Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ბახტრიონის აჯანყება უნდა გავიხსენოთ ყოველდღე… მაინცდამაინც მღვდელი უნდა გაგვიუპატიურონ?!

გია კორკოტაშვილი: ბახტრიონის აჯანყება უნდა გავიხსენოთ ყოველდღე… მაინცდამაინც მღვდელი უნდა გაგვიუპატიურონ?!

963

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მოძრაობა «სამოქალაქო სოლიდარობის» ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი გია კორკოტაშვილი.

 

_ ბატონო გია, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს იმედი გაუცრუა. მარგველაშვილის გამარჯვება არავის დაჰკვირვებია, მაგრამ ბაქრაძის მეორე ადგილს, მით უმეტეს 22 პროცენტს, ალბათ, ბევრი არ ელოდა. თქვენი აზრით, რა მოგვცა ამ არჩევნებმა და რა რეალობა გვაქვს დღესდღეობით?

_ საერთოდ, ემოციური კაცი ვარ და, რასაც ვფიქრობ, რაც მაწუხებს, ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე საზოგადოებამდე მშვიდად, წყნარად მივიტანო. ვხედავ, რომ ზოგს ეშინია ლაპარაკის, ზოგს რაღაცნაირად ეუხერხულება, მაგრამ ბოლო ათმა წელმა ისეთი რამეები მასწავლა, ამ ემოციას ყოველთვის ვაძლევ ამოსვლის საშუალებას; სხვანაირად შეიძლება შიგნით დამბუგოს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, უბრალოდ, დრო რომ გავიდა არჩევნების შემდეგ, საკუთარ თავში გავაკეთე ანალიზი და მივხვდი ერთ რამეს _ ეს შედეგი განაპირობა ქართველი ხალხის ჩაურევლობამ პროცესებში, მათმა გულგრილობამ და პასიურობამ…

_ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა იყო ამის მიზეზი?

_ უბრალოდ, ადამიანებმა ვერ დაინახეს, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებში რამის მომტანი იყო. უკვე ძალიან ბევრს ხელი აქვს ჩაქნეული. ვფიქრობ, ეს სრულიად ბუნებრივია: როცა შენ მოდიხარ, იმედს მიჩენ და მერე ამ იმედს მიცრუებ, ხელს ჩავიქნებ, აბა, რას ვიზამ?!

_ გამოდის, რომ პოლიტიკური პროცესები ისევ ჩიხშია?

_ ჩიხზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ საქმე კარგისკენ რომ არ მიდის, ამას უკვე ყველა ხვდება. ადრეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, აქ ძალიან სერიოზული ჩარევაა საჭირო საზოგადოების მხრიდან. საერთოდ, ხალხმა თავიდან უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ ახალი რჩეულები მოიყვანოს პოლიტიკაში. სხვანაირად ქვეყანა სწორი გზით ვერ განვითარდება და მუდმივად ვიტრიალებთ ერთ რაღაც მოჯადოებულ წრეში, რომელიც ვერანაირ პროგრესს, წინსვლას ვერ მოგვიტანს.

_ პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეების შემოყვანაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ რეალურად არის დღეს საქართველოში ალტერნატიული ძალა?

_ არის თუ არა, სხვა საკითხია, მე საჭიროებაზე ვსაუბრობ. ესაა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. დღეს რა ხდება? _ რამდენიმე პოლუსადაა პოლიტიკური ველი დაყოფილი, ამ პოლუსების შემკრები კი ბიძინა ივანიშვილია. ახლა ეს კაციც მიდის, კბილაშვილიც გადადგა და, უბრალოდ, ვსვამ კითხვას: ვის ტოვებენ? ყველა თუ საზოგადოებრივ სექტორში გადმოვიდა, მე წავალ მაშინ მთავრობაში… არ ვიცი, ვერ გავიგე, რა თამაშს თამაშობენ. ჩვენ იმიტომ ვენდეთ ამ ხალხს, რომ გვეგონა, ქვეყანას სწორი გზით წაიყვანდნენ.

_ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ 1 ოქტომბრის ან 27 ოქტომბრის არჩევნები ამერიკელების მიერ დემოკრატიის მანტიაში შეფუთული ჩანაცვლების რეაქცია იყო, რომლის მიზანსაც სათავეში «ნაცმოძრაობა 2»-ის მოყვანა წარმოადგენდა?

_ იცით რა, არ არის ეს შენი ხალხი ხმის ამომღები და რა გინდა, რომ ქნა? ყველას მუდმივად ერთი გაფეტიშებული კაცის იმედი აქვს, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული მოვა, ფულს დაარიგებს და კარგად გვაცხოვრებს; ან ვინმე ვინმეს ნათესავი გამოდგება, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ა. შ. არაა საქმის გამკეთებელი ქართველი ხალხი, ხომ ხედავთ?

_ საქმის გაკეთებაში რას გულისხმობთ?

_ რას და, როცა რაღაცა არ მოგწონს, უნდა გამოხვიდე და თქვა: ეს ასე არ არის, არ შეიძლება… სადაც სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, ყველგან ასე ხდება: ჩვენთან კი სულ ერთი და იგივე ხალხი იღებს ხმას, თითქოს მარტო მათ აქვს პრობლემები.

_ ზუსტად ამიტომ მიაჩნია პრემიერს, რომ სამოქალაქო სექტორში უფრო მეტია სამუშაო.

_ ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ივანიშვილს, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: ვინ უნდა ჩამოაყალიბოს ეს სამოქალაქო საზოგადოება, ისევ ხელისუფლებამ? ისევ პოლიტიკურმა ძალებმა? მაშინ რა გამოვიდა? _ სამოქალაქოს კი არა, მივიღებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საზოგადოებას, როგორსაც ბოლო ცხრა წლის მანძილზე ვხედავთ. თუ ეს გვინდა, ამის გაკეთება ყველაზე ადვილია, თუ არა და, _ თვითონ ხალხი უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე. ვიღაცის ბოძებული თავისუფლებისა და კეთილდღეობის იმედი ტყუილად ნურავის ექნება…

_ თქვენ რას ურჩევთ საზოგადოებას?

_ ბახტრიონის აჯანყება უნდა გავიხსენოთ ყოველ დღე… მაინცდამაინც მღვდელი უნდა გაგვიუპატიურონ, თუ რა გინდათ, ოჯახებში უნდა შემოგივარდნენ და ისე გაგიკეთონ ყველაფერი?! ამ დროში უკვე სხვანაირი აღმშენებლობაა საჭირო, სხვა მიდგომები. სხვანაირი იმიტომ, რომ მუდმივად პრესინგის ქვეშ უნდა გყავდეს მთავრობა. ვინც გინდა, ის იყოს, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ რამდენიმე მინისტრისადმი, სულ უნდა განიცდიდნენ ესენი საზოგადოებრივ წნეხს და კონტროლს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენვე აღმოვჩნდებით ამ წნეხში. მერე ცარიელი ლაპარაკი, ყვირილი და გულზე მჯიღის ცემა საქმეს ვერ უშველის.

_ რაც შეეხება ივანიშვილის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოებაში გადმოსვლასთან დაკავშირებით, ბევრი თვლის, რომ ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებული პროტესტი გააკონტროლოს და დაარეგულიროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება პრემიერის ეს ნაბიჯი?

_ საერთოდ არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება და ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ, უბრალოდ, კითხვა მაქვს ერთი: რატომ უნდა მას სამოქალაქო სექტორში გადმოსვლა? იმიტომ, რომ იქიდან კარგად ჩანს ყველაფერი? მაშინ მეორე კითხვას ვსვამ აქედან: თქვენ თვითონ, რომელიმე სამინისტროს და მინისტრს, მოგინდომებიათ, რომ საზოგადოება თქვენთან ერთად იყოს?! უკუქმედება ყოფილა?! ეს არ ჩანს. აი, ზუსტად ამიტომ უნდა დაიწყონ ფიქრი, თუ კაიბიჭობა და მამულიშვილობა უნდათ.

