Home რუბრიკები პოლიტიკა ქართლოს ღარიბაშვილი: მოსაზრება, რომ მარგველაშვილი ხელისუფლების კადრია, მცდარია!

ქართლოს ღარიბაშვილი: მოსაზრება, რომ მარგველაშვილი ხელისუფლების კადრია, მცდარია!

1162

პრეზიდენტობის კანდიდატი, ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი არც ამჯერად ღალატობს ტრადიციას და საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მეხუთედ მონაწილეობს. როგორც ამბობს, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სასამართლო სისტემის რეფორმას განახორციელებს, პროკურატურასა და ჯარს კი საერთოდ გააუქმებს. სამომავლო გეგმებზე «საქართველო და მსოფლიოს» ქართლოს ღარიბაშვილი ესაუბრება.

 

_ უკვე წლებია, მეხუთედ მონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა გამარჯვება ვერც ერთხელ ვერ მოახერხეთ. როგორ ფიქრობთ, ამჯერად მოიპოვებთ ხალხის მხარდაჭერას?

_ 18 წელია, საპრეზიდენტო არჩევნებში ვმონაწილეობ. შეიძლება ვიღაცამ ეს მინუსად ჩამითვალოს, მაგრამ ხომ ფაქტია, 18 წელი გავიდა და მაინც ბრძოლის ხასიათზე ვარ და 18 წლის წინანდელ იდეაზე უარს დღემდე არ ვამბობ! სწორედ იმიტომ, რომ უკვე მეხუთედ ვმონაწილეობ არჩევნებში, ამჯერად ცოტა ვყოყმანობდი, მაგრამ ჩემზე ზეგავლენა მეგობრებმა მოახდინეს და მეც დავთანხმდი, ვინაიდან ჩემთვის სულერთი არ არის, საქართველოს პრეზიდენტი ვინ იქნება. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა და იმიტომ მინდა, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო, თორემ ხვალ, რუსეთის პრეზიდენტობა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყოდი.

ჩემი პროგრამა ბოლომდე რომ შესრულებულიყო, თუ სხვა გააკეთებდა ჩემს გასაკეთებელს, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს ყოველგვარ საზოგადოებრივ აქტიურობაზე. ჩემი იდეაა ტოტალიტარული საქართველო, პროკურორების ქვეყნიდან, დემოკრატიულ საქართველოდ, ადვოკატების ქვეყნად გადავაქციოთ. პრეზიდენტი მყინვარწვერზე კი არ უნდა დარბოდეს და მარკეტებსა და კაფე-ბარებს კი არ უნდა ხსნიდეს, კაბინეტში უნდა მუშაობდეს.

ვფიქრობ, ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, რადგან ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და ხალხი უკვე მიხვდა, რომ გაუწონასწორებელი ადამიანი ქვეყნის ლიდერად არ უნდა აირჩიოს. პრეზიდენტი უნდა იყოს დიქტატორი, მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. მიშას მთელი უბედურებაც ეგ იყო, რომ კანონიდან ამოვარდა. ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა, ლუდოვიკო მეთოთხმეტესი არ იყოს, ჩათვალეს, რომ სახელმწიფო და კანონიც თავად იყვნენ. ორმა-სამმა კაცმა სახელმწიფოს უზურპირება ვერ უნდა მოახერხოს. ამის მიუხედავად, მე არ მაქვს ის განწყობა მიშა სააკაშვილის მიმართ, რომელიც საზოგადოებაშია, რადგან შურისძიებით სამართლიანობას ვერ დავამყარებთ.

_ ანუ თქვენც ემხრობით ამ ყბადაღებულ კოაბიტაციას?

_ კი, ბატონო, შევრიგდეთ, მაგრამ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ოღონდ მათ პასუხი პრეზიდენტმა არ უნდა აგებინოს. პრეზიდენტი კანონის ჩარჩოებში უნდა მოქმედებდეს.  დღეს კუბლაშვილი კი არ ახდენს ახალაიასა და სხვების სასამართლო პროცესებზე ზეგავლენას, არამედ პროკურატურაა სუსტი.

_ თქვენ პროფესიით იურისტი ხართ. რას ურჩევთ მთავარ პროკურორს _ არჩილ კბილაშვილს?

