Home რუბრიკები საზოგადოება ქართული ჰაიდპარკი არსებობას განაგრძობს

ქართული ჰაიდპარკი არსებობას განაგრძობს

1282

წინა საუკუნის 50-იან წლებში თბილისის მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. იმდროინდელ კიროვის ბაღში გულშემატკივართა არაოფიციალურმა «დაჯგუფებამ» დაიწყო შეკრება და ამ «წრეში» არაერთი პროფესიის ადამიანი გაერთიანდა. ფეხბურთის თაყვანისმცემლები ძირითადად საღამოობით იკრიბებოდნენ და «ტყავის ბურთზე», პოლიტიკაზე გათენებამდე კამათობდნენ. ულმობელი დრო იდგა. შესაბამისი სამსახურები ქუჩაში სამ მოსაუბრეს თუ გადააწყდებოდნენ, უშიშროების კომიტეტში მიჰყავდათ და მათი ვინაობით ინტერესდებოდნენ. ვერისბაღელებმა დროის გამოცდას გაუძლეს და ამ კლუბის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობას დღესაც აგრძელებენ.

 

ნება მომეცით, პატარა გადახვევა გავაკეთო და სიტყვა ბატონ ნოდარ დუმბაძეს გადავცე: «ვერისბაღელები მაგრები იყვნენ! _ ბევრისგან მსმენია ეს ფრაზა. მომინდა, გამეგო, რით იყვნენ მაგრები და გავიგე კიდეც. ჰაიდპარკში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არა მგონია, იქ იმდენ სენსაციურ, ანეკდოტურ, ფანტასტიკურ და გადასარევ ამბებს ყვებოდნენ, როგორც კიროვის პარკში. მე, მაგალითად, პირველად აქ გავიგონე, რომ სპარსეთის პრემიერმინისტრი მოსადიკი აფერისტი ყოფილა, რომ ჩერჩილი დღეში სამ ბოთლ კონიაკს სვამს, რომ ტრუმენმა მოწამლა რუზველტი, რომ ჰარიმანი 14 წლამდე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა და ბორია პაიჭაძე ბასკებთან ოქროს ბუცებით თამაშობდა» (ნოდარ დუმბაძე). ბატონი თემურ ღაღანიძე ვერისბაღელთა საძმოს ერთერთი აქტიური წევრი ბრძანდება. რამდენიმე დღის წინ სტუმრად ვეწვიეთ და იმ პერიოდის გახსენება ვთხოვეთ. თავდაპირველად გულშემატკივართა კლუბის ჩამოყალიბების ისტორიით დავინტერესდით.

_ ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის ჩამოყალიბების იდეა წინა საუკუნის 50-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაჩნდა. ამ არაფორმალურ გაერთიანებას სათავე ბატონებმა ქართლოს სვანიძემ, გოგი დემეტრაძემ, ვერნი ალფაიძემ და მათმა მეგობრებმა დაუდეს. ამ კლუბის წევრების დასახელებიდან თავს შევიკავებ. მეშინია, რომელიმე მათგანი არ გამომრჩეს და გული არ ვატკინო. ჩვენმა მეგობრობამ და ურთიერთსიყვარულმა რამდენიმე ათეულ წელს გაუძლო. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის. ვინც დავრჩით, დღე არ გავა, ერთმანეთი არ მოვიკითხოთ და არ მოვესიყვარულოთ.

_ ბოლოს ბატონი გოგი დემეტრაძე გამოგაკლდათ.

_ ბატონი გოგი წლეულს, იანვარში გარდაიცვალა. ეს უდიდესი ადამიანი ხელიდან მოულოდნელად გამოგვეცალა. თავს ჯანმრთელად გრძნობდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე, გვიან ღამით «ბარსელონას» თამაშს უყურა. შეხვედრა ღამის სამ საათზე დასრულდა. ჩვენმა ერთ-ერთმა «ვერისბაღელმა» გიგლა ჯაყელმა დაურეკა და ანგარიში იკითხა. «გაბრაზებულმა» გოგიმ ცოტახანში გამაღვიძა  და «რა დავუშავე გიგლას ასეთიო», _ მკითხა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში გოგი დემეტრაძე გარდაიცვალა.

