ჩვენი მკითხველები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის პუბლიკაციების ციკლს «ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა». «საქართველო და მსოფლიომ» ამ დამსახურებულ და მრავალ ტანჯვაგამოვლილ ადამიანს ჩამოართვა ინტერვიუ, რომელიც ერთგვარ ბოლოთქმადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ბატონმა ნაპოლეონმა საუბარი მადლიერების გამოხატვით დაიწყო:
_ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკიდან» და მის მთავარ რედაქტორს _ ალეკო ასლანიშვილს, თქვენი გაზეთის კოლექტივს და პირადად მთავარ რედაქტორს _ ირაკლი თოდუას. ჩემი ნაფიქრი ამ ორმა გაზეთმა მიაწოდა საზოგადოებას. მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარში დგომას და დახმარებას.
_ ხომ არ იყო ეს პუბლიკაციები მომავალი წიგნის ბალავარი?
_ გამორიცხული არ არის, რადგან ჯერ კიდევ მასალებზე მუშაობის პროცესში ცნობილი მეცენატი გია ჯოხთაბერიძე დამპირდა წიგნის გამოცემაში დახმარებას. გაზეთს თავისი სპეციფიკა აქვს, მოგეხსენებათ, წიგნში შევეცდები, უფრო სრულად წარმოვაჩინო სააკაშვილის 9-წლიანი დიქტატურის დამღუპველი შედეგები, რაც დალესის კაცთმოძულე დოქტორინაზე იყო დაფუძნებული. მე მზად ვარ, დებატებში დავუჯდე სააკაშვილს და მისი გუნდის ნებისმიერ წევრს, თუნდაც იმიტომ, რომ ის უმძიმესი წლები საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს. სამწუხაროა, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არა აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა სიმახინჯეს ემსახურებოდნენ და რა ზიანი მიაყენეს ქვეყანასა და ხალხს. სააკაშვილის ოჯახის სიბილწეზე ბევრი რამ იცის საზოგადოებამ. მის უახლოეს ნათესავზე, რომელმაც ჩემს ოჯახს ფული გამოსძალა, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აი, რა ამორალურ ადამიანებთან გვქონდა საქმე.
_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 9 თვეზე მეტი გავიდა, როგორ ფიქრობთ, გამართლდა საზოგადოების მოლოდინი? არის ჩვენი ხელისუფლება ადამიანების პრობლემებზე ისე ორიენტირებული, როგორც ამას წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა?
_ ჩვენი ხელისუფლება, ჩემი აზრით, არ არის ადამიანებზე ორიენტირებული და აი რატომ: სამართლიანობის აღდგენა ამომრჩევლების უპირველესი მოთხოვნა იყო, რის განხორციელებასაც, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ნება სჭირდებოდა. ეს პროცესი ძნელიაო, განაცხადა ბატონმა ბიძინამ აჭარაში ყოფნისას. საზოგადოებისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არის ადამიანებისთვის წართმეული ქონების დაბრუნება ძნელი. რატომ დღემდე არ დაახარისხეს წართმეული ქონება კატეგორიებად. არის ჩამორთმეული ქონება, რომელზეც მოდავე არავინაა და «გაყინულია» ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, არის ქონება, რომელსაც მხოლოდ ორი ადამიანი ედავება ერთმანეთს: ერთი, ვისაც წაართვეს, და მეორე, ვისაც მისცეს. ცხადია, შეიძლება იყოს «ჩახლართული» საქმეებიც. გაუგებარია, რატომ არაა შექმნილი სპეცპროკურატურები და სპეცსასამართლოები; რატომ არის სამართლისნობის აღდგენის საკითხებში ინერტული პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო? მინდა ვუთხრა მათ, რომ დაზარალებულთა შორის ბევრია ჭკუისსაკითხავი და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, მინდა ვკითხო: რატომ არ აქვთ მათთან დიალოგი და რატომ არიან დამოკიდებული საქმეში ჩაუხედავ არასამთავროებზე?
და კიდევ ერთი: მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ კოაბიტაციაში «ნაციონალებთან». ისმება კითხვა: რატომ არ ცდილობენ, იყვნენ კოაბიტაციის რეჟიმში, მაგალითად, ნინო ბურჯანაძესთან, კახა კუკავასთან, ჯონდი ბაღათურიასთან, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი «ქართულ ოცნებას» ოქტომბრის არჩევნებში? რატომ არ ეძებენ შეხების წერტილებს სხვა, პარლამენტგარეშე ოპოზიციურ პარტიებთან და, თუნდაც, ცნობილ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან? რატომ მაინცდამაინც «ნაციონალებთან» და არა მათთან? კითხვები ბევრია…
_ ძნელია, არ დაეთანხმო თქვენს აზრს… როგორ ფიქრობთ, ზედმეტად ხომ არ ვუწევთ ანგარიშს დასავლეთს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ ე. წ. სამოქალაქო სექტორს?