_ თქვენი აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას ხალხთან არ აქვს საკმარისი კონტაქტი? თვითონ პრემიერი ხშირად ხვდება ხოლმე ჟურნალისტებს, ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და . .

_ ხვდება და რა მერე? დაამუნათებს, თითს დაუქნევს და მორჩა. ოდესმე ვინმეს აზრი გაითვალისწინეს? ხალხთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამათ სულ სამი-ოთხი დაქირავებული ჟურნალისტი ჰყავთ, ამდენივე «პიარშიკი» და მორჩა. ეს არის საზოგადოება?! გავიდნენ მოსახლეობაში და იკითხონ, რა ხდება, ოღონდ ისეთებთან, ვისგანაც მეტ კრიტიკას მოისმენენ.

_ კრიტიკაზე ივანიშვილმა თქვა, _ მინისტრებს გული სტკივათ და ღამეები არ სძინავთ ხოლმეო.

_ გული კი არა, რა ორგანოც გინდათ, ის სტკიოდეთ, ქართველი ხალხი ჰყავდეთ კარგად. ეს არის თავი-ბოლო ყველაფრის და ამას მიხედონ პირველ რიგში, ურჩევნიათ.

_ «საქართველო და მსოფლიოსთან» წინა ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ, თუკი 27 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგებოდა, საზოგადოებას, შესაძლოა, საპროტესტო აქციებისთვის მიემართა. დღეს რამდენად ხედავთ ამის შესაძლებლობას?

_ მე უკვე ყველაფერი ვილაპარაკე, ყველანაირად მივმართე ამ საზოგადოებას, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: არ უნდა არავის ხმის ამოღება. ყველას რაღაცნაირად სხვისი ჭირი ჰგონია ეგ ამბავი და საბოლოოდ რა გამოვა, იცით? _ ათი თუ ოცი კაცი ხომ ვსაუბრობთ მუდმივად, გამოვალთ ეს ოცი ადამიანი, ვიკივლებთ და მარტონი დავრჩებით მღაღადებელნი. ის კი არა, ხანდახან ვფიქრობ, ეგებ მე ვარ მხოლოდ პროტესტისთვის განწყობილი-მეთქი. ჰოდა, გავჩუმდებით ჩვენც, მორჩა, აღარ მინდა ამ უაზრობაში მონაწილეობა, თუ ყველა მშვიდადაა, მეც ვიქნები ჩემთვის.

_ თქვენ დასაწყისში კბილაშვილი ახსენეთ და როგორ აღიქვით მისი გადადგომა თანამდებობიდან? რას ნიშნავდა ეს?

_ მე ერთი რამ ვიცი მარტო და ამას ყველა ხედავდა _ ის ძალიან სუსტი იყო თავის ადგილას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი დანიშვნა მთავარ პროკურორად, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ახლა უფრო ძლიერ პროკურორს დანიშნავენ და თავისთავად ყველაფერი კარგად იქნება.

_ მოდით, მაშინ დავაკონკრეტოთ, რაში გამოიხატებოდა კბილაშვილის სისუსტე?

_ ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვერც ერთი გახმაურებული საქმის გახსნა ვერ მოხერხდა. დამნაშავეები დღემდე დაუსჯელნი დადიან, ხოლო ვინც პასუხისგებაში მიეცნენ, მათ მიმართაც ბრალდებები ხშირად უსუსური იყო. გარდა ამისა, პროკურატურამ ვერ შეძლო იმ ბარიერის გადალახვა, რასაც ის აწყდებოდა სასამართლო სისტემის მხრიდან სამართლიანობის აღდგენის პროცესში. მიზეზებზე მე ახლა ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ერთი კი პირდაპირ შემიძლია გითხრათ: კბილაშვილმა ვერ გამოიჩინა პრინციპულობა რიგ საკითხებში.

_ კონკრეტულად?

