Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: თავს ზემოთ ძალა არ არის

სოსო ჯაჭვლიანი: თავს ზემოთ ძალა არ არის

662

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეჟისორი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.

_ ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინ თქვენ და თქვენს თანამებრძოლებს ახალი კანონპროექტის დასამტკიცებლად პრეზიდენტის სამი ვეტოს დაძლევა მოგიხდათ. უკვე მეთერთმეტე თვეა, ასეთ რეჟიმში გიწევთ მუშაობა. საზოგადოებას აინტერესებს, როდის დამთავრდება ეს დაპირისპირება, როდის ჩადგება პარლამენტი ნორმალურ სამუშაო რიტმში?

 

 _ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ უკვე კომიკური ხასიათი მიიღო ამ კაცის მოქმედებამ. როგორც ჩანს, 9 წელი რომ ერთობოდა, ძალიან გაუტკბა და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, ახლა რა რეალობაშია. ეს არ არის არც დაპირისპირება და არც რაიმე პოლიტიკური სვლა, ამას მარტო ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: უბრალოდ, იმდენად დიდი ბოროტება და ზიზღია ამ ადამიანში დაგროვილი საკუთარი ოპონენტების მიმართ, რომ ყველანაირ ღონეს ხმარობს, ყველა უფლებას იყენებს რაღაც ბარიერების შესაქმნელად. რაც შეეხება თქვენს კითხვას, როდის დამთავრდება ეს წინააღმდეგობრივი პროცესი, ძალიან მოკლედ შემიძლია, გიპასუხოთ: 27 ოქტომბერს მორჩება ამათთან ყველაფერი, ამაზე მარგველაშვილმაც ისაუბრა თავის  გამოსვლაში და მეც ამის მჯერა.

_ უფრო გასაგებად განვუმარტოთ საზოგადოებას, _ რას ნიშნავს კოაბიტაციის დასრულება. დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის პოლიტიკური ელიტა პირდაპირ გვეუბნება, რომ სწორედ კოაბიტაციაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი დემოკრატიული განვითარება.

_ დასავლეთში გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ამის იგნორირება შეუძლებელია, მაგრამ ჩემთვის, ამ შემთხვევაში, ბევრად მნიშვნელოვანია, აქ რა ხდება; ხალხი რას ფიქრობს და რითაა უკმაყოფილო ან კმაყოფილი. კოაბიტაციის დასასრული იმას ნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველას მიეჩინება თავისი ადგილი. დამთავრდება ეს რაღაც გაურკვევლობა და გამოჩნდება, ვინ მტყუანი იყო, ვინ _ მართალი, ვინ დააშავა, ვინ _ არა.

_ თვითონ პრემიერი კოაბიტაციის მომხრეა, მან ამას წინათ განაცხადა, რომ «ნაცმოძრაობაშიც» არიან ღირსეული ადამიანები და მათ შანსი უნდა მივცეთ.

_ თქვენ იცით, რომ მე მათთან კოაბიტაციაში არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები. ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ დამნაშავეებთან პირის შეკვრა არ შეიძლება. საერთოდ, ამ სიტყვის _ «კოაბიტაციის» მოსმენითაც დაიღალა უკვე ხალხი, ამიტომ მოდი გასაგებ ენაზე ველაპარაკოთ ადამიანებს: ჩემი შვილიც რომ იყოს და დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, არ უნდა ეპატიოს. სხვანაირად საზოგადოებას არ ექნება რწმენა და ვერ შედგება სახელმწიფო, ეს ცალსახად ასეა.

_ პირდაპირ გკითხავთ, რამდენად კმაყოფილი ხართ მიმდინარე სამართლებრივი პროცესით?

_ პირდაპირ გიპასუხებთ: კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ  მედალს ორი მხარე აქვს, უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი საქმეა პროკურატურაში ერთბაშად შესული. ყველას უნდა თავის საქმეზე სიმართლის გარკვევა და დამნაშავის დასჯა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უჭირთ საგამოძიებო სტრუქტურებს მუშაობა, ეს წმინდა ადამიანური მომენტია. ვიცი, ამის ახსნა უსამართლობით გამწარებული ადამიანებისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. თავს ზემოთ ძალა არაა, რას ვიზამთ, პროცესები თავისას ითხოვს…

_ ერთია, რომ პროკურატურას ძალიან ბევრი საქმე აქვს ერთბაშად გამოსაძიებელი, მაგრამ მტკიცებულებებიც საკმარისადაა. ჯერ, ფაქტობრივად, არც ერთი პროცესი არ დასრულებულა. ამის ფონზე არ არის სამართლიანი საზოგადოების უკმაყოფილება?

