მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი კანდიდატია ოფიციალურად დარეგისტრირებული, პრეზიდენტობის მსურველი რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მათ შორის მოსახლეობისთვის ცნობილი ძალიან ცოტაა. ჰოდა, ფსონიც ამ «ძალიან ცოტაზე» იდება. ზოგი მათგანი ყველასთვის ნაცნობია, «მარადმწვანე» მსურველი და ხალხიც იმდენად მიჩვეულია, რომ არ გამოჩნდნენ, თავად დაუძახებენ. მაგალითად, ქართლოს ღარიბაშვილი თავისი ჩიბუხით ძალიან უხდება საპრეზიდენტო არჩვენებს. არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავის ცნობა არ შეუძლიათ და ყველაფერს კადრულობენ, არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და, როგორც ჯაბა იოსელიანი იტყოდა, მათ პრეზიდენტობა «ლობიობა» ჰგონიათ. ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება ცესკოს აწ უკვე გადამდგარი თავმჯდომარე ხარატიშვილი და მისი კანდიდატურის წარმდგენი პოლიტიკოსებიც. პოლიტიკური არენიდან გაკრეფილ პარტიებზე, მათ ლიდერებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოსალოდნელ შედეგებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ეწვია.
_ ბატონო ელიზბარ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა. გასაგებია, როცა ამას ისეთები აკეთებენ, რომლებიც მხოლოდ სიცილს იწვევენ, მაგრამ რას ფიქრობთ ქარდავა-დავითაიას დუეტსა და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატ ზურაბ ხარატიშვილზე?
_ როდესაც თვალს ვავლებ იმ ადამიანების სიას, რომელთაც პრეზიდენტობის სურვილი გაუჩნდათ, გაოცებული ვარ. ეს დემოკრატიის დამადასტურებელი ფაქტი კი არ არის, არამედ იმისა, რომ საქართველოში პროფესიონალიზმის შიმშილია. ადამიანებმა დაკარგეს თვითშემეცნებისა და აზროვნების უნარი. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტობის ამდენი მსურველია, თავისმოჭრაა. ეს იმან გამოიწვია, რომ სააკაშვილი (არაფერი წარსულის მქონე, არასმცოდნე პიროვნება) პრეზიდენტი გახდა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც პოლიტიკოსი. ახლა ყველას ჰგონია, რომ ეს ადვილია და შესაძლებელი. აი, რა გააკეთა სააკაშვილის გადიდკაცებაში ამერიკის ძალისხმევამ. ყველა მათგანი მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს.
თქვენი შეკითვის პასუხად გეტყვით: იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ქარდავაცა და დავითაიაც «ნაციონალების» ხალხი იყვნენ. რაც შეეხება ხარატიშვილს, ის ქურდია, მან საქართველოს არა მარტო ხმები, არამედ ბედი, მომავალი მოჰპარა. მისი პრეზიდენტობა ჭკუათმყოფელ ადამიანს აზრად არ შეიძლებოდა მოსვლოდა. ხარატიშვილის პრეზიდენტობა რომ მოიფიქრო, ბუნების შეცდომა უნდა იყო, სწორედ ასეთ კაცად მიმაჩნია ქარდავა. ვინ არის? რას ლაპარაკობს? როგორ იქცევა? რა დედამ შობა? რა ქვეყანა გავხდით? ბაჩუკი ქარდავა რომ გამოდის და პოლიტიკაზე მსჯელობს, ქართველი ერის სირცხვილია. დავითაიაზე საუბარი საერთოდ არ ღირს, ის ფუტუროა, არაფერი. არაფერზე როგორ უნდა ილაპარაკო?! ეს ადამიანები მომავალზე არ ფიქრობენ, იმიტომ, რომ არაფერს წარმოადგნენ და მომავალში მათი ადგილი, როგორც პოლიტიკოსებისა, არ არის. «ნაციონალების» იდეოლოგიას ვინც მხარს უჭერდა, ყველა უნდა მოხვეტო და სანაგვეზე გადაყარო.
თარგამაძესთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება არაერთხელ გამომითქვამს. გიორგი თარგამაძე გახლავთ კლასიკური მაგალითი, სახე მოღალატე კაცისა. ის მათ ღალატობს, ვინც გამოზარდა და ძუძუ აწოვა. ერთ თურქ პოეტს აქვს ასეთი ლექსი, ნუ ენდობით გაციებულ გველებს _ როგორც კი უბეში ჩაისვამთ და გაათბობთ, მაშინვე კბენას დაგიწყებენო. მისი მხრიდან ასლანის ღალატი არაფრით შეიძლებოდა. ასლანი კარგი ქართველია. მან აჭარაში არც ერთი თურქი არ გააჭაჭანა, დღეს იქ 70 ათასი თურქია, ფაქტობრივად, აჭარა დაკარგულია.
_ რადგან ამ თემას შევეხეთ, მინარეთის გარშემო ატეხილ ამბებზე რას იტყვით?
_ დღეს მაგაზე არ უნდა ვიდავოთ. ისინი გვიპირისპირდებიან რელიგიით და საშიშიც სწორედ ეს არის. ეს არ არის კონსერვატორული ისლამი, ესაა პოსტმოდერნისტული ისლამი, მათი იდეოლოგია პირდაპირ მიმართულია ადამიანების გადაბირებისკენ. ისინი არ გემუქრებიან იარაღით, მათი იარაღია ფული, ეკონომიკა, კულტურა, ამას «ჩაღლარის» სისტემა ჰქვია, რომელიც კულტურით დაპყრობას ცდილობს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია ჩემი გაზრდილი გიული ალასანია. თურქული ლიტერატურის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, მე ამ საქმეს მთელი ცხოვრება შევწირე, მაგრამ ეს არ არის მეცნიერებასთან დაკავშირებული, ეს პოლიტიკაა. მათ გახსნეს სკოლები, ცენტრები, ბავშვები გაცვლითი პროგრამით მიჰყავთ, ტვინს ურევენ, ახლა ამბობენ, რომ ჭელა თურქული სოფელია და იქ მინარეთი არ უნდა მოეხსნათო. რატომ არის ჭელა თურქული სოფელი? ვინ თქვა ეს? თუ ვინმემ ისლამი მიიღო და სწამს, იწამოს, მაგრამ ქართველებს პრეტენზიას ნურავინ გამოუცხადებს!
