სსპი «ისტორიულმა მემკვიდრეობამ» ეს–ესაა გამოსცა 400-გვერდიანი წიგნი «უცნობი პუტინი». 1999 წლის 31 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ცენტრალური ტელევიზიით გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ბოდიში მოუხადა რუსეთის მოსახლეობას შეცდომებისთვის, რომლებიც პრეზიდენტად ყოფნის დროს დაუშვა და განაცხადა: «ახალ ათასწლეულში ქვეყანა ახალი პოლიტიკოსებით, ახალი სახეებით უნდა შევიდეს, ახალი, ჭკვიანი, ძლიერი და ენერგიული ადამიანებით». თავისთავად ეს უკვე შოკისმომგვრელი იყო, რაც გააძლიერა ბ. ელცინის განცხადების მეორე ნაწილმა: პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ფედერაციის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
უცხოეთის მედიაში ჩნდება შეკითხვა: «ვინ ხართ თქვენ, მისტერ პუტინ?», რომელიც იმ დღეების, შეიძლება ითქვას, უპირველესი სლოგანი ხდება.
ეს წიგნი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაა, სრული, ამომწურავი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისთავად ფუნდამენტური ნაშრომია, მეორე კი იმიტომ, რომ რუსეთის უკვე ორგზის პრეზიდენტის მოღვაწეობითაა გამაგრებული და პასუხგაცემული.
საქმემან შენმა წარმოგაჩინოს.
საქმეთა შორის უპირველესი რუსეთისთვის ღირსების დაბრუნება იყო, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში სამათხოვროდ ხელგაწვდილ უპოვარს დაემსგავსა.
წიგნის ავტორები იხსენებენ: «როდესაც 1992 წელს სანკტ–პეტერბურგი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა, ელცინმა სობჩაკს (ლენინგრადის სახალხო დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მრჩეველი იმ პერიოდში პუტინი იყო), სამხედრო საწყობებში დაცული სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა მისცა. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და სობჩაკმა აშშ–ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსა და გერმანიის კანცლერ ჰელმუტ კოლს პირდაპირ მიმართა დახმარებისთვის. დასავლეთ გერმანიის ნატოს ბაზებიდან სურსათის ათასეულობით ტონა დაიძრა სანკტ–პეტერბურგისკენ. შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა სწორედ მაშინ იგრძნო ის დამცირება, რომელშიც ყოფილი ზესახელმწიფო აღმოჩნდა და მიხვდა, რომ არასოდეს უნდა იყო სხვაზე დამოკიდებული, თუ გინდა, პატივს გცემდნენ» (გვ. 67).
შეძლო თუ არა ვლადიმერ პუტინმა ამ ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა, მკითხველი გაეცნობა თავებში «ეკონომიკის წინსვლა» და «2012 წლის დეკემბერი _ 12 წლის შემდეგ». სწორედ ამ დროს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას იგი აცხადებს: «პირველი 12 წლის მანძილზე არც თუ ისე ცოტა გაკეთდა, მნიშვნელობით უდიდესი, ჩვენი ქვეყნის აღდგენისა და განმტკიცების ეტაპი განვლილია. ახლა ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მდიდარი და სვებედნიერი რუსეთი. ამასთან, მინდა, რომ ყველამ კარგად გაიგოს: უახლოესი წლები იქნება გადამწყვეტი შესაძლოა, გარდამტეხიც, და არა მხოლოდ ჩვენთვის, პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც კარდინალური ცვლილებების და, შესაძლოა, შოკისმომგვრელი ცვლილებების ეპოქაში შედის» (გვ. 141).