_ კონკრეტულად მას უნდა სცოდნოდა, ვინ დაეტოვებინა უწყებაში და ვინ _ არა. «ნაცმოძრაობას» ერთგული ძაღლივით ნამსახურები ზოგიერთი პროკურორისთვის ჭიტლაყი უნდა ამოერტყა და იქიდან გამოეგდო.

_ მერე ამას როგორ აღიქვამდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

_ და ხალხმა როგორ აღიქვა ის, რომ, ფაქტობრივად, უმოქმედოდ იყვნენ? ვერ გავიგე, ჩვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: ამერიკელები რას დაგიწერენ ანგარიშებში თუ საზოგადოებაში რა განწყობაა? აქ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზეა ლაპარაკი და, თუ დამნაშავე არ დაისაჯა, კანონი არ აღსრულდა, გამოვა რამე? ბოლოსდაბოლოს ეს პროკურატურა დედა ტერეზას სახლი ხომ არ არის?!

_ სასამართლომ ბაჩო ახალაიას უკვე რამდენიმე ბრალდება მოუხსნალაპარაკია მერაბიშვილის შესაძლო გამოშვებაზეც. რა მიიღო ამით ხელისუფლებამ, რა პოლიტიკური დივიდენდების საფასური იყო ეს, როგორ ფიქრობთ?

_ დივიდენდებსა და საფასურზე მე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ, წაქეზებაში თუ არ ჩამომართმევენ, მინდა მივმართო იმ ხალხს, რომლებმაც უშუალოდ საკუთარ თავზე გამოსცადეს «ნაციონალების» ცხრაწლიანი კოშმარი, რატომ სდუმან, ხმას რატომ არ იღებენ? სად არიან ის ვაჟკაცი ბიჭები, ციხეში რომ ჯოხებს უყრიდნენ და საშინელებებს უკეთებდნენ? ვერ გავიგე, რა ხდება, სხვის «პახმელიაზე» უნდათ გამოსვლა?! თვითონ რას შვრებიან, ნამუსი არ აქვთ?!

_ რა უნდა გააკეთონ მათ?

_ მე ვერავის ჭკუისდამრიგებლად ვერ დავდგები, ყველამ თვითონ უნდა იცოდეს, რა არის გასაკეთებელი და რა სჭირდება ქვეყანას. ის ნაწამები ხალხი ერთ მშვენიერ დღეს ხომ გადააწყდება სადმე თავის გამაუბედურებლებს, ან ქუჩაში, ან სუფრაზე და ამოჩიჩქნის თვალებს. აი, ამაზე უნდა იფიქროს ყველამ _ ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც, თორემ ხალხის არევას ბევრი არაფერი უნდა…

_ წინასაარჩევნო პერიოდში მარგველაშვილმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდებოდა. არჩევნებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, როგორ ფიქრობთ, დასრულდა კოაბიტაცია ან მიდის პროცესები  დასრულებისკენ?

_ საჯაროდ გთხოვთ, ცოტა ხანი მაცალეთ, თორემ ახლა თოფრაკებს პირი არ მინდა, რომ მოვუხსნა. ვნახოთ, რა იქნება, ვაკვირდები ჯერ და 17 ნოემბრამდე ხმას არ ვიღებ. ძველი «რენტგენოლოგები» ვართ ჩვენ, ნაბიჯის გადადგმა არ უნდა, მიხვრა-მოხვრაში ვატყობთ, ვინ რის გამკეთებელია. კოაბიტაციას რაც შეეხება, თუ უნდა მარგველაშვილს ამის დამთავრება, ნება თუ არსებობს, დაამთავრებს.

_ თუ არ არსებობს?

_ მაშინ უკვე ქართველი ხალხის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რამდენად ღირსეული საზოგადოება ვართ და რა შეგვიძლია, გამოჩნდება მერე. ჩვენ ამ კოაბიტაციას თუ შევეგუეთ, პირდაპირ ვამბობ, უღირსი ერი ვიქნებით, თავლაფდასხმული, სოროში შემძვრალი და სულში ჩაფურთხებული.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here