Home რუბრიკები საზოგადოება ირმა სოხაძე: ქართული კულტურის ყველა დარგი დიდ გასაჭირშია

ირმა სოხაძე: ქართული კულტურის ყველა დარგი დიდ გასაჭირშია

907

მშობელი, როგორც კი ბავშვში რაიმე ნიჭს აღმოაჩენს, მაშინვე ცდილობსეს ნიჭი გააღვივოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საუკეთესო პედაგოგებთან მიიყვანოს, უკანასკნელ ლუკმას მოიკლებს და შვილის მომავლისთვის არაფერს დაზოგავს. მშობლები თვალყურს ადევნებენ რეკლამას, ეძებენ სასწავლებელს, რომელიც უფრო პრესტიჟულია და კარგი რეკლამა აქვს. ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში, «ბასტიბუბუსა» და «ენკიბენკის» გარდა, არსებობს საბავშვო სტუდია «მხიარული ნოტები», რომელსაც ქალბატონი ირმა სოხაძე ხელმძღვანელობს. რატომ არ არის პოპულარული «მხიარული ნოტები» და რა უქმნის მას დაბრკოლებას? სადამდე მოგვიყვანა ფავორიტების არსებობამ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» ქალბატონ ირმა სოხაძეს ეწვია.

 

_ საბავშვო სტუდიების აღორძინებითა და მათი არსებობით პერიოდულად სულ ვიყავი დაკავებული და დაინტერესებული. 80-იან წლებში საქართველოს ტელევიზიაში პირველ არხთან არსებული საბავშვო მუსიკალური თეატრი ჩამოვაყალიბეთ, სამი მიუზიკლი დავდგით და გადავიღეთ კიდეც. რეჟისორი დალი გურგენიძე გახლდათ, კეთილ საქმეში მთელი საბავშვო და მუსიკალური განყოფილებები მეხმარებოდნენ. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა. ჩვენი საბავშვო თეატრი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასში ტელევიზიის თანამშრომელთა შვილები ირიცხებოდნენ, საუკეთესო მონაცემების მქონე ბავშვები, პროექტიც სწორედ მათთვის გაკეთდა, ტელევიზიაში ხომ ძალიან ბევრი თანამშრომელი იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ სხვა ბავშვებიც შემოგვიერთდნენ. ეს არ იყო კომერციული პროექტი, ამიტომ სულ 25-30 ძალიან ნიჭიერი ბავშვი ირიცხებოდა. ისე, მე არ მჩვევია 100 და 200 ბავშვის აყვანა, რადგან ამ შემთხვევაში სწავლის ხარისხი ეცემა, ბავშვთან პირად კონტაქტს ვერ ახერხებ.

ტელევიზიაში საბავშვო თეატრის გაკეთების იდეა სრულიად სპონტანურად გაჩნდა. მოსკოვში იყო რაღაც ამგვარი გადაცემა, მაგრამ იქ უფროსები თამაშობდნენ ბავშვებისთვის, მე კი გადავწყვიტე, ბავშვებს თავად ეთამაშათ. გადაწყვეტილება კი მივიღე, მაგრამ ვერ მოვიძიე ქართული საბავშვო მიუზიკლი და თავად დავწერე, ეს იყო «ზღაპარქალაქი-1» და «ზღაპარქალაქი-2». ჩემი კონსულტანტი გახლდათ საბავშვო პოეტი და არჩვეულებრივი ადამიანი, ბატონი გივი ჭიჭინაძე. მესამე მიუზიკლი, რომელიც დავდგით, გივი ჭიჭინაძის ლექსზე დავწერე _ «ნაძვნარა ტყის ზღაპარი».

პირველი მიუზიკლის დადგმა არც ისე უმტკივნეულო იყო. საბავშვო რედაქციაში მაშინვე ჩოჩქოლი ატყდა, ამბობდნენ, რა საჭიროა სპექტაკლი, რომელშიც ბავშვი სკოლის მაგივრად ზღაპარქალაქში მიდისო. სრული სისულელე იყო, მაგრამ ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, ჯანმრთელობაც კი შემერყა. სპექტაკლი გადამიდეს, დეკორაცია უკვე გაკეთებული იყო, ჩანაწერები, ფონოგრამა _ ყველაფერი მზად გვქონდა, ორი დიდი გრამფირფიტაც გამზადებული იყო. ყველაფერ ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ჩემი სურვილი იყო,  ბავშვებს ფული არ გადაეხადათ, მათ უფასოდ ვამეცადინებდი, ამიტომ ყველაფერს უფასოდ და თხოვნის საფუძველზე ვაკეთებდით. დაბრკოლებების მიუხედავად, საბავშვო სპექტაკლი მაინც წარმატებით დასრულდა. ახლახან ჩანაწერები მოვიძიე, მაგრამ ტელევიზიაში არ აღმოჩნდა.

რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენი თეატრი საბავშვო ქალაქ «მზიურთან» არსებულ თეატრად გადაკეთდა. შაბათ-კვირას თბილისელებისთვის და სტუმრებისთვის სრულიად უფასოდ «მზიურის» თეატრონზე წარმოდგენებს ვმართავდით. ახლაც მიკვირს ის ენთუზიაზმი, რომელსაც მაშინ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი იჩენდა.

კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში როდესაც ვასწავლიდი, არაჩვეულებრივი კურსი შემხვდა, მათთან ურთიერთობის გაწყვეტა სწავლის დასრულების შემდეგაც ვერ შევძელი. ბევრი ვიფიქრეთ, ერთობლივად რა გაგვეკეთებინა და მოვიფიქრეთ, რომ საბავშვო სტუდია დაგვეარსებინა. არ მინდოდა, რაც ჩემს სტუდენტებს ვასწავლე, დაკარგულიყო, არც მათ სურდათ თავისი ცოდნის დაკარგვა.

ხუთი წლის წინ ჩემმა სტუდენტებმა სტუდია «მხიარული ნოტები» დააარსეს. მოგვიანებით მეც ჩავერთე, თავდაპირველად კონსულტანტი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ცოტა მეტი ვარ, რადგან მიწვეული კონსულტანტები კვირაში ან თვეში ერთხელ დადიან, მე კი ხშირად იქ ვარ. ამ გაზაფხულზე, ისევ «ზღაპარქალაქი» დავდით. ძველი სპექტაკლის დადგმა უცებ მომივიდა აზრად.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აბსოლუტურსმენიანი ბავშვები ვეძებოთ. არის უამრავი საბავშვო სტუდია, მშობლები ცდილობენ, რომელსაც უკეთესი რეკლამა აქვს, იქ შეიყვანონ თავისი შვილი, ამიტომ ცოტა გვიჭირს ნიჭიერი ბავშვების პოვნა. სწორედ ეს გახდა ძველი სპექტაკლის დადგმის მიზეზი, მაინტერესებდა, საშუალო მონაცემების მქონე ბავშვები რას იზამდნენ. ჩემს გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შედეგი ვნახე. ეს იყო ცოცხლად შესრულებული მუსიკა. სხვათა შორის, მაშინ იმ ნიჭიერ ბავშვებთან, ტელევიზიაში, ფონოგრამაზე ვმუშაობდი.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალ მუსიკას, ბავშვის ბავშვურობას, მის ზოგად განვითარებას, ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ რას მიიღებს ჩემს გაკვეთილზე ახალსა და საინტერესოს. არ მაქვს ის ამოცანა, რომ წარმოდგენები დავდგა და 200 ბავშვი ერთნაირად ვაცეკვო, უფრო ინდივიდზე ვმუშაობ, თითოეულ მათგანს რაც მოსწონს, რაც უყვარს, უფრო გავუღვივო, თუ რამ ცუდი ჩვევა აქვს, გადავაჩვიო და უკეთესი ჩავუნერგო. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ჩემ გვერდით დგანან და ძალიან მეიმედებიან ნათია ხუციშვილი და ელენე მელქაძე.

_ ძალიან პოპულარულია «ბასტიბუბუ». რას იტყვით ამ სტუდიაზე?

_ «ბასტი-ბუბუ» მთელი ინდუსტრიაა, ის კარგად არის რელსებზე დაყენებული, მაგრამ არ მომწონს, საბავშვო სტუდიების სივრცეში მონოპოლია რომ აქვს აღებული. თუმცა ეს არ არის «ბასტი-ბუბუს» ბრალი. ამაში დიდი წვლილი ტელევიზიებს მიუძღვით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა «ბასტი-ბუბუ» გაუშვა და სანაცვლოდ არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთა. იმედი მაქვს, რომ ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო გადაცემებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, იმუშავებს სხვადასხვა სტუდიასთან, მათ შორის _ «მხიარულ ნოტებთან». მინდა, რომ ჩვენი დადგმული მიუზიკლის შესახებ მოველაპარაკო, რომ ახალი ვერსია კვლავ გადავიღოთ და ბავშვებს ვაჩვენოთ. იმიტომ კი არა, რომ ეს ჩემი ბავშვები არიან და საუკეთესოა, არა, ეს საჭიროა, ამ ზღაპრებზე თაობები გაიზარდა, მას ბავშვები უსმენდნენ.

უნდა ვუსაყვედურო  ხელმძღვანელებს იმ საბავშვო ანსამბლებისა, რომელთა წევრებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მაკიაჟთ დგანან სცენაზე, ერთი სიტყვით, ქალებს ჰგვანან და საბავშვო სიმღერებს მღერიან. არ მესმის, რა საჭიროა ამ ასაკიდან ბავშვის გემოვნების გაფუჭება?! კარგი იქნება, თუ ამაზე დაფიქრდებიან. ბავშვისთვის, უპირველესად, მუსიკის სიყვარულია მთავარი, მან უნდა ისწავლოს ცოცხლად შესრულება.

_ რა ვითარებაა კონსერვატორიაში? იზრდება თუ არა კარგი თაობა?

