Home რუბრიკები პოლიტიკა ბოძი პირდაპირ ეთერში, ანუ ვის უხვანცალებს თავხელიძე?

ბოძი პირდაპირ ეთერში, ანუ ვის უხვანცალებს თავხელიძე?

858

« შეეშვით ამ სააკაშვილს, ეს კაცი ოქტომბერში აღარ იქნება პრეზიდენტი. ამ მთელ ქართულ, გინდა, მთავრობაში ვინც არიან და ჯერ კიდევ ოპოზიციაში რომ არიან, ამ ხალხს, ჩემი აზრით, პათოლოგიური ფიქსაცია გაქვთ მიხეილ სააკაშვილზე. დაანებეთ ამ კაცს თავი», _ ამბობს მოექსპერტო ელემენტი მიხეილ თავხელიძე. ვინ ოხერი და მამაძაღლი! თავი დაგვანებოს და ჩემდა თავად ხმის ამომღებისპათოლოგიურ ფიქსაციაზე კი ქვემოთ ვილაპარაკოთ. 22 ივლისს ნინო ჟიჟილაშვილის «პოლიტმეტრში» მიწვეულმა სტუმარმა, რომელსაც ოპონენტად თუ მოდებატედ მიხეილ თავხელიძეევროპული საქართველოსთვის») ეჯდა, პროგრამის წამყვანს განუცხადა: _ შენი დიდი სიყვარული რომ არა, მიშა თავხელიძესთან ერთად ეთერში არ დავჯდებოდიო. თქვენ თუ გგონიათ, თავხელიძეზე წერა ძალიან მიხარია, ძალიანაც შემცდარხართ, მაგრამ ზოგჯერ ვალდებული ხარ, გააკეთო ის, რაც არ გსურს. ახლაც სწორედ მსგავსი შემთხვევაა.

 

ვის ეჭირა ხელში სანთელი?

პირველი, რითაც გამოირჩა ეს რესპონდენტი (თავხელიძეზე ვამბობ) უზრდელობა და უხამსობა იყო, თავხედობის ბახტრიონ გალავანივით შეუვალი და პიტალო: ვერ გადაევლებოდი ფეხის ერთი დაკვრით.

აშშის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების (სპეციალისტების თუ თანამშრომლების) მიერ 2011 წლის მაისის მოვლენებზე რომ ჩამოვარდა საუბარი, კერძოდ იმაზე, სააკაშვილმა თხასავით რომ გაყიდა ამერიკის სპეცსამსახური (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო თუ არა), მიშა თავხელიძემ მიშა სააკაშვილის დაცვა მოინდომა და თავისი პოზიციის ობიექტურობის დასადასტურებლად ერთი ბინძური «ფრთიანი გამონათქვამი» მოიშველია:

_ მე არ ვიცი, პრეზიდენტს რა აწყობდა და რა არა. არც მისი მრჩეველი ვარ და სანთელიც არ მეჭირა, როცა ისინი (ამერიკელი სპეცები) იქ იჯდნენ.

ჯერ ერთი, თუ არ იცი და არ ხარ, მაშ, რადხვანცალებ.

მეორე, სანთლის დაჭერაარდაჭერას წყვილთა ინტიმური, სექსუალური ურთიერთობის უარსაყოფად _ თავზე არ ვედექი, სანთელი არ მეჭირაო, _ ხმარობენ.

არ მოერიდა ნინო ჟიჟილაშვილის, რომელიც ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში, რომ წამყვანმაც და კახა კუკავამაც ისე გაატარეს, ვითომც არაფერი უთქვამსო.

ეტყობა, თავხელიძის აუნთებელი სანთელი მიშა სააკაშვილს ეჭირა, თორემ რა იცოდა, რა ხდებოდა იმ 26 მაისის ღამეს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში? ვინ ვის და რატომ? ან როგორ შეაფასეს სანთლის შუქზე აციმციმებული მონიტორების «კარტინკა» იქ შეკრებილმა ჩვენმა მეგობრებმა?

გათამამებულმა უვიცობამ ისეთ სიმაღლეზე ატყორცნა საკუთარი კერპის სიტყვების სიმართლე, ისეთი სი ბემოლი აიღო, რომ ჩვენ, ვინც ეკრანს აქეთ ვიყავით, დაგვბურძგლა, ეკრანს იქით კი კინაღამ თავზე დაიმხო «მაესტროს» ახლადაშენებული სტუდიის ჭერი და კედლები.

