Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილმა და მისმა მარჯვენა ხელმა _ ბენდუქიძემ აგრარული დარგი და აგრარული მეცნიერება...

სააკაშვილმა და მისმა მარჯვენა ხელმა _ ბენდუქიძემ აგრარული დარგი და აგრარული მეცნიერება გაანადგურეს

ჩვენს ქვეყანაში აგრარული მეცნიერების არსებობისა და განვითარების საფუძვლების მთლიანი მოშლის, მეცნიერების გენოციდის, ძალადობისა და უსამართლობის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გადის. ასობით მეცნიერი ველოდებით მთავრობის ეფექტურ ნაბიჯებს მეცნიერების აღდგენისთვის და მეცნიერთა ფიზიკური გადარჩენისთვის.

 

ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის 80-წლიანი წარმატებული საქმიანობა საყოველთაოდაა აღიარებული. სუბტროპიკული მეურნეობის პრიორიტეტულ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში სწორედ ინსტიტუტში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ედო საფუძვლად.

ჩაისა და სუბტროპიკული მემცენარეობის დარგი, ისევე, როგორც აგრარული დარგის ბევრი წამყვანი მიმართულება, ამჟამად თითქმის განადგურებულია. ამაში წვლილი, უპირველესად, პრეზიდენტს მიუძღვის. კახა ბენდუქიძე მისი მარჯვენა ხელი იყო, რომელმაც «წარმატებით» დააგვირგვინა აგრარული დარგის და აგრარული მეცნიერების განადგურება. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ მეჩაიეობის, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთერთი წამყვანი დარგის, განადგურება ბევრად ადრე დაიწყო.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩაის პროდუქციაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მაქსიმალურად გაიზარდა ნედლეულის დამზადების ტემპი. ჩაის მცენარის ყლორტწარმოქმნისა და ვეგეტაციის უნარის საწინააღმდეგოდ ხდებოდა ბუჩქებიდან ჩაის ფოთლის დაუშვებელი რაოდენობით აღება, რამაც გამოიწვია ნედლეულისა და ჩაის პროდუქციის ხარისხის კატასტროფული დაცემა, ჩაის პლანტაციების მდგომარეობის გაუარესება და მათი დაკნინება. აღნიშნული გრძელდებოდა ათეული წლის განმავლობაში. ამას დაემატა აგროტექნიკური ღონისძიებების უგულებელყოფა, ტრადიციული ბაზრის დაკარგვა და ქართული ჩაი გახდა არარენტაბელური კულტურა. დაიწყო ჩაის პლანტაციების მასობრივი ამოძირკვის პროცესი (რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება), გაიძარცვა და განადგურდა ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები. მათ შორის აღიგავა პირისაგან მიწისა მსოფლიოში ცნობილი ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც უზრუნველყოფდა სწორედ საწარმოებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მანქანა-მოწყობილობათა დამზადებას.

ინსტიტუტმა ვერ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია მთავრობის პოლიტიკისთვის ჩაის ხარისხის გაუარესებისას, უფრო მეტიც, მეცნიერებაშიც შემოიჭრა კორუფცია და სიყალბე, არასწორ პროცესს ფეხი აუწყვეს ექსპერიმენტულმა საწარმოებმა. შედეგად ქართული ჩაი, რომელსაც თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით სპეციალისტები კარგი ინდური ჩაის გვერდით აყენებდნენ (ნაზი ბუკეტით ზოგჯერ მის წინაც), უკვე აღარ მზადდებოდა (სამწუხაროდ, არ მზადდება ამჟამადაც).

ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტს, რომელსაც მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნდა (1600 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, 3 ჩაის ფაბრიკა, მანქანათმშენებელი ქარხანა და სხვ.), ჩამოერთვა საცდელი ნაკვეთები და მნიშვნელოვანი ობიექტები. იგი მატერიალურ-ფინანსური რესურსების გარეშე დარჩა, რამაც შეასუსტა მეცნიერული კვლევები. არსებული და განადგურებას გადარჩენილი ექსპერიმენტული ბაზები _ ექსპერიმენტული მეურნეობა (მათ შორის უნიკალური მრავალწლიანი საცდელი ნაკვეთები) და ნედლეულის გადამამუშავებელი ერთადერთი ექსპერიმენტული საწარმო აღმოჩნდა სხვა სამინისტროს (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების) დაქვემდებარებაში, ექსპერიმენტული მანქანათმშენებელი ქარხანა კი, რომელიც უზრუნველყოფდა სამეცნიერო კვლევების შედეგების მიხედვით ახალი ტექნიკის შემუშავებას, გამოცდასა და დანერგვას, აგრეთვე, ჩაისა და სუბტროპიკული ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკურ აღჭურვილობას, გაიყიდა ინვესტორზე სამუშაოთა მიმართულების შეცვლის შესაძლებლობით.

