Home რუბრიკები საზოგადოება დავით ლილუაშვილი: გეტყვით, «ოცნებას» მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლა რატომაც აძლევს ხელს

დავით ლილუაშვილი: გეტყვით, «ოცნებას» მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლა რატომაც აძლევს ხელს

«რატომ უნდა ბიძინა ივანიშვილს ჩვენი შევიწროება და არა ჩვენთან თანამშრომლობა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს რატომ არ შეასრულა ის მრავალი დაპირება, რომელსაც გვაძლევდა საპარლამენტო არჩევნებამდე?» _ აი, კითხვა, რომელსაც პრემიერს პირველივე შესაძლებლობისას დაუსვამდა. რით გაანაწყენა ივანიშვილმა არასამთავრობოები, ჩატარდება თუ არა არჩევნების მეორე ტური და რატომ მფარველობს «ოცნება» ბაქრაძეს? «საქართველო და მსოფლიოს» არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის _ «ჩვენი უფლებებისთვის» თავჯდომარე დავით ლილუაშვილი ესაუბრა.

 

_ ბატონო დავით, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? და როგორ ფიქრობთ, რა შედეგები დაიდება არჩევნებზე, მარგველაშვილი გაიმარჯვებს?

_ იცით, წინა წლებთან შედარებით მეტ-ნაკლებად ლიბერალური და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოა, საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი შესაძლებლობების თავისუფლად დემონსტრირების საშუალება აქვთ, თუმცა, მაინც დამაფიქრებელი და სამწუხაროა შემდეგი გარემოება _ მმართველი კოალიციის ლიდერების რიტორიკა, აგრესიული ინტონაცია და შეურაცხმყოფელი განცხადებები საზოგადოების ცნობილი სახეებისა და ოპონენტების მიმართ.

წინასაარჩევნო პერიოდში დაცული უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატების უფლებები. ორიოდე დღის წინ, ერთის მხრივ, ძალიან დაუფიქრებელი და მეორე მხრივ, ძალიან სარკაზმული განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა, ვგულისხმობ, «ნათელაშვილი არის მასხარა», ხოლო «თარგამაძე _ მოღალატის ეტალონი». შევახსენებ, რომ ეს ორი ადამიანი არის პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი ფავორიტი გიორგი მარგველაშვილის კონკურენტები არიან. როცა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს ასეთ განცხადებებს, აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, შეურაცხყოფას რომ თავი დავანებოთ, არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს, ეს არასწორია.

ჩემთვის ასევე უცნაურია მისი განცხადება, რომ თუ არჩევნების პირველ ტურში მისი ფავორიტი მარგველაშვილი 60%- ვერ მიიღებს, აზრი არ აქვს მეორე ტურში მის მონაწილეობას. ეს განცხადება გაკეთებული იყო ძალიან იმპერატიულ ტონში, მკაცრი ინტონაციით და აღნიშნულს დაუკავშირა ასევე არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად, ის გარემოება, რომ სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა დავით ბაქრაძე. მხოლოდ ნათელმხილველს ან პოლიტიკურ ნათელმხილველს შეუძლია ასეთი განცხადებების კეთება. სხვათა შორის, მანამდე ორი თვით ადრე «ქართული ოცნების» სხვა ლიდერებმაც გააკეთეს ანალოგიური განცხადება და ამ განცხადებაში არა მარტო შეფასებითი თუ დასკვნითი ნაწილი იყო, არამედ თავისი სურვილი და განწყობა. შეგახსენებთ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის სასურველი იქნება, იხილოს მეორე ადგილზე ბაქრაძე და არა ბურჯანაძე. ვფიქრობ, წინმსწრები და ასეთი კატეგორიული განცხადებების კეთება ყოვლად დაუშვებელია და, თუ «ნაცმოძრაობა» თავის მკაცრ პოლიტიკას შესაბამისი ხისტი ფორმებით გამოხატავდა, ახლა ხდება ის, რომ რიტორიკაში არის ეს გამოხატული. დიახ, გამოხატულია მენტალური ფორმით და ასეთი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში არის არადემოკრატიული მენტალიტეტისა და ბუნების მაჩვენებელი.

_ აცხადებთ, ივანიშვილი არადემოკრატიულ განცხადებებს აკეთებსო, გამოდის, პრემიერს ევროპის გაოცება გაუჭირდება?..

