Home რუბრიკები ისტორია სტალინი: შენი თავი მე არ მაინტერესებს

სტალინი: შენი თავი მე არ მაინტერესებს

1189

დევი სტურუას თავის წიგნში «სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი» შეტანილი აქვს მამამისის _ ძველი ბოლშევიკის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის _ გიორგი სტურუას მონათხრობი ორი ამბავი, რომლებიც უთუოდ დააინტერესებს ჩვენს მკითხველებს და ამიტომ გთავაზობთ.

 

«ვანოს ძმა რომ არ იყო, დაგხვრეტდი»

1918 წელს გიორგი სტურუა დანიშნული იყო საგანგებო კომისრად ჩრდილოეთ კავკასიაში ბაქოსა და მისი რაიონების საკვები პროდუქტებით მომარაგების საქმეში. 50-კაციანი შეიარაღებული რაზმით იგი ყიზლიარის რაიონში გაემგზავრა.

თხუთმეტიოდე დღის შემდეგ გემი «კოკუმი» ხუთი ათასი ფუთი ხორბლით დატვირთეს და ბაქოსკენ გასამგზავრებლად გაამზადეს.

«ამ დროს ჩვენმა ბიჭებმა შეამჩნიეს, რომ კასპიის ზღვის სანაპიროზე ჩვენკენ ადამიანების რაღაც ჯგუფი მოემართება. მათ შესახვედრად დაუყოვნებლივ გავაგზავნე 30 შეიარაღებული რაზმელი. გაირკვა, რომ ეს ამხანაგები ასტნახანიდან იყვნენ _ პროდუქტების საგანგებო კომისიიდან, რომლებიც ლატვიელებისგან შედგებოდა. მათ მეთაურობდა ამხანაგი ნეიმანი. როგორც კი გაიგო, რომ ჩვენ ბაქოში ვაგზავნით ხორბლით დატვირთულ გემს, ნეიმანმა შემომთავაზა, იგი ბაქოს ნაცვლად ცარიცინში გამეგზავნა…

ჩემს უარზე დაპატიმრებით დამემუქრა, რაზეც მშვიდად ვუპასუხე, თუ იმავე სულისკვეთებით გააგრძელებდა საუბარს, თვითონ მას დავაპატიმრებდით და გემის ტრიუმში ჩავსვამდითმაშინ ნეიმანმა გულის ჯიბიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო და მომაწოდა. ვკითხულობ: ეს ქაღალდი ლენინის ხელმოწერილი მანდატი აღმოჩნდა. ევალებოდა, წაერთმია ნებისმიერისთვის ხორბალი და გაეგზავნა ცარიცინში. მანდატი წავიკითხე, დავკეცე და დავუბრუნე ნეიმანს. განვუცხადელენინი აქ რომ ყოფილიყო, არასოდეს იტყოდა, არ გაგვეგზავნა პური ბაქოს პროლეტარიატისთვის, რომელიც შიმშილით სულს ღაფავდა, და ცარიცინისკენ გადაგვემისამართებინა ეს ძვირფასი ტვირთი.

ნეიმანს ასე კი განვუცხადე, მაგრამ ამავე დროს დავფიქრდი, რომ საქმე მაქვს მანდატთან, რომელსაც ხელს თვით ლენინი აწერს. რა მექნა? გადავწყვიტე, ჩემი სწრაფმავალი კატარღით «ჩავჭენებულიყავი» ცარიცინში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ამხანაგი სტალინი, რათა მისგან მიმეღო მითითება _ ბაქოში გამეგზავნა ხორბალი თუ ცარიცინში. გადავწყვიტე და წავედი სტალინთან.

ცარიცინში შევიტყვე, რომ სტალინის შტაბი მის მატარებელშია, რომელიც რკინიგზის სადგურში დგას. მივედი სადგურში და იქ მეუბნებიან, რომ სტალინი ქალაქშია, სასტუმროში, რომლის სახელწოდება ახლა არ მახსენდება, და იღებდა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

ამხანაგმა სტალინმა მიმიღო. პირდაპირ შემეკითხა, რატომ ჩამოხვედითო.  პატაკი შესავლით დავიწყე. ლამის მესამე სიტყვაზე შემაწყვეტინა და გამიმეორა შეკითხვა: _ რატომ ჩამოხვედით?

