უფალია ზეცაში, ის, ვინც აკეთებს მასვე ეშლება, ამიტომ მოგმართავთ:

თუ ესენი, დაწყებული სააკაშვილით, დამთავრებული ბოლო ნაციონალით, რომლებმაც ეს საზიზღრობები ჩაიდინეს, არ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და არ იწვნევენ გისოსებს მიღმა ყოფნას, ქვეყანაში არაფერი დალაგდება. იქნებ მაშინ ჩახვდნენ თავიანთ ცოდვებს ქართველი ერის წინაშე. ამას ხალხი მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში თვით საზოგადოება გამოუტანს მათ განაჩენს და ეს სერიოზულ არეულობამდე მიგვიყვანს, ყველაფერი ახალი ხელისუფლების ზურგზე გადაივლის.

_ ახლოვდება ვილნიუსის სამიტი და მოლოდინიც დიდია. წინა კვირას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ჩვენ, როგორც ქვეყანა, სამიტზე უაღრესად კარგი შედეგით მივდივართო. რა პერსპექტივა გვაქვს რეალურად და საერთოდ, რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება?

_ ჩემო კარგო, მსგავსი დემაგოგიური ფრაზები ყოველი მთავრობის არჩევის დროს გვესმის. იმისათვის, რომ მსოფლიოს ყურადღება საქართველოსთვის მიეპყრო ჯალათმა სააკაშვილმა ყოველივე ქართული დაგმო: წინაპართა სისხლით მოპოვებული მიწა-წყალი, ბუნებრივი რესურსები, სარწმუნოება. ახლა ამ სამიტზე რაღას ვთავაზობთ მათ ევროკავშირთან დაახლოების სანაცვლოდ?

2008 წლიდან ამერიკა და ევროპა გვპირდებიან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, არადა, ხდება პირიქით _ უფრო ვკარგავთ. ყველაფერი გავიღეთ, რაც გაგვაჩნდა. დაგვრჩა ერთადერთი _ ზნეობა, რომლითაც ქართველნი პირველობდნენ ყოველთვის. ისღა დაგვრჩა დასათმობი, რომ მათ საამებლად ხშირად მოვაწყოთ ჰომოსექსუალების ბილწი, სოდომგომორისეული მსვლელობები ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე, მაგრამ ვერ ეღირსებიან, სანამ ქართული, მართლმადიდებლური გენი ისევ მყარად დგას.

ამერიკა და ევროპა მოგვიტანს იმას, რაც მოგვიტანა რასელმა, ჯორჯ სოროსმა და სწორედ სოროსის მიერ დაქირავებულმა ვაიქართველებმა, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ანტიმართლმადიდებლურ «თავისუფლების ინსტიტუტში» და «კმარაში», საიდანაც მოვიდნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში და ისე გააცამტვერეს ყოველივე ქართული ფასეულობა სარწმუნოებასთან ერთად, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდნენ ოსმალები, თურქ-სელჯუკები თუ სხვა ბარბაროსი დამპყრობლები.

სხვათა შორის, მარგველაშვილმა უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ხალხი მას მოსთხოვს იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც განუხორციელებელია დღემდე.

შევევედრებით უზენაესს, ქვეყნიერების გამჩენს, მოსცეს ძალი, მადლი და შესაძლებლობა ამ სირთულეების დასაძლევად. ჩვენ ისევ ღმრთის ნებით უნდა შევძლოთ ყოველივე, სხვა დანარჩენი _ ნატო, სამიტი, ევროინტეგრაცია მოგონილია და უშუალოდ ჩვენი ერისთვის არაფრისმთქმელი. საბოლოოდ ერის ერთიანობა, განწმენდილი ეკლესიის წინამძღოლობა გვიხსნის.

_ რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, სააკაშვილმა საკუთარი საკონსტიტუციო ვადის ბოლო დღეები მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის მიენიჭებინა საქართველოს მოქალაქეობა. ლაპარაკია 25 ათასამდე ადამიანზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფრთხის შემცველია ეს ჩვენთვის?

_ ეს საკითხი მეტად მტკივნეულია ყოველი ქართველისთვის. საქართველოში ამჟამად სააკაშვილის მცდელობით მიმდინარეობს თურქული ექსპანსია. მათი პირველი მოვალეობაა ქართველთა სულიერი და ფიზიკური გენოციდი, შემდგომი გეგმაა დემოგრაფიული გენოციდი. მათი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი თურქული სასწავლებელი გაიხსნას, მოხდეს ერის ასიმილაცია, სისხლის აღრევა და გადაშენება.