_ დიახ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პრემიერმა ბრძანა, ამ საპრეზიდენტო არჩევნებით გავაოცებ ევროპასო… მინდა გითხრათ, გაოცებულები, ოღონდ არა იმ გაგებით, როგორც მან მოიაზრა, ვართ ჩვენ, არასამთავრობოები და უფლებადამცველები თავისი დამოკიდებულებით ჩვენდამი. იგივე ექსპერტებთან შეხვედრა გავიხსენოთ, ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გადაუარა, დაკითხვა მოუწყო მათ. ფორმა და დამოკიდებულება იყო ძალიან ცინიკური. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გადაუარა თქვენს კოლეგებს. ვფიქრობ, იმ შეხვედრამ ჟურნალისტები ბევრ რამეზე დააფიქრა, კერძოდ, თვითონ ახალი ხელისუფლების მცირედდემოკრატიულ ბუნებაზე და იმაზეც, რომ შეიძლება თურმე ხელისუფლების წარმომადგენელი მასმედიას ჰყავდეს ცენზორად. დიახ, გარკვეული მოჯირყვნა განახორციელა პრემიერმა ჟურნალისტების. და აქ არის გარკვეული შეფარული პოლიტიკა, რას შეიძლება ველოდოთ მომავალში, თუ ეს ტენდენცია და ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდა «ოცნების» წარმომადგენლების მხრიდან.

«ოცნების» წარმომადგენლებზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ პრემიერი, როგორც თავად აცხადებს, გადადის სამოქალაქო საზოგადოებაში, ანუ ჩვენთან გადმოდის. აი, ამ განცხადებასთანაც ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა განაცხდა, მე გადავდივარ სამოქალაქო საზოგადოებაში, ბევრი ამით შევიწროვდება და მეყოლება ათკაციანი ჯგუფიო. ალბათ, აქ მოიაზრება სწორედ ის, რასაც ჰქვია «შუის გაკრეფვის» პრინციპი, რაც, სხვათა შორის, წარმატებით განახორციელა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ჩანს, იგივეს გვიპირებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ის, რის განხორციელებასაც აპირებს ჩვენს მიმართ, არის კიდევ მეორე არგუმენტი იმისა, რომ ეს კაცი ძალის დემონსტრაციაზე არის გადასული. მინდა ვუთხრა პრემიერს, რომ, თუ გაგრძელდება, აი, ასეთი ტენდენციები და ასეთი დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ახორციელებდა ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმთან და საკმაოდ უკომპრომისოდ და თავგანწირულად, კარგს ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ, კარგა ხანია, გამოგვიმუშავდა იმუნიტეტი არასასიამოვნო მოვლენების მიმართ. მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ დონემდე არ მივა ხელისუფლება და, თუ სურთ, რომ სწორება ჰქონდეთ ევროპულ, დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე, ჩვენს განცხადებებს და რეკომენდაციებს შეისმენენ. სხვათა შორის, წინა, სააკაშვილის მახინჯი მმართველობა ივანიშვილისა და ხაზგასმით ვიტყვი, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად დამთავრდა. დიახ, ქართველი ხალხის და არა მხოლოდ ივანიშვილის ბრძოლის შედეგად, მარტო კაცი ამას ვერ მოახერხებდა.

_ და რატომ ჰგონია ივანიშვილს, რომ მისი გადასაწყვეტია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვებაგაფართოება? რას გერჩით?

_ გინდა თუ არა სამოქალაქო საზოგადოება უნდა შევიწროვდესო და რატომ უნდა შევვიწროვდეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე ან აკადემიური ფორმატით, ან აქტიურად დაპირისპირებული ფორმებით ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და არაფერი ცუდი არ იყო იმაში, რომ ჩვენ ხალხთან ერთად ვიდექით სხვადასხვა აქციებზე, გაუგებარია. და ჩვენ ყოველივე ამისთვის ჯილდოდ უნდა გვერგოს, აი, ასეთი დამოკიდებულება? მე, მის ადგილას პირიქით კონსტრუქციულ განცხადებებს გავაკეთებდი, თანამშრომლობის ხელს გავუწვდიდი სამოქალაქო საზოგადოებას, დიახ, შევიწროვებაზე კი არა, პარტნიორობაზე ვისაუბრებდი. აი, კიდევ ერთი უარყოფითი დამოკიდებულება პრემიერისა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ. ჩვენთან «შუის გაკრეფვა» ვერ მოხდება, ვერც გვერდზე გაგვწევს ვინმე, რადგან მრავალი წელია ჩვენ საქმეს პირნათლად ვაკეთებთ. ჩვენ სააკაშვილის 9-წლიანმა სისხლიანმა მმართველობამ ვერ გაგვკრიფა და მინდა დარწმუნებით ვუთხრა ივანიშვილს, რომ მისი სამოქალაქო საზოგადოებაში გადმობრძანებაც ვერაფერს დაგვაკლებს.