დედა უნივერსიტეტში დახურეს ვაჟას, ილიას, აკაკის, რუსთაველის კაბინეტები იმ მოტივით, რომ არაფრისმომცემი არ იყოო; ეს კაბინეტები მომავალ თაობებს ზრდიდნენ და ქართულ კულტურას აზიარებდნენ. შემდეგ კი უნივერსიტეტში თურქი პოეტის იუნუ სემრეს კაბინეტი გახსნეს. იგი ძალიან კარგი პოეტია, მასზე მონოგრაფიაც მაქვს დაწერილი, ამ კაბინეტს წიგნებიც გავუგზავნე. თუ ასეთი კაბინეტების გახსნით ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები განვითარდება, ძალიან კარგია, მაგრამ ეს პოლიტიკაა. ქართული კულტურა დღეს ძალიან დასუსტებულია, მისი მორევა ადვილი გახდა.
ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უყუროს იმას, თუ რას იტყვის ევროპა და ამერიკა, მან ხალხს უნდა მოუსმინოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.
_ ბატონო ელიზბარ, სირიაში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით?
_ სირიაში რაც ხდება, ამას დიდი ფიქრი და მსჯელობა არ სჭირდება. ამერიკა თავად იგონებს მიზეზებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელში ჩაიგდოს მთელი აღმოსავლეთი.
_ საქართველოს რაიმე ემუქრება?
_ არა, საქართველოს არაფერი ემუქრება, უბრალოდ, რუსეთი და ჩინეთი ამერიკის ქმედების წინააღმდეგნი არიან, რადგან იციან ამერიკის მიზანი იმასთან დაკავშირებით, რომ გააფართოოს თავისი გავლენის სფეროები, საქართველოსაც იმიტომ ელოლიავება ასე; მათ ის კი არ უნდათ, რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთ, მათი გავლენის ქვეშ რომ ვიყოთ, ის უნდათ.
ყველა ომის დაწყებას ქიმიური იარაღის გამოყენებას აბრალებენ. რაც არ უნდა უმსგავსო ხელისუფლება იყოს, თუნდაც ისეთი, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლება იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას ვერავინ გაბედავს. მოკლედ, სირიაში რაც ხდება, გავლენის სფეროების განაწილებაა, იქ რუსეთს ჰქონდა გავლენა. ამერიკა ვერ იტანს, როდესაც მას უარს ეუბნებიან. გაიხსენეთ, რა მოხდა ჩაუშესკუს შემთხვევაში. მან ნასესხები 27 მილიარდი ძალიან მალე უკან დააბრუნა, უარი უთხრა ავღანეთში შესვლაზე და სწორედ ამიტომ შექმნეს მისგან მტრის ხატი.
ვფიქრობ, რომ, როგორც მთელი მსოფლიოს მოქალაქეები, ქართველებიც ამერიკის ქმედების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ. ამერიკაზე ტირანი და ვერაგი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
_ ბატონო ელიზბარ, არ შემიძლია არ გკითხოთ: როგორი პირი უჩანს მომავალ არჩევნებს, გააყალბებენ?
_ გაყალბების ნიშნები აშკარად იკვეთება. პირველი ისაა, რომ მარგველაშვილი სახელისუფლო რესურსს იყენებს, თუმცა ამას უარყოფს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ივანიშვილმა, ჩემი კაციაო, განაცხადა და დიდის ამბით კალამიც აჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, არჩევნებში არ ჩავერევიო, მაინც დიდ ეჭვს იწვევს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რა უქნეს კახა კუკავას შუალედურ არჩევნებში. მათ კუკავას არჩვენები კორძაიას გამო გაუყალბეს, თუმცა მე არ ვიცი, მაგ ქალს, პარლამენტში კი არა, საქართველოში რა უნდა.
ხალხის განწყობა კარგად ვიცი, ისიც ვიცი, რომ არჩევნებს გააყალბებენ.
ზურა ბიგვავას კვლევა ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ შემაშფოთებელი და საფრთხილოა. ხელისუფლების მხრიდან ხალხის ფსიქიკაზე ასეთი აშკარა ზემოქმედება სირცხვილია. ბიგვავამ ფული აიღო, ვითომ კვლევა ჩაატარა და ამით ვიღაცის სიამოვნება სცადა. 53 პროცენტი, რომელიც ბიგვავას კვლევის მიხედვით მარგველაშვილს აქვს, წარმოუდგენელია, რადგან ახლა კენჭი ივანიშვილმაც რომ იყაროს, ამდენი პროცენტი მასაც არ ექნება.
ადამიანი, რომელიც თავისი პირით ამბობს, რომ ივანიშვილის კაცი ვარო, და თავად ივანიშვილიც ამბობს, ჩემი კაციაო; ვინც უნდა იყოს და როგორი კარგიც, კაცის კაცი უკვე ძალიან ცუდია.
ყოვლადწარმოუდგენელია, რომ ხელისუფლება იყოს ივანიშვილის, პარლამენტიც, ის იყოს ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც _ მისი კაცი. ასეთი მიდგომა სიკეთეს არ მოიტანს.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი