Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ აბაშიძე: სექტემბრიდან ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს

ზურაბ აბაშიძე: სექტემბრიდან ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს

675

2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის მეხუთე წლისთავზე ამჟამად რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის, იმ ავადსახსენებელ წელს კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის _ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუ, რომელიც «რუსთავი 2»-მა გადმოსცა, საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში რომ მოექცეოდა, თავიდანვე ეჭვს არ იწვევდა. ამ ინტერვიუს თაობაზე სახელდახელო კომენტარს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძეს რომ ვთხოვდით, ესეც არ უნდა იყოს არაორდინალური და მოულოდნელი გადაწყვეტილება. მაშ, ასე, «საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელი რესპონდენტია ბატონი ზურაბ აბაშიძე.

 

_ არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი უნდა გვქონოდა ამ ინტერვიუსი. ის, რაც მოვისმინეთ, ასახავდა იმ საკმაოდ რთულ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ. ზოგადად, ეს არის ის ხედვა, რომელიც რუსეთს აქვს. საინტერესო და საყურადღებო თავისთავად ისაა, რომ მედვედევმა ერთი კვირის მანძილზე ორი დიდი ინტერვიუ მისცა აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

_ თქვენი აზრით, რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო, რა მიზანი ჰქონდა ამ ინტერვიუს, თუ კვლავ იმას მოვისმენდით, რაც აქამდე არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს? ეს ერთი, და მეორე, ხომ არ იყო აქ ჩადებული გარკვეული ძალების ინტერესი, რომ ერთგვარად მინავლებული მწვავე დაპირისპირება კონფრონტაციის ახალი მუხტით გაძლიერებულიყო და გადაღობვოდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან დიალოგის გზების მოძებნის მცდელობას?

_ როცა რუსეთის პრემიერ-მინისტრი გამოდის, მას გაცილებით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა. აუდიტორია არის რუსეთის საზოგადოებრიობა, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საზოგადოებრიობა, საქართველო, ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების ჩათვლით. ადრესატი გაცილებით ფართოა. წლეულს ომის მრგვალი თარიღი იყო და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი შეფასებები ამ მოვლენისა, რადგან ეს თემა კვლავ აქტუალურია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო მასშტაბითაც და ყოველთვის ფიგურირებს რუსეთთან ურთიერთობაში, როგორც კი კავკასიის რეგიონისა და, კერძოდ, საქართველოს საკითხი წამოიჭრება. ორჯერ მისი გამოსვლა იმის მაჩვენებელია, რომ საკითხი კვლავ მწვავეა, კვლავ აქტუალურია და რუსეთი ცდილობს ამ ომთან დაკავშირებით მსოფლიოში დაამკვიდროს თავისი შეფასებები, დღევანდელი მიდგომები, თუ სამომავლო ხედვა.

_ ამ ინტერვიუთი გამოიკვეთა რაიმე პოზიტიური მომენტი რუსეთსაქართველოს სამომავლო ურთიერთობისთვის?

_ ძნელია ჯერ რაიმე პოზიტივის დანახვა, რამდენადაც ამ ურთიერთობაში ჯერ ძალიან მცირეა პოზიტივი. გასული წლის დეკემბრიდან, ჩვენი დიალოგის დაწყებიდან დღემდე რაღაც შედეგებს მივაღწიეთ, ეს უფრო პრაქტიკული შედეგებია გარკვეული პრაგმატული მიმართულებებით. მაგრამ იმ რთულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებრიობას, მოსახლეობას აინტერესებს და ადარდებს, მხედველობაში მაქვს კონფლიქტური რეგიონები, რაიმე პროგრესი არ ჩანს. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, რა ვითარებაცაა შექმნილი ადმინისტრაციულ საზღვარზე. სექტემბერში იგი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს _ შეიკვეცება სატრანსპორტო მიმოსვლა.