_ ვფიქრობ, უფალი ყოველთვის მფარველობდა და ამის შედეგია, რომ პროკურორი არ გავხდი. პროკურატურა საბჭოთა სისტემის გადმონაშთია და ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს ურჩხული  _ პროკურატურა უნდა დაიშალოს. მოქმედ იურიდიულ ლექსიკონში სიტყვა პროკურორი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, დაე, ერქვას ბრალმდებელი. უნდა გაძლიერდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე ნინო ბურჯანაძე ან შალვა ნათელაშვილი არ ვარ, რომ ვიძახო, მე უკვე პრეზიდენტი ვარო, მაგრამ, თუ გავხდი პრეზიდენტი, თუ ხალხმა მხარი დამიჭირა, პროკურატურის შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდება.

კბილაშვილი კარგი ადვოკატი იყო და ძალიან გამიკვირდა, როცა ამ თანამდებობას დათანხმდა. კბილაშვილი სამოქალაქო საქმეებზე მუშაობდა და, მგონი, ამ შენობაში პირველად მისი ხელმძღვანელის სტატუსით შევიდა, შესაძლოა, მანამდე ნამყოფიც არ იყო იქ. როგორც ჩანს, ბიძინას _ ამ «სუპერმენს», ჰიპნოზის უნარი აქვს, ჯერ კალაძე დაითანხმა ენერგეტიკის მინისტრობაზე, მერე _ კბილაშვილი პროკურორობაზე, ახლა კი მარგველაშვილი _ პრეზიდენტობაზე, თუმცა მარგველაშვილი აზრზე არ არის, რაზე იყრის კენჭს.

ბიძინა ივანიშვილს კადრების სერიოზული დეფიციტი აქვს, პარლამენტიც ძალიან სუსტია. ერთი «ადვოკატების პრინცესა» _ ეკა ბესელია ლაპარაკობს, ხანდახან მანანა კობახიძე და ელისო ჩაფიძე თუ იტყვიან რამეს, დანარჩენები ჩუმად არიან.

_ ამ დროისთვის უკვე პრეზიდენტობის 54 მსურველია. ყველაზე ძლიერ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

_ 54 ცოტაა, ასმა, ორასმა კაცმა უნდა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ყველამ უნდა იყვიროს, რომ საქართველო ფეხზე დავაყენოთ. არც ერთ კანდიდატზე ცუდს არ ვიტყვი.

გააჩნია, ძლიერი კონკურენტი რას ნიშნავს. ათას რაღაცას რომ გვპირდებინ ეს კანდიდატები, მიშაც მაგას აკეთებდა, ტუალეტებსა და მარკეტებს ხსნიდა. ეგ რა პრეზიდენტის საქმეა. პრეზიდენტს რა ესაქმება, კახეთში რა ჯიშის ყურძენი უნდა მოიყვანოს გლეხმა ან რა ღვინო უნდა დააყენოს? რომელ კანდიდატს აქვს პროგრამა? ორ-სამ პენსიონერს შეხვდებიან და ლაპარაკობენ რაღაცას.

სანამ ვინმეს აირჩევს, საზოგადოება თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიითა და წარსულით უნდა დაინტერესდეს. გიორგი თარგამაძემ ყველას უღალატა, პატარკაციშვილსაც, ასლან აბაშიძესაც, ახლა კი გამოდის და პრეზიდენტობა სურს. ბოლო დროს სექსუალურ უმცირესობებს დაუწყო დევნა (თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია, ვინ არის უმცირესობა). მე სექსუალური გადახრები არ მაქვს და სხვისი სექსუალური ცხოვრება არ მაინტერესებს.

ჩვენი საკანონმდებლო სივრცე «ვარდების რევოლუცის» შემდეგ განადგურდა. სწორედ ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძის მიერ მიღებულმა კანონებმა დაამყარა ჩვენთან რეჟიმი. 12-14 წლის ბავშვებს სკოლაში უბრალო ჩხუბის გამო აპატიმრებდნენ. რატომ იღებდა ბურჯანაძე იმ კანონებს, რომლებმაც ქვეყანა გაანადგურა? ამათი არჩევა არ შეიძლება. საქართველო, მიშამ კი არა, ამათმა მიღებულმა კანონებმა გაანადგურა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცით _ ვინ არიან მისი მშობლები, წინაპრები. ღიად ვილაპარაკოთ, ვინ რა წარმოშობის ვართ, ვინ საიდან მოვდივართ, ვის გვაქვს სომხური, ოსური, რუსული, ჩინური წარმოშობა. მახსოვს, ზურაბ ჟვნიამ თქვა ერთხელ პარლამენტში, დედაჩემი სომეხიაო. დედამისი, სომეხი კი არა, ებრაელია. წარმოშობა ნაკლი არ არის, ნაკლი ის არის, როცა იტყუები. ყველამ უნდა თქვას, ვინ ჰყავს მამა, დედა, პაპა, ბებია. ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს.