იმ სიმაღლეებს ჩვენ, უბირები _ სანთლით თუ უსანთლოდ, აბა, რას შევწვდებით?!

კიდევ კარგი, ეს ამბავი ქუთაისის პარლამენტში არ მოხდა, თორემ დიდი უბედურება დატრიალდებოდა.

. . თავხელიძის ლოგიკით, 2011 წლის 26 მაისის ბართლომეს ღამეს სანთელი სააკაშვილს ეჭირა და ამიტომაც იცის, რასაც ამბობს. კერძოდ, გვაჩვენა, თუ სად იღებს სათავეს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი მმართველობა.

რას ერჩიან ჩეგევარას?

«ციხის კადრებზე» საუბრისას «პოლიტმეტრში» წამოიჭრება პატიმრების წამების საკითხი. და მიხეილ თავხელიძე ლოგიკური აზროვნების ევერესტს დაიპყრობს: «ადამიანების წამება არის უდიდესი დანაშაული, რომელიც არავის უნდა ეპატიოს, მიუხედავად ვინ ჩაიდინა ეს და როგორი პოლიტიკური სიტუაცია იყო. მაგალითად, ჩეგევარა იყო ნაძირალა (!), სტალინი იყო ნაძირალა (!), ისინი, ვინც აწამებდნენ ხალხს სააკაშვილის დროს ნაძირლები არიან…»

«თქვე ნაძირლებო!» _ პირგაუხსნელად გვიყვიროდა 26 მაისის დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის შემდეგ ქართველი ჩეგივარა _ გივია თარგამაძე.

ეს _ შესახსენებლად.

ახლა კი ისევ თავხელიძის ლოგიკის შესახებ:

სტალინის დროს აწამებდნენ პატიმრებს, ამიტომო, ამტკიცებს თავხელიძე, სტალინი ნაძირალაა.

სააკაშვილის დროს აწამებდნენ პატიმრებს, თავხელიძის ლოგიკით, სააკაშვილი ვინ არის?

ნაძირალა! უნდოდა თუ არა, ეს დაამტკიცა მიხეილმა, ოღონდ თავხელიძემ.

სტალინზე ლაპარაკს, თუ რა იყო მის დროს, რა ბრძოლა მიმდინარეობდა, ვის აპატიმრებდნენ, ვის საქვეყნოდ წარმოაჩენდნენ და ა.შ., თავხელიძის ნათქვამზე, ბუნებრივია, არ დავიწყებ.

შეურაცხმყოფელია!

და აქ თუ ვახსენე, მხოლოდ იმიტომ, რომ «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებისთვის მიმეთითებინა აზროვნების რომელი ღერძის გარშემო ტრიალებს სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავში ჩამყოლთა რკინის ლოგიკა.

რუსეთი _ ივანიშვილის ბროკერი?

ამ ბოლო დროს ავლაბარში გამართულ რეგულარულ საპრეზიდენტო «პოსიდელკებზე» მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

«ამ მთავრობისთვის რუსეთს მიცემული აქ ამ პრემიერმინისტრისთვის, ამას, არც თვითონ უარყოფს და ვერც უარყოფს, იმიტომ, რომ ეს დადასტურებულია ყველა საინფორმაციო საშუალებით რუსეთის, მათ შორის, ოფიციალური, ორი მილიარდი დოლარი აქ მიცემული თავის აქტივებში, ვიდრე ისინი ღირდა. ორი მილიარდი დოლარი აქ მიცემული პუტინს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის. და რატომ ჩათვლის პუტინი, რომ მას რამე უნდა დაუთმოს?! ის თვლის, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა დაუთმოს მას ყველაფერი. ხო ასეა?.. და რა უნდა დაუთმოს, პირველ რიგში, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება და, მეორე, ყველაფერ იმაზე დათანხმება, რაზეც მე არ ვთანხმდებოდი მთელი ამ წლების განმავლობაში» (ორატორის სტილი აბსოლუტური სიზუსტითაა დაცული).

ამაზე ატეხა დავიდარაბა მიხეილ თავხელიძემ და ახალი მატროსოვივით მკერდით გადაეფარა  სეხნიას _ აბა, რა, ეგრე იყოო! დაიცვა მამა და მარჩენალი, რომელიც ჯერ კიდევ ავლაბარში მორჭმითა ზის. ზის კი არა, ქოჩორზე ტრიალებს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის დასაკნინებლად და თავისი დამსახურების აღსაღზევებლად.

