Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქართველოლოგია დაივიწყა?

მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქართველოლოგია დაივიწყა?

სასიკეთო გადაწყვეტილების მოლოდინში _ წინასაარჩევნო ციებცხელებაში, საზოგადოებამ სულიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ბევრი პრობლემა მიივიწყა, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე რეფორმა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხი. მათგან ერთერთი ჰუმანიტარული მიმართულების, კერძოდ, ქართველოლოგიურ მეცნიერებათა იგნორირებას ეხება.

 

აკადემიის დაარსებიდან ბოლო პერიოდამდე მეცნიერების ამ სფეროს ყოველთვის ჰყავდა კურატორი _ აკადემიის ვიცეპრეზიდენტი. იგი კოორდინაციას უწევდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით მომუშავე სტრუქტურებს. იცავდა მათ ინტერესებს, ზრუნავდა მათ პერსპექტივაზე. წარმოიქმნა ერთგვარი «ვაკუუმი~. მეცნიერთა აზრით, შეიქმნა აკადემიის ავტონომიის დარღვევისა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობაში ხელისუფლების არაკომპეტენტური, სუბიექტურ მოსაზრებებზე დაფუძნებული ჩარევის შესაძლებლობა.

ამ უხერხულ სიტუაციასთან დაკავშირებული საუბარი დაიწყო მეცნიერებათა აკადემიის ბოლო კრებაზე, რომელმაც ახალი პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი (ორივე ბუნებისმეტყველების სფეროდან) აირჩია. მაშინ საუბარი ამ თემაზე დამთავრდა დაპირებით, რომ პრობლემა გადაწყდებოდა მომდევნო კრებაზე, რომელსაც სამეცნიერო საზოგადოება უახლოეს დღეებში გამართავდა.

მეცნიერებათა აკადემიის მესვეურები, მაღალი რანგის სპეციალისტები, ჩინებული ორგანიზატორები და პატრიოტები არიან. იმედია, ისინი საჯაროდ დადებულ პირობას აღასრულებენ, მაგრამ ჰუმანიტარები შიშობენ, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ვერ გაუძლოს ზემოქმედებას და ვითარების განმუხტვა გაჭიანურდება.

ამ პუბლიკაციით, გვინდა, საზოგადოებას, მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, გნებავთ, პარლამენტში დარგის ბედ-იღბლის გადამწყვეტ ადამიანებს შევახსენოთ, რომ მსოფლიო გლობალიზაციის ეპოქაში ქართველოლოგიური მეცნიერებების სათანადო დაფასება-აღიარება მათი უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს. აქვე გთავაზობთ ამ საჭირბოროტო საკითხისადმი აკადემიის რამდენიმე წარმომადგენლის დამოკიდებულებას.

გურამ ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი:

_ მომავალს იმედიანად ვუყურებ, უკვე ჩანს, რომ აკადემიის ახალი ხელმძღვანელობა სხვა შემართებით მუშაობს. ვფიქრობ, მის საქმიანობაში სუსტი რგოლია ის, რომ აკადემიის პრეზიდიუმში ქართველოლოგია არ არის წარმოდგენილი ვიცეპრეზიდენტის სახით. ტრადიციულად, დაარსების დღიდან, საქვეყნოდ ცნობილი ქართველოლოგები _ სიმონ ჯანაშია, ანდრია აფაქიძე, ირაკლი აბაშიძე, გიორგი ჯიბლაძე იყვნენ ვიცეპრეზიდენტები. ამ ეტაპზე აკადემია იმდენად დატვირთულია, იმდენი საკითხია მოსაგვარებელი, რომ ერთი ვიცეპრეზიდენტი, ისიც არაჰუმანიტარი, ვერ გასწვდება ქართველოლოგიური დარგების ინტერესების დაკმაყოფილებას. დღეს, როგორც არასდროს, აკადემიას განსაკუთრებული ყურადღება მართებს ამ მიმართულების განსავითარებლად. პრობლემის მოგვარება კი ყველაზე კარგად შეუძლია ვიცეპრეზიდენტს. ამიტომაც საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესი (შეშფოთებაც) საყურადღებოა. მიმაჩნია, რომ სწორად მოიქცა ბატონი ელიზბარ ჯაველიძე, როცა აკადემიის საერთო კრებაზე მწვავედ ისაუბრა ჰუმანიტარი ვიცეპრეზიდენტის აუცილებლობაზე და კანდიდატურაც შემოგვთავაზა როინ მეტრეველის სახით.