_ მე ამას, უკმაყოფილებას კი არა, საზოგადოების კონტროლს დავარქმევდი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. წინა ხელისუფლება სწორედ ამ კონტროლს იყო მოკლებული და ამიტომ მივედით სრულ კატასტროფამდე. ახლა რაც შეეხება ისევ სამართლიანობის აღდგენას, შემაფერხებელ ფაქტორებზე ვსაუბრობდი და აქ არ შეიძლება, არ ითქვას, რა მდგომარეობაა დღეს სასამართლო სისტემაში. თქვენ იცით, რომ იქ აბსოლუტური უმეტესობა წინა ხელისუფლებისდროინდელი კადრია. მათი ნაწილი დღეს ისევ იმავე ძალების მიერ იმართება, ნაწილი კი «ნაცმოძრაობასთან» კუდითაა გადაბმული, ძალიანაც რომ უნდოდეს, ობიექტურად ვერ იმოქმედებს. ეს უკვე თავისთავად პრობლემაა. ასე რომ, რა უნდა ქნას პროკურატურამ? გამოძიება დაბორკილი ცხენივითაა, თითქოს წინ მიდის და ამავე დროს უჭირს.

_ რა შეიძლება გაკეთდეს ამის გამოსასწორებლად?

_ დღეს ხომ, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობაა საქართველოში?! აი, ამას უნდა დაესვას წერტილი. როგორ, რანაირად, ახლა დეტალურად ნუ ვისაუბრებთ, მაგრამ აგერ მოდის არჩევნები და იქ გადაწყვიტოს თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ვერ მოვისვენებ, როცა ადამიანი ქონებაწართმეულია; როცა კაცი სამართალს ეძებს და ვერ პოულობს. ჩვენ თუ ასე არ მოვიქცევით, ამ ხელისუფლებაზეც იმავეს იტყვიან, რასაც სააკაშვილის რეჟიმზე ამბობდნენ და ღირსებიც ვიქნებით. სხვათა შორის, ამას წინათ ერთ-ერთ გაზეთში ჟურნალისტმა დამიწერა, სოსოს ვურეკავ და არ მპასუხობს, ნეტავ, რა იშოვა ასეთიო. იცით, რა ვიშოვე? _ ნერვების გლეჯვის მეტი, არაფერი. 100 კაცი ერთად რომ დაგირეკავს, ყველას ერთად ხომ ვერ  უპასუხებ?! ბოლოს და ბოლოს, ფიზიკურად ვერ გასწვდები ამდენს…

_ ისევ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე გკითხავთ: ამ ეტაპზე მორატორიუმია გამოცხადებული და, ფაქტობრივად, ყველა საქმეზე შეჩერებულია გამოძიება. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ განახლდება ეს ყველაფერი?

_ ეს აუცილებელია. სხვანაირად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. 27 ოქტომბრის შემდეგ უამრავ ცვლილებას ველოდები და ამას ყველა დავინახავთ. ახლა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, არჩევნებამდე სულ ორი თვე დარჩა.

_ საუბრობენ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზეც

_ ამას ვერც ხელისუფლება გადაწყვეტს, ვერც ოპოზიცია და ერთმნიშვნელოვნად ვერც სასამართლო, ამას გადაწყვეტს სამართალი და ქართველი ხალხი. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხშირად იმეორებს ტერმინს პოლიტიკური თანაცხოვრება, ცალსახა დასკვნების გამოტანის უფლებას არავის აძლევს. მესმის, რომ რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის ძნელია ამის ახსნა, მაგრამ მინდა, ყველას ვთხოვო, არასწორად ნუ გაიგებენ გამონათქვამებს.

_ ფაქტია, რომ ხელისუფლების შეცვლიდან თერთმეტი თვის თავზე საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება.

_ ჩემთვის ეს გასაგებია, ხალხი იმდენად იყო გამწარებული და სიმართლეს მოწყურებული, რომ ახლა ყველაფერს მინიმალურ დროში ითხოვს. მეორე მხრივ, არის ის რეალობა, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრე, _ წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები, გუბერნატორები, გამგებლები და ა.შ. ამის მიუხედავად, კიდევ ვიმეორებ, სამართლის აღსრულებას წინ არაფერი უდგას. ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, იმასთან როგორ შეიძლება კოაბიტაციაში შეხვიდე?!

_ ამ ლოგიკით მთლიანად «ნაცმოძრაობასთან» არ შეიძლება კოაბიტაცია.

_ თქვენ თუ ჩემი სუბიექტური შეხედულება გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ მაქვს ამათთან რაიმე თანამშრომლობის, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, არა ჩემი და ვიღაც სხვისი მოსაზრებებით, არამედ კანონის კარნახით უნდა გაკეთდეს. ვიმეორებ, თუნდაც ერთი დამნაშავე თუ დარჩა დაუსჯელი, შენ თუ ეს პრეცენდენტი დაუშვი, დემოკრატია კი არა, აქ იქნება ისეთი ამბავი, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. ამისთვის გვჭირდება ჩვენ სასამართლო და ნორმალური ხალხი იმ სისტემაში, თორემ პიროვნულად რომ არავის ინტერესი არ აქვს, ყველა ხვდება.

