Home რუბრიკები საზოგადოება «გალიაში ბულბულები ზიან»

«გალიაში ბულბულები ზიან»

1078

ამბავი მესამე

ციხეში ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმები ინდივიდუალურია. თანამოაზრეების ძიება არ არის საჭირო, ყველაფერი სპონტანურად ხდება. იქ ყველა პატიმარს თავისი საფიქრალი აქვს, ზოგი ააშკარავებს საქმეს, უმრავლესობა კი ჩაკეტილია, არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ყველაფერი სულერთია.

 

ჩვენს სივრცეში ერთი ფრიად განათლებული პატიმარი მუდმივად წიგნებში იყო თავჩარგული. თავისთვის კუთხეც მოიწყო, სადაც «ღამის ნათურა» და პატარა მაგიდაც კი ჰქონდა და მუდმივად რაღაცას წერდა, საერთო საუბარშიც იშვიათად ერეოდა. მას «სივრცეში» პატივს სცემდნენ და მის სიტყვას აფასებდნენ. გვარ-სახელი კარგი ჰქონდა, მეტსახელად «მწერალი» შეარქვეს.

ერთ-ერთ ჩვენს ხუმრობაში მანაც მიიღო მონაწილეობა, გაირკვა, რომ შესანიშნავი იუმორი აქვს და თავისი როლიც ბრწყინვალედ შეასრულა.

ციხეში პატიმრების ხშირი ცვლაა, ზოგი სხვაგან გადაჰყავთ, ზოგი საერთოდ თავისუფლდება, ზოგი შემოჰყავთ და ეს პროცესი დინამიურია. თუმცა არიან .. სტაჟიანი პატიმრებიც, რომლებიც ციხის ცხოვრებაში ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები.

ერთხელ ციხეში რომელიღაც დიდი საწარმოს მთავარი ბუღალტერი შემოიყვანეს. იგი საშუალო ასაკის, ფრთხილი კაცი იყო, რომელსაც პირველი დღიდანვე აშკარად ეტყობოდა, რომ სიტუაციას სწავლობდა.

როდესაც იქაურობა «შეისწავლა» და «ვინ, ვინ იყო» დაადგინა, მიხვდა, რომ «ცუდ წრეში» არ იყო, თუმცა ერთი საკითხი მაინც გაურკვეველი რჩებოდა: ვერ გაიგო, ის კაცი, რომელიც საკნის კედელთან მოწყობილ «სამუშაო მაგიდასთან» იჯდა და გამუდმებით რაღაცას წერდა, ვინ იყო.

_ ეს კაცი ვინაა? _ ჰკითხა მან «მწერალთან» დაახლოებულ არქიტექტორს, რომელიც ციხის «შოუების» აქტიური მონაწილე იყო.

_ რომელზე მეკითხები? _ ვითომ ვერ მიხვდა არქიტექტორი.

_ აი იმაზე, კედელთან რომ წევს და გამუდმებით რაღაცას წერს.

არქიტექტორის თავში, წამსვე მომზადდა მორიგი «შოუს» სცენარი.

_ შენ რატომ გაინტერესებს?

_ ისე, უბრალოდ ვიკითხე, _ არ «გასცა» თავი ბუღალტერმა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბუღალტერი მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერდა და მოშინაურდა, არქიტექტორს ისევ ჰკითხა:

_ ნეტავი ვინაა? ალბათ, დიდი მეცნიერი ან მწერალია.

_ გეტყვი, მაგრამ არავის უთხრა…

_ არა, ვის უნდა ვუთხრა?! _ უპასუხა ბუღალტერმა.

არქიტექტორმა ირგვლივ მიმოიხედა:

_ ეს კაცი მწერალია და სამთვიანი მივლინებითაა შემოსული ციხეში.

_ მერე ამისთვის რა საჭიროა სამი თვე, ერთი კვირაც საკმარისია.

_ არ ვიცი, ალბათ, ასეა საჭირო, ისე, გარეთ დიდი «სვიაზები» აქვს.

ბუღალტერმა თავი მოიფხანა, აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცამ შეაშფოთა:

_ გამოდის, რომ ჩვენზე წერს?!

_ კი, ციხის ცხოვრებაზე წერს, აბა, აქ ისე რა უნდა?!

ბუღალტერს, წიგნში მოხვედრის პერსპექტივა არ მოეწონა.

_ მერე ამის უფლება ვინ მისცა? იქნებ, თანახმა არ ვარ?

