Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ ელიზბარაშვილი: ბიზნესტერორში ვარ და ამას აკეთებს თბილისის პროკურატურა

თამაზ ელიზბარაშვილი: ბიზნესტერორში ვარ და ამას აკეთებს თბილისის პროკურატურა

923

ვინ ებრძვის ახალი ხელისუფლებიდან ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს, რატომ გაიწელა უსასრულოდ სასამართლოში მისი საქმის განხილვა და გათავისუფლდა თუ არა ქართული ბიზნესი ხელისუფლების ზეგავლენისგან _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ესაუბრა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2010 წელს დააპატიმრა.

 

_ თქვენ პირველი ბიზნესმენი ხართ, ვინც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესმენებზე ზეწოლა ისევ გრძელდება. თქვენს განცხადებას ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რეაგირება?

_ მე არ ვიცი, სხვა ბიზნესმენების მიმართ რა ხდება, მაგრამ ჩემზე ზეწოლის მცდელობა იყო და იმ ადამიანს საკადრისი პასუხი უკვე გავეცი. ვინაიდან საჭიროდ ჩავთვალე, ეს ამბავი გამეხმაურებინა და აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლებამდე მისულიყო, საგანგებო ბრიფინგიც ჩავატარე, რათა ხელისუფლება ფხიზლად იყოს და იცოდეს, რა ხდება რეალურად, რადგან, შესაძლოა, ამ ხელისუფლებაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ და ახლა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ.

მჯერა, რომ ქვეყანაში აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, თუ ხელისუფლებაში იქნებიან ისეთი პატიოსანი ადამიანები, როგორებიც არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე. ამ ადამიანებს ვენდობი. დანარჩენ მინისტრებს არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ არა ბატონი ბიძინა, დღეს საქართველო ისევ ავტორიტარული რეჟიმის კლანჭებში იქნებოდა ჩაფლული. ქვეყანა უფსკრულის პირას იყო და ამ ერთმა კაცმა თავისი კეთილდღეობა დაივიწყა და ხელისუფლებას დაუპირისპირდა. თუმცა მე პირადად პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. რადგან თავი გადადო ქვეყნისთვის, პირველი ვადის ამოწურვამდე, მინიმუმ 4 წელი, მაინც უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.

_ თქვენ ბრიფინგზე განაცხადეთ, რომ თქვენი ბიზნესით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულები. ვინ არიან ეს ადამიანები?

_ მე იმ ადამიანს პასუხი უკვე გავეცი, ამიტომ არ მინდა ამ ეტაპზე საჯაროდ დავასახელო, მაგრამ, თუ არ გაჩერდება, ვაცხადებ, საკადრისს მიიღებს, მართალია, ეს ადამიანი დღეს თანამდებობაზეა, მაგრამ არ მეშინია. თუ ჩემ მიმართ გამოჩენილ უსამართლობას ბოლო არ მოეღება, ავდგები და იმ ხალხის, იმ ჯგუფის ვინაობას საჯაროდ დავასახელებ და უკვე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ დასახმარებლად.

იყო მცდელობა ჩემს ბიზნესში შემოსვლის. მაშანტაჟებდნენ იმით, რომ მე დღემდე ბრალდებული ვარ. 2010 წელს დაწყებული ჩემი სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა. ბოლომდე ვიბრძოლე და ის 6 მილიონი ლარი, რომელიც ადეიშვილმა წამართვა, დავიბრუნე. სწორედ ეს ადამიანი ცდილობდა, თანხა არ დამებრუნებინა, შემდეგ კი ყველანაირად ეცადა ჩემი საქმის შეფერხებას. არადა, ვინაიდან მე დღეს ბრალდებული ვარ, ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. უცხოეთში ვერ გავდივარ, ვერ ვიღებ მონაწილეობას ბიზნესფორუმებში, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებამ კრიმინალად გამომაცხადა, არც ერთი სერიოზული კომპანია, რომელსაც მივმართავ, არ მეკონტაქტება. მე დღეს ვერ ვახორციელებ ჩემს ბიზნესპროექტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვქმნი ახალ სამუშაო ადგილებს. მე ვარ პროფესიონალი ბიზნესმენი, რომელსაც შეუძლია საქართველოში ბიზნესის განვითარება. საკმაოდ დიდი ინვესტიციების განხორციელება, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მებრძვიან, პირდაპირ ვამბობ _ სახელმწიფოს მტრები არიან.