_ რაც შეეხება ფარული ჩანაწერების ფაილებს, რომლებიც წინა კვირას განადგურდა, თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

_ როცა საკითხი დაისვა, რა უნდა ექნათ ფაილებისთვის, მაშინვე ვთქვი, რომ ამის განადგურება არ იქნება სწორი-მეთქი. პირიქით, ყველა ადამიანს, რომელთაც  ეს ჩანაწერები ეხებათ, უნდა ვუშველოთ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ იმ გათახსირებულმა ხალხმა, რომლებმაც კადრები გადაიღეს, არ დააშანტაჟონ ისინი და რამე უბედურება არ ჩაიდინონ. ვფიქრობ, დღეს ამის რეალური საფრთხე არსებობს, დაცული არავინაა.

_ მაინც რა შეიძლება ამ ადამიანებს გააკეთებინონ, როგორ ფიქრობთ?

_ ქართული მენტალიტეტი, ყველამ ვიცით, რაცაა, _ როცა დაგემუქრებიან ისეთი რამით, რაც შენს ცხოვრებას აზრს დაუკარგავს, ყველაფერზე წახვალ. შეიძლება ახლობელიც მოგაკვლევინონ ან სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანო რაღაც გაგაკეთებინონ.

_ ფიქრობთ, რომ ვინმეს შეიძლება დღესაც ჰქონდეს მსგავსი ფაილები?

_ გამორიცხულია? როგორც ამბობენ, იქ უამრავი კადრი იყო _ გვერდიდან, მარჯვნიდან, ზემოდან, ქვემოდან… ხომ შეიძლება, ვიღაც კიდევ ინახავდეს? ახლა წარმოიდგინეთ: იმ ადამიანს, რომელსაც გადაუღეს ეს ფირები, ურეკავს ვიღაც თახსირი და ეუბნება: გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ ასე და ასეო. ვინ დაიცავს მას?  რაც უნდათ, იმას ჩაადენინებენ, თან ისე, რომ ჩვენ ვერც გავიგებთ ვერაფერს.

_ დასასრულ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც გკითხავთ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მის დანიშვნას მოითხოვს, თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა?

_ გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე პარლამენტში ვთქვი, _ ბედნიერი ვიქნები, თუ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები-მეთქი. დღესაც იმავე აზრზე ვარ, იმიტომ, რომ ის 40 პროცენტი, «ნაციონალებმა» რომ აიღეს ვითომ, არ არის რეალური.

_ გასაგებია, მაგრამ ვთქვათ პირდაპირ: ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, «ნაციონალების» მსგავსად, უმრავლესობაში მყოფი არაერთი სუბიექტი შეიძლება ასევე ვერ მოხვდეს პარლამენტში.

_ გეთანხმებით, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩემთვის პარლამენტარობა არაფერს ნიშნავს. თუკი რამე პოზიტიური გამაჩნია და საზოგადოებისთვის რამეს წარმოვადგენ, ეს მანამდეც მქონდა. ამიტომ, ვიქნები უმრავლესობაში თუ არა, არაფერს შეცვლის. პირიქით, ხომ იცით, ჩვენთან როგორაა? _ ადამიანს საგინებელს რომ ვერაფერს გიპოვიან, აუცილებლად დეპუტატად უნდა აგირჩიონ, რათა მერე ცუდი თქვან შენზე. ესაა ჩვენი რეალობა, რომელსაც ვერ გაექცევი ვერც ერთ შემთხვევაში. ასე რომ, საზოგადოების მოთხოვნა თუა, რატომაც არა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ხალხმა განსაზღვროს, ვისი ადგილია იქ და ვისი არა.

_ წინა კვირას ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამ უკანასკნელის უალტერნატივობაზე მან ადრეც რამდენიმეჯერ ისაუბრა თავის გამოსვლებში. თქვენ რას ფიქრობთ?

_ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მარგველაშვილი «ქართული ოცნების» კანდიდატია და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. დანარჩენს არჩევნების შედეგი გვიჩვენებს. დაველოდოთ პროცესების განვითარებას.

_ ბევრი თვლის, რომ მეორე ტურის ჩატარება იქნება საჭირო.

_ საბოლოო ჯამში, ჩვენ, ვისაც ეს ქვეყანა მართლა გვიყვარს, ერთ რამეში ვთანხმდებით: ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება ის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ამისთვის ვიბრძოდით ცხრა წელი და ვფიქრობ, დღეს არის ამის რეალური შანსი. ამას გამოყენება უნდა, ამიტომ თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ყველას: ჩემო ქართველო საზოგადოებავ, ახლა თქვენზეა დამოკიდებული, «ნაციონალები» რამდენ ხმას მიიღებენ; სწორედ ახლა დაამტკიცებთ, გჭირდებათ თუ არა ეს პარტია. თუ ესენი ბოლო ადგილზე გავლენ, ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება.

_ «ნაცმოძრაობის» კანდიდატს პესიმიზმი არ ეტყობა

_ ამაზე არჩევნების შემდეგ ვილაპარაკოთ, 27 ოქტომბერს გამოჩნდება, ვის რა პოლიტიკური წონა და მხარდაჭერა აქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here