არქიტექტორმა მხრები აიჩეჩა:

_ რას გაუგებ, არც ნოდარ დუმბაძის გმირებმა იცოდნენ, რომ წიგნში მოხვდებოდნენ!

ბუღალტერი პრაქტიკული ჭკუის კაცი იყო. მან იცოდა, რომ მოხერხება და ფული ყველგან ჭრიდა…

_ აქ ყველას თავისი პრობლემა აქვს. მე არ მინდა მის წიგნში მოხვედრა, იქნებ რაიმე მაქვს ოჯახისგან, ახლობლებისგან დასამალი! ხომ შეიძლება ისეთი რამე დაწეროს, რომ მთელი ცხოვრება დაუნგრიოს ადამიანსმერე?..

_ არავის არაფერს ეკითხება, ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ ნაწერებში არც მე მახედებს. ისე, ერთხელ წამოსცდა ჩვენზე _ «ამათი» საქმეები წინასწარ ვიციო!

_ ეს ხომ ადამიანის უფლებების დარღვევაა, _ «მიაწვა» ბუღალტერი კონსტიტუციას.

_ ისე, რომ იცოდე, _ არქიტექტორმა ირგვლივ მიმოიხედა და ხმადაბლა, «ძლივს» გასაგონად თქვა, _ ზოგიერთებმა მასთან საქმე უკვე ჩააწყო…

_ ეს როგორ?!

არქიტექტორმა ბუღალტერს ყურში ჩასჩურჩულა:

_ ქრთამს იღებს, ზოგმა უკვე მისცა, თუ ძმა ხარ, არსად წამოგცდეს, თორემ კარცერი არ აგვცდება…

ბუღალტერს პერსპექტივა აშკარად არ მოეწონა, ფულის მიცემა შარიან საქმედ ჩათვალა, ცოტა ხანს სივრცეში იბორიალა, მერე ისევ არქიტექტორს მიადგა.

_ ხომ არ იცი, რამდენს იღებს?

_ გააჩნია მიყენებულ მუხლს, ასე 300-დან 500 დოლარამდეშეიძლება მეტსაც.

ბუღალტერმა, დერეფანში სიარულის ტემპს მოუმატა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა… რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მიადგა «არქიტექტორს»…

_ ფული მაქვს, მაგრამ როგორ გადავცე? საკანში მუდმივად არიან პატიმრები. იქნებ, შენ მისცე, ვალში არ დაგრჩები, _ თხოვა მან არქიტექტორს.

არქიტექტორმა კეფა მოიფხანა:

_ მე კი ვიცნობ, მარა არ გამოვამაგას ჰგონია, ქრთამს რომ იღებს, არავინ იცის და ახლა?!. არა, არ გამოვა, _ მტკიცე უარი სტკიცა არქიტექტორმა.

_ აბა, რა ვქნა?

_ შენ თვითონ უნდა მოახერხო, ყველამ ასე გააკეთა…

_ მე როგორ?! გამარჯობაც კი არ უთქვამს ჩემთვის

_ იცით, ზოგიერთებმა როგორ გადასცეს ფული?

_ საიდან უნდა ვიცოდე?

_ ერთი სიტყვით, ფული გაახვიე ქაღალდის ხელსახოცში, მიდი მწერალთან, გამოელაპარაკე და ხელსაყრელ მომენტში ფული მაგიდაზე ან ლოგინზე დაუდე

_ მერე ესენი? _ ანიშნა ბუღალტერმა პატიმრებზე.

_ ესენი პრობლემას ვერ შექმნიან, საჭირო მომენტში ამათ დერეფანში გავიყვან.

ნასადილევს, როდესაც პატიმრები საკანში ვისვენებდით, ხოლო «მწერალი» ისევ რაღაცას წერდა, არქიტექტორმა, ზოგიერთ პატიმარს დერეფანში გასვლა სთხოვა: სალაპარაკო გვაქვსო, უთხრა მათ. ცხადია, ვიცოდით იმის შესახებ, რაც უნდა მომხდარიყო, მათ შორის, «მწერალმაც»…

პატიმრების ნაწილმა საკანი დატოვა. არქიტექტორმა ბუღალტერს ნიშანი მისცა, მიდიო, და თვითონ კარში ჩადგა. ეს უკანასკნელი მორიდებული ნაბიჯებით მიუახლოვდა «საქმეში გართულ» მწერალს.

