Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა და ვანო ამერიკულ ხავსს ეჭიდებიან

მიშა და ვანო ამერიკულ ხავსს ეჭიდებიან

699

გასულმა კვირამ ახალი დეტალები შეჰმატა სკანდალს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ცნობილი განცხადებით დაიწყო: «26 მაისს აქ ამერიკული FBI- ჯგუფი იჯდა ჩვენ შსსში, იჯდა შიგნით, ყველა ეტაპს მიტინგის დაშლის ადევნევდა თვალს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი». გაირკვა, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული დასკვნა მართლაც არსებობს, თუმცა ის, როგორც ჩანს, არა ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, არამედ კონსულტანტების ჯგუფმა მოამზადა. მოახდენს თუ არა ეს დოკუმენტი სერიოზულ გავლენას ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე და მიაყენებს თუ არა ზიანს აშშსაქართველოს ურთიერთობებს?

 

ძველი ცოდვები და ახალი გარემოებები

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა «ნეტგაზეთთან» საუბარში განაცხადა, რომ, «როდესაც აღნიშნული მიტინგის დაშლა მოხდა, ამერიკის საელჩოს მეშვეობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუკვეთა ერთერთ ფირმას, «ბენსუსს», ექსპერტიზის ჩატარება აღნიშნული მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად კანონიერი იყო და რა რეკომენდაციებს მისცემდნენ. ჩატარდა ეს ექსპერტიზა, იყვნენ საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენლები და შემდეგ ეს დასკვნა გადაეცა შს სამინისტროს. მე რაც ვიცი ბატონი მერაბიშვილისგან, დასკვნაში საუბარი არის იმაზე, რომ მიტინგის დაშლის დროს არ ყოფილა ხელმძღვანელობითი პირების მიერ კონკრეტული გადაცდომის ფაქტი, შიგნით ასევე დევს რეკომენდაციები». ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს დასკვნა, ძალიან სერიოზული არგუმენტია, რომელმაც შეიძლება მერაბიშვილის გამართლებაც კი უზრუნველყოს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში, ვანო მერაბიშვილის, აგრეთვე, ამერიკელი პარტნიორების ინფორმაციაზე დაყდნობით, ამ დასკვნის არსებობა დაადასტურა: «გარკვეული ჯგუფი, ამერიკელი ექსპერტების, იმ დროს იმყოფებოდა საქართველოში, ისინი აწარმოებდნენ ზოგადად პოლიციის ტრენინგს, მათ შორის პოლიციის ტრენინგს, ასე ვთქვათ, დემონსტრაციებთან ურთიერთობაში, ხალხთან ურთიერთობის თვალსაზრისით. და მას შემდეგ, რაც უკვე დასრულდა 26 მაისი, ამ ჯგუფის მიერ გარკვეული კვლევა იქნა ჩატარებული, ოღონდ უკვე 26 მაისის შემდეგ დღეებში ჩატარდა პოლიციის მოქმედების ანალიზი და კვლევა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კვლევის შედეგი იყო, რომ ზოგადად პოლიციის მოქმედება იყო გამართლებული, თუმცა იყო შემთხვევები, როცა პოლიციელები მოქმედებდნენ ძალის გადამეტებით და გაუმართლებლად, მაგრამ ზოგადი სქემა, რამდენადაც ვიცი, იყო გამართლებული. მეტ დეტალებს მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ის, რასაც გეუბნებით, ვიცი გადმოცემითმე ეს დოკუმენტი არ მინახია და იქ ვიღაც მონიტორზე უყურებდა თუ არა, FBI იყო თუ არა, ვინ იყო, როგორ იყო, ამას მე ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ, რომ ეს დეტალები მე არ ვიცი». 

აქვე, მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციასთან დაკავშირებით, შეიძლება პირველი ეჭვნარევი კითხვა გაჩნდეს: რამდენად ლოგიკურად და სწორად მოიქცა (თუ მოიქცა) სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც კვლევა იმავე ჯგუფს დაუკვეთა, რომელიც პოლიციელებს წვრთნიდა? ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მას დასკვნაში დაახლოებით ასეთი რამ ჩაეწერა: «ჩვენ მიერ მომზადებული პოლიციელები მხეცებივით იქცეოდნენ»; ეს საკუთარი არაკომპეტენტურობის აღიარება იქნებოდა. ამერიკელი კონსულტანტები, ცხადია, ვერ დახუჭავდნენ თვალს მათი «აღსაზრდელების» აშკარა სადიზმზე, რომელიც არაერთ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამაზე მთელი მსოფლიოს უფლებადამცველები კიოდნენ, მაგრამ მათი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ ნებისმიერ შემთხვევაში დადგებოდა.

