Home რუბრიკები საზოგადოება გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას

ძვირფასო რედაქციავ, თქვენი გაზეთის #239 ნომერში (18 ოქტომბერი) გამოქვეყნდა ზურაბ ბიგვავას წერილი, რომელმაც ამაღელვა. ზუსტად ასეთი არაადამიანური მეთოდებით აირჩიეს ფოთში «ქართული ოცნების» თავმჯდომარე. მარტვილში დამარცხდა «ქართული ოცნების» კანდიდატი. ჩვენ კი ფოთში მოვიგეთ და აი, სწორედ მოგებული გაერთიანებული შტაბის უფროსი და ყველა დამფუძნებელი «ქართული ოცნებისა» ჩაგვრეცხეს. ყველაფერს, რაც მოხდა, ხომ ვერ დავწერთ, _ ასე უმსგავსოდ და არაადამიანურად მოგვექცნენ საგანელიძე და მისი დამქაშები-თქო. ყველგან უნდა ვამხილოთ ისინი, რათა დროულად მოხდეს მათი მოშორება.

დიდი მადლიერი ვართ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციის ყველა თანამშრომლის. თქვენი შრომა ფასდაუდებელია. ყოველ ოთხშაბათს ველით თქვენი გაზეთის გამოსვლას და სიხარულით ვეცნობით მის გვერდებზე დასტამბულ წერილებს. გწერთ ამ წერილს აფხაზეთიდან დევნილი, რომელსაც, მრავალი წელია, არ აუღია კალამი წერილის დასაწერად.

ბორის ნადარაია

ბატონო პრემიერო, ის შლამი, რომელიც შეათრიეთ პარლამენტში, უმორჩილესად გთხოვთ, თან გაიყოლოთ

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო პრემიერო, თქვენი გამოჩენით პოლიტიკურ ასპარეზზე საერო საქმე გააკეთეთ. ეს ითქვა და კვლავაც ბევრჯერ იტყვიან. თქვენ ოჯახიც განწირული გყავდათ, როცა შეებრძოლეთ ამ ურჩხულს და ქვეყნის დამაქცევარს. თქვენ მოგვეცით იმედი, დავრაზმულიყავით თქვენ გარშემო და განგვეხორციელებინა ის გეგმა, რომელიც შემოგვთავაზეთ საზოგადოებას. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალ-ღონე არ დაგვიზოგავს დასახული გეგმის მისაღწევად.

პირველი ყრილობა, რომელიც შედგა საგამოფენო დარბაზის #11 პავილიონში, იყო იმედის მომცემი და ჩვენც მეორე დღესვე შევუდექით მუშაობას. გავედით ხალხში. რა თქმა უნდა, შეგვხვდა დიდი წინააღმდეგობა _ ლანძღვა, გინება, ფურთხი, ქვის სროლა, ათასგვარ ხერხს იყენებდნენ ჩვენ წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ შევუშინდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რადგან ჩვენ უკან იმედად გვედექით თქვენ. 1 ოქტომბერმა კი საღად მოაზროვნე საზოგადოებას ამცნო ურჩხულის დამარცხება, ამიტომ ხალხი გლოცავდათ თქვენ და თქვენს ოჯახს სანთლით ხელში. მაშინ რა ვიცოდით, საბოლოო გამარჯვებამდე თუ დიდი ბრძოლა გვედო წინ.

სამეგრელოში თქვენმა კანდიდატებმა ყველგან წააგეს, ფოთის გარდა. ფოთში კი არჩევნების მერე მოხდა ის, რისთვისაც ვებრძოდით წინა ხელისუფლებას _ ხალხის აბუჩად აგდება, შრომის დაუფასებლობა და ყოველივე ის, რაც მიუღებელია დემოკრატიული მშენებლობისთვის. არჩევნების შემდეგ ჩვენ, დამფუძნებლები (19 კაცი), ახლოს არ გაგვიკარეს. სამაგიეროდ გვერდით დაიყენეს ნავიდან ნავში გადახტომის სპეციალისტები. ჩვენ კი აღმოვჩნდით ჩარეცხილები.

ფოთში მერის თანამდებობა გახდა ვაკანტური. ყოფილმა მერმა მოინდომა დეპუტატობა, კენჭი იყარა სხვა რაიონში და გახდა «ნაციონალების» დეპუტატი. ვინ არ უმიზნებდა ამ ადგილს, მარა საზოგადოებამ არ დათმო და მერად აირჩიეს «ქართული ოცნების» კანდიდატი. ამ ვაკანტურ ადგილზე პარტიის ლიდერმა საგანელიძემ გამოგზავნა თავისი კაცი. «ახალი მემარჯვენეების» ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მიიღო საზოგადოებამ და დეპუტატმა და აირჩიეს, როგორც მოგახსენეთ, «ქართული ოცნების» კანდიდატი.

