Home რუბრიკები სამართალი სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეთა უვადოდ, ანუ სამუდამოდ არჩევა უნდა გამოირიცხოს

სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეთა უვადოდ, ანუ სამუდამოდ არჩევა უნდა გამოირიცხოს

607

საქართველოს მტრების მიერ დემოკრატიის ციტადელად მონათლული მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნაცშპანის მტკიცებით, საქართველოში უცილობლად უნდა არსებობდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, მაშინ, როდესაც რეალურად სასამართლო ხელისუფლება ვიღაცების მიერ, ფაქტობრივად, მთლიანად კასტრირებულია, თუმცა კონსტიტუციაში შენარჩუნებულია ცალკე თავი სასამართლო ხელისუფლების შესახებ.

 

თუ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ეს თავი თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით დაუყოვნებლივ არ იქნება მოყვანილი სრულ შესაბამისობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ თავებთან, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საქართველო დღეს არის არა დემოკრატიული, არამედ ფაშისტური ელფერის ავტოკრატიული ქვეყანა, აქედან გამომდინარე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით.

ამგვარად, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში არის თავები, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის, მთავრობისა და სასამართლოსთვის ხალხის მიერ მინიჭებულ სახელმწიფო ხელისუფლებას. ისინი წესით, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილები, არამარტო ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლები, არამედ რეალური და არა ვირტუალური სახელმწიფო ხელისუფლების მატარებლები უნდა იყვნენ. ამასთან ერთად, ისინი არამარტო უნდა ავსებდნენ ერთმანეთს, არამედ უნდა გააჩნდეთ იმის რეალური ძალა, რომ თავიანთი მოღვაწეობით განახორციელონ ეფექტური ურთიერთკონტროლი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყონ ქვეყნის ეფექტური მართვა, რომელიც, პირველ რიგში, სამართლიანობისა და დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების სრულად რეალიზაციას უნდა უზრუნველყოფდეს.

სინამდვილეში დღევანდელ სასამართლოებს, მათ შორის, საკონსტიტუციოსა და ზოგჯერ უზენაესსაც, წილად ხვდა «ბედნიერება», . . ნაცშპანის თითქმის ათწლიანი ბატონობისას ყოფილიყო არა მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არამედ საქართველოს პროკურატურის ნების ბრმა შემსრულებელი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის დიდი უბედურება, რომელიც ამის გამო საქართველოს და მის მოსახლეობას დაატყდა თავს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კარგად არის ცნობილი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელსაც მართლმსაჯულებასთან აქვს რაიმე შეხება, მაგრამ საკუთარი კომფორტული ცხოვრებისთვის საჯაროდ ამტკიცებს, რომ თითქოს ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების არაკეთილსინდისიერი თანამდებობის პირების ნამუსზეა და დეპუტატების უდიდეს ნაწილს არ სურს, აღიაროს დღევანდელი პარლამენტის დიდი, გადამწყვეტი როლი ამ უმსგავსობაში. კონსტიტუცია, რომლის ბედი დღეს მათ ხელშია, ფართოდ უღებს კარს იმ უმსგავსობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ გუშინ, არამედ დღესაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უკეთეს შემთხვევაში, ისინი მთელ ბრალსა და პასუხისმგებლობას საქართველოს აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ, მაშინ, როდესაც, შესაძლოა, თუნდაც მასთან თანაბრად არამარტო საქართველოს პარლამენტი, არამედ საერთოდ დღევანდელი მმართველი ელიტა იყოს დამნაშავე.

ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციაში განმტკიცებული დიდი დისბალანსი ნამდვილი ხელისუფლებისა თუ მისი სუროგატის რეალური ქმედუნარიანობის შესახებ ამ თავების წმინდა მექანიკური ურთიერთშედარების გზითაც შეიძლება დადგინდეს. მაგრამ, რადგან ამ წერილის ადრესატები არიან ის თანამდებობის პირები, რომელთათვისაც კონსტიტუციის ტექსტის გაცნობა პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენც თავს შევიკავებთ ასეთი შედარებითი ანალიზისგან და ამ საქმეს მათ მივანდობთ, თუნდაც საგაზეთო ფართის ეკონომიის მიზნით.

რაც შეეხება სასამართლოს, რომელიც, წესით, ისეთივე უფლებებით უნდა იყოს აღჭურვილი, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, სინამდვილეში მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მას, ანუ სასამართლოს, სახელმწიფო ხელისუფლების განაწილებისას, ხსენებულ სუბიექტებს შორის, არაფერი არ ერგო, გარდა იმისა, რომ სათანადო თავი სასამართლო ხელისუფლებად იწოდება. ეს თავი 10 მუხლისგან შედგება, რომელთაგანაც 7 საკუთრივ საერთო სასამართლოების კომპეტენციასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს (82-დან 87-ე მუხლამდე),  88-ე და 89-ე მუხლები _ საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო 90-ე მუხლი საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილების განსაზღვრას ეძღვნება.