მივხვდი, რომ მას წინასიტყვაობის მოსასმენად არ ეცალა და გადავწყვიტე პირდაპირ საკითხის არსზე გადავსულიყავი. მაგრამ არ გამომივიდა, და კვლავ შესავლით, თუმცა მოკლეთი, დავიწყე.

მაშინ სტალინი მეუბნება: _ უმჯობესი იქნება, მითხრათ, რატომ ჩამოხვედით. თავი დაანებეთ წინასიტყვაობებს.

მივხვდი, რომ საუბარი ჩამივარდებოდა, თუ საქმეზე არ გადავიდოდი და ვუთხარი, რომ ყიზლიარის რაიონში დამზადებული მაქვს ხორბალი ბაქოსთვის და მთხოვენ ბაქოს ნაცვლად მის ცარიცინში გაგზავნას. თანაც დავუმატე, რომ რაზმს ხელმძღვანელობს ამხანაგი ნეიმანი, რომელსაც აქვს ლენინის ხელმოწერილი მანდატი, და როგორ მოვიქცე-მეთქი?

ამხანაგმა სტალინმა ბუკვალურად შემდეგი რამ მითხრა:

_ მოიქეცით ისე, როგორც გთავაზობთ ამხანაგი ლენინი

_ როგორმეთქი, _ შევეპასუხე, _ უპუროდ დავტოვო ბაქოს პროლეტარიატი?!

სტალინმა კვლავ შემაწყვეტინა და დაბეჯითებით მითხრა:

_ ბაქოს მაინც ვერ შევინარჩუნებთ. ბაქო დაეცემა. ამოცანა ის არის, რომ ვოლგისპირეთი შევინარჩუნოთ. მას თუ შევინარჩუნებთ, გადავარჩენთ საბჭოთა ხელისუფლებას და ბაქოს დავიბრუნებთ. თუ ვოლგისპირეთს დავკარგავთ, შიმშილი მოაშთობს საბჭოთა ხელისუფლებას, რადგან ვოლგისპირეთის გარეშე არ გვექნება პური. ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ისე, როგორც ლენინი გვთავაზობს.

განმეორებით შევეკითხე:

_ მაშასადამე, ხორბალი ცარიცინში გავაგზავნო?

სტალინმა მოკლედ მიპასუხა:

_ დიახ.

ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი. დავჯექი ჩემს კატარღაზე და მივცურავთ სრული სიჩქარით სტარორეჩენსკაიასკენ. ვზივარ და ვფიქრობ: _ როგორ მოვიქცე: ბაქოში თუ ცარიცინში? საკითხს ზოგჯერ ცარიცინის სასარგებლოდ ვწყვეტ, ზოგჯერ (უმეტესად) _ ბაქოს სასარგებლოდ. სტარორეჩენსკაიაში ისე ჩამოვედი, რომ გადაწყვეტილი არ მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი. როგორც კი კატარღიდან ჩავედი, დავინახე ჩვენი, ხორბლით დატვირთული გემი და თვით ნეიმანი, უცებვე გადავწყვიტე გამეგზავნა ხორბალი ბაქოში.

ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ასევე მოიქცეოდა ამხანაგი ლენინი. ვუბრძანე «კოკუმის» კაპიტანს, აეშვა ღუზა და კურსი ბაქოსკენ აეღო. ამხანაგი ნეიმანი აღელდა და რაღაც გაუგებარი ლუღლუღი დაიწყო. მოვუწოდე, წესიერად მოქცეულიყო. გემმა კი ამასობაში დაიწყო ნელა მოხვევა და კურსი ბაქოსკენ აიღო. ნეიმანს შევთავაზე, ამოსულიყო ჩემთან, კატარღაზე და ერთად დაგველია ჩაი.

დავიწყეთ ჩაის სმა და ლაპარაკი ყველაფერზე. ჩვენი «კოკუმი» კი სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა ბაქოს მიმართულებით.

