ჩერქეზთა გენოციდის თემამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან წამოიწია _ ხან მიჩუმდებოდა, ხან გააქტიურდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა აირჩია, აქტიურად დაიწყო ამ თემის გამოყენება და მისით სპეკულირება და, რაც მნიშვნელოვანია, ეს არ იყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სურვილით გადადგმული ნაბიჯი.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის მაისში ჩერქეზთა გენოციდის აღიარებიდან მცირე დრო გავიდა და პირველმა რეაქციებმაც გადაიარა, მაგრამ კითხვები _ რას მოუტანს კავკასიას ჩვენი, ქართველების, ეს ნაბიჯი _ ეს აღიარება? შეიცვლება თუ არა დამოკიდებულებები და მიდგომები თუ საქართველოს მიერ წარმოებული კავკასიური პოლიტიკა უბრალო სიმბოლურობის ფარგლებს ვერ გასცდება? ზოგადად, რეგიონში რა პროცესებს უნდა ველოდოთ? _ კვლავაც დისკუსიის საგანია. უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს, გარკვეულწილად, სარისკო ნაბიჯი იყო, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება რისკფაქტორები, ამის დაზუსტებით თქმა მაინც საკმაოდ რთულია. შესაბამისად, პროგნოზებიც საფრთხილოა, ვინაიდან საქმე ჩვენი რთული რეგიონისთვის სათუთ თემას ეხება. თანაც, მიუხედავად ნალჩიკში დემონსტრაციაზე გამოჩენილი თითო-ოროლა ქართული დროშისა, ჩერქეზებს რაიმე მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო BETSY’S HOTEL–ის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ «ისტორიული მემკვიდრეობა» ჩერქეზების გენოციდის აღიარების მიზანსა და შედეგებს სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია მიუძღვნა. კონფრენციის მონაწილეებმა მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვარაუდი გამოთქვეს, მაგრამ ხაზგასმით ითქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის წამგებიანი პოლიტიკური სვლაა, რომლისგანაც მივიღეთ კიდეც ახალი «სიურპრიზები» _ თავსატეხი და თავშისაცემი საკმაოდ დაგვიგროვდა.
კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრების წინაშე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოხსენებებით წარსდგნენ. კონფერენციას უძღვებოდა ღონისძიების ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე.
ტარიელ გაგნიძე:
«ჩერქეზების გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 20 მაისს მიიღო. ძალიან ხელოვნურობის ელფერი კი დაჰკრავდა თავიდან ამ ყველაფერს, ხოლო, როცა ამის შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა, ახლებურად დავინახეთ ე. წ. ჩერქეზული გენოციდი, მიმდინარე პროცესები და ისიც, თუ რა იდგა რეალურად ამ საკითხის უკან.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ თემის წამოწევის მიზანია აგრესიული ისლამისთვის იდეოლოგიური საფუძვლის შექმნა, რათა შემდგომში განახორციელონ ექსპანსია რუსეთის ფედერაციის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც არ არის ჩრდილოკავკასიური ეროვნულ–სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები; მაგალითად, ჩეჩნეთის ან დაღესტნის რესპუბლიკების მსგავსი. ასევე, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, უკავშირდება იმ გლობალურ პროექტს, რომელიც «ანაკონდას მარყუჟის» ან «დაძაბულობის რკალის» სახელითაა ცნობილი მსოფლიო გეოპოლიტიკაში და გულისხმობს რუსეთის ფედერაციის სამხრეთი და დასავლეთი საზღვრების გასწვრივ მუდმივი დაძაბულობის კერების შექმნას და მათით მანიპულირებას.
აქვე ერთი რამ მინდა ვთქვა: როდესაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ამ ავანტიურაში აბამდა საქართველოს, არ ვიცი, შეგნებულად, არ ვიცი, გაუცნობიერებლად, ისინი აბსოლუტურად არ ითვალისწინებდნენ შესაძლო შედეგებს. გავიხსენოთ თუნდაც ის ავადსახსენებელი პერიოდი საქართველოს წარსულიდან, რომელიც ლეკიანობის სახელითაა ცნობილი და რომელიც გამოწვეული იყო ჩრდილოკავკასიელი ტომების გამუდმებული თარეშით საქართველოში საუკუნეების განმავლობაში, რამაც ქვეყნის აბსოლუტური გაპარტახება გამოიწვია _ ეს ერთი და მეორეც: გადავავლოთ თვალი იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდა «არაბული გაზაფხულის» ქვეყნებში, რა ბედი ეწიათ იქ მოსახლე ქრისტიანებს, კერძოდ, მართლმადიდებლებს, და იქ არსებულ ქრისტიანულ სიწმინდეებს _ როგორ ამოწყვიტეს ადამიანები და დაანგრიეს ყველაფერი. რადიკალური ისლამისტები არ ცნობენ სახელმწიფოთა საზღვრებს და აცხადებენ, რომ ყველა მუსლიმანის დამცველები არიან. აქედან გამომდინარე, მათ ეძლევათ იდეოლოგიური საფუძველი, რომ თქვან, თითქოს რუსეთმა გენოციდი მოუწყო მათ ძმებს და ამიტომ უნდა გადაუხადონ სამაგიერო.
რაც შეეხება კონფერენციის მიზანს, ჩვენ გვინდა, კარგად გავიაზროთ და გავაანალიზოთ საქართველოს როლი აღნიშნულ პროცესში და, თუკი ასე გაგრძელდება, რა ბედი ელის ჩვენს ქვეყანას.
ამ გადასახედიდან საქართველოს აღნიშნული პროცესებიდან სახარბიელო არაფერი ელოდება. 2011 წელს ჩერქეზების გენოციდის აღიარებით მაშინდელმა მთავრობამ საქართველო ძალიან ცუდ პროცესებში ჩართო.
დღევანდელი კონფერენცია არის მცდელობა, ახლებურად გავაანალიზოთ არსებული ვითარება და საქართველოს როლი ზემოაღნიშნულ პროცესებში».
ვალერიან დოლიძე,
თსუ–ს პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:
«სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლა დაიწყო. ჩერქეზების გენოციდის აღიარებაც ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. გახსოვთ, ალბათ, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც კავკასიელ ხალხებთან ითანამშრომლებდა. მათ რამდენიმეჯერ მიმართეს ჩრდილოკავკასიელი ერების პარლამენტებს ურთიერთთანამშრომლობის თხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ამის შემდეგ აშშ-ში კონფერენციების გამართვა დაიწყო, საქართველოს პარლამენტს გარკვეულმა ჯგუფებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით მიმართეს და ა. შ. თუმცა აღნიშნულ აღიარებას ჩერქეზების მხრიდან ერთმნიშვნელოვანი რეაგირება არ მოჰყოლია _ ზოგი თვლიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება კარგი იყო, ზოგს იგი მხოლოდ პოპულისტურ გადაწყვეტილებად მიაჩნია, ზოგმა კი საქართველოს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგანაც ქართველები იმ დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდნენ.
ის, რაც ჩერქეზ ხალხს თავს დაატყდა, ნამდვილად ტრაგედია იყო, მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ არა მას გენოციდი ვუწოდოთ. საამისოდ ჯერ აღნიშნული საკითხის დეტალურად შესწავლა უნდა მოხდეს. ეს ადვილი დასამტკიცებელი არ არის. გენოციდი არის იურიდიული ტერმინი, ეს არის დანაშაული. კონკრეტული ქმედება რომ დაკვალიფიცირდეს, როგორც გენოციდი, მას კვალიფიციური იურისტების უდიდესი მუშაობა სჭირდება. ჩერქეზების გენოციდის აღიარებას დეისტორიზაციასა და ისტორიის გათანამედროვებას ვუწოდებდი, რაც არასწორია. საქართველოს პარლამენტს არ ჰქონდა უფლება, პირდაპირ დაეკვალიფიცირებინა ჩერქეზების საკითხი. უტყუარი მონაცემები და მტკიცებულებები ჩერქეზი ხალხის გენოციდზე რეალურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ამ აღიარების უკან იმალებოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური მიზნები, კერძოდ, აღიარება გათვლილი იყო იმაზე, რომ გაძლიერებულიყო ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა».