პირველი შეუსაბამობა, რომელიც თვალშისაცემია ამ ტექსტის გაცნობისას, ის არის, რომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, არჩევითობის პრინციპით იქმნება, სასამართლოები _ როგორც საერთო, ისე საკონსტიტუციო და უმაღლესი, მთლიანად მათი წევრების დანიშვნის პრინციპით კომპლექტდება და სწორედ ამიტომ არ არის იგი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელი ორგანო, რომელსაც, როგორც ცნობილია, მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად ის უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, რომ საჭიროებისა თუ აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები და . . აღმასრულებელი და, გნებავთ, საკანონმდებლო ორგანოების თვითნებობისგან, რაც კარგახანია ჩვენს ქვეყანასა თუ უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დიდ აღშფოთებასა თუ პროტესტს იწვევს.

საქმე ისაა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელი ორგანოს პირველი ნიშანი ის უნდა იყოს, რომ იგი არ უნდა იყოს დანიშვნითი, არამედ ორი სხვა სახელისუფლო შტოს მსგავსად, მათი შემადგენლობის დაკომპლექტება საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოოდ მოხდება ისე, როგორც ეს ნაცშპანისა თუ ნაცელიტის ბატონობის დროს ხდებოდა და განუკითხაობას ბოლო არც არასდროს არ მოეღება, სანამ ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, არჩევნების გზით თავის მტკიცე სიტყვას არ იტყვის და ნებას არ განახორციელებს.

ამიტომ მოსამართლეთა კორპუსის ყველა შემადგენელი ნაწილის _ საერთო სასამართლოების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრთა დანიშვნადობიდან არჩევითობის პრინციპზე დაუყოვნებელი გადასვლა, უდავოდ დიდად ეფექტიანი და ამასთან ერთად მშვიდი და უსისხლო იქნება და დღეს საქართველოში გამეფებული უსამართლო სამართლის ევოლუციური და არა რევოლუციური გზით გარდაქმნას უზრუნველყოფს, რის გარეშეც სამართლიანობა და, გნებავთ, დემოკრატია არამარტო დღეს ან ხვალ, არამედ, შეიძლება თამამად  ითქვას, არც არასდროს დამყარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის ამგვარი გარდაქმნა უმნიშვნელოვანესია.

მოსამართლეთა არჩევითობის პრინციპზე გადასვლა საკმარისი არ იქნება მათი ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის სხვა სახელისუფლო შტოებისგან, ამიტომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი საქმიანობის დაფინანსების მაქსიმალური დამოუკიდებლობა, რაც, სავარაუდოდ, უნდა განხორციელდეს იმ მატერიალური სახსრების მობილიზაციით, რომელთაც მოქალაქეები იხდიან მათი საქმის სასამართლოში წარმართვის საფასურის, ჯარიმებისა და სხვა სახით, აგრეთვე, კონსტიტუციის მიერ განსაზღვრული დოტაციით, რომელიც სავალდებულო წესით უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამგვარად, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-5 თავი სათაურით  «სასამართლო ხელისუფლება» ოდნავადაც ვერ უპასუხებს დღეს ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებს და აუცილებელია, დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოში სასამართლო სისტემის ყველა რგოლის კარდინალური გარდაქმნა, რომლის პროექტის შემუშავებაში, პირველ რიგში, მონაწილეობა უნდა მიიღონ მაღალკვალიფიციურმა ქართველმა მეცნიერიურისტებმა და არ უნდა დარჩეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი თუნდაც ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ხელში.

მთლიანობაში კი სასამართლო ხელისუფლების ამგვარი მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მთელი სახელმწიფო ხელისუფლების ნორმალურ ფუნქციონირებას _ როგორც სამფეხა სკამი (იგივე ჯორკო) დასაჯდომად უვარგისია, თუ ერთ ფეხს გამოვაცლით, ისე სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც სამ სრულყოფილ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სახელისუფლო ძალას უნდა წარმოადგენდეს, ერთის ანუ სასამართლო ხელისუფლების კასტრირების გამო მთელ სახელმწიფო ხელისუფლებას ქვეყნის ეფექტური და სამართლიანი მართვისთვის უვარგისად გავხდით, არაფერი რომ არ ვთქვათ იმის შესახებ, რომ იგი ამგვარ ხელისუფლებას აშკარად ანტიდემოკრატიულად და, თუ გნებავთ, დიქტატორულად აქცევს, რისი მოწმენიც ჩვენ დღეს უკვე ვართ.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები არის მისაღები სასამართლო სისტემის დაუყოვნებლივი რეფორმირების მიზნით, მოკლედ შევეხები სხვა პრობლემებსაც, რომლებიც ამ პროცესში უნდა მოგვარდეს.