წიგნის ავტორები აცნობენ მკითხველებს, რა გზა გაიარა ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპების მიხედვით რუსეთმა, 1999 წლიდან მოყოლებული როგორ იცვლებოდა მისი შიდა ცხოვრება და როგორ მყარდებოდა მისი ადგილი მსოფლიოში. არ მალავენ, რომ, რაც უფრო ძლიერდებოდა რუსეთი, «მით უფრო კრიტიკული ხდებოდნენ ვლადიმერ პუტინის მიმართ მისი შიდა და გარე ყოფილი მეგობრები. თუმცა თვით უკიდეგანო დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მოტრფიალე ოპოზიციონერებიც კი ვერ უარყოფდნენ, რომ ქვეყანა, რომელიც 1999 წელს ვ. პუტინმა ჩაიბარა, რამდენიმე წელიწადში წელში გაიმართა».
საბჭოთა კავშირის აღდგენის გზაზე ხომ არ დგას რუსეთი? არის თუ არა რუსეთში დემოკრატია? ავტორები სერიოზულად აანალიზებენ ამ საკითხს და, ცხადია, შესაბამის დასკვნებსაც წარუდგენენ მკითხველ საზოგადოებას.
დემოკრატიაზე საუბრისას არ ერიდებიან დასავლეთის კრიტიკას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ის, რაც დასავლეთმა ახლახან აღმოაჩინა, «მთელ დანარჩენ სამყაროში ახლა შეაქვს დემოკრატიის სახელით».
რა აღმოაჩინა დასავლეთმა?
აღმოაჩინა, რომ, «სისტემის მთელი სიმძიმის მიუხედავად», იმ დროს და იმ ვითარებაში «ადამიანი ადამიანისთვის მართლაც ძმა და მეგობარი იყო».
დაუფიქრდება ამ საკითხს მკითხველი, რომელსაც იმ სისტემაში მოუწია ცხოვრება და დაეთანხმება უთუოდ, რადგან, რასაც დღეს ხედავს, რისი მომსწრეც გახდა მისი თაობა, არის ის, რომ «ასკეტიზმი და თავგანწირვა დღესაც უცხოა დასავლეთისთვის. არადა, სწორედ მან გადაარჩინა რევოლუციური ძვრების შედეგად შერყეული რუსეთი» (გვ. 367).
ძლიერი იყო ეს ტექტონიკური ძვრები _ 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები, რომელთაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა; საბჭოთა კავშირის დაშლა, როცა ხალხი თვალის დახამხამებაში გაღატაკდა, როცა დევალვირებული იქნა სოციალური სამართლიანობა და სახალხო სიმდიდრე ერთმა მუჭა ოლიგარქებმა დაისაკუთრეს.
«როდესაც ვ. პუტინი მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფაზე ლაპარაკობდა, _ ნათქვამია წიგნში, _ იგი, უპირველესად, სწორედ მილიონობით ადამიანის ცხოვრების კალაპოტიდან ამოგდებას გულისხმობდა და არა საბჭოთა კავშირის აღდგენის აუცილებლობას». ადამიანები ძირგავარდნილი ვარცლის ანაბარა აღმოჩნდნენ: «ვიღაცამ მათ ნაცვლად გადაწყვიტა, რომ ისინი არ იმსახურებენ ადამიანურ ცხოვრებას» (გვ. 367-368).
აქედან გამომდინარე, პუტინის, როგორც ქვეყნის ლიდერის (და არა ბელადის) ამოცანა ამგვარად ყალიბდება: «ეს არის ცხოვრების მაღალი დონე ქვეყანაში, უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული ცხოვრება. ეს არის დაღვინებული დემოკრატია და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის რუსეთის პოზიციების განმტკიცება მსოფლიოში და, რაც მთავარია, მოქალაქეთა კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ზრდა» (გვ. 70).
რუსეთი დღეს ამ აღმართს შეუდგა.
«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველები, უეჭველია, ყურადღებას მიაქცევენ წიგნის იმ თავებს, რომლებშიც ლაპარაკი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეა.
2008 წლის აგვისტოს ომი, რომელსაც ცალკე თავი ეძღვნება, ცხადია, მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. ამ დაპირისპირების ეტაპები, საერთაშორისო პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება პრობლემისადმი, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და, საბოლოოდ, აგრესიული სეპარატიზმის გამარჯვებით დამთავრდა ჯერ კოსოვოში, შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, გადმოცემულია წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების პრესაში დაფიქსირებული პოზიციითა და სხვა დოკუმენტური მასალებით, რაც სუბიექტივიზმსა და მიკერძოებულობას უნდა გამორიცხავდეს.