ფართო საზოგადოებისთვის უცნობია ერთი დეტალი. მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სხდომაზე (რომლის აკადემიკოს-მდივანია ბატონი როინ მეტრეველი) განყოფილების სრულმა შემადგენლობამ _ ჩვიდმეტივე წევრმა _ როინ მეტრეველის კანდიდატურა აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. თამაზ გამყრელიძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, განყოფილების წევრებმა მიიჩნიეს, რომ მაშინ აკადემიის ახალი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ბატონი როინი. ეს არ იყო რაიმე გარიგება ან კულუარებში შეთანხმებული გადაწყვეტილება. ამგვარი განვითარება თვით როინ მეტრეველისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მან კატეგორიული უარი განაცხადა საკუთარ კანდიდატურაზე, რაც უაღრესად კეთილშობილური საქციელი იყო. თამაზ გამყრელიძესთან წლების მანძილზე თანამშრომლობამ, საქმიანმა და ადამიანურმა ურთიერთობებმა გადასძალა და კატეგორიულად უარყო ჩვენი წინადადება. ეჭვი არ მეპარება, ბატონი როინი მაშინ რომ დაგვთანხმებოდა, დღეს ის იქნებოდა აკადემიის პრეზიდენტი და ქართველოლოგიის პრობლემაც უმტკივნეულოდ გადაიჭრებოდა.

ქართველოლოგიური დარგების, გნებავთ, ეროვნული ისტორიოგრაფიისთვის, იოლი არ არის, შეეგუოს იმას, რომ ეროვნული(!) აკადემიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში არ იყოს წარმოდგენილი ქართველოლოგი, როგორც ამ დარგის კომპეტენტური კოორდინატორი და ქომაგი. ამ პოზიციას საჯაროდ დავაფიქსირებ საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებასაც ამ დღეებში ველოდებით. მსიამოვნებს, რომ აკადემიის ახალმა პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, თავადაც იზრუნოს ჰუმანიტარულ, ქართველოლოგიურ მეცნიერებებზე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ძალზე ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ მიმართულებას აუცილებლად უნდა ჰყავდეს კონკრეტული ხელმძღვანელი და რომ ეს საკითხი პირველსავე საერთო კრებაზე გადაწყდება. ვიცი, რომ ბატონი გიორგი კვესიტაძე სიტყვის კაცია, მაგრამ… ყველა გარემოების შენივთება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მხოლოდ აკადემიის საერთო კრება მიიღებს, რომელიც  კონიუნქტურული გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

ავთანდილ სილაგაძე, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი:

_ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი ვიცეპრეზიდენტი. აკადემიას ახლა თავისუფლად, ობიექტურად არჩეული ხელმძღვანელები ჰყავს და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. იმედია, ისინი ხელს შეუწყობენ, რაც შეიძლება სწრაფად ავირჩიოთ ვიცეპრეზიდენტი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კურატორი. ამით აღდგება სამართლიანობა _ ისტორიულად, ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ხომ ყოველთვის იყო ჰუმანიტარული, კერძოდ, ქართველოლოგიურ მეცნიერებათა წარმომადგენელი.