რაც შეეხება «ნაცშპანისა» თუ «ნაცბანდის» სამარცხვინო გარიგებას «ამერიკული ოცნების» ქართული ფილიალის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ თავს რატომღაც «ქართველ მეოცნებეებად» წარმოგვიდგენენ, იგი ვერავითარ იურიდიულ და, გნებავთ, პოლიტიკურ ჩარჩოებში ვერ ჯდება. აბა, სად გაგიგონიათ, მოსამართლეები თავიანთ თავს თვითონ ირჩევდნენ და არამარტო სახალხო, არამედ არავითარ კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ და ამას მისი ავტორები ქართული დემოკრატიის ბრწყინვალე ნიმუშად ასაღებდნენ

ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან მოსამართლეთა მთელი კორპუსის ყველა რგოლის პირდაპირი გზით საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევა გახდება ერთადერთი გზა ამ კორპუსის უმაღლესი კვალიფიკაციისა და ზნეობრიობის მატარებელი უმაღლესი განათლების მქონე იურისტებით დასაკომპლექტებლად.

ამასთან ერთად, საერთო სასამართლოები უნდა აირჩეს მკაცრად ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით და ამ ტერიტორიის მოსახლეობამ უნდა განახორციელოს რეალური კონტროლი იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის მოსამართლედ არჩეული პიროვნება თავის თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდება თბილისის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლო რაიონულ სასამართლოებად დავყოთ, და მათი შენობები რაიონული პრინციპითვე განვალაგოთ, რაც მას მნიშვნელოვნად დემოკრატიულს გახდის, დააახლოებს მოსახლეობასთან და მის საქმიანობას ჭეშმარიტად სახალხო ხასიათს მისცემს.

აუცილებელია, აგრეთვე, საერთო სასამართლოს წევრების უფლებამოსილების ვადა არ აღემატებოდეს 5 წელს, რათა ამ დროის მანძილზე შესაძლებელი გახდეს მათი საქმიანობის ობიექტური შეფასება და, თუ კანდიდატურა შესაფერისი აღმოჩნდება, მისი არჩევა კვლავ 5 წლის ვადით გახდება შესაძლებელი იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას საქმის ინტერესები მოითხოვს. რასაკვირველია, სრულად უნდა გამოირიცხოს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა უვადოდ, ანუ სამუდამოდ, რაც ღმერთმა არა ქნას და, თუ ოდესმე განხორციელდა, ენით აუწერელი უბედურების წყაროდ იქცევა.

სხვათა შორის, ეს საკითხი საკმაოდ სერიოზულია, რადგან ვიღაცამ, ჩემთვის უცნობმა პერსონამ ან ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯგუფმა ეს საკითხი თავისი ჭკუითა თუ უჭკუობით უკვე გადაწყვიტა 2011 წლის 5 აპრილამდე, რადგან დღეს მოქმედ კონსტიტუციაში უკვე შეიტანა და უზენაეს კანონად აქცია საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 და კიდევ ერთხელ მე-2 პუნქტი შემდეგი საკმაოდ ბუნდოვანი შინაარსისა: «მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით». ამ პუნქტს ასრულებს ფრჩხილებში ჩასმული შემდეგი დებულება _ (15.10.2010 #3710, ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)».

პირველი, რაც იქცევს ყურადღებას ამ ტექსტის ანალიზისას, ეს მისი შინაარსობრივი ბუნდოვანებაა. კერძოდ, თუ მოსამართლეები უვადოდ, ანუ სამუდამოდ უნდა იქნან არჩეულები, მაშინ რას ნიშნავს ის დებულება, რომ ისინი გარკვეული ვადით _ 3 წლით შეიძლება განწესდნენ მოსამართლედ და სხვ. მიუღებელია, აგრეთვე, ის დებულება, რომ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და განთავისუფლების წესი მთლიანად კონსტიტუციით კი არა (რაც სრულიად სამართლიანი იქნებოდა), არამედ თურმე ამ საქმეში ორგანული კანონის მოშველიებით უნდა მოხდეს, რაც ყველაფერთან ერთად იმის გამოც არის მიუღებელი, რომ ერთგვარად აკნინებს სასამართლო სისტემის, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელი ორგანოების როლსა და მნიშვნელობას.

სრულიად გაუგებარია და მიუღებელია, აგრეთვე, ის დებულება, რომელიც კანონის ამ ნაწილის დასასრულს ფრჩხილებში ჩასმული სახით არის მოცემული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 2011-დან 2013 წლამდე ანუ 2012 წელს, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, უკვე ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, რომელსაც გუშინდელი საკანონმდებლო ორგანო თავს ახვევს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღება მის კომპეტენციაში არ შედის, რადგან რა სახეს მიიღებს კონსტიტუციის ეს მუხლები 2012 წლის შემდეგ და მით უმეტეს 2013 წელს, ეს ძველი პარლამენტის წევრების გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის მცდელობა უკვე ძალადაკარგული პარლამენტის მიერ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების უზურპაციისა, რაც სამარცხვინოა არამარტო ახალი, არამედ ძველი პარლამენტისთვისაც.