_ კონკრეტულად რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ როდესაც არჩევნების შემდეგ ჩემი საქმის განხილვა განახლდა, პროკურატურიდან შემომთავაზეს, მოდი, ამ 6 მილიონიდან ერთი მილიონი დატოვე, 5 მილიონს დაგიბრუნებთ და ამით შენი საქმე სასამართლოში დასრულდებაო. ეს შემომთავაზა პროკურატურის თანამშრომელმა ბესო თხელიძემ. როდესაც  ბრიფინგი ჩავატარე, მისი ვინაობაც დავასახელე, მაგრამ გავიდა მცირე დრო და ბესო თხელიძე კვლავ დააწინაურეს. ასევე გამომიგზავნეს იუსტიციის გენერალი პაატა ჯახუტაშვილი. სხვათა შორის, ძალიან წესიერი კაცია, მაგრამ, რაც დაავალეს, ის გადმომცა.

შემდეგ მუქარის მეორე ტალღა წამოვიდა, როგორ გაბედე და გაახმაურე ეს ამბავი, ახლა ნახე, რას გიზამთ, ციხეშიც წახვალ და ამ 6 მილიონსაც დაკარგავო, _ დამემუქრნენ. იმის მაგივრად, რომ ჩემ წინააღმდეგ ზურაბ ადეიშვილის შეთითხნილი საქმე მოეხსნათ და სამართლიანობა აღედგინათ, აქეთ დამემუქრნენ. პროკურატურამ ომი გამომიცხადა. როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ბიზნესტერორში ვარ და ამას აკეთებს ქალაქის პროკურატურა, ქალაქის პროკურორ მაია მწარიაშვილის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა აღიარეს, რომ ზეწოლის, შანტაჟისა და დაშინების ფონზე მისცეს ჩვენება, დაასახელეს კიდეც ის პირები, რომლებიც მათ ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, მწარიაშვილი ცდილობს, მაინცდამაინც ადეიშვილის ცრუ, შეთითხნილ ბრალს ჩაეჭიდოს და მე გამამტყუნოს.

_ თავად ბიზნესმენები წინა ხელისუფლების დროს დუმილს ამჯობინებდნენ, მაგრამ ახლა რატომ არ იღებენ ხმას? შიშის ფაქტორი ხომ აღარ არსებობს?

_ რომელი ბიზნესმენები? «პამპერსიან» ბიზნესმენებზე თუ ლაპარაკობთ, ისინი, რა თქმა უნდა, ჩუმად იქნებიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უსამართლობას ვერ ეგუებიან და, თუნდაც საკუთარი კეთილდღეობისა და პირადი უსაფრთხოების საფასურად, უსამართლობას ებრძვიან, ამიტომაც შევებრძოლე სააკაშვილის რეჟიმს. აბსოლუტურად ყველა მიტინგის მონაწილე ვარ. ვიდექი ვაჟკაცი ქართველების გვერდით არა როგორც ბიზნესმენი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე და ჩემს ქვეყანას იმ ბოროტებისგან ვიცავდი. ზოგიერთი ბიზნესმენი დღესაც თვალს ვერ მისწორებს, რადგან ყველა მთავრობას უვაზელინოდ «უძვრება». ახალი ხელისუფლება როცა მოვიდა, გამოვედი და, რაც არ მომეწონა, ხმამაღლა ვთქვი. რაღაც ზეწოლის ფაქტების შესახებ მსმენია, მაგრამ მათ მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ. ჭორაობა გამომივა. თუ სხვა ბიზნესმენებსაც შეემთხვათ მსგავსი რამ, გამოვიდნენ და თქვან, მაგრამ ასეთი «პამპერსიანი» ბიზნესმენები, ბუნებრივია, ისევ დუმილს ამჯობინებენ.

_ თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ «ნაციონალებთან», «ვარდების რევოლუციის» ერთერთი დამფინანსებელიც იყავით. რა მოხდა შემდეგ, რატომ დაგიპირისპირდათ ხელისუფლება?