_ გულშემატკივართა არაოფიციალური ლიდერის სახელით ბატონი ქართლოს სვანიძე სარგებლობდა

_ ჩვენ შორის არანაირ იერარქიულ კიბეზე საუბარი არ შეიძლებოდა. ბატონი ქართლოსი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და ეს მეტსახელი თავის დროზე ხუმრობით გოგი დემეტრაძემ შეარქვა. მინდა, ერთი ისტორია გაგახსენოთ: ქართლოს სვანიძის დიდი დამსახურებაა, დავით ყიფიანი ცნობილ ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდა. თავის დროზე დათო თბილისის «ლოკომოტივში» თამაშობდა. ეს გუნდი 1969 წელს დაიშალა და ყიფიანმა ფეხბურთისთვის თავის მინებება გადაწყვიტა. ქართლოს სვანიძე დათოს ბოლომდე შეუჩნდა და ვარჯიშის განახლება აიძულა. შედეგად საქართველომ კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელი მიიღო. აქვე კიდევ ერთ ვერისბაღელ ლევან ჭაჭიაშვილს გავიხსენებ, რომელსაც დათო ყიფიანი «მამას» ეძახდა, მათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდათ.

_ თქვენი საქმიანობით შესაბამისი ორგანოები თუ ინტერესდებოდნენ?

_ რომ გითხრათ, არ დაინტერესებულანო, ნამდვილად მოგატყუებთ. რასაკვირველია, გვითვალთვალებდნენ, მაგრამ ჩვენ მიმართ რაიმე ზეწოლა არ განუხორციელებიათ. მახსოვს, ერთხელ ივნისის ცხელი საღამო იდგა და  ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსი გვესტუმრა. როდესაც მოგვიახლოვდა და შემოგვხედა, სიტყვა ყელში გაეჩხირა, რადგან გულშემატკივრებს შორის ქალაქში კარგად ცნობილ არაერთ ადამიანს წააწყდა. ბატონი კვანტალიანი მოწიწებით შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ფეხბურთის შესახებ დილამდე იკამათა.

ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრად გახლდით მიწვეული და ფარდა «დიდ საიდუმლოებას» აეხადა. მორიგმა მსმენელმა დარეკა და უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომლად გაგვეცნო. ამ პიროვნებამ წარსული გაიხსენა და გვაცნობა, რომ თურმე ჩვენს ღამის საუბრებს საგულდაგულოდ იწერდნენ და კგბ-ში დილაობით სიტყვასიტყვით შიფრავდნენ. ამ ადამიანმა გაიხსენა, რომ იმდროინდელი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დიდი ინტერესით გვისმენდნენ. «წინასწარ ვიცოდით, ბატონო თემურ, რომ თავდაპირველად ფეხბურთით იწყებდით, შემდეგ ქალებზე გადადიოდით, ბოლოში კი პოლიტიკით ასრულებდით», _ გვითხრა მან.

_ პოლიტიკა ახსენეთ, ბატონო თემურ

_ არ დაიჯერებთ და საქართველოს 1918-1921 წლების ისტორიას თავდაპირველად ვერის ბაღში გავეცანი. მახსოვს ივანე ჯავახიშვილის მიერ 1924 წელს დაწერილი საქართველოს უახლესი ისტორია იქ წავიკითხე. აქვე გავეცანი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გამოცემულ «ოქროს საწმისსაც». ვერის ბაღში ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მუდმივი თემა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. თითოეული ჩვენგანი ამ დღეზე ვოცნებობდით. ამის გარდა, ჩვენი გაერთიანების არაერთი წევრი უცხოეთში ხშირად დადიოდა და იქაური ცხელ-ცხელი ამბები ჩამოჰქონდა. მოგვიანებით ეს ინფორმაციები თბილისში ვერის ბაღიდან ვრცელდებოდა.

ერთსაც გავიხსენებ: ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ პირველად ვერისბაღელებმა შევიტყეთ. პანტიანში ფეხბურთის სანახავად გახლდით და ეს ამბავი თურქულმა საინფორმაციო გამოშვებამ გამოაცხადა. საბჭოთა ინფორბიუროზე ადრე ეს ინფორმაცია თბილისში ჩვენ გავავრცელეთ.

_ იმ დროს საბჭოთა სპორტული ფუნქციონერები ქართველ სპორტსმენებს განსაკუთრებულად ჩაგრავდნენ.

_ კულტურა და სპორტი ის სფერო იყო, რომელშიც ქართველობას საკუთარი თვითმყოფადობის დამტკიცება განსაკუთრებით შეეძლო. ფეხბურთს თუ შევეხებით, ჩვენს გუნდებს საბჭოთა სპორტული ფუნქციონერები განსაკუთრებულად ჩაგრავდნენ. ბაღში «დინამოს» მოთამაშეები ხშირად გვსტუმრობდნენ და ეს თემა ჩვენი საუბრების ერთ-ერთი ძირითადი საგანი იყო. არ შემიძლია არ გავიხსენო 1977 წელი, როდესაც თბილისის «დინამოს» ოქროს მედლები არ დაანებეს. იმ წლის შემოდგომაზე კიევის «დინამოს» ვმასპინძლობდით და წარმატების შემთხვევაში სტუმრებს ქულებით გავუთანაბრდებოდით. სამწუხაროდ, იმ მატჩის მსაჯმა ყველაფერი იღონა, უკრაინელებს რომ არ წაეგოთ.

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ერთი გულისტკივილიც გაგანდოთ. რამდენიმეჯერ ახალგაზრდა გულშემატკივართა შორის მოვხვდი და ისინი სსრკ-ის პერიოდში ქართველი სპორტსმენების წარმატებას «საბჭოურად» ნათლავდნენ, ათვლის წერტილად კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დროს მიიჩნევდნენ. ვფიქრობ, ეს სრული აბსურდი და საკითხისადმი არაპროფესიული მიდგომაა. რობერტ შავლაყაძეს, ომარ ფხაკაძეს, ლევან თედიაშვილსა და სხვებს გამარჯვებები, უპირველესად, საქართველოსთვის მოჰქონდათ და არა საბჭოთა კავშირისთვის.

_ ახალგაზრდობა ახსენეთ, ბატონო თემურ, და რით ახსნით ჩვენს სტადიონებზე მომრავლებულ ვანდალიზმის ფაქტებს?

_ ალბათ, დრო შეიცვალა და, სამწუხაროდ, ამჟამინდელი ქართველი გულშემატკივრები ზრდილობისა და საფეხბურთო სამყაროს მიმართ პატივისცემის დეფიციტს განიცდიან. როგორ არ გავიხსენო ინგლისის ნაკრებთან თბილისში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც საქართველოს ნაკრების იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს _ ალექსანდრე ჩივაძეს ტრიბუნიდან ბოთლი ესროლეს. როგორ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს პირველობის ერთ-ერთ მატჩში გულშემატკივრები დავით ყიფიანზე საცემრად გაიწევდნენ. ეს, ალბათ, დღევანდელი ქართული ცხოვრების ნამდვილი რეალობაა.

ერთხელ ბატონი გოგი დემეტრაძე სტადიონის ტრიბუნაზე მყოფ აღგზნებულ ახალგაზრდა გულშემატკივრებს მიუბრუნდა და «რა გჭირთ, რატომ ილანძღებით. 1936 წლიდან სსრკ-ის ჩემპიონობას რამდენიმე ათეული წელი ველოდი, მეორე მსოფლიო ომშიც ვმონაწილეობდი და ასე არ გავბოროტებულვარო», _ მიუგო. ალბათ, ბრალი ჩვენს ფეხბურთელებსაც მიუძღვით, რომლებმაც წაგებებს დაგვაჩვიეს. როდესაც 1976 წელს თბილისის «დინამომ» საბჭოთა კავშირის თასი პირველად მოიპოვა, გუნდი რამდენიმე მანქანით დაასაჩუქრეს. ერთ ავტომანქანას საზიაროდ რამდენიმე მოთამაშე იყოფდა. დღეს სხვა სურათი გვაქვს. გამოჩნდება ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც პირველივე აღებული თანხით ძვირადღირებულ მანქანას იძენს, შემდეგ კი, თითქოს ცხოვრების უმთავრეს მიზანს მიაღწია, თამაშს აშკარად უკლებს.

_ ვერისბაღელებს დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა?

_ სამწუხაროდ, ცოცხლები ბევრნი აღარ დავრჩით. «გადარჩენილებს» ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ამისი მთავარი მოთავე ბატონი გიგლა ჯაყელი ბრძანდება. ეს ასაკოვანი ადამიანი შინიდან ვეღარ გამოდის, მაგრამ ჩვენთან უწყვეტი, 24-საათიანი სატელეფონო კავშირი აქვს. დროდადრო ვერის ბაღში კვლავ ვიკრიბებით, მაგრამ ამ შეხვედრებს სულ უფრო ეპიზოდური ხასიათი აქვს. სამწუხაროდ, ახალგაზრდობა ჩვენი «კლუბით» არ ინტერესდება და ეს გაერთიანება კვლავ «ძველი გვარდიის» იმედზეა.

ესაუბრა

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here