_ ცუდი მდგომარეობაა, რამდენიმე ფაკულტეტი, შესაძლებელია, დაიხუროს კიდეც. პირველი მიზეზი ის არის, რომ ყველაფერი ფასიანი გახდა. მე მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, ეს იყო სკოლა-ინტერნატი. იქ, იცით, როგორი მუსიკოსები გაიზარდნენ? კორიფეები. დღეს ასეთი სასწავლებლები აღარ არსებობს, არ არის ხელშეწყობა, მშობელმა ფული უნდა იხადოს და ხშირად ამის საშუალება არ აქვს. სასულე სპეციალობებზე ბავშვები ძირითადად რაიონებიდან მოდიოდნენ სასწავლებლად, ეს ინტერნატი კი ძალიან ადგებოდათ. იქ ცხოვრობდნენ და მხოლოდ სწავლით იყვნენ დაკავებულნი. ეს იყო უნიკალური სკოლა, რომელიც დაანგრიეს. ასეთი სამჭედლოს მოსპობა არაფრით შეიძლებოდა.

ამას წინათ კულტურის სამინისტროში რაღაც საქმეზე მივედი და მითხრეს, რომ ჩვენ კლასიკურ მუსიკას უნდა მივხედოთო. ერთერთმა მოადგილემ მითხრა, თუ როგორ აპირებენ, რომ სოფლებში გააგზავნონ ალტისტი კულტურის ასამაღლებლად. ეს საკითხისადმი ძალიან ზედაპირული, არასერიოზული მიდგომაა, სასაცილოც კია. ასე არ ეშველება ამ სფეროს.

_ დახმარებისთვის არ მოგმართეს?

_ ჯერ არავის მოუმართავს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ პრობლემა არსებობს, მათი მოგვარებისა და გადაჭრის გზებზე ჩემთან საუბარი თუ აინტერესებთ, დამიძახონ და აუცილებლად დავეხმარები. ამჟამად არსად ვმუშაობ. არაფერს დავიშურებ და არ დავზარდები. ქართული კულტურის ყველა დარგი დიდ გასაჭირშია. დაუჩემებიათ ქართული ესტრადა, რა, აკადემიური მუსიკის თვალსაზრისით უკეთესადაა საქმე? კომპოზიტორები გვყავს? გასულ საუკუნეში საოცარი პლეადა იყო. მესმის, რომ მსგავსი საუკუნეში ერთხელ ხდება, მაგრამ თითო-ოროლა მაინც ხომ უნდა იყოს.

ფავორიტულმა სისტემამ დაღუპა, დაანგრია ქართული კულტურა. ეს «არტიმედიდან» დაიწყო. მართალია, ბადრი პატარკაციშვილს კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ ისეთ ადამიანებს ჩაუგდო ეს საქმე ხელში, რომ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ფავორიტები იქიდან დაიწყო, ფონოგრამით სიმღერაც მათ დაიწყეს. სულ ფონოგრამით სიმღერა არ შეიძლება, ცოცხლად სიმღერა უნდა შეგეძლოს, რა იცი, როდის დაგჭირდება?!   

მას შემდეგ ყოველთვის რამდენიმე მომღარალი ჩანდა, დანარჩენები კი გადაყრილები ვიყავით, შოუშიც კი არავინ გვეძახდა.

_ ანუ ჩარეცხილები?

_ ვერ ვიტან მაგ სიტყვას, მაგრამ, რაც გინდათ, დაარქვით. ჩვენ არსად არ უნდა გავჭაჭანებულიყავით, ჩემს ცხოვრებაში ათი წლის მანძილზე სულ რაღაც ორი-სამი გამონათება იყო. ერთხელ, როცა «იმედის დილაში» დამიძახეს, მწირი ბიუჯეტითა და შიშველი ხელებით კარგი პროექტი გამოგვივიდა, მაგრამ ხუთ თვეში «ამერიკური ხედვის გოგონა» მოიყვანეს და მე გამომიშვეს. დიახ, სწორედ ასე მითხრეს _ «ამერიკული ხედვის გოგონა», რომელმაც შემდეგ მთელი რედაქცია დაშლის და დანგრევის პირას მიიყვანა. ქართულ ტელევიზიას და, თუ გნებავთ, სხვა რამესაც ამერიკული ხედვა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქართული ხედვა. მე ვიცი, რა უნდა ჩვენს მაყურებელს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მიეხედება, განსაკუთრებით კულტურას, მანკიერი რაც არის, აღმოიფხვრება.

_ ამ შემადგენლობით, ვინც ახლა კულტურის სამინისტროშია?

_ ვფიქრობ, რომ ყველაფერს მოევლება, რადგან ხალხმა გასული წლის ოქტომბერში დიდი საქმე გააკეთა და ვიცი, მალე სინათლეზეც გავალთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ნეტავ ეს ზღაპარ-ქალაქი კიდევ ერთხელ მომასმენინა თავიდან ბოლომდე… ოცნებად გადამექცა… ვინახავ ამ ორ ფირფიტას ბავშვობიდან და ვერ ვპოულობ ხერხებს რომ ან ვინმემ გადამიწეროს, ან რამე სასწაული მოხდეს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here