თუ ძალიან მოვინდომებთ, პოზიტივად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტონალობა ორივე მხრიდან შეცვლილია და არის ჯერ ფერმკრთალი, ვიმეორებ, ფერმკრთალი მინიშნებები იმაზე, რომ, სამომავლოდ თუ მოვლენები ნორმალურად განვითარდა, თუ რუსეთი და საქართველო შეძლებენ წინსვლას დიალოგის მეშვეობით, ასევე, თუ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები შეძლებენ დიალოგის დაწყებას და თუ ეს დიალოგი რაღაცას მოიტანს. მედვედევის მოწოდება _ დაიწყეთ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, ჯერ ბატონ პუტინის მიერ იყო ხაზგასმულად განცხადებული და ბატონმა მედვედევმაც თავის ტელეგამოსვლებში აღნიშნა _ თავისთავად სწორია. უნდა ვესაუბროთ არა მარტო საზოგადოებრიობას, არამედ კონფლიქტური რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებასაც. მაგრამ ამ წინადადებას სჭირდება მეორე ნახევარი, მეორე ნაწილი _ თუ ასეთი დიალოგი რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი და მოტივირებული არ იქნა, მაშინ აფხაზები და ოსები დიალოგის დაწყების სურვილს არ გამოხატავენ, რადგან ისინი თავიანთ პოლიტიკას ყოველთვის კრემლის ზოგადი მიდგომების მიხედვით უწევენ კორექტირებას.

კი, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ მას სჭირდება მხარდაჭერა ყოველი მხრიდან, განსაკუთრებით კი _ რუსეთის მხრიდან. თუ რუსეთი იტყვის, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და თქვენ ერთმანეთში მოილაპარაკეთო, ეს ოთხმოცდაათიან წლებში დაგვაბრუნებს _ მაშინაც გვესმოდა და მაშინაც ვერავითარი შედეგი ვერ მივიღეთ.

8 აგვისტოს გორში სამხედროების ფიცის დადების ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო მზადაა, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება.

_ თქვენ ბრძანეთ მკრთალი მინიშნებების თაობაზე. მოგეხსენებათ, ზოგჯერ სიტყვაზე მეტს ჟესტი ლაპარაკობს. როცა ჟურნალისტი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ლაპარაკობდა _ პრემიერმინისტრის საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვების თუ ავიარეისების აღდგენის შესახებ, დიმიტრი მედვედევი თავის დაკვრით ეთანხმებოდა. არის ეს «მკრთალი მინიშნება»? და მეორე, როცა რუსეთის პრემიერი პირდაპირ ამბობს, რომ თქვენ ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით უნდა აღადგინოთ ურთიერთობა და პერსპექტივაზეც მონიშნოთ საერთო პოზიცია, ეს ხომ არ არის, აგრეთვე, «მკრთალი მინიშნება» კონფლიქტური რეგიონების ხელმძღვანელებისთვის, რომ რუსეთიც დაინტერესებულია, გაიმართოს ასეთი დიალოგი?

_ იცით, რა? გამოჩნდება ეს ყველაფერი, პროგნოზების გაკეთება ცოტა მარჩიელობას დაემსგავსება. თუ ბატონი მედვედევის საჯარო გამოსვლა რუსეთის შიდაპოლიტიკური მოძრაობის გამოძახილია, თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ამას მხოლოდ საქვეყნოდ გასაგებად არ აცხადებს, არამედ კულუარულად დაარწმუნებს აფხაზებსა და ოსებს დიალოგის გამართვაში, ჩვენ დავინახავთ, არის ეს მხოლოდ საჯარო განცხადებაა, თუ ამას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. ეს არ დაიმალება.

_ დიმიტრი მედვედევის გამოსვლის პარალელურად ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ტელეგამოსვლაც, რომელიც, ექსპერტების საერთო შეფასებით, არა მარტო თავის მართლების უსუსური მცდელობა იყო, არამედ პრეზიდენტისთვის მიუღებელი ვულგარიზმებით გაჟღენთილი და, უფრო მეტიც, ჩვენი «სტრატეგიული მოკავშირის», აშშის, აშკარა დასმენა და, სლენგი რომ ვიხმაროთ, «ჩაშვება».

