Home რუბრიკები პოლიტიკა ცნობილი გიჟის უცნობი თავგადასავლები

ცნობილი გიჟის უცნობი თავგადასავლები

701



«თქვენ ხართ ცნობილი გიჟი, ბატონო მიხეილ!» _ საქართველოში აშშის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის, მიცემულ ინტერვიუს ტელეკომოპანია «იმედისთვის», პრინციპში, ეს ლეგენდარული რეპლიკაღა აკლდა; ყველაფერი დანარჩენი ამერიკელმა დიპლომატმა თქვა. ამერიკელების დისტანცირება ყოფილი ფავორიტისგან სულ უფრო თვალშისაცემი ხდება და, ალბათ, საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა დგას ამის უკან _ უახლესი ისტორიის რედაქტირების სურვილი თუ მომავალთან დაკავშირებული პოლიტიკური გათვლა.

 



«მე არ მგონია, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო, _ განაცხადა მაილსმა: სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა, თვითმავალი არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე შვეულმფრენები და სხვა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, ისე, როგორც მან გააკეთა. მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს მოქმედებები რუსეთს უდავოდ შემოიყვანდა ქვეყანაში. არ ვიცი, ეს ადამიანი რას ფიქრობდა. მიუხედავად პროვოკაციების დონისა, რომლებიც რუსეთიდან მოდიოდა, ამ კონფლიქტში ისე შესვლა, როგორც მან ეს გააკეთა, პოლიტიკური სიგიჟე იყო. იმაზე ფიქრი, რომ წარმატების მიღწევის რაიმე შანსი ჰქონდა, ან რომ შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა _ ეს, ალბათ, იფიქრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, არ შევიდოდა. ის მთლად შეშლილი არ არის, რაღაც ამგვარი უნდა ეფიქრა, მაგრამ საიდან მოუვიდა ეს აზრი თავში, არ ვიცი, _ თქვა ყოფილმა ელჩმა და დასძინა: _ სააკაშვილის მდგომარებაში მყოფი სხვა ადამიანი, ჩემი აზრით, ამ ომის შემდეგ გადადგებოდა და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა. რა მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, არ ვიცი. ეს არ არის ნორმალური».

«მთლად შეშლილი» იყო (და არის) «ნაცმოძრაობის» ბელადი თუ ნაწილობრივ, შესაბამისი დარგის სპეციალისტები დაადგენენ. აქ მთავარია სხვა რამ _ საუბარია არა მყისიერ ფსიქო-პოლიტიკურ აშლილობაზე, არამედ საკმაოდ ხანგრძლივ პროცესზე, რომელიც კატასტროფული შედეგით დაგვირგვინდა. ამ დროის განმავლობაში ამერიკელები სააკაშვილთან უშუალო კონტაქტში მუშაობდნენ, მხარს უჭერდნენ მას, მთელ ამ პათოგენეზს თვალნათლივ ხედავდნენ და, როგორც მაილსის კიდევ ერთი განცხადებიდან ჩანს, სავსებით ადეკვატურად აფასებდნენ მას: «მას სურდა, ქვეყანაზე რაღაც სახით საკუთარი ნიშანი დაედო, ამაში შედიოდა ის გრანდიოზული სამშენებლო პროცესები ან გასართობი პარკები და სხვა ასეთი პროექტები, რომლებსაც ეკონომიკური დანიშნულება არ ჰქონდა, მაგრამ ქვეყანას დიდძალი ფული უჯდებოდა. ამაზე მნიშვნელოვანია მისი მოუთმენლობა სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით. ის 2004 წლის დასაწყისში მოვიდა ხელისუფლებაში და უკვე აგვისტოში პირველი ინციდენტი მოხდა საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალების მიერ. ეს დიდი შეცდომა იყო. საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა ვერ შეძლო კარგი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან ან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და მზად იყო, ძალა გამოეყენებინა ამ მიზნის მისაღწევად. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, როგორც ეროვნული უშიშროების მხრივ, ასევე პოლიტიკურადაც».