2008 წლის 17 თებერვალს სერბეთისგან გამოყოფილმა კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც აშშ-მა მეორე დღესვე აღიარა. იმ შფოთიან დღეებში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრეზიდენტ ბუშს ჰკითხა: «ეს პუტინისა და იმათი ჯიბრით ხომ არ გააკეთეთ, ვინც ამბობს, რომ თქვენ სეპარატისტულ მოძრაობას ღიად უჭერთ მხარს მთელ მსოფლიოში?»
ბუშმა უპასუხა: «სინამდვილეში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთთან… იცით, უთანხმოება არის, მაგრამ ჩვენ, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, მივიჩნევთ, რომ ისტორია დაამტკიცებს: ეს სწორი ნაბიჯია, რომელიც ბალკანეთში მშვიდობას მოიტანს» (გვ. 214).
ისტორიამ საწინააღმდეგო დაამტკიცა. უწინარეს ყოვლისა კი, სეპარატისტების დაუყოვნებელმა რეაქციამ, რომელსაც სხვაგვარად ვერ შეაფასებ, თუ არა როგორც აღტაცებას.
«დსთ–ს ქვეყნების ლიდერთა სამიტზე ვ. პუტინმა არაორაზროვნად განაცხადა მოსალოდნელი შედეგების შესახებ: «კოსოვოს პრეცედენტი საშიშია. არსებითად იგი ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობათა მთელ სისტემას, რომელიც არა ათწლეულობით, არამედ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. უეჭველია, რომ ეს გაუთვალისწინებელი შედეგების მთელ ჯაჭვს გამოიწვევს», და ბრალი დასდო დასავლეთის მთავრობებს უხეშ შეცდომაში: «ამ ჯოხს ორი ბოლო აქვს და ოდესმე მისი მეორე ბოლო ძალიან მტკივნეულად მოხვდება მათ თავში». პირისპირ შეხვედრისას კი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ერთი თვით ადრე მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, უთხრა: «არ ვაპირებთ, ამერიკელებს მივბაძოთ და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ვაღიაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე აღიარებულია» (გვ. 215).
როგორ მოახერხა სააკაშვილმა, რუსეთთან ურთიერთობა წარემართა ისე, რომ მიგვეღო იმის სრულიად საწინააღმდეგო შედეგი, რაშიც პუტინმა სააკაშვილი პირისპირ შეხვედრისას დაარწმუნა?
ამის შესახებ დაინტერესებული მკითხველი წაიკითხავს ზემოთ დასახელებულ თავში. ასევე, გაიგებს, ვინ და რატომ გაუწია წინააღმდეგობა ბუდაპეშტის სამიტზე და მანამდეც საქართველოსთვის მაპის მინიჭებას.
შემდგომ განვითარებული მოვლენები კატასტროფული აღმოჩნდა. სააკაშვილი ცხინვალს «მორყეულ კბილს» უწოდებს და მის ამოღებას გადაწყვეტს, მიიჩნევს, რომ უნდა იჩქაროს «გაყინული კონფლიქტების» გადაწყვეტა, რადგან ისინი იყო ნატოში გაწევრიანებაზე უარის მიღების მთავარი წინაღობა.
«ბუქარესტის სამიტის დამთავრებიდან მეორე დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი სააკაშვილთან თბილისში ვახშმობდა და იმდენად შეშფოთდა მოსალოდნელი საომარი მოქმედების შესახებ სააკაშვილის გამონათქვამებით, რომ ამერიკელ კოლეგებს დაურეკა გასაფრთხილებლად. ბუშმა სააკაშვილს დაურეკა: «ძვირფასო მეგობარო, მინდა გაიგოთ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიჭერთ მხარს. დიახ, თქვენ სუვერენული სახელმწიფოს მეთაური ხართ და ჩვენ პატივს გცემთ, მაგრამ, თუ სამხედრო ძალის გამოყენების ინიცირებას მიმართავთ, აშშ–ის მხარდაჭერას ვერ მიიღებთ» (გვ. 228).