აკადემიის საერთო კრებამ ამ საკითხზე იმსჯელა. ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ მოითხოვა კაზუსის აღმოფხვრა, ასევე _ ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ, ბატონმა ტარიელ ჯაფარიძემ…

აკადემიის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პირველსავე საერთო კრებაზე განსახილველად გამოიტანს ამ საკითხს და წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურას. ჩვენ ახლა ველოდებით და ვითხოვთ დანაპირების აღსრულებას. ვფიქრობ, კრება უახლოეს დღეებში ჩატარდება. მე და ბევრ ჩემს კოლეგას მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და მომდევნო კრებაზე ფარული კენჭისყრით, ძალდაუტანებლად ავირჩევთ ღირსეულ ვიცეპრეზიდენტს. ეს იქნება ქართველოლოგიისადმი პრაქტიკული ზრუნვის გამოხატულებაც და იმ პრიორიტეტის აღიარებაც, რომლითაც უნდა ვიმუშაოთ პერმანენტული გლობალიზაციის ეპოქაში. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამაყობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბრწყინვალე წარმომადგენლებით. სწორედ ისინი, მსოფლიო მნიშვნელობის კორიფეები, მიიჩნევდნენ, რომ ქართველოლოგიური კვლევები უნდა ყოფილიყო არანაკლებ პრიორიტეტული მეცნიერების ეროვნული აკადემიის საქმიანობაში. ბატონი ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ბატონი ილია ვეკუა პრაქტიკულად, საქმით აღასრულებდნენ ამ პოზიციას. დარგის ჰუმანიტარი კურატორი, ვიცეპრეზიდენტი, წაადგება როგორც ამ მიმართულების, ისე მთელი ეროვნული აკადემიის პრესტიჟის ამაღლებას.

ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:

_ კანონი განსაზღვრავს, რომ მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ვიცეპრეზიდენტი, ამჟამად მხოლოდ ერთია. ჰუმანიტარების მოთხოვნა, რომ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყოს ჰუმანიტარი, ბუნებრივი და ლოგიკურია, მით უფრო, რომ აკადემიას ასეთი ტრადიცია ყოველთვის ჰქონდა. საერთო კრებაზე, რომელიც ზაფხულში გაიმართა, ერთმა ჯგუფმა დააყენა საკითხი, რომ ვიცეპრეზიდენტად არჩეული ყოფილიყო ბატონი როინ მეტრეველი, რომელიც ამჟამად არის აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. მის მხარდამჭერთა ჯგუფში მეც გახლდით, თუმცა, ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო, მაშინ ეს კენჭისყრა არ ჩატარდა. შემდეგ ბეჭდურ მედიაში ატყდა სრულიად გაუგებარი აჟიოტაჟი. დღემდე ეს საკითხი ღიაა. მიმაჩნია, რომ მეცნიერებათა აკადემიაში უნდა იყოს, სულ ცოტა, ორი ვიცეპრეზიდენტი და ერთ-ერთი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.

საინტერესო მომენტსაც გეტყვით, მეცნიერებათა აკადემიის წინა პრეზიდენტის არჩევნები რომ გაიმართა, ჩვენმა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა როინ მეტრეველი. ბატონი როინი საყოველთაოდ ცნობილი ისტორიკოსია, ღვაწლმოსილი, არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი. მაგრამ თვითონ ბატონმა როინმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და ყველას მოგვმართა, მხარი დაგვეჭირა თამაზ გამყრელიძისთვის. შემდეგ საერთო კრებაზე ეს საკითხი დააყენეს მარიამ ლორთქიფანიძემ, ოთარ ჯაფარიძემ, ავთანდილ სილაგაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ და მე, მაგრამ რატომღაც კენჭისყრა არ შედგა. თუმცა საერთო კრება უფლებამოსილი იყო, კეჭისყრა ჩაეტარებინა, რადგან იგი მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი ორგანოა. ამ პრობლემასთან დაკავშირებული საუბარი არ უნდა იყოს აღქმულ-დაკავშირებილი ამა თუ იმ პერსონასთან. ეროვნულ აკადემიაში ეროვნული პრობლემატიკის მიმართულებებს სჭირდება კომპეტენტური კურატორი, გამოცდილი ორგანიზატორი, ობიექტური კოორდინატორი, გულანთებული ქომაგი. ეს არის ამოსავალი წერტილი, ასეთი ადამიანები გვყავს და მათ შორის გამორჩეულს ავირჩევთ კიდეც.

ვახტანგ ლორთქიფანიძე,

ნუგზარ მუშკუდიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here