_ არათუ კარგი ურთიერთობა მქონდა, შეიძლება ითქვას, რომ 1995 წლიდან, მე «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი დონორი ვიყავი, სადაც მთელი «ნაციონალები» დაფრთიანდნენ, გია ბარამიძით დაწყებული _ მიხეილ მაჭავარიანით დასრულებული. თუმცა 2004 წლის ბოლოდან, როცა უკვე დავინახე, ვინ იყვნენ და რას უპირებდნენ ქვეყანას, მივხვდი, რომ ყოველივე ქართულის მოსპობა და ჩვენი ჯიშისა და გენის ამოძირკვა უნდოდათ. როცა ნულოვანი ტოლერანტობით ქართველ ერს გასაჟლეტად დაერივნენ და ამდენი უდანაშაულო ბიჭი ჩაცხრილეს, რა უფლება მქონდა, ხმა არ ამომეღო? პირდაპირ შევუთვალე იმ «ნაციონალებს», რომლებსაც ვიცნობდი _ გია ბარამიძესა და მიშა მაჭავარიანს, არაფრის სათხოვნელად აღარ მოხვიდეთ ჩემთანმეთქი. ამას მოჰყვა კონფლიქტი ჩვენ შორის და შემდეგ კიდეც დამაპატიმრეს.

_ ოფიციალურად ბრალად რა წაგიყენეს?

_ ოთხი მუხლით წამიყენეს ბრალი. ბრალად მედებოდა ჩემი შვილის სასარგებლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება, კომერციული მოსყიდვა, ქრთამის მიცემა, ფალსიფიცირებული დოკუმენტის შეძენა. თან საყურადღებოა, რომ ვითომდა ეს ხდებოდა 2003 წელს, რაც მხოლოდ 2010 წელს, 7 წლის შემდეგ, გაახსენდათ. ზურაბ ადეიშვილის პროკურატურამ სხვა მიზეზი რომ ვერაფერი მომიძებნა, ექიმები დააშინა და ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინა. სწორედ ამ ცრუ ჩვენების საფუძველზე დამიჭირეს. არადა, არანაირი დოკუმენტი არ გამიყალბებია. ჩემს შვილს ბავშვობიდან მართლა ჰქონდა პრობლემები. არ ვამართლებ, მან საშინელი დანაშაული ჩაიდინა, ადამიანი მოკლა და უნდა ეგო პასუხი, მაგრამ ციხეში სასჯელი ადეკვატურ პირობებში უნდა მოეხადა, როგორც კანონი ითვალისწინებდა. ახლა ვანო მერაბიშვილზე რომ გაჰყვირიან, აუცილებელია გამოკვლევები ჩაუტარდეს, ავადააო, ჩემი შვილიც ავად იყო, მაგრამ ციხეში მისთვის თუნდაც მედიკამენტები რომ მიეცათ, 2003 წელს სასამართლო-ფსიქიატირული ექსპერტიზა ჩაუტარდა. 6 თვე აკვირდებოდნენ ბავშვს. შემდეგ სწორედ ამ დასკვნის გამო დამიჭირეს ადეიშვილმა და სააკაშვილმა.

ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო ციხეში ჩემს შვილს სადისტურად ექცეოდნენ, რაც სტრასბურგშიც გავასაჩივრეთ. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა; თვითდაზიანების მიზნით 82 ჭრილობა აქვს მიყენებული. როდესაც მკურნალობის კურსს შეუწყვეტდნენ, დეპრესია ეწყებოდა. ბოლოს, ხელი რომ აღარაფერზე მიუწვდებოდა, კბილებით ამოიჭამა ხორცი.

ჩემი შვილი ახლახან გამოვიდა ციხიდან, 12 წელი მოიხადა სასჯელი. 18 წლისა მოხვდა ციხეში და 30 წლისა გამოვიდა. 20 დაავადება აქვს, მაგრამ  ცოცხლი მაინცაა, იმ ოჯახზე მტკივა გული, რომელსაც შვილი ცოცხალი აღარ ჰყავს. დავიფიცე, რომ ცხოვრების ბოლომდე მათ გვერდით დავდგები, მაგრამ მესმის, რომ იმ ტკივილს ვერაფრით გავუნელებ.