დაბოლოს, როცა «კოკუმის» ანძა ჰორიზონტზე ძლივსღა ჩანდა, ჩემთან მოირბინა რადისტმა და მომახსენა: «ამხანაგო კომისარო, რადიოთი ეს-ესაა მოვისმინე, რომ ბაქოს კომუნა დაეცა და შეიქმნა ცენტროკასპის მთავრობა».

უცებვე მივხვდი, სტალინის მითითების შეუსრულებლობით როგორი სერიოზული შეცდომა დავუშვი. გველნაკბენივით წამოვხტი, შევვარდი კატარღის კაპიტნის კაიუტაში და ვეუბნები: «დაუყოვნებლივ აუშვი ღუზა და დაეწიე «კოკუმს».

_ არის, ამხანაგო კომისარო, დავეწიო «კოკუმს», _ სამხედრო სტილში გაიმეორა კაპიტანმა, და ხუთი წუთის შემდეგ ისარივით მივქროდით «კოკუმის» დასაწევად. დავეწიეთ და შევთავაზე «კოკუმის» კაპიტანს, შემოეტრიალებინა გემი და წასულიყო ცარიცინისკენ. ასეც მოიქცა. მე კი სტარორეჩენსკაიაში დავბრუნდი ჩემი რაზმის წასაყვანად.

როგორც ჩანს, ნეიმანმა ამ ყველაფრის შესახებ მოახსენა სტალინს და მე მასთან გამომიძახეს. ამჯერად შეხვედრა მის ვაგონში შედგა.

_ რაო, _ მკითხა მან, _ აჭამე ბაქოელებს პური? _ და ქართულად დაამატა, _ რაღაც ახირებული კაცი ყოფილხარ. ვანოს ძმა რომ არ იყო, დაგხვრეტდი.

(ვანო სტურუამ, _ განმარტავს ბატონი დევი, _ მამაჩემის უფროსმა ძმამ, ამიერკავკასიის პარტიული ორგანიზაციების ერთერთმა შემქმნელმა, რეკომენდაცია გაუწია სტალინს «მესამე დასში» _ კავკასიაში პირველ მარქსისტულრევოლუციურ ორგანიზაციაში მისაღებად).

«იგი არასოდეს ყოფილა მარქსისტი და არც იქნება»

1922 წელს ვცხოვრობდი მოსკოვში და რსფსრში საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მიხა ცხაკაიას, მოადგილედ ვმუშაობდი.

ვზივარ ჩემთან კაბინეტში. უცებ რეკავს ტელეფონი. ვიღებ ყურმილს. ლაპარაკობს ამხანაგ სტალინის თანაშემწე (სტალინი მაშინ რუსეთის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო). იგი მთავაზობს დაუყოვნებლივ მისვლას ცკ-ში, მიძახებს სტალინი. მივდივარ ცკ-ში. თანაშემწე დაუყოვნებლივ მოახსენებს სტალინს ჩემ შესახებ. გამოდის სტალინის კაბინეტიდან და მეუბნება _ «შებრძანდით». შევდივარ უზარმაზარ კაბინეტში.

ამხანაგი სტალინი ბოლთასა სცემს. აცვია ფრენჩი, ჩექმები, ერთ ხელში ჩიბუხი უჭირავს, მეორე _ ჯიბეში აქვს ჩაყოფილი.

მივესალმეთ ერთმანეთს. მკითხა, როგორ არის მიხა ცხაკაია და, სანამ ვუპასუხებდი, მეორე შეკითხვა მოაყოლა:

_ წარმომადგენლობაში უფრო მეტს მუშაობს თუ კომინტერნში?

ვუპასუხე, რომ იგი იქაც და იქაც მუშაობს.

გაიღიმა, არაფერი თქვა და წამიერი პაუზის შემდეგ შემეკითხა:

_ შეძლებთ თბილისში ერთი წერილის წაღებას და ამხანაგ სერგოსთვის (ორჯონიკიძისთვის) მიტანას?

ვუპასუხე სიტყვასიტყვით ასე:

_ თუ საჭიროა, რატომაც არ შემიძლია?!

მე ჩემი მივიღე ამ «თუ საჭიროას» გამო!

_ როგორ ფიქრობთ, _ მეუბნება, _ საჭირო რომ არ იყოს, რატომ შემოგთავაზებდნენ?

მაშინ «თუს» გარეშე ვუპასუხე:

_ შემიძლია.