ნამდვილად დაუკვეთა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ჯგუფს კვლევის ჩატარება, მალე გაირკვევა, რადგან მსგავსი დაკვეთა რიგი ოფიციალური პროცედურების გავლას (საბუთების შევსებას და ა.შ.) მოითხოვს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს ამერიკელების საქმეა და არა ჩვენი; სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია დაუკვეთოს ნებისმიერ კომპანიას ის, რაც მოეხასიათება და მისი დასკვნების მიხედვით საკუთარი პოზიციის კორექტირება მოახდინოს, რაც, სხვათა შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. აშშის ოფიციალური პოზიციის ქვაკუთხედს, 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, კვლავინდებურად წარმოადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის _ მარკ ტონერის განცხადება: «გვჯერა, რომ თავისუფლად გამოხატვის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევე იქნება დაცული, როგორც სხვა ქვეყნებში. გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის ინციდენტები, რომელთა დროს რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული». სწორედ ამ მიდგომის გათვალისწინებით აკეთებს დღეს თავის განცხადებებს ამ თემაზე ელჩი რიჩარდ ნორლანდი და, ამასთანავე, ამბობს: «ნამდვილად ვიცი, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია საქართველოსთვის». არავის ვაშინგტონში არ დაუწყია იმის მტკიცება, რომ მერაბიშვილის პოლიცია, გინდა თუ არა, სწორად მოიქცა და, საერთოდ, მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში მიღებული არ არის. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საელჩოსა და აშშის ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია 100%-ით კორექტულია, ეს ეპიზოდი ანტიამერიკულ განწყობას საქართველოში, დიდი ალბათობით, მაინც გაზრდის.

უკვე დღეს მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებაში იგრძნობა სურვილი, წარმოაჩინოს ხსენებული დასკვნა ჭეშმარიტებად უკანასკნელ თუ არა, ერთ-ერთ მაღალ ინსტანციად, მაშინ, როდესაც ყოფილი მინისტრის ოპონენტებისთვის ეს დოკუმენტი განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ამ ნიადაგზე დაიწყება პოლემიკა, რომლის დროსაც არა მხოლოდ ამ ჯგუფს, არამედ საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტს და, ზოგადად, «ამერიკელებს» არაერთგზის ახსენებენ ნეგატიურ კონტექსტში. ბევრი მოქალაქე, ალბათ, ყურადღებას არ მიაქცევს იმ ნიუანსს, რომ ეს დასკვნა არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. რიჩარდ ნორლანდს, სავარაუდოდ, საგანგებო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს იმისთვის, რომ ამერიკელები 26 მაისის სადისტურ დარბევასთან არ ასოცირდებოდნენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, უარყოფითი ეფექტის სრული განეიტრალება მოახერხოს; ემოციური ფონი საქართველოში ამას ხელს არ უწყობს.

რას ასწავლიდნენ ასეთს?

თუ შეერთებული შტატების რომელიმე ქალაქში პოლიცია მიტინგს ასე დაარბევს, იმავე დღეს, დიდი ალბათობით, ახალი ამერიკული რევოლუცია დაიწყება, რადგან აშშ-ის მოქალაქეები მშვენივრად გრძნობენ ზღვარს პოლიციის ყველაზე ხისტ მოქმედებასა და სადამსჯელო აქციას შორის. პირველ შემთხვევაში, საბოლოო მიზანი წესრიგის დაცვაა, მეორეში კი _ ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებთან. ის, რაც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მოხდა, ალბათ, არა წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების, არამედ «მესამე სამყაროს» ცოფიანი დიქტატურების «სტანდარტებს» შეესაბამება.

ძნელი სათქმელია, რას ასწავლიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები მერაბიშვილის პოლიციელებს (კარგი იქნება, თუ ისინი ან შსს ამ ტრენინგის პროგრამას გამოაქვეყნებენ, რათა უხერხული კითხვები გაანეიტრალონ). ნებისმიერ შემთხვევაში, ეს, ცნობილ მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, ალბათ,  ორანგუტანგისთვის ხელყუმბარის მიცემის ტოლფასი იყო; ფაქტია, რომ «მომზადებული» პოლიციელების სისასტიკე წინა დარბევებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ 26 მაისის დარბევის კადრების ხილვის შემდეგ, საქართველოს არაერთი მოქალაქე საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ რეჟიმი ჭკუიდან გადავიდა, სიცოცხლისთვის საშიში გახდა, მისი დემონტაჟი პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა და იმავე წლის ოქტომბერში მხარში ბიძინა ივანიშვილს ამოუდგა.

გასულ კვირას საუბარში «ამერიკის ხმასთან» ჯორჯ ბუშ-უმცროსის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ სტივ ჰედლიმ განაცხადა, რომ აშშ თავს იკავებდა ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მოწოდებისგან, რათა საქართველოში ფუჭი უსაფრთხოების შეგრძნება არ გაჩენილიყო. საინტერესოა, რა შეგრძნებებს უკავშირდებოდა სააკაშვილისა და მერაბიშვილისთვის პოლიციელების ტრენინგები და «ამერიკული დასკვნა» 26 მაისის მოვლენებზე; რამდენად რაციონალური იყო (ზნეობრივი ასპექტი დროებით გვერდზე გადავდოთ, რადგან პოლიტიკა საკმაოდ ცინიკური რამ არის) ასეთი ტიპის თანამშრომლობა სააკაშვილის რეჟიმთან.

დაცვის ხაზი, რომელიც სააკაშვილმა და მერაბიშვილმა აირჩიეს, როგორც ჩანს, ითვალისწინებს აშშ-ის ხელისუფლების წარმოჩენას მათი საქმეების თანამონაწილედ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, «გამპრავებლად». სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის პროვოკაციული განცხადება ამერიკელი «ფედერალების» ჯგუფის შესახებ, რომელიც 26 მაისს შსს-ში მონიტორებთან იჯდა; სააკაშვილმა სცადა ვაშინგტონი სკანდალის შუაგულში ჩაეთრია. ვერაფერს ვიტყვით, მან უაღრესად ორიგინალური ფორმით გამოხატა მადლიერება იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მხარს უჭერდა. არადა, ჯერ სად ვართ…

«საქართველო და მსოფლიოს» 2011 წლის 1 ივნისის ნომერში, მიტინგის დარბევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა შემდეგი ეპიზოდი აღწერა (იმ ღამეს რუსთაველზე უარესიც ხდებოდა, ბევრი რამ ასახულია ვიდეოფირზე, თუმცა, ალბათ, არის ამ სცენაში რაღაც განსაკუთრებული): «ასაკოვან, 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ჯანმაგარი «სპეცები» უბრახუნებდნენ. ეტყობა, მათი უფროსი იყო, პანღურებს ურტყამდა და ლანძღავდა, მასხრად იგდებდა: «სახლში რატომ არ დაეგდეთ, თქვე ბებერო ბოზებო! რა გინდოდათ, გადატრიალებას აწყობდით? გდებულიყავით, ბორში მოგეხარშათ!»… საცოდავი მოხუცები ტიროდნენ და კანკალებდნენმიწისქვეშა გადასასვლელში (თავისუფლების მოედანთან. _ ავტ.) ბნელოდა, კიბის ბოლოს კი მოხუცი ქალი ეგდო». თავი დავანებოთ ამერიკულ კომპანიას, მის ტრენინგებს და კომერციულ ინტერესებს, კარგი იქნება, თუ ამერიკელი პარტნიორები წარმოიდგენენ (და თავის პოზიციას ამის გათვალისწინებით ჩამოაყალიბებენ), რას მოიმოქმედებდნენ თომას ჯეფერსონი ან აბრაამ ლინკოლნი, ეს საკუთარი თვალით რომ ეხილათ, რა შეფასებას მისცემდნენ პროცესებს, თუ სასტუმრომდე უვნებლად მიაღწევდნენ, რაც იმ ღამეს არც ისე იოლი იყო.

კიდევ ერთი ციტატა იმ წერილიდან: «ავტობუსების გაჩერებასთან, ძირს დაგდებულ კაცს უმოწყალოდ სცემდნენ, კაცს თავზე ხელები ჰქონდა წაფარებული და მთელი ხმით ყვიროდა, რომ უცხოელი იყოროდესაც პოლიციელებს შეაგნებინეს, რომ ის უცხოელი იყო და გაჩერდნენ. «ის კაცი აღარ ინძრეოდა. ყველას ვეკითხები: ცოცხალია ის კაცი? მას მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა».