თქვენი შეფასება?

_ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგადი შეფასება როგორიცაა. პრემიერ-მინისტრმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო 8 აგვისტოს აგრესიის მსხვერპლი გახდა, ამას მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რასაც არც ჩვენ ვეთანხმებით, არც მსოფლიო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი. ამასთანვე ვამბობთ, რომ ჩვენი მხრიდან დაშვებულია სერიოზული შეცდომები და საჭიროა ამის თვითკრიტიკულად შეფასება. აგვისტოს მოვლენები ყველაზე უფრო ობიექტურად, ალბათ, განხილული და შეფასებულია ტალიავინის ცნობილი კომისიის მოხსენებაში.

ახლა, ომის მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, მოსკოვშიც და თბილისშიც დაიწყო მოგონებების სერია. გამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც რაღაც დეტალების გახსენებით, ცხადია, მისეული ინტერპრეტაციით.

გეთანხმებით, რომ ჩვენი განცხადებები ისეთ განსაკუთრებულ მემუარებში არ უნდა გადაიზარდოს, რაც ჩვენს პოზიციას შეასუსტებს. დავა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ დიდხანს გაგრძელდება. რუსეთთან კიდევ დიდხანს ვერ შევთანხმდებით ამ შეფასებებში.

გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ გაცილებით მეტი თავშეკავებულობაა საჭირო, გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, თუნდაც პრეზიდენტი იყოს იგი, კი არ ეხება, არამედ ეხება ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას, და ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, წინ რომ დაგვხვდეს.

ერთი რამ მინდა გავიხსენო: ომი რომ დამთავრდა, 2008 წლის სექტემბერში, მთხოვეს, სტატია დამეწერა სათაურით «ჩვენი შეცდომები რუსეთის მიმართ». ცხელ გულზე კარგა დიდი, ათგვერდიანი სტატია დავწერე. სულ წვრილად მქონდა ჩამოთვლილი, რა შეცდომებიც დაუშვა საქართველომ წინა წლებში და აგვისტოს წინა პერიოდში. მაგრამ, როცა ცოტა დავშოშმინდი და გადავიკითხე, მივხვდი, რომ გამოქვეყნების შემდეგ ასეთი გულახდილობა მეც წინ დამხვდება და ქვეყნის საზიანოდაც იმოქმედებს, ვიღაც კონტრარგუმენტად გამოიყენებს _ თქვენ თვითონ ამას ამბობდითო! ამიტომ ცოტ-ცოტა შევამცირე და საბოლოოდ 10 გვერდიდან გვერდ-ნახევარი დავტოვე… თუმცა ხელები თავიდან ძალიან მექავებოდა.

ასე რომ, ჩვენი მოგონებები და ჩვენი განცდები ისე უნდა მოვზომოთ, რომ  სახელმწიფოს ინტერესებს ზიანი არ მივაყენოთ.

ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება სადღაც ჰე, 20 წლის შემდეგ, ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ახლა ამას შეიძლება მუგუზალზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდეს.

_ დიმიტრი მედვედევისთვის ინტერვიუერს ისეთი ხასიათის შეკითხვები რომ დაესვა, რომლებიც რუსეთსაქართველოს ურთიერთობის პერსპექტივას შეეხებოდა, მივიღებდით პოზიტიურ პასუხს?