ზოგიერთი ანალიტიკოსი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სააკაშვილმა ბუშის ეს გაფრთხილება გაიგო, როგორც ნებართვის მიღება კონფლიქტური რეგიონების შემოსაერთებლად (!). რა იყო აქ გასაგები და გაუგებარი, უბირი კაცისთვისაც ნათელია!
9 ივლისს თბილისში ჩაფრენილი აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სააკაშვილთან ერთად რესტორან «კოპალას» აივანზე ვახშმობდა. რაისი კვლავ არწმუნებდა სააკაშვილს, რომ ძალის გამოყენებაზე უარი უნდა ეთქვა.
«_ კი მაგრამ, რატომ? უარაფროდ რომ დავრჩე?
კ. რაისმა აუხსნა: _ მოგიწევთ. სხვა გამოსავალი არ გაქვთ. თუ რუსულ ჯართან ომში ჩაებმებით, არავინ დაგეხმარებათ და წააგებთ.
თუმცა პრივატულ საუბარში ნათქვამი ეს მკაცრი სიტყვები საჯარო განცხადებებში ისე შეიცვალა, რომ სააკაშვილს მის წახალისებადაც შეეძლო მიეღო» (გვ. 237).
ამასობაში აშშ-ის ერთი ოფიციალური წარმომადგენელი შეხვდა ქართველ წარმომადგენლებს, რომელთაც განუცხადეს, რომ «რუსებს განზრახული აქვთ ჩვენს ქვეყანაში ჯარების შემოყვანა და მათ საზღვართან უყრიან თავს… სჯობს, პირველებმა გადავდგათ ნაბიჯი, ვიდრე ველოდოთ, როდის შემოვლენ და დაიკავებენ ქვეყანას.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უპასუხა: «ხომ გესმით, რომ ეს თვითმკვლელობაა!», ქართველებისგან კი ასეთი პასუხი მიიღო: «თუ ისინი მიჯნას გადმოვლენ, გვირჩევნია მოვკვდეთ, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტები და ნამდვილი ქართველები!» (გვ. 229).
დაბოლოს, კიდევ ერთი ამონარიდი წიგნიდან, როგორც რეზიუმე:
«როგორ მოიქცნენ ეს «ჭეშმარიტი პატრიოტები და ნამდვილი ქართველები» ომის დღეებში, მთელმა საქართველომ დაინახა. საზღვარზე რიგები დადგა და «კორუფციასთან მებრძოლი რაინდები» ნებისმიერ თანხას იხდიდნენ საქართველოს ტერიტორიის ურიგოდ დატოვებაში! მოგვიანებით კი სააკაშვილმა 150 დაკარგულ ქართულ სოფელს «ქვების გროვა» და «გამოუსადეგარი ადგილები» უწოდა» (გვ. 229).
ქართველ მკითვხელებს უთუოდ დააინტერესებთ ერთი პასაჟი თავიდან «აგვისტოს ომი»: «საოცარია, მაგრამ, მიუხედავად პერიოდული მცირე შეტაკებებისა სამხრეთ ოსეთში, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ მდგომარეობა საკმარისად მშვიდად მიიჩნია და შვებულებაში გავიდა.
ამერიკის ერთ–ერთი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ივლისში თბილისში იმყოფებოდა, ქართველ ლიდერებთან ერთად ვახშმობდა მათ გამგზავრებამდე. სააკაშვილი იტალიურ კურორტზე მიეშურებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია კი _ ესპანეთში. ისინი კმაყოფილები იყვნენ და სრულიად მშვიდად ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს სიტყვებით: სამი კვირის ან ერთი თვის შემდეგ შევხვდებით. სამუშაოზე არც იფიქრო!» (გვ. 239).