მიუხედავად შეცვლილი მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობისა და მიზერული ხელფასებისა, ინსტიტუტის მეცნიერები განვაგრძობდით კვლევით მუშაობას. ტექნიკური ბიოქიმიის ლაბორატორიაში დამუშავდა ახალი სახის პროდუქტების ტექნოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრები (არომატიზატორების, ჩაის არომატიზებული და ვიტამინიზირებული პროდუქტების, ხსნადი ჩაისა და ნატურალური კვებითი საღებავების, ჩაის შემცვლელებისა და ჩაისმაგვარი პროდუქტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური მცენარეული ნარევების, მათ შორის დიეტური და ფუნქციონალური დანიშნულების, დაბალკალორიული სტევიის გადამუშავებისა და სხვ.). ლაბორატორიაში მუშავდებოდა და სრულდებოდა ისეთი სპეციფიკური თუ არასპეციფიკური მეთოდები და კვლევები, როგორიც არ სრულდება ქვეყნის არც ერთ ინსტიტუტში, რადგან ინსტიტუტი სპეციალიზებულია კონკრეტულ დარგში; აწყობილი გვაქვს ძლიერი ბიოქიმიური ლაბორატორია და ამ მიზნით არ ვზოგავდით საკუთარ სახსრებს, მათ შორის გრანტის შემოსავლებს. გრანტის დაფინანსებით შევიძინეთ უახლესი აპარატურა, რომელთა გამოყენებით მომავალშიც იგეგმებოდა თანამედროვე მეთოდების შემუშავებით ღრმა ბიოქიმიური კვლევების ჩატარება; საკმარისია, ითქვას, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული ახალი სახის პროდუქტები და ტექნოლოგიები დანერგილი იყო ქვეყნის საწარმოებში და ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ეფექტი.

სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების, მათ შორის სუბტროპიკული მემცენარეობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურის საბოლოოდ განადგურების ეტაპი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების აგრარული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადასვლა და შემდეგ თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლება ფიქტიური, მოჩვენებითი ატესტაციის ჩატარებით. უფრო მეტიც, კახა ბენდუქიძე «ასაბუთებს» კიდეც აგრარული დარგის განადგურებას სრულიად არაკომპეტენტური განცხადებით: «მეჩაიეობა და მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს… ცეილონში ჩაის სამი მოსავალი მოდის წელიწადში და ჩვენთან ერთი(?!) სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს ჩაის ცენტრალიზებულად ამოძირკვა და ეს შეიძლება უკეთესი იყოს» (გაზ. «24 საათი», 20.11.12.28).

ეს არის სრული ნონსენსი, როცა აგრარული დარგის ხელმძღვანელს არ ესმის სოფლის მეურნეობის ასეთი სისხლხორცეული დარგების, მათ შორის მეჩაიეობის, მნიშვნელობა მოსახლეობის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის წინსვლაში ან ის წილი, რომელიც ამ დარგს ჰქონდა ქვეყნის შემოსავლებში, არ იცნობდეს ქართველ მეცნიერთა კოლოსალურ შრომებსა და მიღწევებს ამ მიმართულებით, რომელსაც წარმატებით იყენებდნენ საზღვარგარეთის ჩაის გადამამუშავებელ ქვეყნებშიც.