_ არა მგონია. რუსეთის ამოცანა ამ ეტაპზე ნათლად, ობიექტურად და ყოველგვარი ეჭვების გარეშე უნდა დავინახოთ, იმიტომ, რომ ეს დამალული არ არის, ჩაწერილია დოკუმენტებში, კერძოდ, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც ამ წლის დასაწყისში მიიღო რუსეთმა. იქ შავით თეთრზე აღნიშნულია, რომ რუსეთის ამოცანაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, შემდგომი ლეგალიზება და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დამკვიდრება. ასეთია მათი პოზიცია, ასეთია მათი პოლიტიკა, საზღვარზე მავთულხლართების გაბმაც ნაწილია ამ პოლიტიკის, და ახლო ან საშუალო პერსპექტივაში ეს პოლიტიკა არანაირად არ შეიცვლება. შემდეგ რა იქნება, პერსპექტივაში რამდენად შევძლებთ პარტნიორების მხარდაჭერით წარმატების მიღწევას, რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში რამდენად წინ წავიწევთ და, მესამე, მოვახერხებთ თუ არა დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან, ალბათ, ბევრ რამეს გამოააშკარავებს. ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა ახლა, მგონი, არარეალისტური იქნება. მაგრამ არც ის მინდა, რომ სრულ პესიმიზმს მივეცეთ, ვთქვათ, რომ მაინც არაფერი გამოვა და ხელი ჩავიქნიოთ. ბრძოლაა ეს ცხოვრება და პოლიტიკაც ბრძოლაა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დიპლომატიურ და გონიერ ბრძოლას. ყველაფერი იცვლება ჩვენ ირგვლივ, იცვლება ვითარება რეგიონშიც და, გამორიცხული არ არის,  ამ ცვალებად მსოფლიოში რუსეთის მიდგომებიც სხვა მიმართულებით განვითარდეს.

_ ასეთ სიტუაციაში თქვენი მისიის მოვალეობაც და პასუხისმგებლობაც იზრდება, არა?

_ კი, ასეა. რუსეთთან ჩვენი დიალოგის პირველი ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ პერიოდში განვიხილავდით და ვცდილობდით, მოგვეგვარებინა პრაქტიკული საკითხები, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, ჰუმანიტარული საკითხები და წინ წავიწიეთ ნამდვილად. ჩვენი ექსპორტი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა და დღეისთვის ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად ვითარდება. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ასი მილიონის პროდუქცია შევა რუსულ ბაზარზე, დასრულდება სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გაიმართა კონსულტაციები საგზაო-სატვირთო ტრანსპორტის, საავტომობილო ტრანსპორტის პრობლემების გადაწყვეტის საკითხებზე, რეგულარულ საავიაციო რეისებზეც არის საუბარი. ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, ტურიზმის ზრდას. დღეისთვის რუსი ტურისტების რაოდენობა შარშანდელზე, 30-35 პროცენტზე მეტია.

ამჟამად ვფიქრობთ, რა საკითხები განვიხილოთ მეორე ეტაპზე, რომელ პრობლემებზე ვისაუბროთ. უახლოეს მომავალში ეს საკითხები გამოიკვეთება და საცნობარი გახდება ჩვენი საზოგადოებრიობისთვის. ამჟამად იდეების გენერირებაზე ვმუშაობთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. არ მოგწყინდათ ეს ამდენი უაზრო ლაპარაკი?!არცა გრცხვენიათ,თუმცა ყოველთვის მონობას მერე ეჩვევა ადამიანი და უხარია კიდევაც!!!!!!!

  2. რა გართულდეს, ვინ გითხრათ! აფხაზეთის უხუცესთა საბჭომ საქართველოსკენ პირი იბრუნა. საზვარი გაიხსნა ვიზები გამარტივდა, ხვალ თუ ზეგ დიპლომატიური კავშირი აღდგება. ტურისტების ნაკადმა იმატა. მალე ხილ- ბოსტანს გავიტანთ და ასე შემდეგ….

  3. ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო თქვა ილია ჭავჭავაძემ 100 წლის წინ და დღესაც არ ვუშვებთ თავში
    ჩვენ ხალხს და ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ არც ამერიკა და არც რუსეთი კარგს არ დაგვაყრის ბოლო-ბოლო გაგვიყოფენ შუაზე გამოგვწურავენ ლიმონივით ბოლომდე და მოგვისვრიან ნაგავში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here