აქ ბუნებრივად შეიძლება დაიბადოს კითხვა: რატომ არ შემოკრა განგაშის ზარი სახელმწიფო დეპარტამენტმა ან ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და არ მიუთითა საფრთხეზე, რომელსაც საქართველოს ნახევრადშეშლილი მმართველი ქმნიდა? მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება ზედაპირზე იდო და აშშის მძლავრი ანალიტიკური სამსახურებისთვის შესაბამისი დასკვნის მომზადება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. რუსების გარღვევა კავკასიონის სამხრეთით და სეპარატისტულ რესპუბლიკებში პლაცდარმების შექმნა, რომლებმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა აშშ-ის პოზიციებს რეგიონში _ ყოველივე ამის პროგნოზირება არც ისე რთული იყო. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობდნენ სააკაშვილის მხარდაჭერას და აწარმოებდნენ უცნაურ ორმაგ თამაშს, რომლის აღწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ «ამერიკის ხმისთვის» მიცემულ ინტერვიუში შემდეგნაირად სცადა (ფსიქიატრიული შეფერილობის მქონე მინიშნებებს ადგილი ამ შემთხვევაშიც ჰქონდა): «სააკაშვილს ვაშინგტონში უყურებდნენ, როგორც დინამიურ და ხანდახან იმპულსურ ლიდერს. მის შესახებ ვაშინგტონს ინფორმაცია მოსკოვიდანაც მოსდიოდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით ამერიკაში ფიქრობდნენ, რომ ქართველები ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ რუსებთან შედარებით და მათ გარკვეული შებოჭვა სჭირდებოდათ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქართველოსთვის სამხედრო, ფინანსური თუ პოლიტიკური ზედმეტი მხარდაჭერა შეიძლება გამხდარიყო გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი სააკაშვილის ენერგიულ ხასიათს დაუკავშირებდა. ამიტომ ვაშინგტონი და განსაკუთრებით ბერლინი, ამ გადმოსახედიდან, ალბათ, მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ასკვნიდნენ, რომ რუსები უფრო გამოცდილები და პასუხისმგებლობის მატარებლები იყვნენ. ამით საქართველო მოვაქციეთ კუთხეში და ვუთხარით, რომ აი, ამას არ გააკეთებ. ის კი არ გვითქვამს, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენგან უფრო მეტი დახმარება მიეღოთ».

შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საუბარი არა ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას, არამედ პოკერის თამაშს ან სამედიცინო ექსპერიმენტს ეხება. ამერიკელები, ერთის მხრივ, ეუბნებოდნენ მენტალურად არასტაბილურ ლიდერს (ციტატა ბრაიზას ინტერვიუდან), «რომ თქვენ არ ხართ ნატოში, თუ სროლაზე მიდგა საქმე, ვერ დაგეხმარებით», მაგრამ ამავე დროს არ უშლიდნენ (რიჩარდ მაილსის მიერ დაწყევლილი) შეტევითი შეიარაღების შეძენას, რომელიც სულ უფრო ათამამებდა სააკაშვილს აგრესიული რიტორიკის გამოყენებაში და ძალზე სახიფათო, რუსეთთან კონფრონტაციაზე მიმართული ნაბიჯების გადადგმისკენ. საერთოდ, ამერიკელების როლი წინასაომარ პროცესებში ამოუწურავი თემაა, მას უამრავი კონსპიროლოგიური ვერსია უკავშირდება და, ალბათ, აჯობებს, მხოლოდ ერთი საკითხი გამოვყოთ _ რატომ მიანიშნებენ ამერიკელები (ბრაიზა და მაილსი გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენენ) სულ უფრო ხშირად სააკაშვილის მენტალურ პრობლემებსა და საბედისწერო შეცდომებზე, მაშინ, როდესაც ეს ირიბად ზიანს მათაც აყენებს?

არც მაილსი, არც ბრაიზა დუჟმორეული დისიდენტების რიცხვს ნამდილად არ მიეკუთვნებიან და არასოდეს ამბობენ იმას, რაც აშშ-ის ინტერესებს და მის პოლიტიკას პრინციპულად ეწინააღმდეგება. ამასთანავე, ორივე, ასე თუ ისე, კარგად გრძნობს, რა მიმართულებით უბერავს ქარი სახელმწიფო დეპარტამენტის დერეფნებში. იმისთვის, რომ ეს მიმართულება დავადგინოთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის ბოლო, ძალიან ხანმოკლე შეხვედრის გახსენება, რომელიც გაეროს დერეფანში, ერთი შეხედვით, შემთხვევით მოხდა. აშშის პრეზიდენტმა ჰკითხა სააკაშვილს, რით დაკავდება პოსტიდან წასვლის შემდეგ, ფიგურანტმა კი უპასუხა, რომ ბიბლიოთეკის გახსნას აპირებს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მაშინ საუბრობდა იმაზე, რომ ობამამ ამ რეპლიკით სააკაშვილს თითქოს მართლმსაჯულებისგან ხელშეუხებლობის არაფორმალური გარანტია მისცა. მაგრამ, შესაძლოა, მთავარი ქვეტექსტი სხვაგვარი იყო: «აპირებ თუ არა  პოლიტიკაში დაარჩენას?», ხოლო ჰიპოთეტური გარანტია (თუ ის საერთოდ იგულისხმებოდა) ამ კითხვაზე სააკაშვილის ადეკვატური პასუხიდან გამომდინარეობდა.