ირაკლი უბილავა, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის თავმჯდომარე:
«ბევრი ისტორიული წყარო არსებობს იმის თაობაზე, რომ ჩერქეზები წარმოადგენდნენ ჩვენი ისტორიული მტრების, ოსმალების, მთავარ დასაყრდენს კავკასიაში. ერთ-ერთი თურქი ისტორიკოსი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თურქებს სჭირდებოდათ ჩერქეზები დასაყრდენად და მათ მეომრებით ამარაგებდნენ. სწორედ ჩერქეზების დახმარებით თურქეთი ქმნიდა ბუფერს რუსეთის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ოსმალეთი დასუსტებულიყო, რუსეთი იძულებული გახდა, მისთვის გეოპოლიტიკური დასაყრდენი მოეშალა, წმინდა რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ნებისმიერი იმპერია ამას გააკეთებდა. შესაძლოა, ეს არაჰუმანური იყო რუსეთის მხრიდან, მაგრამ, რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ადეკვატურ რეაქციას წარმოადგენდა. რაც შეეხება პრობლემის ქართული კუთხით შეხედვას, საქართველოსთვის, ცხადია, მომგებიანი იყო ოსმალეთის იმპერიის დასუსტება, ეს მართლმადიდებლური იმპერიების აღმასვლის მაჩვენებელი იყო, რაც ხელს შეუწყობდა კავკასიის რეგიონში მაშინდელი მართლმადიდებელი ხალხების ერთიან კულტურულ სივრცეში მოქცევას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას და შემდგომში იმ ღირებულებებზე დაყრდნობით ერის და ნაციის ჩამოყალიბებას, რაც მოხდა კიდეც.
დღეს კი ამ კუთხით მუშაობს სხვადასხვა ინტელექტუალური ცენტრი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სტრატეგიას ამუშავებენ. საქართველოს მიერ გენოციდის აღიარება სწორედ ამ ინტელექტუალური ცენტრების მიერ იყო «ზემოდან» ნაკარნახევი და იგი რუსეთის დაშლას ემსახურებოდა. როდესაც ამაზეა საუბარი, ჩვენ გვავიწყდება ირანი, რომელიც მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და დადგა დრო, ვიმსჯელოთ ამ დადგენილების დენონსაციაზე».
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი:
«ჩერქეზული საკითხის ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი ბოლო დროს ძალიან «მოდაშია» _ ერეკლე მეორის დადანაშაულება, რომ არჩევანი ევროპის მიმართულებით კი არა, რუსეთისკენ გააკეთა. მოდით, გავიხსენოთ, რა ხდებოდა ევროპაში: ევროპის მთავარ სახელმწიფოებში ყველა მონარქი ან ჩამოახრჩეს, ან თავი მოაჭრეს, ან გააძევეს და ა.შ. ხომ არ გვავიწყდება, რომ ერეკლე მეფე არ იყო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი _ რომ ის იყო მონარქი და არ წავიდოდა იქით, სადაც მონარქებს ასეთ მდგომარეობაში აგდებდნენ.
გადავხედოთ ისტორიის ქრონოლოგიას: თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტერმინი «გენოციდი» შეიძლება გადავიტანოთ წარსულში თუნდაც ფიგურალურად და გამოვიყენოთ ის, როგორც მომხდარის აღწერილობა, მაშინ მე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს.
მოდი, ვნახოთ, რა მოხდა ამერიკელი ინდიელების შემთხვევაში და იყენებენ თუ არა თავად ამერიკული ფონდები ამ შემთხვევაში ტერმინ «გენოციდს». ევროპელი კოლონიზატორების მიერ 15 მილიონამდე ინდიელია განადგურებული და ამ ფაქტს ამერიკელი მკვლევარები და ანალიტიკოსები «დემოგრაფიულ კატასტროფას» უწოდებენ. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც დღეს განვითარებული ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები ჭკუას არიგებენ ჩვენნაირ ქვეყნებს, რომ ქსენოფობია ცუდია, ჰომოფობია ცუდია, ტოლერანტული უნდა იყო და ა. შ. მაშინ, როდესაც მთელ მათ ისტორიას ოდნავ თითი რომ დააჭირო, სისხლი გამოჟონავს.