სხვათა შორის, ამგვარი გზით ისეთი საკითხების, თანაც მეტად მნიშვნელოვანის, დროზე ადრე გადაწყვეტისა და მათი ავტომატურად ამოქმედებისა ისე, რომ ეს ვითომ არც უნდა ეხებოდეს ახალი პარლამენტის შემადგენლობას, ნამდვილად მიუღებელია და ყველა ასეთი მცდელობა, მე ვიტყოდი, ძველი პარლამენტის მიერ ახლის უფლებამოსილების უზურპაციისა, სათანადოდ უნდა შეფასდეს; უმჯობესია, ახალი პარლამენტის მიერ და ყველა ეს მუხლი თუ დებულება უნდა იქნას მოქმედი კონსტიტუციის ტექსტიდან ამოღებული.

რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების დღევანდელ წესს, იგი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ძირეულად უნდა შეიცვალოს და გახდეს არჩევითი, თანაც არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთო სასამართლოებთან ერთად პირდაპირი და ფარული კენჭისყრის წესით. რაც შეეხება ვადას, იგი შეიძლება ამ შემთხვევაში 10 წლით განისაზღვროს, მაგრამ მოსამართლეთა ასაკი უნდა გაიზარდოს მინიმუმ 40 წლამდე. ამავე 10 წლის ვადით უნდა ხდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ თავმჯდომარის არჩევა.

მეტად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევისას ასაკის საკითხის ოპტიმალური განსაზღვრა. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრები შეიძლება გახდნენ გამოჩენილი იურისტები, რომელთაც შეუსრულდათ 55 წელი, ხოლო თავმჯდომარე უნდა იყოს არანაკლებ 60 წლისა, თანაც, ამ ჭეშმარიტად უმნიშვნელოვანესი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები უნდა აირჩეს სამუდამოდ, რაც კიდევ მეტად გაზრდიდა მათი დამოუკიდებლობის ხარისხსა და საზოგადოებრივ აღიარებას.

დასასრულ, ჩემი თხოვნაა, არ ჩავთვალოთ ამომწურავად ის, რაც საქართველოს აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის სათანადო დონეზე მოგვარების შესახებ ამ წერილში უკვე ასე თუ ისე ითქვადა განვეწყოთ იმისათვის, რომ აქ წამოჭრილი და რიგი სხვა საკითხებისა, რაც შეიძლება მოკლე დროში ქართველი მაღალკვალიფიციური მეცნიერი იურისტების, ჭეშმარიტად პროფესიონალი იურისტი ექსპერტების ობიექტური მსჯელობის საგნად ვაქციოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მათ დღევანდელმა პარლამენტმა იურიდიული ძალა.

დასასრულ, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი გულწრფელი გაკვირვება და, გნებავთ, სერიოზული აღშფოთება იმის გამო, რომ მოქმედმა პარლამენტმა იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მრავალი წლის შემდეგაც გადადგა ყოვლადგაუმართლებელი ნაბიჯი და კვლავ ფიზიკოსი თუ გეოფიზიკოსი ვახტანგ ხმალაძე აირჩია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ, თითქოს ჩვენ პაპუასები ვიყოთ და საქართველოში პირწმინდად გაგვეწყვიტოს მეცნიერი იურისტების საკმაოდ წარმომადგენლობითი ინტელექტუალური ელიტა, რომლებიც სრულიად აშკარაა, რომ ბატონ ვახტანგსა და სხვა ამ კომიტეტის წევრებზე უკეთ შეძლებდნენ იმ პრობლემებში გარკვევას, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას. ამას სხვა რა ვუწოდოთ, თუ არა ვითარება, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ ხოლმე, მით უმეტეს, რომ ქართული სამეცნიერო იურიდიული სკოლა თუმცა ნაცშპანის ბელადის _ მიხეილ სააკაშვილის მიერ ისე «ოსტატურად» არის დღეს, ფაქტობრივად, მიწასთან გასწორებული, რომ ეს არც თვით ვახტანგ ხმალაძეს და სხვა არასაკმარისად კომპეტენტური, თუ შეიძლება ასე ითქვას, სუროგატი იურისტების შესახებ ითქმის, რომლებიც დღეს მას პარლამენტში მხარს «უმშვენებენ» და აშკარად არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებენ. თავიანთი გულის გასახარად და ქართველი ხალხის გულის გასახეთქად, რასაც ერთხელ და სამუდამოდ, დროა, ბოლო მოეღოს.

ანზორ გაბიანი,

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,

სამართლისა და სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here