_ საქართველოში რატომ მალავენ საკუთარ წარმოშობას? პრეზიდენტი რომ იყოთ, ამას რას დაუპირისპირებდით?

_ მიხეილ სააკაშვილი მალავს საკუთარ წარმოშობას. ტყუილად ამბობენ, რომ საკაშვილს სომხური წარმოშობა აქვს, სინამდვილეში მას ოსური წარმოშობა აქვს. ეს თქვენი, ჟურნალისტების, საქმეა. გამოიკვლიეთ და დაწერეთ, მაგრამ, როგორც ნებისმიერი სფერო, ჟურნალისტიკაც ვერ არის სათანადო დონეზე.

ჩატარდეს ტელედებატები და ნებისმიერ კანდიდატთან დავჯდები პირისპირ, მაგრამ მეეჭვება, რომელიმე კანდიდატი დებატებში ჩემთან დაჯდეს.

სამართლიანობის აღდგენა, უპირველესად, სასამართლო სისტემაში უნდა დაიწყოს და სასამართლო თუ სახელისუფლო სტრუქტურების სისტემა ჩემზე უკეთ არავინ იცის. ამის სპეციალისტი ვარ. მარგველაშვილი ფილოსოფოსია და სამართლიანობა ფილოსოფოსობით როგორ უნდა დაამყაროს?

_ ანუ გიორგი მარგველაშვილს არ მიიჩნევთ კონკურენტად, ის ხომ ხელისუფლების კანდიდატია?

_ რომელი ხელისუფლების? ბიძინა ივანიშვილს რა ხელისუფლება აქვს? მას ჰყავს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში და ამის მეშვეობით შექმნა მინისტრთა კაბინეტი. ბიძინა ივანიშვილს არავითარი ხელისუფლება არ აქვს და იმიტომაც გარბის პოლიტიკიდან. მოსაზრება, რომ მარგველაშვილი ხელისუფლების კადრია, მცდარია. ასე, იურიდიულად, ყველა კონკურენტია.

ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი სერიოზულად დაეცა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. ტყუილია, რომ ამბობენ, მარგველაშვილს 65% აქვსო. შეხვდით მარგველაშვილს, თუ აზრზეა საერთოდ რაზე იყრის კენჭს. მარგველაშვილს არანაირი შანსი არ აქვს, პრეზიდენტი გახდეს. მეტსაც გეტყვით, გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება დავით ბაქრაძესაც ვერ მოუგოს. ეგ კი არა, მაგას შეიძლება შალვა ნათელაშვილმაც გაუსწროს.

_ გიორგი მარგველაშვილი არ მოგწონთ. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტობის კანდიდატად ვინ უნდა დაესახელებინა ბიძინა ივანიშვილს?

_ არ ვიცი. ჩემთვის არ უკითხავს, თორემ ვეტყოდი, მე დამასახელე-თქო, რადგან სასამართლო სისტემა ჩემზე უკეთ არავინ იცის.

_ მომავალი პრეზიდენტის ერთერთი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკა იქნება. თქვენ როგორ გეგმავთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას? რას ფიქრობთ ნატოს, ევროკავშირისა თუ ევრაზიული კავშირის შესახებ?

_ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში პროვინციული ფსიქიკა ჩამოყალიბდა, ამიტომ შევარდნაძის პოლიტიკა იყო, რუსეთის მაგივრად, დასავლეთს «შეტენვოდა». სამხრეთთან, დასავლეთთან, აღმოსავლეთთან თუ აღვადგინეთ ურთიერთობა, რუსეთთან რატომ არ უნდა აღვადგინოთ? რუსეთის იმპერია ქართველების შექმნილია. ისევე, როგორც საქართველოს, რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შედის ჩვენთან ურთიერთობის აღდგენა. ქართველები რომ გამოჩნდნენ რუსეთში, რუსეთი გახდა ქართველების. ქართველები რომ შევლენ ნატოში, ხომ არ გგონიათ, ნატო ისევ ბელგიელების ან ინგლისელების იქნება? ისიც ქართველების იქნება. ჩვენ ისე კი არ უნდა ვითამაშოთ ნატოში, რომ რუსეთის ინტერესები დავძაბოთ, პირიქით.

_ ნატო და რუსეთი დაგვთანხმდებიან ამ თამაშზე, არ იქნებიან წინააღმდეგი?

_ მერე მოვხსნათ ეს წინაღმდეგობა. ჩვენ მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესები კი არ უნდა დავაჯახოთ, პირიქით, იქაც შემრიგებლური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. დიპლომატიაში სერიოზულად მოვიკოჭლებთ. ჩვენ ნატოს განაპირა ადგილას კი არ უნდა ვიყოთ, უნდა შევეცადოთ, ცენტრში მოვექცეთ.

_ ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

_ გეტყვით. პოლიტიკაში გვინდა მცოდნე ხალხი. პრეზიდენტად გვინდა პრინციპული, განათლებული, კარგი წარსულის მქონე, მებრძოლი, დიქტატორული, მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანი. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არც შევარდნაძისნაირი მელაკუდა უნდა იყოს და არც მიშასნაირი სულელი.

_ დაკარგულ ტერიტორიებს როგორ დაიბრუნებდით?

_ სად დავაბრუნოთ? არასწორი კონცეფცია გვაქვს. ცხინვალი და აფხაზეთი კი არ უნდა დავაბრუნოთ თბილისში, საქართველო უნდა დაბრუნდეს ცხინვალსა და აფხაზეთში. საქართველოს ფედერაციული მოწყობის მომხრე ვარ.

_ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სირიის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დადგება. რა ელოდება ამ შემთხვევაში საქართველოს?

_ ან ავღანეთსა და ერაყში რაზე ხოცავენ ამ ხალხს? თუ ბელგია, ავსტრია არ იღებს ხმას, ჩვენ რა გვალაპარაკებს? მიმაჩნია, საქართველოს ჯარი საერთოდ არ უნდა ჰყავდეს. ვის უნდა ვეომოთ? რუსეთს და თურქეთს მაინც ვერაფერს ვუზამთ. ჯარი ფულის გათეთრების საშუალებაა. ტანკები კი არა, ტრაქტორები უნდა ვიყიდოთ. შეიარაღებაზე უარი უნდა ვთქვათ და ეს თანხა ეკონომიკაზე მივმართოთ. ჩვენ მილიტარისტული სახელმწიფო არასდროს ვყოფილვართ. ან ნატოს რატომ ვეხვეწებით? ვინ გვესხმის თავს? ცხინვალში რაც მოხდა, ყველაფერი ცხადია. თუ იდიოტი არ არის, ყველა ყველაფერს მიხვდება. მიშა რუსეთის კაცია, ტყუილად აბრალებენ მაგას დასავლეთისააო, მაგას დასავლეთის ქცევები აქვს? რატომ არ იღებენ ლუსტრაციის კანონს? მაგრამ თავის თავზე ხომ არ მიიღებენ? ან რა უფლება აქვთ, ფარულ ჩანაწერებს რომ ანადგურებენ? იმიტომ ხომ არა, რომ თავად არიან იმ კადრებშიც?! თუ პრეზიდენტი გავხდი, ლუსტრაციის კანონს მივიღებ.

პრეზიდენტობის კანდიდიტებს წარმატებებს ვუსურვებ. მე ჩემს პროგრამას წარვუდგენ საზოგადოებას და დანარჩენი ხალხის გადასაწყვეტია. თუ მენდობიან, ამირჩევენ. თუ მხარს არ დამიჭერენ, არც ეგ მეწყინება, შეჩვეული ვარ. უბრალოდ, ჩემი ცოდნიდან, გამოცდილებიდან, წარსულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო, რადგან მინდა ისეთი თანამდებობა მქონდეს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნისთვის სასარგებლოდ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას მოვახდენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here