«აგრარული სექტორის მესაფლავის» _ კახა ბენდუქიძის ზემოაღნიშნული განცხადების შემდეგ ახალი ტემპით გაგრძელდა ჩაის პლანტაციების განადგურება (ამოძირკვა-გადაწვა) დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ეს მაშინ, როცა ჩაის წარმოებასა და მოხმარებას მსოფლიოში მზარდი ტენდენცია აქვს და ჩაის წარმოება დაიწყო ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც ჩაის არასდროს მოიხმარდნენ. სამამულო წარმოების მაღალხარისხოვანი ჩაი არ ჩამოუვარდება ნებისმიერ იმპორტულს, ამასთანავე, ქართული ჩაის პროდუქცია, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად უფრო საიმედოა. სარეალიზაციო ქსელში ამჟამად არსებული ქართული ჩაის პროდუქციით კი შეუძლებელია იმსჯელო სამამულო ჩაის ხარისხზე.

განა შეიძლება ამდენად დარგმოძულე ადამიანი ხელმძღვანელობდეს აგრარულ დარგს? ეს ხომ კატასტროფაა! აგრარული უნივერსიტეტის ამჟამინდელი ბრძანება (#04/01-223, 21.05.2013) ჩაისა და სუბქტროპიკული კულტურების ინსტიტუტის რეგიონულ სამეცნიერო და სასწავლო ცენტრად რეორგანიზების შესახებ კახა ბენდუქიძის პოლიტიკის გაგრძელებაა სუბტროპიკული მემცენარეობის _ აგრარული დარგის ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების, და შესაბამისი სამეცნიერო კვლევების დაკნინებისა და განადგურებისა. ეს პროცესი სასწრაფოდ შესაჩერებელია, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის.

სწორედ პრობლემის უცოდინარობითა და არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ბენდუქიძეგოცირიძის .. კომისიამ, რომელმაც ინტელექტის გარეშე დატოვა უნივერსიტეტთან მიერთებული ინსტიტუტები, პირდაპირ გამოგვიცხადა იქ გამოძახებულ მეცნიერებს: ქართული ჩაი დაბალი ხარისხისაა, ჩვენ ასეთ ჩაის არ ვსვამთო. ამიტომ იყო, რომ ამ კომისიამ, დარგის საბოლოო განადგურების მიზნით, ქუჩაში «გაგვყარა» ინსტიტუტის მეცნიერთა დიდი ნაწილი, ჩვენი ცოდნის, პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და ასაკის მიუხედავად; გააუქმა ინსტიტუტის წამყვანი ლაბორატორიები, რის გამოც ამჟამად თითქმის ნულის ტოლია ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების შედეგების გამოყენება სუბტროპიკული დარგის (მეჩაიეობა, მეციტრუსეობა…) რეაბილიტაციისთვის.

საკითხის გარკვევისა და ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, ინსტიტუტის თანამშრომლებმა 2011-12 წლებში არაერთხელ მივმართეთ უნივერსიტეტის რექტორს, აგრარული ფონდის თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრებს, მაგრამ უშედეგოდ. ინსტიტუტის კოლექტივმა (19-მა მეცნიერ-თანამშრომელმა) მივმართეთ პრეზიდენტს და ყოფილ პარლამენტს თხოვნით, რომ სუბტროპიკული მემცენარეობის დარგის აღდგენისა და ამ მიზნით სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებისთვის უმჯობესი იყო, ინსტიტუტი გამოყოფოდა აგრარულ უნივერსიტეტს და სსიპ-ის სახით დაქვემდებარებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაბრუნებოდა მას მსოფლიოში ცნობილი უნიკალური ექსპერიმენტული ბაზები და ექსპერიმენტული საწარმოები, რომელთა გარეშე შეუძლებელია დარგობრივი ინსტიტუტის ფუნქციონირება. ვითხოვდით, კანონმდებლობის საფუძველზე ინსტიტუტში დაბრუნებულიყვნენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები. ჩვენს თხოვნას ისევ არ მოჰყვა რეაგირება.

ჩვენ გვესმის, რომ სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარეობის გამო საქართველოში არ არის იდეალური პირობები ზოგიერთი სუბტროპიკული კულტურის ფართოდ განვითარებისთვის. ამასთანავე, ჩაი, კარგა ხანია, მონოკულტურა აღარ არის დასავლეთ საქართველოში, მისი ფართობები მასიურად ჩაანაცვლა თხილმა, სიმინდმა, მოცვმა და სხვა კულტურებმა. მიუხედავად ჩაის პლანტაციების მნიშვნელოვანი შემცირებისა, მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა ჯერ კიდევ შორს არის. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად მასობრივად გადადის მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე და იქ სწორედ ჩაის კრეფს. მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა და ერთ დროს წამყვანი დარგი ამჟამად ქვეყნის მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს ჩაიზე. ექსპორტ-იმპორტში დეფიციტი ღირებულებით 2,5-3 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნათელია, რომ ჩაის დარგის პოტენციალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი უპირობო ფაქტორი. მეორე მხრივ, საქართველოს ბაზარი გაჯერებულია უცხოური წარმოშობის და ხშირად დაბალხარისხიანი ჩაის პროდუქციით.