_ აი, ასე, _ რაღაც განსაკუთრებული ტონით წარმოთქვა და შემეკითხა:

_ არ დაკარგავთ?

ვუპასუხე, რომ არ დავკარგავ.

_ და თუ დაკარგავთ?

გავიმეორე, რომ არ დავკარგავ.

_ და მაინც თუ დაკარგავთ?

ვუპასუხე, რომ თავით ვაგებ პასუხს.

მაშინ ის მეუბნება:

_ მე თქვენი თავი არ მაინტერესებს, მე პაკეტი მაინტერესებს.

_ ყველაფერს გავაკეთებ, ამხანაგო სტალინ, _ ვუთხარი მე.

ამ კითხვა-პასუხის შემდეგ მან მითხრა, რომ მეორე დღესვე, 6 საათზე მივსულიყავი მასთან, რომ იგი მოამზადებს წერილს და მე პირდაპირ მისგან წავალ რკინიგზის სადგურზე თბილისში გასამგზავრებლად.

რადგან 1922 წელს ძნელი იყო ბილეთის შოვნა, გამოვთქვი ეჭვი, რომ შევძლებდი ბილეთის ყიდვას.

_ თქვენ გეუბნებიან, რომ აქედან გაემგზავრებით პირდაპირ სადგურზე, ბილეთზე კი ნუ წუხხართ.

მივხვდი, რომ ცკ უზრუნველმყოფდა ბილეთით და ვუთხარი, რომ დანიშნულ დროს მასთან ვიქნებოდი.

მეორე დღეს მივდივარ მასთან. იგი აღებს ცეცხლგამძლე კარადას, იღებს წერილს, რომელიც დალუქული იყო ჩვეულებრივ პატარა საფოსტო კონვერტში, მაწვდის და მეუბნება:

_ მიუტანეთ ამხანაგ სერგოს. გადაეცით პირადად. თქვენი თანდასწრებით გახსნას, წაიკითხოს და თქვენი თანდასწრებითვე დალუქოს ისე, როგორც ახლაა დალუქული და უკანვე ჩამომიტანეთ.

შემდეგ გამოიძახა თავისი თანაშემწე და დაავალა სადგურში ჩემი გაყვანა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე და თანაშემწე გამოვედით კაბინეტიდან. თანაშემწემ თავისი ცეცხლგამძლე კარადიდან გამოიღო მეორე კატეგორიის საერთაშორისო ვაგონის ბილეთი ორადგილიან კუპეში, ჩამსვა მანქანაში და მითხრა: _ თქვენთან ერთად კუპეში იმგზავრებს ესა და ეს ამხანაგი.

მე ვუთხარი _ კი, ბატონო. შემდეგ სადგურზე გავემგზავრე…

სტალინის წერილი, მასთან რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ პიჯაკის გულის ჯიბეში ჩავიდე.

გარეთ ოქტომბერი იდგა და საკმაოდ ყინავდა. კუპეში ჩემი ადგილი დავიკავე, რამდენიმე წუთში ჩემი თანამგზავრიც მოვიდა. ვაგონს არ ათბობდნენ, ამიტომ ტემპერატურა ვაგონში ცოტათი თუ განსხვავდებოდა ტემპერატურისგან ვაგონს გარეთ. ორივენი პალტოჩაცმულები ვისხედით და ტანსაცმლის გახდა დაწოლის წინ სიცივის გამო უკიდურესად არასასიამოვნო იყო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ზანტად დავიწყეთ ტანთ გახდა და შევძვერით გაყინულ ლოგინებში, პალტოები და კოსტიუმები საკიდზე ჩამოვკიდეთ. მე ქვედა ადგილი მქონდა, მეზობელს ზედა თარო ეკავა.

დავწექით. ცივა. არ მეძინება. მესმის, ჩემმა თანამგზავრმა ხვრინვა ამოუშვა, მე კი არა და არ მეძინება. არ მეძინება სიცივის გამო კი არა, უფრო მეტად იმიტომ, რომ წერილის გამო ვწუხვარ _ არ მავიწყდება სტალინის სიტყვები. წერილი პიჯაკის გულის ჯიბეში მიდევს. ვიფიქრე, ავდგები, ამოვიღებ წერილს ჯიბიდან, ჩავდებ პორტფელში და თავქვეშ ამოვიდებ. მაგრამ ადგომა სიცივის გამო იყო საშინლად არასასიამოვნო.