აწმყო შობილი წარსულისგან

2013 წლის 28 მაისს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად სცნო ვანო მერაბიშვილი დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. საუბარი ეხება დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით. ამ მუხლის თანახმად, «სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ» ჩადენილი «ძალადობით ან იარაღის გამოყენებით» და «დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით» «ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე». ყოფილი მინისტრის დაცვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, როგორც ჩანს, ამერიკული ჯგუფის ზემოთ ნახსენები დასკვნა გახდება. ამ (წინასწარი ინფორმაციით, საკმაოდ ვრცელი) ნაშრომის მოქცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში გარდაუვალი ჩანს, რადგან პრაქტიკულად გამორიცხულია, პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვას ან მერაბიშვილმა დაცვის ალტერნატიული ტაქტიკა აირჩიოს.

ეს, ალბათ, არ იქნება «საუკუნის პროცესი» (ამ სახელს, სავარაუდოდ, ახლო მომავლის კიდევ ერთი სასამართლო დაიმკვიდრებს), თუმცა მასზე საკმაოდ ბევრს ისაუბრებენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და აუცილებლად გამოჩნდებიან ამერიკელი კომენტატორები, რომელნიც დაინტერესდებიან სახელმწიფო დეპარტამენტისა და სკანდალური დასკვნის ავტორების თანამშრომლობის დეტალებით. სავარაუდოდ, გავრცელდება ბევრი კონსპიროლოგიური ვერსია და დაიწყება იმ ტიპის საუბრები, როგორიც ძია სემს მაინცდამაინც არ მოსწონს, თუმცა ესეც (მისთვის სამწუხაროდ) გარდაუვალია.

იქნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა დასკვნა _ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარეს თუ შსს მიერ მოწოდებული, არასრული ინფორმაციით დაკმაყოფილდნენ? აგრეთვე, დაიწყება იმის გარკვევა, დამთავრებული იყო თუ არა ამ მომენტისთვის ტრენინგ-პროგრამა, იმყოფებოდნენ თუ არა ამერიკელი ინსტრუქტორები 26 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე? ზოგიერთმა კომენტატორმა შეიძლება დაიწყოს მოდელირება შემდეგი სასტარტო წერტილიდან: «25 მაისს, საღამოს თბილისში მყოფ ამერიკელ ინსტრუქტორებს დაურეკეს და შსსში მოსვლა სთხოვეს» და ასე შემდეგ, დაუსრულებელი ჩაძიებით დეტალებში.

ამ დასკვნის დამალვას აზრი, ალბათ, აღარ აქვს; მერაბიშვილის ადვოკატების მუდმივი აპელირება მის მიმართ და გარკვეული მონაკვეთების ციტირება საზოგადოების ინტერესს გაზრდის და, თუ მას არ ექნება შესაძლებლობა, ის სრულად იხილოს, შეიძლება შეექმნას განცდა, რომ «რაღაცას უმალავენ» და კულისებს მიღმა აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების საეჭვო თამაში მიმდინარეობს; დასკვნის გასაჯაროება ამ პრობლემას მოხსნის.

საერთოდ კი, ამ სიტუაციაში აშშსაქართველოს ურთიერთობების მომავალი შეიძლება ამავე ურთიერთობების წარსულის მძევლად იქცეს.

შესაძლოა, ზოგი თვლის, რომ ეს ლოკალური ეპიზოდი სიტუაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ეს საკმაოდ სერიოზული ტესტია, რომლის მნიშვნელობა ჯერჯერობით სრულად გააზრებული არ არის; ეს მხოლოდ დასაწყისია.

ცხადია, არავინ ამბობს, რომ თეთრ სახლს სააკაშვილის ხელისუფლება იზოლაციაში უნდა მოექცია და მისთვის დახმარება შეეწყვიტა იმავე წამს, როდესაც მან პირველად გადაუარა ადამიანის უფლებებს. მსგავსი ილუზიები დღევანდელ პრაგმატულ მსოფლიოში უადგილოა, თუმცა ზედმეტად მჭიდრო თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმთან, თუნდაც ამას საფუძვლად სიტუაციის გამოსწორების სურვილი ედოს, საკმაოდ საგრძნობ რისკებს უკავშირდება. მსგავსი თანამშრომლობა სააკაშვილის მთავრობასთან, ალბათ, მაინც სერიოზული შეცდომა იყო, რომლის შედეგებს ქართველებიც და ამერიკელებიც კიდევ საკმაო ხანს მოიმკიან.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here