ჩვენს ქვეყანას სწორი აგრარული პოლიტიკის გატარებით და ინსტიტუტში შემუშავებული ახალი პროგრესული ტექნოლოგიების და პროექტების გამოყენებით შეუძლია, დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილება მაღალხარისხოვან ბაიხის ჩაიზე, ჩაის პროდუქცია გაიტანოს ექსპორტზე დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით. სამამულო ჩაის ნედლეულის ბაზაზე ბაიხის ჩაის პარალელურად შესაძლებელია, გამომუშავდეს მსოფლიოს ჩაის გადამამუშავებელ ქვეყნებში აპრობირებული და ინსტიტუტში შემუშავებული ახალი სახის ჩაის პროდუქტები, დაინერგოს საქართველოში ინტროდუცირებული ახალი, პერსპექტიული კულტურები და სხვ. მნიშვნელოვანია თხილის, ციტრუსის, სხვა კულტურების წარმოების გაზრდის პოტენციალი.

თხოვნა ინსტიტუტის გამოყოფისა და თანამშრომელთა აღდგენის შესახებ რამდენიმე მეცნიერმა გავიმეორეთ პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიმართ (ბატონი ივანე კიღურაძე), მაგრამ ამას, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყვა. დარწმუნებული ვართ, საკითხს არ გაცნობია პრემიერი. ჩვენი წერილი, როგორც გვაცნობეს, ერთის მხრივ, გაეგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეორე მხრივ, აგრარულ უნივერსიტეტს (?), მაგრამ კვლავ რეაგირების გარეშე დარჩა. ამავე დროს, ჩვენთვის ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩვენი წერილისგან დამოუკიდებლად შესთავაზა ინსტიტუტს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის მოგვარება და ეს საკითხი შეჩერდა ინსტიტუტის დირექტორის (თ. რევიშვილი) მხრიდან უარის მიღების გამო. რა თქმა უნდა, «ნაციონალური მოძრაობის» აქტიური მხარდამჭერი ინსტიტუტის დირექტორი (შესაძლებელია, რამდენიმე თანამშრომელი) კომფორტულად გრძნობს თავს კახა ბენდუქიძესთან სხვადასხვა მიზეზით: სრული უპასუხისმგებლობა დარგის აღდგენაზე ან იმ სერიოზულ გადაცდომებზე, რომლებმაც ინსტიტუტის მატერიალური ბაზის განადგურება და სამეცნიერო კვლევების შესუსტება გამოიწვია. ამავე დროს ჩაისა და სუბტოპიკული მემცენარეობის დარგის განადგურებისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა 60%-ის გათავისუფლების ფონზე «ნაციონალური მოძრაობა» ინსტიტუტის დირექტორს ღირსების ორდენით აჯილდოებს. ასეთი «წარმატებებისთვის» მიღებული ორდენი ხომ სწორედ ღირსებას უკარგავს მთავრობის ჯილდოებს.

ამასთანავე, სრულიად გაუგებარია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რატომ არ ჩართო სასოფლო-სამეურნეო ბარათებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (გასხვლა), რომელსაც მოსახლეობა ასეთნაირად მოელოდა და რითაც უნდა დაიწყოს სწორედ მეჩაიეობის დარგის აღდგენა; ან რატომ არ ფინანსდება მეჩაიეობის პროექტები ბანკების მიერ დაბალპროცენტიანი სესხით, მით უმეტეს, როგორც გადმოგვცემს, ჯერჯერობით არ არის შექმნილი ფონდები გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიზნით. ვეჭვობთ, რომ ასეთი დამოკიდებულებით ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები კვლავ არ დაფინანსდება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბანკები კატეგორიულად მხოლოდ აქტიური ბალანსის მქონე მეწარმეებს აფინანსებენ და არა დამწყებთ (თუნდაც გამომგონებლებს), როგორც ეს საზღვარგარეთის ქვეყნებშია მიღებული.