ჩვენი ღირსეული ქალბატონები კლდეებიდან ხტებოდნენ მუსლიმანთაგან თავდასაცავად, დღეს კი პირიქით, იქეთ ეახლებიან. ეს ხომ ჩვენი ერის სირცხვილი და სიკვდილია.

სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდი საქართველოს დასაღუპად გამოიყენა. მან ფართოდ გაუღო კარი თურქებს, არაბებს, ირანელებს, ჩინელებს. გულუხვად დაურიგა ჩვენი კარგი და მოსავლიანი მიწები. ისინი ქართველებს თავისივე სამშობლოში მონებივით ამუშავებენ და აბუჩად იგდებენ. რას ჰგავდა მიშას პრეზიდენტობის ბოლო დღეები?! მარჯვენა თუ მარცხენა ხელით არიგებდა საქართველოს მოქალაქეობას. ქართველ ხალხს აქვს იმის სრული უფლება, მოითხოვოს სააკაშვილის მიერ უცხოელებზე გაცემული პასპორტების გაუქმება.

_ მამაო, თქვენ მიიღეთ მონაწილეობა 16 ნოემბრის აქციაში რესპუბლიკის მოედანზე ღამის კლუბების დახურვის მოთხოვნით.

_ მე ჩემი მრევლით ვიქნები იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ბედი წყდება და გასაჭირია. როგორც შევიტყვე, რომ აქცია იმართებოდა, მაშინვე შევკრიბე ჩემი მრევლის წარმომადგენლები და მამა ვახტანგ მარგიანთან ერთად გავემართე დანიშნულების ადგილისკენ. ღამის 10 საათისთვის მოედნის დაბლა სარდაფში არაბებს, ირანელებს, თურქებს, აზერბაიჯანელებს გახსნილი აქვთ ღამის კლუბ-ბორდელები, ხოლო ქართველი გოგონები მეძავებად ჰყავთ დაქირავებული.

_ მამაო, როგორც ამბობენ, იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ

_ მართალი ბრძანდებით. მე სანამ რაიმეს ვიტყვი, წინასწარ ვიკვლევ, მერე ფაქტებზე დაყრდნობით განვაცხადებ. რესპუბლიკის მოედნის დაბლა, მთელ ყოფილი პლეხანოვის გამზირზე მათ შესყიდული აქვთ თვალსაჩინო ობიექტები, გახსნილი აქვთ ღამის კლუბები და მთელი ღამის განმავლობაში ათასგვარ სიბილწეს სჩადიან. ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ერისა და ქართველი მამაკაცებისა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომ იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, აბსოლუტური სიმართლეა. იყო ისეთი შემთხვევა, რომ ერთმა მამაკაცმა იცნო თავისი ბიძაშვილის მეუღლე, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. ოჯახში ეგონათ, რომ იგი სამსახურში დადიოდა. იმ ქალმა რომ დაინახა ნათესავი, თავი მოიკლა. ეს ამბავი გახმაურდა.

მეორე მაგალითს მოგიყვანთ: ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა: მამაო, დამარიგეო. მითხრა, რომ თავისი მეზობელი ნახა კლუბში, მას ორი შვილი ჰყავს და ძალიან პატიოსანი ქმარიო. რჩევა მკითხა _ ეთქვა თუ არა ეს მისი მეუღლისთვის. მე დავარიგე, პირველ რიგში, თვით ის გოგო გაეფრთხილებინა და არა მისი ქმარი, რამეთუ შეიძლებოდა მკვლელობა მომხდარიყო. ასეთი შემთხვევები უამრავია, ამიტომაც არ აძლევთ მათ იქ ქართველი მამაკაცების  მისვლა.

მივმართავ ახლადარჩეულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს: ბატონო ალექსანდრე, მე თქვენს მამას კარგად ვიცნობდი. ის იყო უაღრესად პატიოსანი პიროვნება. მჯერა, მისი აღზრდილიც ღირსეული ადამიანი იქნება. გთხოვთ, ყველა ღონე იხმაროთ, რათა დაიხუროს ზნეობის გამხრწნელი ღამის კლუბები. შორს გავიხედოთ, დავფიქრდეთ _ ჩვენ შვილთაშვილებს როგორ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. თქვენ ყოველთვის წინასწარ გრძნობთ ყველაფერს, გვაფრთხილებთ, ჩვენ კი არ გვესმის, არა……….

  2. ღმერთმა გაგაძლიეროთ მამა ბასილ! მადლობთ რომ ასეთი სამართლიანი და პატრიოტი, ასეთი გამორჩეული მამაო გვყავხართ. თქვენ უნდა იყოთ ყველას მაგალითი ერში თუ ბერში. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და გმადლობთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here