6 სექტემბერს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღდგენის საინიციატივო ჯგუფმა ამერიკის საელჩოსთან გამართა ბაშარ ასადისა და სირიელი ხალხის მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეებს ინგლისურ და ქართულ ენებზე გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები, რომლებზეც ეწერა: «ხელები შორს სირიისგან», «შეაჩერეთ სამხედრო ინტერვენცია სირიაში», «შეწყდეს ინსპირირებული ომი სირიაში». როგორც აქციის ინიციატორმა, ქალბატონმა ეთერ მგალობლიშვილმა აღნიშნა, უკვე ორი წელია, რაც ე. წ. მეამბოხეები მასონური ამერიკისა და მასონური ევროპის წაქეზებითა და მხარდაჭერით სირიაში ხელისუფლებისა და სირიელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ ომს, რომელმაც ათი ათასობით უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქციას «ქალები მშვიდობისათვის» ამერიკის საელჩოს მხრიდან ძალზე მწვავე რეაქცია მოჰყვა. მომხდარზე «საქართველო და მსოფლიოს» «ქალები მშვიდობისათვის» ხელმძღვანელი ეთერ მგალობლიშვილი დეტალურად ესაუბრა.
_ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩოს შენობისგან საკმაოდ მოშორებით ვიდექით (მოგეხსენებათ, გარკვეულ მანძილზე არ შეიძლება მიახლოება), ჩვენდა გასაოცრად, შენობიდან სულ მცირე 15 სამხედროფორმიანი, ხელჯოხიანი მამაკაცი გამოვარდა, რომელთაც სასტიკად აგვიკრძალეს იქ დგომა და ტრასპარანტების გაშლა. იქ საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტიც იყო, რომელსაც მივარდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხელი დააფარეს ოპერატორის კამერას, გადაუყირავეს ეს კამერა და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღარაფერი გადაეღო. შემდეგ საელჩოდან კიდევ ერთი პიროვნება გამოვარდა, იარაღიანი. უფროსი იყო, როგორც ჩანს, რადგან სხვები მას ემორჩილებოდნენ. მოვარდა ჩვენთან და იკითხა, ვინ არის აქციის ხელმძღვანელიო, თითქოს რაღაც დანაშაულს შეესწრო. მე გამოვეყავი ჯგუფს. სახელი და გვარი მითხარით ახლავეო, მომმართა აგრესიულად. ვუთხარი სახელი და გვარი და _ ახლავე თქვენი პირადობის მოწმობა მომეცითო. დამნაშავეს რომ ეტყვის პოლიციელი, აი, დაახლოებით ასე მესაუბრებოდა. ჯერ ჩვენ აქცია არ დაგვიწყია და თქვენ მთხოვთ პირადობის მოწმობას, რაშია საქმე-მეთქი, ვკითხე. ბუნებრივია, მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ ჯერ აქციის დაწყებისა და დასრულების საშუალება მოგვეცით-მეთქი, დავძინე. კანონის ენით ველაპარაკე, ავუხსენი, რომ წესრიგს არ ვარღვევდით, უბრალოდ, ვატარებდით სირიის მხარდამჭერ აქციას, თუმცა უშედეგოდ.
ფაქტობრივად, აქციის ჩატარების უფლება არ მოგვცეს. მხოლოდ ცოტა ხნით მოვახერხეთ იქ ყოფნა და მხოლოდ ერთი-ორი ტრანსპარანტი გავშალეთ. ჩქარა წადითო, გვიყვიროდნენ, დიდხანს არ გაგვაჩერეს. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არც ერთმა არხმა არ გააშუქა, როგორც ჩანს, საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი აუკრძალეს ამ აქციის გაშუქება, დაბლოკეს ეს სიუჟეტი. მათი მხრიდან იყო მუქარა და, ალბათ, შეშინდნენ ტელევიზიები. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ამერიკას სურს, რომ ყველა ქვეყანაში ჰყავდეს მარიონეტი პრეზიდენტები. როდესაც მამა ბუშმა ნახა, რომ ზვიად გამსახურდია ვერანაირად ვერ იქნებოდა მარიონეტი და ის იყო დამოუკიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, გამოიყენეს იარაღი და დაამხეს ზვიად გამსახურდია. დიახ, რაც დღეს სირიაში ხდება, იგივე მოხდა 1991-92 წლებში საქართველოშიც, ამერიკელებმა მაშინაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხეს, იმიტომ, რომ ის იყო ეროვნული ხელისუფლება, ანუ მოხდა პუტჩი, რომელსაც, სამწუხაროდ, სამოქალაქო ომს უწოდებენ. არანაირი სამოქალაქო ომი ეს არ იყო და, რაც ჩვენთან მოხდა ოცი წლის წინ, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო, ზუსტად ის ხდება დღეს სირიაში, ამიტომაც არის მიუღებელი ეროვნული ძალებისთვის.