ვიწექი და ვაანალიზებდი _ ვინ შეძლებდა კუპეში შემოსვლას, წერილს დაკარგვა რომ დამუქრებოდა? გამოწვლილვითი ანალიზის შედეგად დავასკვენი _ არავინ! და დაძინება გადავწყვიტე. მაგრამ რაღაც ჭია მიღრღნიდა ტვინს და არ მაძინებდა. ორი ადამიანი გაჩნდა ჩემში: ერთი მეუბნებოდა _ აიღე წერილი, მეორე კი _ შეგიძლია არ აიღო. და კვლავ ძირფესვიანად გავაანალიზე საკითხი _ ამეღო თუ არა, და კვლავ დავასკვენი _ წერილს არაფერი ემუქრება, რადგან კუპეს აქვს მხოლოდ ერთი კარი, რომელიც შიგნიდან გასაღებით და ჯაჭვითაა ჩაკეტილჩარაზული. დავუჭე თვალები დასაძინებლად. მაგრამ საქმეში ხარ? ჭია კვლავ ამუშავდა და მე კვლავ შევუდექი ანალიზს. და ასე _ მრავალგზის, მაგრამ ყოველთვის ვასკვნიდი, რომ არ არსებობს წერილის დაკარგვის საფუძველი.

ასე გაგრძელდა დიდხანს. ჩემი მეზობელი კი უშფოთველად ხვრინავდა…

ბოლოს მომბეზრდა ეს ყველაფერი და ავდექი. ამოვიღე ჯიბიდან წერილი, ჩავდე პორტფელში, ავწიე ლეიბი, რომელზეც ვიწექი, და ქვეშ ამოვდევი. ამის შემდეგ მაგრად დავიძინე და გავიღვიძე მხოლოდ დილით, როცა მეზობლის ხმა გავიგონე. მას საწოლიდან ფეხები გადმოეკიდა და ყვიროდა:

_ გიორგი, გიორგი, სადაა ჩემი შარვალი?!

მე სახით კედლისკენ ვიწექი, თავი რომ მოვატრიალე საკიდს შევხედე და ოი, საშინელება! იქ სადაც ჩვენი ორი ზამთრის პალტო და ორი ზამთრის კოსტუმი ეკიდა, ტანსაცმლის არავითარი კვალი არ ჩანდა.

მომენტალურად წამოვხტი, ავწიე ლეიბი, ხელი ჩავავლე პორტფელს, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ არ დაიკარგა წერილი. წერილი, რა თქმა უნდა, პორტფელში იდო. ამიტყდა სიცილი, _ გადავრჩი! მეზობელი შეშინდა _ ხომ არ შევიშალე?!

შემდეგ, როცა გონზე მოვედი, გამოვიძახე ვაგონის გამცილებლები, ყველანი სოლიდური ადამიანები იყვნენ. ერთი ამბობს: «27 წელიწადია, ვმსახურობ და ასეთი რამ არ მომსწრია.» მეორე ამბობს: «31 წელიწადია, გამყოლად ვმუშაობ და მსგავსი არაფერი მომხდარა». გამოვიძახე მატარებლის უფროსი და მან უაზროდ ჩვენ გადმოგვაბრალა ყველაფერი _ კარს არ დაკეტავდითო…

უახლოეს სადგურზე მე, როგორც საქართველოს სსრ დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილემ, ვისარგებლე ექსტერიტორიული უფლებებით და მოვითხოვე მატარებლის მთელი შემადგენლობის გაჩხრეკა, მაგრამ გულმოდგინე ჩხრეკა უშედეგო აღმოჩნდა…

ბედად აღმოჩნდა, რომ ამ მატარებლით მგზავრობდა აზნავთობის უფროსი ამხ. სერებროვსკი, რომელმაც თავისი ძველი კოსტიუმი მომცა, ჩემს მეზობელს კი ძველი კოსტიუმი ჩემოდანში აღმოაჩნდა. ასე ჩავედით თბილისში.

