ხშირად სუპერმარკეტებსა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებში სხვადასხვა სახის პროდუქცია ისე შეგვიძენია და შემდეგ გემრიელად მიგვირთმევია, რომ ეტიკეტზე გამოსახული ინფორმაციისთვის ყურადღება არც კი მიგვიქცევია. გემრიელი საკვების მირთმევის წუთიერმა სიამოვნებამ კი, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ჩვენს ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს და მრავალი დაავადების გამოწვევის სერიოზული საფრთხე შექმნას. ქართულ ბაზრებზე არსებული მრავალი «ბუნებრივი» და «ნატურალური» პროდუქტი (როგორიცაა სიმინდი, სოიო და სხვ.), შესაძლოა, ბუნებრივი მინერალების ნაცვლად, ხელოვნური დანამატებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით იყოს გაჯერებული, რაც პროდუქციის მომხმარებელზე რომ დადებით გავლენას არ მოახდენს და მასზე ერთგვარი ბუმერანგის პრინციპით იმოქმედებს, ფაქტია. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაც სწორედ საკვებ პროდუქტებში გამოყენებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმებია. საზოგადოებისთვის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხით, როგორიცაა: ეტიკეტირების წესი, საკვებ პროდუქტებზე მკაცრი კონტროლი, თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე სრულად მორგებული კანონი და მათი უფლება, იყვნენ ინფორმირებულნი, გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსს _ კახა სოხაძეს დაუკავშირდა.
_ რას იტყვით საკვებ პროდუქტებში გამოყენებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების თაობაზე და რამდენადაა მომხმარებელი ინფორმირებული მსგავსი საკვების შემადგენლობის შესახებ?
_ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ფართო თემაა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, როგორიცაა, მაგალითად, მეცხოველეობა, აგროსამუშაოები, აგროკულტურები და სხვ. რა თქმა უნდა, სურსათის წარმოების დროსაც გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, მაგრამ ეს საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებადია. ინფორმირებას რაც შეეხება, არსებობს ე. წ. ეტიკეტირების წესი. შესაბამისად, თუკი სურსათი 0,9%-ზე მეტ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ ეტიკეტზეა მითითებული. ვერ გეტყვით, რომ ყველა გენმოდიფიცირებული საკვების შესახებაა ეტიკეტზე ინფორმაცია გამოტანილი, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ საკვებზე ქართულად შესაბამისი მარკირება ნამდვილადაა გაკეთებული და ამის მრავალი ნიმუში შემიძლია გაჩვენოთ. ეტიკეტირების საკითხთან დაკავშირებით, ვალდებულება აქვს როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს. მარკირების წესის დარღვევისთვის ამჟამად პასუხისმგებლობა არ არსებობს და მისი ეს ნაწილი 2012 წელს გაუქმდა, თუმცა ჩვენსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოს მიერ უკვე მომზადდა ცვლილებათა პროექტი კოდექსში, რომელშიც ჩადებულია ასევე პასუხისმგებლობა დაჯარიმების სახით, როგორც ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, ასევე მომხმარებლის მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე. ეს კანონი საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
ეს ყველაფერი საჭირო და აუცილებელია იმისთვის, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, თუ რა შემადგენლობის პროდუქციას ყიდულობს.
_ არსებობს თუ არა საქართველოში სპეციალური დაწესებულება, ერთგვარი კონტროლის მექანიზმი, რომელიც გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს გამოიკვლევს?
_ კონტროლის მექანიზმი ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია. სურსათის უვნებლობაში სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა იქნება, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის კვლევის მეთოდები ექნება. დღესდღეობით საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია ნამდვილად არსებობს, თუმცა აკრედიტაცია, სამწუხაროდ, არ გააჩნია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის სწორედ ახლა გადის აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მონიტორინგის პროგრამაში «სურსათის ეროვნულ სააგენტოს» შეტანილი აქვს გენმოორგანიზმების კვლევის პროგრამა და, როგორც კი ლაბორატორიაში ეს პროცედურები დასრულდება, მზად ვართ, შესაბამისი კვლევები დავიწყოთ. მანამდე კი, ვინაიდან ეს დროში გაწელილი პროცესია, ასევე ვგეგმავთ, მთელი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე არსებული სურსათის ნიმუშების შესყიდვას და შემდეგ ევროპის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში მათ გამოკვლევას.