სირიელ ხალხს, ბაშარ ასადის ხელმძღვანელობით, სურს დამოუკიდებლობა, სურს, იბრძოლოს თავისი ხალხის ინტერესებისთვის და თავისი ღირსებისთვის. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ, ორი წელია, გააფთრებული ბრძოლაა და ხალხი კანონიერი პრეზიდენტის გვერდით იბრძვის ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ. დიახ, ე.წ. ოპოზიცია, რადგან ისინი ოპოზიციის წარმომადგენლები კი არა, მეამბოხეები არიან. სხვებისგან, პოლიტიკოსებისგან, განსხვავებით, მე ამას ხმამაღლა, მორიდების გარეშე ვიტყვი. აი, ეს მეამბოხეები იბრძვიან მასონური ამერიკისა და მასონური ევროპის მხარდაჭერით. ისინი აწვდიან მათ იარაღს და ესენიც ებრძვიან კანონიერ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს. და ასე გრძელდება ეს უსამართლო ბრძოლა. ვიმეორებ: ამერიკა ანადგურებს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას და არ ხდება მისი მარიონეტი. ამერიკას სურს, მოისყიდოს ყველა ქვეყნის ხელისუფლება, თუკი ვერ მოისყიდის და თავისი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი ჰყავს ქვეყანას, მაშინ ის ცდილობს, დაამხოს ის ხელისუფლება და ის პრეზიდენტი, როგორც გამსახურდია დაამხო 20 წლის წინ საქართველოში, როგორც ასადს ამხობს დღეს სირიაში.
_ და როგორ მოგწონთ ის ფაქტი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებათა მსგავსად, მონური აღტაცებით აქიცინებს კუდს ვაშინგტონის წინაშე?
_ კუდსაც აქიცინებს და ამერიკის ბრძანებებსა და მითითებებსაც არანაკლები მონდომებით ასრულებს. დღესაც იგივე ხდება, რაც რამდენიმე წლის წინ ხდებოდა _ მარიონეტი ხელისუფლებაა დღეს საქართველოში. მე არ ვასხვავებ სააკაშვილის ხელისუფლებას ივანიშვილის ხელისუფლებისგან. ივანიშვილი ამერიკის პოლიტიკას ახორციელებს საქართველოში და მის ინტერესებს იცავს, შესაბამისად, ივანიშვილი იგივეა, რაც სააკაშვილი. და ეს კოაბიტაციაც ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია იმისა, რომ ისინი ერთობლივად ემორჩილებიან ამერიკას და მის ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში. სამწუხაროდ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარჩა მოტყუებული, ორივე ძალა მოგებული დარჩა არჩევნებით, «ოცნებამ» შეიყვანა პარლამენტში ისეთი პარტია, რომელსაც 1% მხარდაჭერაც კი არ აქვს ქართველ ხალხში, ეს არის რესპუბლიკური პარტია. ხალხს სურდა, მოეცილებინა როგორმე სააკაშვილის რეჟიმი, თუმცა საბოლოოდ ქართველი ხალხი დარჩა მოტყუებული, მაგრამ ხალხი ასეთ ხელისუფლებას ნამდვილად არ მიიღებს. მე ღრმად მჯერა და მწამს, რომ ხალხი უკვე გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ ამერიკის ინტერესები არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერსებს და ისინი იბრძოლებენ ისევე, როგორც იბრძოდნენ უწინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ხალხმა მრავალი წლის წინ იმისთვის არ დაღვარა სისხლი, რომ ამერიკის დიქტატის ქვეშ ყოფილიყო. ქართველ ხალხს არავის დიქტატის ქვეშ ყოფნა არ სურს.
_ ივანიშვილი რომ მიდის პოლიტიკიდან და რესპუბლიკელებს გვიტოვებს, ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილმა შეასრულა თავისი დავალება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ივანიშვილს ამერიკელებმა დაავალეს, ხელისუფლებაში მოეყვანა რესპუბლიკელები, რომელთაც იგივე იდეოლოგია და ინტერესები აქვთ, რაც «ნაციონალებს», მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ეს ერთი და იგივე ძალაა, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი აქვთ, ორსახიანი იარუსია დღეს ხელისუფლებაში. ეს ორი ძალა სხვადასხვა სახელით ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ მან უკვე შეასრულა ამერიკის დავალება _ მოიყვანა ამერიკისთვის მისაღები «ნაცმოძრაობა 2» ხელისუფლებაში. დააკვირდით, ვის უტოვებს ახლა საქართველოს? უტოვებს «ნაციონალებსა» და რესპუბლიკელებს. აი, მხოლოდ ეს იყო ივანიშვილის მიზანი და ამერიკელების ოცნება!
ესაუბრა ქეთი ხომერიკი
შესანიშნავი, არსებული რეალობის გამომხატველი ინტერვიუა…ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება, ამის შესახებ ჯერ კიდევ 1977 წელს გვიწინასწარმეტყველა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ… აშკარად პოლიტიკური და ღრმა სულიერი კრიზისის წინაშე დგას დღევანდელი მსოფლიო მასონური აშშ-სა და მასონური ევროპის(რომელიც ნელ-ნელა გონს მოდის) ხელში… ეს კი პირდაპირ აისახება საქართველოზე, რადგანაც საქართველო ხომ ღვთის წილხვედრი ქვეყანაა და მასონური სამყარო ებრძვის რა მართლმადიდებლობას, პირველ რიგში ცდილობს ისეთი ქვეყნების განადგურებას, რომლებიც ღვთის მიერ კურთხეულია ან მეტად მნიშვნელოვანი, სულიერების თვალსაზრისით… ასეთებია საქართველო და სრულიად კავკასია, ეგვიპტე, პერუ, ინდოეთი, ტიბეტი…
იმედი მაქვს, რომ დაღმა სიარულის დრო მალე დასრულდება და ამ
დაღმართს" აღმართი მოჰყვება… დასრულდება დრო ჯვარცმისა და მოგვევლინება დრო სულიერი აღდგომისა, რაშიც საქართველოს ძირითადი სულიერი მისია აკისრია…