დილის ექვსი საათი იყო. სადგურიდან პირდაპირ სერგო ორჯონიკიძის ბინისკენ გავემართე. დაჟინებული ზარის შემდეგ კარი გააღო სერგოს ცოლმა _ ზინამ. მან თავი გამოჰყო კარში და გაიკვირვა ასეთი ადრიანი სტუმრობა. ვუთხარი, რომ ჩამოვედი მოსკოვიდან ამხანაგ სტალინის დავალებით. თურმე ჩვენი ლაპარაკი ესმოდა სერგოს და თავისი ნახევრადბარიტონით უთხრა ზინას _ შემოიყვანე ეს კაცი. შევედი და რამდენიმე წუთის შემდეგ იგი უკვე კითხულობდა სტალინის წერილს. მაგრად შეაგინა ვიღაცას. შემდეგ გამოიძახა მანქანა და ორივენი საქართველოს კომპარტიის ცკში წავედით.

იქ მორიგის მეტი არავინ იყო. სერგომ გასცა განკარგულება, გამოეძახებინათ ცკ პრეზიდიუმის ყველა წევრი.

ერთი საათის შემდეგ სერგომ გახსნა პრეზიდიუმის სხდომა და სტალინის წერილი წაიკითხა. მხოლოდ მაშინ გავიგე ჩემი ჩამოტანილი წერილის შინაარსი. წერილი ეხებოდა საქართველოს კომპარტიის ცკ პრეზიდიუმის ერთერთ წევრს. იგი იმდენად საიდუმლო იყო, რომ მე ახლაც არ მაქვს უფლება რაიმეს თქმის, მით უფრო, რაიმეს დაწერის. ალბათ, მრავალი ათეული წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ გასაჯაროვდეს ის, რაც წერილში იყო ნათქვამი.

სხდომის შემდეგ სერგომ თავისთან წამიყვანა და, როცა მას დეტალების შესახებ მოვუყევი, კერძოდ, როგორ გაგვქურდეს ვაგონში, მითხრა, რომ წერილს თვითონ წაუღებდა სტალინს, როცა მოსკოვში გაემგზავრებოდა. არ დავთანხმებოდი, არ შემეძლო, და რამდენიმე დღეში, როგორც კი შევიძინე კოსტიუმი, დავბრუნდი მოსკოვში.

როგორც კი ჩავედი დედაქალაქში იმავე დღეს მიმიღო სტალინმა, რომელსაც ყველაფერი წვრილად მოვუყევი.

მცირე ხანს დუმდა იოსებ ბესარიონის ძე და შემდეგ მითხრა:

_ ამაოდ არ გამიფრთხილებიხართ.

შემდეგ შემეკითხა:

_ რა რეაქცია ჰქონდა ამხანაგ H-? (ვისაც წერილი ეხებოდა).

ჩემი ინფორმაციის შემდეგ სტალინმა ხელი ჩაიქნია H-ს მისამართით და თქვა: «იგი არასოდეს ყოფილა მარქსისტი და არც იქნება».

ეს გულიდან ამოძახილი «ვაშააა!» _ ათ წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა

«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს უთუოდ დააინტერესებს დევი სტურუას მოგონების ეს ფრაგმენტიც.

მე და მამაჩემი 1944 წელს კრემლში გამართულ სანოემბრო სადღესასწაულო სხდომას ვესწრებოდით. მოხსენებით სტალინი გამოდიოდა. მაშინ 13 წლისა ვიყავი…

კარგად მახსოვს წითელარმიელთა მრავალრიცხოვანი მწკრივები, ჯერ კიდევ კრემლის სპასკის კოშკის შესასვლელამდე რომ გავიარეთ.

გვამოწმებდნენ დიდხანს და საგულდაგულოდ…

განსაკუთრებულად შეგვამოწმეს კრემლის სასახლეში შესასვლელთან. ოფიცერმა, რომელიც მოსაწვევ ბარათებს ამოწმებდა, ზრდილობიანად ჰკითხა მამაჩემს, იარაღი ხომ არ გაქვთო, რაზეც მამამ უპასუხა: «არა, ჩვენ განიარაღებულები ვართ». ოფიცერმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, აუღო სამხედრო სალამი და გაიჭიმა. ჩანდა, რომ ხუმრობას თავისებური ხუმრობით უპასუხა…

კრემლის დიდი, გაჩახჩახებული, მოგრძო დარბაზის პრეზიდიუმის კულუარებიდან პირველი მოსკოვის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე პრონინი გამოჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოვიდა სტალინი მარშლის ტანსაცმელში და ცოტა მოშორებით _ საკ. კპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს წევრები.