აი, ესენი მართავდნენ საქართველოს!
ხუთდღიანმა ომმა არაფერი შეჰმატა რუსეთს. ანგუს როკსბორო წერს: «მოსკოვმა ხომ დიდი ვერაფერი მოიგო საქართველოზე შეტევით და, მიუხედავად განცხადებებისა, არც არასოდეს აპირებდა ორი სადავო რეგიონის მიერთებას ან აღიარებას. საქართველოს მარცხი და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემდგომი აღიარება ვერ შეფასდება, როგორც თავდაპირველი განზრახვების მტკიცებულება». (გვ. 243).
ომი დამთავრდა, ურემი გადაბრუნდა და, როგორც ამ შემთხვევაში ხდება, გზაც გამოჩნდა და სააკაშვილის ნამდვილი სახეც დავინახეთ.
ანგუს როკსბორო წიგნის «რკინის პუტინი» ავტორი, დელიკატურად წერს: «ამ ომთან დაკავშირებული ყველაზე მდგრადი ასოციაცია არის ბი-ბი-სის კამერის მიერ დაფიქსირებული სააკაშვილი, რომელიც ნერვიულად იტენიდა პირში საკუთარი ჰალსტუხის ბოლოს; რუსულმა მხარემ ამაში იმის დასტური დაინახა, რომ სააკაშვილი შეურაცხადია. ეჭვი გაუჩნდათ მის დასავლელ კოლეგებსაც. ანგელა მერკელთან საუბრისას, როცა სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობდნენ, სააკაშვილი ისე აღელდა, რომ ცარიელი ჭიქიდან ლამობდა წყლის დალევას, შემდეგ კი წყლის ბოთლი მოისროლა» (გვ. 247).
წიგნი «უცნობი პუტინი» სულაც არ არის ქებათაქება რუსეთის პრეზიდენტის, მისდამი მიძღვნილი პანეგირიკი.
ავტორები გვერდს არ უვლიან რეალობას და არ უფრთხიან, წარმოაჩინონ, თუ რას ედავებიან, რას საყვედურობენ მას ოპონენტები (იხ. «რას საყვედურობენ ოპონენტები ვლადიმერ პუტინს?» 174-181 გვ.).
არც მისი ცხოვრების უხერხულ მომენტებს ივიწყებენ, კერძოდ, განქორწინებას მეუღლესთან («პირადი ცხოვრება»), არც მის ჩეკისტურ წარსულს («უშიშროებასა და დემოკრატებს შორის»). ამითაცაა ამ წიგნის ავტორებისა და გამომცემლების ძალისხმევა დასაფასებელი.
და მაინც, ვინ არის ვლადიმერ პუტინი? ჟურნალ «პროფილისთვის» მიცემულ ინტერვიუში არქიმანდრიტმა ტიხონმა (ერისკაცობაში გიორგი შევკუნოვმა) განაცხადა: «საზოგადოებრივ–პოლიტიკურ წრეებში განმტკიცებულია რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვიღაცამ უნდა მართოს. ასეც იყო უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. გავლენის ჯგუფები იცვლებოდა და მათი განსაზღვრა რთული არ იყო, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ ხდება. ღვთის წყალობით, ეს პრეზიდენტი მხოლოდ ღვთის, საკუთარი სინდისის, რუსეთის სიყვარულითა და საღი აზრით იქნება მართული» (გვ. 398).
ამ პოზიციას სრულად ეთანხმებიან წიგნის ავტორები და ასკვნიან: «ვ. პუტინი ის იშვიათი ლიდერია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ამოდის და არავის აძლევს უფლებას, მისი მართვის ილუზია ჰქონდეს… იგი ეროვნული ლიდერია» (გვ. 399).
კარგი იქნებოდა,საქართველოსაც ჰყავდეს ისეთივე პრეზიდენტი,როგორიც პუტინია რუსეთისათვის чтоб враги боялись,друзья уважали…
Es kaci rusetis davit agamashenebelia