მიხეილ თავხელიძეც ბანს აძლევს. ბანს აძლევს კი არა, გულ-მკერდზე «ტელნიაშკას» იხევს და ტრიალებს იმ ღერძის გარშემო, სექსკლუბების სცენაზე რომ არის დარჭობილი.

მოუსმინეთ:

«არი ეგეთი რუსი ბანკირი _ ლებედევი.Служба внешней разведки, ანუ საგარეო დაზვერვის ოფიცერი არი, თუ არ ვცდები, კოლონელი არი, პოლკოვნიკი, როგორც აქ ეძახიან», _ თქვა მიხეილ თავხელიძემ და ეგრევე «სტოვპერიოდი» დაიჭირა: «რაც მე ვიცი, შენ არ იცი, ჩემო ჭრიჭინე!»

კოლონელი ფრანგულად პოლკის მეთაურს ნიშნავს, თქვენ, პლებეები, აქ რუსეთის დონეზე რომ ხართ დარჩენილები, პოლკოვნიკს რომ ეძახით. ასე თქვა წინწაწეულმა («პროდვინუტი») მიშა თავხელიძემ და თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი ინფორმირებულობის დასადასტურებლად დაამატა, რომ ის (ლებედევი) აფინანსებს «ეგეთ ოპოზიციურ გაზეთს, რომელსაც ჰქვია «ნოვაია გაზეტა», და რომ ამ კაცმა (ლებედევმა) მხოლოდ იმიტომ ვერ გაყიდა თავისი ბინა მოსკოვში, რომ გადაულახავ დაბრკოლებად გადაეღობა პუტინისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება.

და დასვა რიტორიკული შეკითხვა: მაშ, როგორ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა გაეყიდა თავისი ბანკი «როსიისკი კრედიტი» მის საბაზრო ღირებულებაზე 20 პროცენტით უფრო ძვირად?!

პუტინის ნებართვის გარეშე ასეთ ფასად ვერ გაყიდდაო ივანიშვილი. ასე გაშიფრა «ევროპული საქართველოსთვის» დამფუძნებელმა სააკაშვილის მიერ ეთერში ნასროლი სიტყვა, განგვიმარტა და მოგვითარგმნა: «ორი მილიარდი დოლარი აქ მიცემული თავის აქტივებში, ვიდრე ისინი ღირდა».

უნდა ინატრო, მიხეილ, ასეთი მოწმე და მხარდამჭერი, თანაც _ არამკითხე, მოხალისე მიშისტი, რომელიც ამ თავის მტკიცებულებას იქვე, მიყოლებით, «დაუპაუზებლად» აქარწყლებს:

«ბიძინა ივანიშვილს, მაგალითად, ბევრჯერ უთქვამს, რომ მე ყველაფერი გავყიდე. სინამდვილეში ეგ არ არის მართალი. ეგ არი ტყუილი. არაფერი არ გაუყიდია ბოლომდე ჯერ. მისი ყოველი გარიგება რუსეთში ჯერ არ დამთავრებულა. ფული არ მიუღია. ფულს მიიღებს ამ წლის ბოლოს».

აბა, ის ორი მილიარდი საიდამღა? _ იკითხავდა თავადი ლუარსაბ თათქარიძე.

_ გაფრენილან, ჩემო ტურფავ!

მიუღია-არ მიუღია, ნუ იმარჩიელებ, მოცლილო ადამიანო, გვირილაზე: Любит, не любит, любит, не любит …

ლიუბიტ ნადა კრასავიცა,

ფული მოგცეს მეტი ვინცა.

მისცეს და _ ლიუბიტ! დარწმუნებით დაგვიმტკიცებს, რომ ზუსტად იცის, ასე რომაა. «იმიტომ, რომ რუსულ პრესას ვკითხულობ», _ დაუსვამს ბეჭედს და ამის დასადასტურებლად ლებედევის დაფინანსებულ «ნოვაია გაზეტას» დაგვისახელებს. «პოლიტმეტრის» დასასრულს კიდევ ერთ გამოცემას გაიხსენებს, «ძალიან ავტორიტეტულ» «ვედომოსტის».

შემდეგ რა?

შემდეგ _ შექსპირი

სხვა არაფერი, რბილად რომ ვთქვათ, გარდა არაკორექტურობისა.