_ ციხეში როგორ გექცეოდნენ?

_ როგორც ფაშისტები ექცეოდნენ ებრაელებს, ციხეში ზუსტად ისე მექცეოდნენ. 14 დღე «კარანტინში» გამომკეტეს. რამდენიმეჯერ მხოლოდ იმიტომ შემაგდეს «ფუქსში», რომ კბილის ჯაგრისი მოვითხოვე. «ფუქსი» ძალიან ვიწრო საკანია, არც საწოლი დგას, არც სკამი, არც მაგიდა. ბოდიში და შუა ოთახში განავალი დამახვედრეს და ამ აყროლებულ ოთახში მამყოფეს 24 საათი, თან მომაძახეს, ამით გაიხეხე კბილებიო.

6-ადგილიან საკანში 22 პატიმარი ვიყავით. სრულიად უმიზეზოდ შემოვარდებოდნენ, ჯერ საკანში სცემდნენ პატიმარს, მერე აბანოში გაიყვანდენ და იქ აწამებდნენ.

_ «ნაციონალებიდან» ვინ გთხოვდათ თანხას?

_ შემოსავლების სამსახურიდან პირდაპირ მოდიოდა მითითება, რა უნდა დაგვეფინანსებინა. კახეთში რთველსა თუ უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას _ ყველაფერს ბიზნესმენები აფინანსებდნენ, შემდეგ გამოდიოდნენ «ნაციონალები» და ტრაბახობდნენ, რა კარგები ვართ, ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთო.

_ უარის თქმის შემთხვევაში რა მოხდებოდა?

_ როდესაც უარი ვუთხარი, 2010 წელს, სანამ დამიჭერდნენ, საგადასახადო სამსახური შემოვიდა და სრულიად უმიზეზოდ, მილიონ სამასი ათასი ლარით დამაჯარიმეს. ამის შემდეგ «ელიზი ჯგუფის» რესტორანში შევარდნენ და 130 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს.

_ ცოტა ხნის წინ პრემიერმაც დაადასტურა პრესკონფერენციაზე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნა შეინიშნება. თუმცა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. რა ხდება რეალურად, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ ამიტომ არის საჭირო, ბიძინა ივანიშვილი დარჩეს ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაალაგებს. მე ნდობა ხადურისთვის არ გამომიცხადებია, მე ბატონ ბიძინას გამოვუცხადე ნდობა. ნოდარ ხადურს ყველაფერში არ ვეთანხმები. სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით რომ გაძვირდა, ამით საქართველოს ბიუჯეტში სიგარეტის ბიზნესიდან მინიმუმ 30%-ით შემცირდება შემოსავალი. ზუსტად იგივე გააკეთა ნოღაიდელმა 2005 წელს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ლეგალური სიგარეტის ბიზნესი საერთოდ გაჩერდა. მაშინაც არ დაგვიჯერეს და სავალალო შედეგი მიიღეს.

ეკონომიკაში საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. ბუნებრივია, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, ამან გამოიწვია ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირება, რადგან მანამდე, ტერორის ხარჯზე იყო, ერთი შეხედვით ვითომ რომ ვითარდებოდა ეკონომიკა. სინამდვილეში კი ისეთ სულელურ პროექტებს, როგორიც იყო, მაგალითად, ლაზიკა, აფინანსებინებდნენ ბიზნესმენებს და სააკაშვილის მთავრობა ქულებს იწერდა.

_ თქვენ საკუთარ თავზე გამოსცადეთ «ნაციონალური» მმართველობის სიმძიმე, რას ფიქრობთ . . კოაბიტაციაზე?

_ კოაბიტაცია მესმის მე პარტნიორთან. კოაბიტაცია ნიშნავს თანაცხოვრებას და როგორ შეიძლება დამნაშავეებთან თანაცხოვრება? დამნაშავე ციხეში უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც ისეთ დანაშაულებრივ ორგანიზაციაზეა საუბარი, როგორიც «ნაციონალური მოძრაობა» იყო. მე «ნაციონალებს» ფაშისტურ პარტიასთან ვაიგივებ. მათი ლიდერების ადგილი ციხეშია, ამ პარტიის საქმიანობა კი საერთოდ უნდა აიკრძალოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here