Home რუბრიკები პოლიტიკა კობა დავითაშვილი: უსუფაშვილი წვრილმანია, ჩემი წამოსვლა კოალიციის მიუღებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გამოიწვია

კობა დავითაშვილი: უსუფაშვილი წვრილმანია, ჩემი წამოსვლა კოალიციის მიუღებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გამოიწვია

645

კობა დავითაშვილმა კოალიცია დატოვა. ამ ინფორმაციამ წინა კვირაში ბაჩო ახალაიას გამართლების თემა თითქმის გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ არავისთვის მოულოდნელი არ იყო, კომენტარები მაინც საინტერესო აღმოჩნდა. «ეს პირველი მერცხალია…» _ განაცხადეს გახარებულმა «ნაციონალებმა». «ბაჩოს რამდენჯერაც გაამართლებენ, კოალიცია იმდენმა ადამიანმა თუ დატოვა, კარგად ყოფილა საქმეო», _ თქვეს ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა. «გაგაფარჩაკათ თუ არა ბაჩომ?!» _ გახარებულმა იკითხა ბაჩანას მეუღლემ და .. კოალიციაში დარჩენილებმა კი, არანაკლებ გახარებულებმა, ზოგმა «გემიდან გაქცეულიო…» «მოხეტიალე ფორვარდიო…» და სხვა მრავალი, არც თუ სასიამოვნო ეპითეტებით შეამკეს.


ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი თქვა, დავითაშვილი თავისი ჭკუაგონებით ამას ვერ გადაწყვეტდა, ვერც გაბედავდა ივანიშვილთან რომ არ იყოს შეთანხმებულიო, ივანიშვილს კი იმაში სჭირდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმები რეალურ კანდიდატებს დააკარგვინოს, კერძოდ კი _ ნინო ბურჯანაძესო. «საქართველო და მსოფლიო» თავად კობა დავითაშვილს დაუკავშირდა და  სიმართლის მასთან გარკვევას შეეცადა. რა მოხდა სინამდვილეში? რამ განაპირობა მისი კოალიციიდან წამოსვლა, იმან, რომ მის აზრს არ ითვალისწინებდნენ თუ ბაჩო ახალაიას გამართლებამ?

_ ბატონო კობა, რამ განაპირობა თქვენი კოალიციიდან წამოსვლა: ახალაიას საქმემ თუ გამუდმებულმა აზრთა სხვადასხვაობამ? უსუფაშვილმაც ცოტა არასასიამოვნოდ ისაუბრა თქვენზე.

_ უსუფაშვილი წვრილმანია. ჩემი წამოსვლა კოალიციის მიუღებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გამოიწვია. რამდენი ხანია, ერთად ვართ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაზე ვდგავართ. მე სხვა დამოკიდებულება და მუდმივი წინააღმდეგობა მქონდა კოაბიტაციაზე, სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობაზე, შრომის კოდექსთან დაკავშირებით, სურსათის უვნებლობის კანონზე… პირველი უთანხმოება ჯანდაცვის რეფორმას უკავშირდებოდა, ასევე იყო იპოთეკარების ამბავი… ბიზნესისა და ხალხის ინტერესები ერთმანეთს კვეთდა და კოალიცია ყოველთვის ბიზნესის ინტერესებს იცავდა. მე კი ხალხის პარტიის ლიდერი ვარ და ასეთ პოზიციაზე ვერ დავრჩებოდი.

_ კოალიციაში თუ გამოთქვამდით თქვენს უკმაყოფილებას?

_ რა თქმა უნდა, კამათი ამ საკითხებზე გვქონდა. არასოდეს დამიმალავს და არ მოვრიდებივარ ჩემი პოზიციის დამალვას. თანაც ეს არ იყო უბრალო საუბრები, კანონპროექტები არსებობდა.

_ ბატონო კობა, თქვენ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტებს არც განიხილავდნენ?

_ განიხილავდნენ, თანაც ძალიან ყურადღებით და სხვა პოზიციას აფიქსირებდნენ.

_ უმრავლესობის წევრებმა ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთეს თქვენს წასვლასთან დაკავშირებით. გასაკვირია, ასე ზედმეტი იყავით მათთვის? ოდნავი სინანულიც კი არ გამოუმჟღავნებიათ. მეტიც, მგონი, გაუხარდათ კიდეც

_ ერთიანად სიხარულის გრძნობა დაეუფლათ, ჩემი წამოსვლით ხომ მაინც უნდა გამეხარებინა კოალიციის გული?! მე, დიდი ხანია, აშკარად ხელს ვუშლიდი.

_ «ნაციონალებმა» თქვეს, რომ კოალიციაში რღვევა დაიწყო. რაც მოხდა, ცუდი არ იყო?

_ შეიძლება ცუდი იყო, მაგრამ ახალაიას საქმე ბოლო წვეთი აღმოჩნდა.  მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. რაც შეეხება «ნაციონალებს», არ ვურჩევ,  სიხარულს მიეცნენ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ კოალიციიდან წამოსულთა გუნდი თუ შეიკრა, უპირველესად, მათ დაკორტნის. კოალიციისა და ჩემი უთანხმოების მთავარი საკითხი იყო _ რა ვუყოთ «ნაციონალებს».

_ კოალიციის დაშლამ, შესაძლებელია, «ნაციონალების» გაძლიერება გამოიწვიოს

_ კოალიცია არ დაშლილა, მე კოალიციის წევრი არ ვყოფილვარ. კოალიცია ექვსი პარტიისგან შედგებოდა, ამ ჩამონათვალში «ხალხის პარტია» არ ყოფილა. მე ვიყავი პარლამენტის ერთი რიგითი წევრი.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას. რისი იმედი გაქვთ?

_ მე მაღლა ღმერთის და დაბლა ხალხის იმედი მაქვს, სხვა რამის იმედი არც არასოდეს მქონია. თუ ხელისუფლება სამართლინ არჩევნებს ჩაატარებს და უზრუნველყოფს, რომ თანაბარ პირობებში წარვმართოთ წინაასარჩევნო კამპანია, ცუდი შანსი არ მაქვს.  

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ერთი შეკითხვა კობასთან, მეც მაქვს, მეტი კი არც იყო საჭურო. პრეზიდენტობის კანდიდატად, რომ ცარგადგენენ. დაფინანსება იქნება?

  2. არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალი ,ამას იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ თქვა ქვემოთ მოყვანილი ჩემი აზრიდან გამომდინარე ნაციონალი არისო. კოალიცია ნამდვილად დასაშლელია. ისინიც განუდგნენ ხალხს, რას გავს მათი მოქმედება – რის კოაბიტაცია .ხალხმა სამართლიანობის აღდგენას მისცა ხმა და არა კოალიციაში შემავალ ურეიტინგო და არაფრის გამკეთებელ ვაი პოლიტიკოსებს ,ხალხმა ივანიშვილს მისცა ხმა და ერთი შანსი, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს იქნებ რამე ეშველოს, მაგრამ ვფიქრობ შევცდით ისევ ისეა რაც ნაცების დროს . კოალიციამ და ნაცებმა თანამდებობები დაინაწილეს ხალხი ? ხალხი არავის ანაღვლებს ,ვფიქრობ ისევ უცხო ტომელის დაკრულზე ცეკვავს საქართველოს მაღალი პოლიტიკური წრე…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here