_ აშკარაა, რომ დასავლეთის ძლიერი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. თუ «ნაციონალები» ორი-სამი დეპუტატის მეშვეობით ახერხებენ ევროპარლამენტში მცდარი აზრის ფორმირებას, საკითხავია, რა ემართება ქვეყნის სახელმწიფო აპარატს? საქმე არაპროფესიონალიზმთან ხომ არა გვაქვს? რატომ არ არის გამყარებული საჭირო არგუმენტებით «ქართული ოცნების» პოზიცია? რატომ ვერ ვაჯერებთ დასავლეთს ჩვენს სიმართლეში? ვფიქრობ, ამაზე პასუხი პრემიერმა თავის გუნდში უნდა ეძებოს, რომელიც ნამდვილად არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც მას გონია.
_ ბატონმა პრემიერმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ: «სამოქალაქო სექტორიდან უფრო მოვახერხებ პროცესების მართვასო».
_ ბატონი ბიძინა დღეს ყველა სახელისუფლო ბერკეტს ფლობს და მაინც უჭირს სიტუაციის მართვა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი მას შეიძლება არც არაფერი ჰკითხონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ ის თავის ძირითად დანაპირებს არ შეასრულებს და არ აღადგენს სამართლიანობას, არ უნდა წავიდეს. დღეს ადამიანები მისი ხათრით არიან გაჩუმებულნი. მის ნაადრევად წასვლას აუცილებლად მოჰყვება უმართავი პროცესები, ხალხი თავად შეეცდება სამართლიანობის აღდგენას, რომელმაც შეიძლება სამოქალაქო ომამდეც კი მიგვიყვანოს.
_ ძალიან საშიში პროგნოზი გააკეთეთ, მით უმეტეს, რომ ხალხის აგრესია სერიოზული იყო ზუგდიდში, ბათუმში და თბილისში. «ადამიანების მასა შეიძლება საშიშ ბრბოდ გადაიქცეს, რომლის მართვა მხოლოდ ბრძენ და ნებისყოფიან ადამიანებს შეუძლიათ», _ ეს ბონაპარტეს სიტყვებია.
_ ბრძენი მმართველი იყო ბონაპარტე. სხვათა შორის, ის 26 წლის იყო, როდესაც იტალიის არმიაში თავის გენერლებს მიმართა: «არასოდეს გამიბედოთ ტყუილის თქმა იმისთვის, რომ მასიამოვნოთ». რა მწარეც გინდა იყოს სიმართლე, იგი ქვეყნის პირველმა პირმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ბატონმა ბიძინამ ამ კუთხით თავის გარემოცვას უნდა გადახედოს. ასეთია ჩემი კერძო აზრი.
_ თქვენს პუბლიკაციაზე ბევრი გამოხმაურება დაიდო ჩვენი გაზეთის ინტერნეტსაიტზე. მათ შორის იყო ასეთი შეკითხვაც: «ბატონი ნაპოლეონი ციხეში იყო თუ დასასვენებელ სახლში?», ცხადია, მესმის თქვენი ცრემლნარევი იუმორი, მაგრამ მაინც რას უპასუხებთ ამ შეკითხვის ავტორს?
_ ციხე ის ადგილია, რომელშიც მართალი კაცის მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია… მე ამაზე ვწერდი. რაც შეეხება პირობებს, ეს კერძო შემთხვევაა, რომელიც, ალბათ, «სივრცეში» მოხვედრილი ზოგიერთი მაღალჩინოსნის დამსახურება იყო, თუმცა მე ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ. 2004 წლის საპყრობილე ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი, გაცილებით ლიბერალური სქემით იმართებოდა, თუმცა მაშინაც იყო წამების შემთხვევები. ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, ციხე «საგულაო» ადგილი» არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა და არც იქნება.
მინდა, თქვენი გაზეთით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოეხმაურა ჩემს პუბლიკაციებს, განსაკუთრებით, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს იმ თბილი სიტყვებისთვის, რომლებიც ამას წინათ გაზეთში გამოაქვეყნა.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
არც კი ვიცი ამ პიროვნების ისტორია 2003 წლის მერე, რადგანაც საქართველოში არ ვიყავი, თუმცა 1998 წლიდან 2003 წლამდე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში სადაც ეს ბატონი რექტორი იყო და მინდა მოგახსენოთ ეს იყო ერთი დიდი უზარმაზარი კორუფციის ბუდე სადაც ზოგიერთ ლექტორს სტუდენტები ხურდებსაც კი უხდიდნენ გამოცდებში ნიშნის მისაღებად, უნივერსიტეტში ჩასარიცხად დოლარები უნდა გადაგეხადა რომლიდანაც წილს პრორექტორები იღებდნენ, იქედან კი პატივცემული რექტორის ჯიბეშიც ილექებოდა ალბათ საკმაოდ სოლიდური თანხები.
ქვეყნის სახელმწიფო აპარატი, საგულდაგულო კოაბიტაციაშია ნაცებთან ჩემო ბატონო.