უპირობო კონსენსუსი საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის წარმატებული მოქმედების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, თანდათან ისტორიის კუთვნილება ხდება. სხვადასხვა ჯგუფი (შეცდომა იქნება მათი წარმოჩენა რესპუბლიკელებად ან დემოკრატებად; ეს სწორედ რომ თანამოაზრეთა ან თანამზრახველთა არაფორმალური ჯგუფებია) თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად სულ უფრო ხშირად დგამს ამ ნაბიჯებს, რომლებიც ადმინისტრაციის პოლიტიკას აშკარად ეწინააღმდეგება. რად ღირდა თუნდაც ობამას გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობა სირიასთან დაკავშირებით, როდესაც მისი ოპონენტები შტატებში და აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორი რეგიონში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ და კინაღამ მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი გააჩაღეს. თამაშის წესები შეიცვალა; გააფთრებული პოლიტიკური კონკურენცია აშშ-ში ახდენს სერიოზულ დესტრუქციულ გავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე და პროცესების მართვა თეთრი სახლისთვის სულ უფრო რთული ხდება.

ამერიკელებს, სავარაუდოდ, არაფერი ექნებოდათ საწინააღმდეგო იმისა, რომ სააკაშვილი გარკვეული დროით დამჯდარიყო «სათადარიგოთა სკამზე» და ჩუმად დალოდებოდა მომენტს, როდესაც ისევ მოუხმობდნენ (ან არ მოუხმობდნენ). მაგრამ ის არ ისვენებს, შურისძიების იდეით შეპყრობილი აქეთიქით დაძრწის, დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას ცდილობს, ხვდება ობამას რადიკალურ ოპონენტებს, ადამიანებს, რომელთაც, იდეაში, შეუძლიათ «ალტერნატიული საგარეო პოლიტიკის» კალაპოტში მხარი დაუჭირონ ავანტიურებს აშშ ფარგლებს გარეთ, თუნდაც იმავე საქართველოში (როგორც დამოუკიდებლად, ისე თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად), მითუმეტეს, რომ ამით, ჩვენგან განსხვავებით, განსაკუთრებულს არაფერს დაკარგავენ.

ბოლო დროს «ნაციონალებმა» სოციალურ ქსელებში გააჩაღეს პროპაგანდისტული კამპანია ორი ძირითადი მიმართულებით: ჯერ ერთი, ისინი ცდილობენ, დაუმტკიცონ აუდიტორიას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან მათი ლიდერების ხელშეუხებლობა გამომდინარეობს და, თუ ევროკავშირი მაღალჩინოსანი პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს (აქ ხდება პარალელების გავლება იულია ტიმოშენკოსთან), ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადააბიჯოს კანონს და ეს აუცილებლად გააკეთოს (ევროკავშირის  პოზიციად, სავარაუდოდ, წარმოჩენილი იქნება მათი ლობისტი ევროპოლიტიკოსების ცალკეული განცხადებები). ამასთანავე, «ნაციონალები» სრული სერიოზულობით იმუქრებიან (!!!), რომ ქუჩაში ხალხს გამოიყვანენ, როგორც კი საქართველოს ევროინტეგრაციას რაიმე საფრთხე (ცხადია, მათი აზრით) შეექმნება, კიევში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მაგალითი მოჰყავთ და შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გადატრიალების იდეასაც კი არ უარყოფენ.