«მოიცა! მოიცა!» _ ხელის აწევით შესძახებს თავხელიძე (როგორც ოტელო _ «ჯერ შეიცადეთ!») და აწყვეტინებს საუბარს კახა კუკავას, რომელმაც მოასწრო მხოლოდ ერთი წინადადების თქმა იმის შესახებ, რომ თავხელიძის პირადი აზრი, მისი სუბიექტური დამოკიდებულება ქართველი ხალხისთვის არ იქნება დამაჯერებელი.

თითქმის ამონარიდია უილიამ შექსპირის «რიჩარდ მესამის» რომელიღაც მოქმედების რომელიღაც სურათიდან, არადა, «პოლიტმეტრია»:

«თავხელიძე (აწყვეტინებს მბრძანებლის ტონით): _ მოიცა! მოიცა!

კუკავა (ცდილობს, არ აჰყვეს): _ მე შეიძლება დავასრულო? ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისთვის ეს არ იქნება დამაჯერებელი…

თავხელიძე: _ თქვენ რა იცით, ქართველი ხალხისთვის რა არის დამაჯერებელი?

კუკავა: _ დამასრულებინეთ. არ დამასრულებინებთ?..

თავხელიძე: _ (უაზროდ) ეგ რა შუაშია!

კუკავა: _ ქართველმა ხალხმა არ დაიჯერა იმისი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ…

თავხელიძე: _ არა, არა! (ცეცხლს იკიდებს) ერთი მეორისგან… (ებნევა აზრი) ქართველმა ხალხმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძვირად გაყიდა ბანკი და მაინც მისცეს ხმა.

კუკავა: _ (დინჯად) ეს თქვენი ვერსიააა…

თავხელიძე: _ რა ჩემი ვერსიაა! ეგ ელემენტარული ლოგიკაა. თქვენ გაძლევთ ხმას ქართველი ხალხი?

კუკავა: _ დამასრულებინეთ…»

და ასე შემდეგ.

«ვინ ხართ, ისეც არ ვიცი»

ერთ მომენტში, როცა რუსოფობიის თემას შეეხნენ, კუკავამ შებედა თავხელიძეს:

«წინა ხელისუფლების დროს თქვენ ცდილობდით, გეთქვათ, რომ, ვინც არ არის რუსოფობი და ყველა ვინც ამბობს, რომ რესტორანში შეიძლება რუსული სიმღერების მოსმენა, ყველა, ვინც წინააღმდეგი არის, რომ გრიბოედოვი უნდა ამოვთხაროთ მთაწმინდიდან, ავტომატურად ფეესბეს აგენტია.

_ საიდან მოიტანეთ ეს?..

_ ნუგზარ წიკლაურის ცნობილი იდეა იყო…

_ მე ვგავარ ნუგზარ წიკლაურს?

_ მე არ ვიცი, ვის გავხართ… მე შეგეკითხეთ კიდეც, ვინ ხართ, ისეც არ ვიცი… მე ვერ აგყვებით ამ ჟანრში…»

მე რატომ ავყევი ამ ჟანრში, ის მიკვირს და გამკვირვებია.

გიორგი მაისურაძე

P.S. ანუ ღიმილის შესახებ:

კახა კუკავამ თქვა, რომ ქვების სროლის სტანდარტი «ნაციონალურმა მოძრაობამ» შემოიღო და გაიღიმა.

თავხელიძე ეკრანზე ისვრის ქვებს და იღიმება.

«ნაციონალურმა მოძრაობამ» პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა _ ვანკავსტანკა, ხის თოჯინა, რომელიც არ იქცევა და არც იღიმება. რომც გაიღიმოს, ვერ შეატყობ.

მიხეილ თავხელიძეს არ ეღიმება, როცა ამტკიცებს, რომ თავში წამორტყმა და ციხეებში პატიმრების წამება _ ერთიც და მეორეც ინციდენტია.

მაშ, დანაშაული რა არის?..

პასუხი: _ ნიანგს გაღიმება რომ შეეძლოს მიხეილ თავხელიძეს დაემსგავსებოდა (აბუ იბნ სინა ხოტაბიჩი).

 

1 COMMENT

  1. ტვალტმაქცები ხარტ ტავხელიდზე მარტალს გეუბნებოდატ და ყველას მოგაკეტინატ კრიმინალებიტ გაავსეტ ქვეყანა იციტ საიტ მიგყავტ ქვეყანა სიბნელისკენ და ჯოჯოხეტისკენ მერე დაიწყებტ კვნესას არ ვიცოდიტო ყველამ ზალიან კარგად იციტ ყველაფერი მაგრამ კარიერას ვერ ელევიტ და დაგუპეტ ქვეყანა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here