სხვათა შორის, სულ არ მინდა დავაკნინო მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, მისი ფავორიტი გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ მოდით, გავაკეთოთ ანალიზი მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე და ვაღიაროთ, რომ პიროვნებას არ აქვს პოლიტიკური ბექგრაუნდი, საერთაშორისო ურთიერთობებში არანაირი გამოცდილება და ა.შ. ასევე მოდით, გავიხსენოთ მარგველაშვილის ლოიალური და მოზომილი განცხადებები, «მე არასდროს შევეწინააღმდეგები ჩემს გუნდს», «არავითარი დაპირისპირება არ იქნება ჩვენ შორის». აქედან ჩანს, რომ ივანიშვილმა შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატად ის პიროვნება, რომლის მართვაც ადვილად შეიძლება. ვვარაუდობ, რომ მომავალი პრემიერიც ასეთი გვეყოლება. და ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებაში იქნება, თბილისში _ შუშებიან სასახლეში, თუ ჭორვილაში, არავითარი აზრი არ აქვს, ის მართლა ადვილად გააკონტროლებს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს _ ყველაფერი მაინც დაკავშირებულია თვითონ კენჭისყრის პროცედურებთან და, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის კეთილ ნებასთან. ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედების თუ ზეწოლის მექანიზმები ცალსახად გამოიყენა პრემიერმა. მისი განცხადება, მისი რიტორიკა და არჩევნების მეორე ტურში მარგველაშვილის მონაწილეობის დაუშვებლობა აიხსნება იმით, რომ იგი შანტაჟის ენით ელაპარაკება, თუნდაც თავის ამომრჩევლებს, «ოცნების» მხარდამჭერებს.

_ ფიქრობთ, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ?

_ ვფიქრობ, არჩევნების მეორე ტურს ვერ ავცდებით. რატომ? იმიტომ, რომ მრავალსუბიექტიანი არჩევნებია, მეტ-ნაკლებად ყველა კანდიდატს თავისი ტრადიციულად ერთგული ელექტორატი ჰყავს და 51% ვერ აცდა მარგველაშვილის პროცენტული მაჩვენებელი (სხვადასხვა გამოკითხვებით). საზოგადოებაში არსებული განწყობა არც თუ ისე დადებითია იმ პიროვნების მიმართ, რომელიც დიდი პოპულარობით და სიყვარულით არ სარგებლობდა ხალხში მანამდე, სანამ ბატონმა ივანიშვილმა დაასახელა. რაც შეეხება მეორე ადგილს, ძალიან ხშირად ლაპარაკობს «ოცნება», რომ ეს არის ბაქრაძე, არასამთავრობოები და ექსპერტები კი ამბობენ, რომ შესაძლებელია ეს იყოს ბურჯანაძე. ვფიქრობ, ცოცხების, ჯალათებისა და მკვლელების პარტიის ლიდერმა რომ აიღოს მეორე ადგილი, ეს იქნება ერის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, აქ რჩება ბურჯანაძეს რეალური შესაძლებლობები, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ ჩაივლის კენჭისყრის პროცედურები. თუმცა პირდაპირ გეტყვით ერთ რამეს: «ოცნებას» აწყობს მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლა, და იცით, რატომ? ამით აიხსნება ის, რომ თურმე სწორი გადაწყვეტილება ყოფილა კოაბიტაციის პროცესის დაწყება, მართლები იყვნენ თავიანთ რიტორიკაში, როცა აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ძირითადი ოპოზიციური ძალა არის «ნაცმოძრაობა», რომ «ნაცმოძრაობაში» არიან ჭკვიანი და ღირსეული სახეები, ინტელექტუალები და საჭიროა მათი შესაძლებლობების გამოყენება.

_ დაბოლოს, რა კითხვას დაუსვამდით ივანიშვილს? პრემიერი არასამთავრობოებთან შეხვედრასაც აპირებს

_ რატომ უნდა ბიძინა ივანიშვილს ჩვენი შევიწროება და არა ჩვენთან თანამშრომლობა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს რატომ არ შეასრულა ის მრავალი დაპირება, რომელთაც გვაძლევდა საპარლამენტო არჩევნებდე? და ჩვენი თანამშრომლობის ან შესაძლო პარტნიორობის შემთხვევაში (უკვე როგორც არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა სუბიექტს შორის) გატეხავს თუ არა სხვადასხვა საკითხზე მოცემულ პირობას ისე, როგორც გატეხა ხელისუფლებაში ყოფნის დროს?!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. რა სისულელეებს,წერთ,?ლილუაშვილო საიდან ფინანსდები ,გრანტებს ვინ გაძლევდა და ვის აძლევდი.ხმას?მე ბურჯანაძეს დავუჭერ მხარს,მაგრამ ივანიშვილმა სრული სიმართლე თქვა ჰალსტუკია ხვლიკზე და ბაზრის პოლიტიკანზე შალიკოზე,რომლებსაც სულ ფეხებზე ეკიდათ ხალხი ,მხოლოდ ფულზე ყიდიდნენ ყველაფერს,ეს ახალია შენთვის ლილუაშვილოოოოოო????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here