რა თქმა უნდა, მათი ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით სრული კრახით დასრულდება, მაგრამ აქ სხვა რამ არის საინტერესო _ დასავლური ორიენტაციისა თუ ევროინტეგრაციის მსგავსი მიბმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბედზე ანტიდასავლურ განწყობებს, სავარაუდოდ, გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის, ხოლო პუტჩის მცდელობას დესტაბილიზაცია, პოლიტიკური სივრცის სრული გადაფორმატება და, დიდი ალბათობით, საქართველოში აშშის პოზიციების შესუსტება მოყვება. აქედან გამომდინარე, ობამას ადმინისტრაციის ინტერებში, შესაძლოა, შედის სააკაშვილისთვის და მისი აღგზნებული მხარდამჭერებისთვის სიგნალის გაგზავნა: «დამშვიდდით და თამაშის წესები დაიცავით, თორემ ფიგურანტი «განტევების ვაცად» გადაიქცევა და მართლმსაჯულებისგან არანაირი არაფორმალური გარანტიები აღარ დაიცავს». ამ ქვეტექსტის აღმოჩენა საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი ამერიკელის განცხადებებში შეიძლება. მარტივად რომ ვთქვათ, «ნაწილობრივ შეშლილი» ამ ეტაპზე უნდა დაწყნარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფრიად უსიამოვნო მეთოდების გამოყენებით დააწყნარონ. მაგრამ «ცნობილი გიჟი», ისევე, როგორც წინა წლებში, სავარაუდოდ, არც ამჯერად გაჩერდება.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. მე მიკვირს რატომ არ უკრდზალავენ ნაციონალური მოდზრაობის აკტიურ ლიდერებს საერტოდ პოლიტიკასი მოგვაცეობას ამდენი დანასაულის სემდეგ,რატომ არ ,ასამარტლებენ და არ ცამოარტმევენ იმ უკანონო კონებას რაც მიიტვისეს.საკუტარი ნასრომი ფული უნდა პლასტიკური ოპერაცია გაიკეტონ და უნდა სკესი სეიცვალონ.სამინისტრო ფულს ურიცხავდა ამაზე;რამდენი ხალხი დარცა კუცასი სვილის ჯამრტელიბისტვის ბინები რომ დაკიდა,და ნუტუ ასეტ გატახსისირებულ ვინმე კიდევ დაუჯერს მხარს ,სირცხვილი მასინ ,მარტლაც ფულის მონებო.სად მიგაკვტ ასეტი ფული.სვილებტან ,გადახსირებული ხალიხს მოგდებული გროსები.დატვალეტ რამდენჯერ მეტი ცაარტვეს ტკვენს სვილებ ამ არაკაცებმა,სამაგიეროტ 50 ატას ევროტ /მერიის ფულიტ/ტავის კახპას კუდი უკიდა,ვიტომ ინგლისელი ლორდია .მატხოვრები.

  2. ჯერ ერთი,პოლიტიკაში და მითუმეტეს პრეზიდენტად უნდა მოვიდეს 50-თს გადაცილებული პოლიტიკოსი რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ნორმალურ საერთაშორისო კურსს.ეს ჟიზოფრენიკი რომ თვითონ ამერიკელების მოთრეული იყო რა ვინმეს ეჭვი ეპარება?გადახედეთ მის გავლილ გზას,დაძვრებოდა სულ საზღვარგარეთ,და მიყავდა შერჩეული ქალბატონები,და ცხოვრობდა სულიერად გახრწნილი ცხოვრებით.მის შეგნებაში არ იყო და არ არის ელემენტარული ქართული სული,და მის გარშემოც ისეთივე ნაძირლებიც იყვნენ და დარჩნენ.სამწუხაროდ დღესაც გადაგვარების გზაზე ვდგევართ,არავის აწუხებს უბრალო ხალხის ბედი!

  3. "თუკი თვენ მაინც გააგრძელებთ კონფრონტაციულ პოლიტიკას, საქართველო დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას" ამონაწერი მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ში საქართველოს ელჩის საუბრის ჩანაწერიდან, 2006 წელი, 1 ივნისი.

  4. მე რომ მწერთ ამას.- გააგებინეთ ეს წერილი მთელ მსოფლიოს. რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო….

  5. ყოვლად უვიცი, უსახური და შეუხედავი საგარეო მინისტრი, იგივეა ასეთივე მედროვე, უთავმოყვარო და არანაკლებ მახინჯი დღევანდელი ბერუჩაშვილი. მსოფლიოში უჭკვიანეს ქართველ ქალებში ეს რეგვენი და უვიცი ქალები ვინ გამონახა?

  6. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, აღუპვინებთ ამ კაცისმკვლელ ახვარ "მიხეილს" უკრაინას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here