ამან გაანაწყენა საგანელიძის კანდიდატი და საყვედური შეჰბედა თავის ყოფილ შეფს. რატომ ჩამომიყვანეთ, რატომ მომწყვიტეთ ჩემს სამსახურსო. მას დაჰპირდნენ «ქართული ოცნების» ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. ამ ინფორმაციამ გამოჟონა და, რა თქმა უნდა, გამოვთქვით გულისწყრომა. პირადად მე, თქვენმა მონამორჩილმა ვთქვი, რომ ჩვენს გაწყობილ სუფრაზე სხვას არ ვათამადებდით, რადგან გუნდში საკმაოდ გვყავდნენ მოთამადეები. მაგრამ ვინ მოგვისმინა! კიდევ უფრო ღრმად შეტოპეს და ანკეტები, რომლებიც შევსებული იყო პარტიაში გასაწევრიანებლად, აორთქლდა თუ გადამალეს, არ ვიცით. ხელახლა დაიწყეს პარტიაში გაწევრიანება და «ნაცებით», «მემარჯვენეებითა» და «ფორუმელებით» გაავსეს იგი. თავმჯდომარეობის კანდიდატმა და მაჟორიტარი დეპუტატის შტაბის უფროსმა დაიწყეს სიის შედგენა, თუ ვინ მოეწვიათ კონფერენციაზე და დადეს სია, რომელშიც მთლიანად მათი სასურველი ხალხი ჩაწერეს. ხოლო კაცი, რომლის თავმჯდომარეობითაც მოგებულ იქნა არჩევნები, რატომღაც არჩევნების შემდეგ მიუღებელი გახდა მათთვის. ერთ-ერთ წინა საკონფერენციო მეცადინეობაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ჩვენ არ გვინდა ქალაქს დავუკარგოთ ექიმიო. ის რომ ექიმად სჭირდებოდა ქალაქს, არავის გახსენებია, როცა მის ოჯახს ატერორებდნენ, ბავშვებს უშინებდნენ, სამსახურიდანაც რომ დაითხოვეს (თავმჯდომარეობა ვისაც ეკუთვნოდა, იყო კოალიციის შტაბის უფროსი, ექიმი კარდიოლოგი ფრიდონ კვარაცხელია).

12 თებერვალს ჩატარდა კონფერენცია. მას დამფუძნებელი 19 კაციდან ესწრებოდა მხოლოდ 5. ისიც მე და მიქაძეს ბიულეტენი დღის 2 საათზე მოგვცეს, ისიც შემთხვევით, კონფერენცია კი იწყებოდა 3 საათზე. ასე არალეგიტიმურად და არადემოკრატიულად ჩატარდა კონფერენცია, 124 კაციდან 120 იყო ერთის მომხრე, წინააღმდეგი _ 4. მეორე კანდიდატი საერთოდ არ განხილულა. დეპუტატი იძახდა, სხვა რაიონების მსგავსად მე ფოთში არ დავუშვებ ხმაურიან კონფერენციასო. ზემოდან საგანელიძე და კობახიძე გვმოძღვრავდნენ, ჩვენ გავაგზავნით კანდიდატს, არ მიიღებენ და მეორე კვირას გავუგზავნით მეორე კანდიდატსო. როცა დამთავრდა ყოველივე, ჩვენ რეგიონების საქმეებში არ ჩავრეულვართო, განაცხადეს. აი, ასე დაიწერა ეს სცენარი და დაიდგა სპექტაკლი, რომლის დამდგმელი რეჟისორი, რა თქმა უნდა, დეპუტატი იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის დეპუტატის _ მან ხათრი ვერ გაუტეხა თავის კოლეგას, სამაგიეროდ დაარღვია ჩვენი უფლებები. ხომ მაგარი დემოკრატიაა, ღმერთმანი?! ასეთი დემოკრატიით ნაღდად გავაკვირვებთ ევროპას. კაცი, რომელიც 5 წელი გასული იყო ქვეყნიდან, ამ არჩევნებში «ქართული ოცნების» სასარგებლოდ ფიჩხიც არ გადაუტრიალებია, უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე იმიტომ, რომ ის საგანელიძის ყოფილი პარტიელია და მეგობარი?! აი, ასეთი პარტიელები და მეგობრები შეასია საგანელიძემ მარტვილს, ხონს, აბაშას, სენაკს და ბევრ სხვა ქალაქსა თუ რაიონს. ახლა გამოდის და იძახის, უსამართლობას ვებრძოდიო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგანელიძეს არჩევნების შემდეგ გადააყენებენო. რას ვუცდით არჩევნებს?! თუ გვინდა, მარგველაშვილმა მოიგოს პირველივე ტურში, სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ საგანელიძე და მის მიერ დანიშნული მერები, გამგებლები თუ თავმჯდომარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი მარგველაშვილს ხმას არ მისცემს. პირადად მე, თუ არ იქნა ცვლილება, დამფუძნებელი პარტიის ხმის მიმცემი არ ვარ და არც ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც საკმაოდ არიან ფოთშიც და მთელ სამეგრელოში.

ბატონო პრემიერო, ბოლო დროს ძალიან ამაღელვებელი გახდა თქვენი პოლიტიკიდან წასვლის საკითხი: ხალხმა თქვენ მოგცათ ხმა და არა იმ დეპუტატებს, რომლებიც გყავთ პარლამენტში. თქვენ რომ არა, ისინი დეპუტატობას სიზმარშიც ვერ ნახავდნენ. ახლა რა გამოდის _ ჩვენი ხმები იგნორირებულია? თქვენ არ გაქვთ ამის უფლება. რადგან მოგეცით ხმა, 4 წელი უნდა გვემსახუროთ. არ იშლით? ჩაატარეთ არჩევნები და კი, ბატონო, ხალხი გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. თქვენ იმდენი დაპირება დაარიგეთ არჩევნებამდე, მისი 10%-ც არაა შესრულებული და მაინც მიდიხართ. დანაპირები ვერ შეასრულეთ, მაგრამ იქნებ თხოვნა შეგვისრულოთ _ ის შლამი, რომელიც შეათრიეთ პარლამენტში, უმორჩილესად გთხოვთ, თან გაიყოლოთ.

აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცეს შემდეგში და, თუ სამართლიანობაა, რიგითი მოქალაქით დაწყებული, მაღალი თანამდებობის პირით დამთავრებული _ ყველამ პასუხი უნდა აგოს.

დიდი პატივისცემით, აქამდე იმედით მოსული, ახლა უიმედობაში გადავარდნილი აფხაზეთიდან დევნილი, მრავალ ტანჯვაწამებაგამოვლილი

ბორის ნადარაია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here