მიგვაჩნია, რომ აგრარული დარგის რეაბილიტაციის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთოს მეცნიერები, განისაზღვროს დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებანი და მოქმედ ბიზნესმენებთან ერთად დაფინანსდეს დასრულებული პირველადი პროექტები. მათ შორის გამომგონებლებისა და მეცნიერების მიერ წარდგენილი, რომლებიც ეფუძნება ათობით წლის სამეცნიერო კვლევებს და პრეზენტაციებს. ასეთებად მიგვაჩნია ჩვენ მიერ შემუშავებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფინანსების მოძიების მიზნით წარდგენილი პროექტები:

1. ხსნადი ჩაის და ჩაის ნატურალური საღებავების მოძიების მიზნით წარდგენილი პროექტები;

2. დაბალკალორიული შაქრის შემცველი მცენარის _ სტევიის გაშენება, მოვლამოყვანა, გადამუშავება, სტევიისა და სტევიის შემცველი პროდუქტების წარმოების დანერგვა. პროექტები ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და აქვს მაღალი ეკონომიკური ეფექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი გამოეყოს აგრარულ უნივერსიტეტს და დაექვემდებაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაუბრუნდეს ინსტიტუტს უკანონოდ გათავისუფლებული პროფესიონალები და მეცნიერები.

ინსტიტუტის უნივერსიტეტის დაქვემდებარებიდან გამოყოფა სრულად შეესაბამება განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციას, რომელიც შემუშავდა საინიციატივო ჯგუფის მიერ (გ. დვალი, ზ. კოკაია, ვ. ბერეჟიანი, დ. ლორთქიფანიძე) და მოიცავს როგორც საუნივერსიტეტო, ასევე არასაუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარებისა და ახალ სისტემაზე გადასვლის ძირითად პრინციპებს. კონცეფციის თანახმად, უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ არსებულ სამეცნიერო ინსტიტუტებს (მათ შორის, კონკრეტულ დარგზე ფოკუსირებულს), შესწევთ უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მეცნიერების განვითარებაში. როგორც კონცეფციაშია აღნიშნული, შეუძლებელია უნივერსიტეტთან მექანიკურად და არასწორად მიერთებული ინსტიტუტების ასევე მექანიკურად გამოყოფა. ამასთანავე, მდიდარი ტრადიციების მქონე ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს სიცოცხლისუნარიანობა და თანამედროვე პირობებში დარგის რეაბილიტაციაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა: აგრარულ უნივერსიტეტთან მიერთების შემდეგ ჯერ კიდევ არ დარღვეულა ინსტიტუტის, როგორც განსაზღვრული ერთეულის, მთლიანობა (რომლის საშიშროება ამჟამად შეიქმნა), განსხვავებით უნივერსიტეტთან მიერთებული სხვა ინსტიტუტებისა, ჯერ კიდევ არ დანგრეულა შენობები, შენარჩუნებულია ლაბორატორიები (რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, დაკეტილია), ძირითადი აპარატურა და მოწყობილობანი; მართალია, შესუსტდა, მაგრამ არ შეწყვეტილა კვლევები ცალკეული მიმართულებით, მკვეთრადაა შემცირებული მეცნიერთა რიცხვი, მაგრამ, მიუხედავად გათავისუფლებისა, აქტიურ მკვლევარებს არ შეგვიწყვეტია კვლევითი მუშაობა (ვმუშაობთ თითქმის ყოველდღიური რეჟიმში).

ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტს შეუძლია აღიდგინოს სამეცნიერო კვლევების მაღალი საერთაშორისო ხარისხი და აქტიური დასაყრდენი გახდეს აგრარული დარგის რეაბილიტაციის პროცესში.

ნანული ორაგველიძე,  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

 ატესტირებული უფროსი მეცნიერთანამშრომელი,

 სახალხო მეურნეობის გამოფენის ვერცხლის

მედალოსანი, გამომგონებელი

 

1 COMMENT

  1. ჩაის მიხედეთ! სირცხვილია ქართველი კაცი თურქეთში დადიოდეს ჩაის საკრეფად! ტყიბულის ჩაის მსოფლიოში ანალოგი არა აქვს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here