კონტროლის მექანიზმი და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები სწორედ მარკირების მართლზომიერად ჩატარების დასარწმუნებლად გვჭირდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, გამოვიკვლიოთ ყველაფერი და დავრწმუნდეთ მეწარმეებისა და რეალიზატორების კეთილსინდისიერებაში, ამიტომ ვგეგმავთ, სურსათის ის საეჭვო ნიმუშები, რომლებშიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს გენმოორგანიზმები, გამოსაკვლევად საზღვარგარეთ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გავაგზავნოთ. წლის დამლევს შედეგები აუცილებლად გვექნება. მსგავსი კვლევებითა და სხვადასხვა ღონისძიებით, გვინდა, არ ჩამოვრჩეთ იმ მოვლენებს, გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რომლებიც დღესდღეობით გენმოდიფიცირებული საკვების მიმართ არსებობს.
_ არსებობს თუ არა კანონი უშუალოდ გენმოდიფიცირებული პროდუქციისა და სურსათის შესახებ, რომელიც სრულად დაიცავს მომხმარებლის ინტერესებს?
_ კანონი კონკრეტულად სურსათის თემას არ შეეხება. ეს ფართო სპექტრის კანონია, რომელიც ბიოუსაფრთხოების საკითხებს, მთლიანად ბიოსაფარს არეგულირებს. მსგავსი კანონის შემუშავება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია ნამდვილად არაა. ის ფართო მოხმარების რეგულაციაა. კონკრეტული კანონის მიღების აუცილებლობა კი ნამდვილად არის. ამჟამად არსებული ზოგადი კანონპროექტი მოამზადა გარემოს დაცვის სამინისტრომ. შესაბამისად, სწორედ ისინი გამოდიან კანონის ინიციატორებიც, რომელშიც «სურსათის ეროვნული სააგენტოს» მხოლოდ მცირე სეგმენტია გათვალისწინებული. ამიტომ, პროექტი ჩვენც გადმოგვიგზავნეს და გარკვეული შენიშვნებიც გვქონდა, თუმცა მინიმალური. რამდენადაც ვიცი, პარლამენტი უახლოეს მომავალში მათ განიხილავს და შემდეგ უკვე დაამტკიცებს. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მთავარია, სათანდოდ ინფორმირებული ვიყო, შემდეგ კი გავაკეთებ შესაბამის არჩევანს.
კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, გენმოდიფიცირებულმა საკვებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ აქ საუბარია მის გრძელვადიან შედეგებზე, რადგან, როგორც ცნობილია, დროთა განმავლობაში ის მუტაციას განიცდის, რაც მრავალი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. სწორედ ამით აიხსნება მოსახლეობის შეშფოთება.
დღესდღეობით გენმოდიფიცირებული საკვების უარყოფით ზეგავლენასთან დაკავშირებით დასკვნის სახით რაიმე რომ დაიდოს, ასეთი რამ ნამდვილად არ არსებობს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გენმოდიფიცირებულ საკვებს ირიბად შეეხება, ენდემური ჯიშებია, ანუ ჩვენთვის საამაყო იშვიათ ენდემურ ჯიშებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება, დროთა განმავლობაში, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შედეგად, შეიძლება მუტაციის, გადაგვარების საფრთხე დაემუქროს და მათი ენდემურობა დაირღვეს, რის შედეგად მათ ისტორიული დატვირთვა უკვე აღარ ექნებათ.
ესაუბრა შორენა ღვაჩლიანი