დავუბრუნდეთ თანამედროვეობას და ვნახოთ, სად გაჩნდა პირველად ოფიციალურ დონეზე განცხადებები ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე _ ეს არის 1992 წელს ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი საბჭოსა და 1994 წელს ადიღეის პარლამენტის მიერ გამოყენებული ტერმინი, როდესაც ისინი აფიქსირებდნენ ჩერქეზი ხალხის მასობრივ განდევნას ტერიტორიიდან, მაგრამ აქვე არის ერთი სერიოზული მომენტი, რომელიც მიგვანიშნებს, თუ სად არის ჩვენთვის «შენელებული მოქმედების ნაღმი», რადგან ამავე წყაროებში ნახსენებია, რომ, გარდა ჩერქეზებისა, საუბარია მონათესავე ხალხებზე _ აფხაზებსა და სხვებზე. აფხაზების აღნიშნულ გენოციდზე მიბმა სრულიად არ არის შემთხვევითი, თუ გავიხსენებთ იმ განცხადებასაც, რომ ქართველებმა აფხაზებისა და ოსების გენოციდი მოაწყვეს, ჩვენ მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ავტომატურად დღის წესრიგში აყენებს აფხაზებისა და ოსების გენოციდის საკითხს. მაინტერესებს, როგორ უნდა აღვიქვათ ეს, რომ ქართველები არ იყურებიან დოკუმენტებში, როგორც ეს მოხდა დსთ-დან გასვლის შემთხვევაში, თუ შეგნებულად გაკეთდა?! თუ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა ამ დოკუმენტების თაობაზე, მაშინ გამოდის, რომ მათ შეგნებულად მიაყენეს დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
სამწუხაროდ, კოლონიზაციის მცდელობები თანამედროვე მსოფლიოში დღესაც ხდება, ოღონდ ამას აღარ ჰქვია კოლონია და მეტროპოლია, ამას ჰქვია დემოკრატიის დამყარება. არის ასეთი ახალი ანეკდოტი სოციალურ ქსელში _ «ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს ბუნებრივი აირი და ნავთობი, სისხლისმსმელი პინგვინების რეჟიმს სულ მალე მოეღება ბოლო». ყველაფრის უკან დგას რესურსების საკითხი, მეორე ადგილზეა საკუთარი ეროვნული ინტერესების გავრცელება სხვადასხვა რეგიონში.
დღევანდელი ვითარებით, ჩერქეზეთში არანაირი ენთუზიაზმი არ შეინიშნება იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ფაქტი გენოციდად აღიარა. ეს ყველაფერი იყო გარედან მართული. ის ხელისუფლება, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღნიშნული აღიარებით რუსეთის გაბრაზება მოუნდა, ნამდვილად არ არის ადეკვატური.
დღევანდელ პოლიტიკოსებს თავისი სავარძელი უფრო უყვართ, ვიდრე ქვეყანა, პრობლემა ამაშია. მთელი ეს აღიარება ჩერქეზთა გენოციდის შესახებ ამის ნათელი დადასტურებაა».
გიორგი მდივანი, მკვლევარი:
«რა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა ჩერქეზი ერის გენოციდის აღიარება? ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა ჩერქეზთა თემით მანიპულირებას:
1. ეს იყო ყოფილი ხელისუფლების უსუსური მცდელობა, წაგებული ომის სანაცვლოდ რაიმე სახის დიპლომატიური ზიანი მიეყენებინა რუსეთისთვის;
2. ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით წინა ხელისუფლებას რუსეთის იმიჯის შესუსტება ჰქონდა განზრახული ჩრდილოეთ კავკასიაში;
3. რუსეთის მოქალაქეების განწყობა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული აღიარება კავკასიის ერებსა და რუსებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურებოდა».
პეტრე მამრაძე, ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი:
«მე მქონდა საშუალება, ამ პროცესებს შიგნიდან დავკვირვებოდი.
მე გამოვაქვეყნე წიგნი «08.08.08», რომელშიც დეტალურად არის ასახული, თუ რა ჩაიდინა სააკაშვილმა 2008 წელს, მანამდე და მას შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა კავსაძის კომიტეტში (ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტი _ რედ.) და ვიყავი ძალიან დაახლოებული მასთან, ამიტომაც პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რასაც ვიტყვი. პირველი, 2007 წლის შემოდგომის და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მის გუნდში არ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო მისი ახირებების და სრულიად უაზრო, კონტრპროდუქტიული, მავნე მოქმედებების შეკავება. ასეთ ვითარებაში რაციონალური აზრის ძიება იყო შეუძლებელი. მინდა გითხრათ, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში სააკაშვილმა გულში ჩაიდო რევანში რუსეთის წინააღმდეგ და იგი გეგმავდა, რომ ახალგორის რაიონში ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია, იქიდან განედევნა რუსი სამხედროები და დაებრუნებინა ახალგორის რაიონი. გთხოვთ, წარმოიდგინოთ ვითარება _ ტანკები დგას იგოეთთან და ყველგან, ამ დროს კი სააკაშვილი წარმატებით ატარებს ოპერაციას ახალგორში, სადაც შეაგზავნიდა სპეციალურ რაზმს. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა?! მერე აღმოჩნდა, რომ იმავეს გეგმავდა კასპშიც. ჩვენი ჩარევით ეს არ მოხდა.
ამის შემდეგ მან 2008 წლის შემოდგომაზე დასახა რუსეთის დაშლის გეგმა. მან ეს გამოუცხადა უცხოელ დიპლომატებს, რამდენიმეჯერ თქვა საჯაროდ, ხოლო 2009 წლის თებერვალში პარლამენტში ბრძანა, რომ იგი «ცხვირიდან ძმარს ადენდა» რუსეთს. სააკაშვილმა ვიწრო წრეებში არაერთხელ განაცხადა, რომ იგი დაშლიდა რუსეთს და ამ პროცესს ჩრდილოკავკასიიდან დაიწყებდა. 2007 წლის ივლისში სააკაშვილი იჯდა თავის კაბინეტში რუკის ფონზე და ამბობდა, რომ ახლა აიღებდა ცხინვალს, 2 საათში აიღებდა ჯავას, გადაკეტავდა როკის გვირაბს და მერე ამერიკაც და რუსეთიც უნდა შეეგუონ ახალ რეალობას. ძალიან განაწყენებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც უკრძალავდა ამ გეგმის განხორციელებას. 2009 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა მოღვაწემ მითხრა, რომ ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის აფრთხილებდნენ რუსებს სააკაშვილის მილიტარისტული აგრესიული მისწრაფებების თაობაზე. ასე მოხდა 2008 წლის ივლისშიც, კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ, ამერიკელებმა რუსებს უთხრეს, რომ ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს შესაძლო შედეგებზეც და იმაზეც, რომ არ ჩაერეოდნენ ამ საკითხში, მაგრამ ამერიკელები გარანტიას ვერ იძლეოდნენ, რომ ეს ადამიანი არ დაიწყებდა საომარ მოქმედებებს აფხაზეთსა ან სამხრეთ ოსეთში.
სააკაშვილმა თავისი გეგმის განხორციელება მაინც დაიწყო. ჯეიმსთაუნის ფონდი მთლიანად დააფინანსა პრეზიდენტმა. მათ დაიწყეს პირდაპირი კავშირის დამყარება ჩრდილოკავკასიელი ხალხების იმ ჯგუფებთან, რომელთაც რუსეთიდან გამოყოფა უნდოდათ. ამ დავალებით საქართველოს პარლამენტიდან გაიგზავნა შესაბამისი წერილები, საიდანაც უარყოფითი პასუხები მიიღეს. ამას გარდა, დაიწყეს ჩრდილოკავკასიელი ხალხების დიასპორებთან კონტაქტების დამყარება, მაგრამ ვერ ნახეს თანამოაზრეები. აამუშავეს ტელეკომპანია «პიკი». სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ იგი რუსეთის დაშლას ამ ტელეკომპანიით აპირებდა, რამაც ასევე უკუშედეგი გამოიღო. შეერთებული შტატები ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის უვიზო რეჟიმი იქნა დაწესებული. მაშინ პირველად ვნახე ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, ასე გაცეცხლებული, რადგან მან საყვედური მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისგან. გენოციდის აღიარებაც, რა თქმა უნდა, რუსეთის დისკრედიტაციისთვის იქნა მიღებული. მე ვარ ცოცხალი მოწმე იმისა, რომ არ დარჩა ევროპელი დიპლომატი და ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელმაც ქილიკით არ მკითხა, თუ როგორ ვაპირებდით სომხეთისთვის აგვეხსნა, რომ მათი გენოციდი საქართველოს პარლამენტმა არ განიხილა. სააკაშვილს უნდოდა ერთი რამ, რომ როგორმე გაეღიზიანებინა პირადად პუტინი».
ვიქტორ ცაავა, გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელი:
«ის, რომ გენოციდის აღიარება სააკაშვილის ხელისუფლების დიდი ავანტიურა იყო, ფაქტია. აღნიშნული დავალება სააკაშვილს დასავლეთში არსებულმა რეაქციულმა ძალებმა მისცეს, რომლებიც გეოპოლიტიკურ ბრძოლაში ჩრდილოკავკასიელი ხალხების გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ აპირებდნენ მოქმედებას. ამას მიუთითებდა ტელეკომპანია «პიკის» ამუშავებაც. ეს იყო კავკასიის აფეთქების გეგმა. ვფიქრობ, სანამ გვიან არ არის და სირიიდან გარკვეული პროცესები საქართველოში არ გადმოსულა, ჩვენს ახალ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების დოკუმენტის დენონსაცია. თუ კავკასიელ ხალხებთან მეგობრობა გვინდა, ეს რუსეთის ჯიბრზე კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ რუსეთთან ერთად უნდა გავაკეთოთ».
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს გაზეთ «ილორის» მთავარმა რედაქტორმა როლანდ ჯალაღანიამ და კონფერენციის სხვა მონაწილეებმა.
გაიმართა ფართო დისკუსია. ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი შეიძლება შეფასდეს საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ ნაბიჯად მარგინალიზაციისკენ; ამასთან, ჩრდილოკავკასიელი ხალხი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოსაგებად არ უნდა გაიწიროს. ეს აშკარა უპატივცემულობაა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ათას განსაცდელს გაუძლო და დღემდე მოვიდა; და რომ ამას შესანიშნავად ხვდებიან ჩერქეზთა ღირსეული წარმომადგენლები და საქართველოს ამისთვის მადლობას ნამდვილად არ ეტყვიან.
თავის დროზე დიდი ილია ბრძანებდა, _ საქართველოს ისტორია მარტო ომებისა და მეფეების ისტორიაა და ხალხი არსად ჩანსო. არც ახლა ჩანს ხალხი და მხოლოდ ხელისუფალთა ფიგურებია წამოწეული წინა პლანზე. არადა, დროა, ასპარეზი ხალხს დაეთმოს, გამოჩნდეს მისი სურვილი, მისწრაფება, მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი, ურთიერთობები, კავშირები… და ეს მანამ უნდა გაკეთდეს, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალია ის თაობა, რომელსაც ამ მოძმე ხალხებს შორის პოზიტიური დამოკიდებულება შემორჩა მეხიერებაში; ვიდრე საბოლოოდ არ ჩაფერფლილა ის მბჟუტავი ნაკვერჩხალი ძმობისა, მეგობრობისა, პატივისცემისა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
დარეჯან ანდრიაძე