დარბაზმა იფეთქა. ეს გულიდან ამოძახილი «ვაშაააგრძელდებოდა, ალბათ, ათ წუთს, შეიძლება, უფრო მეტ ხანსაც. ვერც პრონინის ზარებმა, ვერც თვით სტალინის დამამშვიდებელმა ჟესტებმა ვერ დააშოშმინა ეს აბობოქრებული სტიქია.

ყველასა და ყველაფრის უარყოფისა და მსხვრევის, თვითგვემის დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი უზომოდ უტრირებულად, არაბუნებრივად გვეჩვენება, რაც ვერაფრით ესადაგება ცივილიზებული ყოფის ნორმებს. მაგრამ მაშინ ეს სავსებით ნორმალური ქმედება იყო ერთ მუშტად შეკრული აღფრთოვანებული მასის და უცნაური იქნებოდა, ეს მასა, რომელიც რჩეულთაგან შედგებოდა, სხვაგვარად მოქცეულიყო.

ვადასტურებ: არ იყო არავითარი შიში, დაძალების არავითარი ელემენტიც კი არ იგრძნობოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ უწინ იყო შიშიც და დაძალებაც, მაგრამ 1944 წლის ნოემბერში იყო აღფრთოვანება, გაღმერთება, განსხეულებული შეხება ღმერთთან, რომელიც ამ აბობოქრების შემდეგ ალაპარაკდა მშვიდად და დამაჯერებლად, ყოველგვარი ორატორული ილეთების გარეშე, ვიტყოდი, ყოველდღიურ ტონალობაში, და იმ პრინციპული, გამაღიზიანებელი აქცენტის გარეშე, რომლითაც პედალირებს თითქმის ყველა ქართველი და არაქართველი მსახიობი, რომლებიც სხვადასხვა დროს განასახიერებდნენ სტალინის როლს.

ორი მომენტი განსაკუთრებით დამახსომდა, როცა სტალინმა თქვა, რომ საბჭოთა არმია იბრძვის არამარტო საბჭოთა კავშირის გასათავისუფლებლად, არამედ მთელი მსოფლიოს გასათავისუფლებლადაც, მან მოულოდნელად გაიშვირა თავისი პატარა, ლამაზი ხელი კრემლის დიდი დარბაზის ზედა ნაწილში მდებარე ლოჟებისკენ, სადაც ისხდნენ სსრ კავშირში აკრედიტებული დიპლომატები და უცხოელი სტუმრები. ეს ჟესტი ღირსეულად იქნა შეფასებული. დიპლომატები წამოხტნენ ადგილებიდან, გაისმა მქუხარე ტაში და შეძახილები.

და მეორე მომენტი, როცა ყველა პროჟექტორი სტალინისკენ მიმართეს და ისიც თითქოს გაქრა მზის ოქროსფერ ათინათში. ეტყობა, ეს ხელს უშლიდა სტალინს. იგი უცებ შეჩერდა და მთელი ტანით შებრუნდა «იუპიტერების» ერთი ჯგუფისკენ, შემდეგ _ მეორისკენ. ეს საკმარისი აღმოჩნდა. «იუპიტერები» ერთბაშად შებრუნდნენ დარბაზისკენ.

სტალინი ტრიბუნასთან მივიდა საქაღალდეებისა და ქაღალდების გარეშე. მოხსენება, როგორც ჩანს, წინასწარ იყო ტრიბუნაზე დადებული.

სტალინი ლაპარაკობდა დინჯად, ზოგჯერ დიდი პაუზებით, ნაწყვეტნაწყვეტ, მაგრამ არა ყრუდ. ზოგჯერ ტრიბუნის პიუპიტერს დახედავდა, ეტყობა, მოხსენების ტექსტს რომ არ დაცილებოდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here