_ ბატონო ჩემო, ათიოდე დღეა გაკვირდებით, სულ რაღაცას წერთ!

_ შენ, რა მითვალთვალებ? _  მკაცრად ჰკითხა «მწერალმა» და სათვალე მოიხსნა.

_ არა, რას ბრძანებთ, უბრალოდ, მაინტერესებს, რას წერთმართალი რომ ვთქვა, თქვენნაირი კარგი კაცი ასეთი მძიმე სამუშაოსთვის არ მემეტება!..

_ ეს არაა თქვენი საქმე. თუ ჩემი წერით რამეში ხელს გიშლით, მითხარით. თუ ჩემი ნათურა გაწუხებთ, ჩავაქრობ.

_ არა, რას ბრძანებთ, ალბათ, კარგ საქმეს აკეთებთ, თორემ დღე და ღამე წერას ასე როგორ გაუძლებთ? _ თქვა ბუღალტერმა და არქიტექტორისკენ უმწეოდ გაიხედა: რა ვქნაო, ამან ხელით ანიშნა მიეციო

_ იცით, რა?! _ ძლივს ამოღერღა ნირწამხდარმა ბუღალტერმა, _ მე ვიცი, რომ წერა ხარჯიანი საქმეა, ქაღალდიო, ფანქარიო, კალამიო და კიდევ რა ვიცი, რა! მეც მინდა წაგეშველოთ, აქ ცოტა ფულია და მინდა, რომ გამოიყენოთ… _ თქვა ბუღალტერმა და ქაღალდში გახვეული ფული მორიდებით დაუდო მაგიდაზე.

«მწერალმა» წარბი შეკრა. ქვემოდან ახედა ბუღალტერს, ამოიღო ფული და სამი ასდოლარიანი ბანქოს ქაღალდივით გაშალა.

_ რა არის ეს? მე გეკითხებით, რა არის ეს? _ თქვა მწერალმა და დოლარები ცხვირწინ აუფრიალა.

_ მე, მე რა ვიცი… მეტი ვერ შევძელი, _ წაიკნავლა ბუღალტერმა.

_ მე გეკითხებით, რისთვის მაძლევთ ქრთამს? _ მწერალი მაგიდიდან ადგა, _ დაინახეთ, ბატონებო, მე მან ქრთამი შემომთავაზა! იცით, რას ნიშნავს ციხეში ქრთამის მიცემა? აქედან შეიძლება ვერც გახვიდეთ! _ მერე საკანში მყოფ პატიმრებს მიმართა, _ მე ახლავე ვწერ პატაკს.

_ ვაიმე… _ ამის თქმა ძლივს მოასწრო ბუღალტერმა და «მწერლის» ლოგინზე გაიშხლართა.

_ კაცი მოვკალით?! _ იყვირა ვიღაცამ.

ძლივს მოვაბრუნეთ ბუღალტერი, მოვეფერეთ, ვუთხარით რომ ვიხუმრეთ, ცხადია, ფულიც დავუბრუნეთ, მაგრამ მაინც ვერ შევირიგეთ. რამდენიმე დღეში იგი ჩვენი «სივრციდან» გაქრა.

 ამბავი მეოთხე

ციხეში ხშირად შემოჰქონდათ ახალი ხორცი, თევზი, დელიკატესები. ამჯერად ხბოს ხორცი შემოგვიგზავნეს. მკითხველმა არ იფიქროს, რომ ხბოს ხორცს ციხის ადმინისტრაცია გვაძლევდა, არაგარედან გვიგზავნიდნენ ახლობლები და მეგობრები, ადმინისტრაცია კი მის შემოტანას «უზრუნველყოფდა».

_ «იქნებ, ჩაქაფული გაგვეკეთებია, ახალთახალი ტყემალიც გვაქვს», «არა, ცხარე ჩაშუშული სჯობს», «მე ნიგვზიანი ჩახრაკულის გაკეთება ვიცი», «მერე მაგას ღომი რომ უნდა?» «რა პრობლემაა, დავრეკავ და ცხელ ღომს შემოგვიტანენ», _ აყაყანდა «სივრცე».

გადაწყდა: ჩაქაფულისა და ნიგვზიანის გაკეთება. დაფაცურდნენ პატიმრები, ზოგმა ხორცის აქნა დაიწყო, ზოგმა მწვანილებსა და ხახვს მიხედა, ზოგი ნიგოზს ნაყავდა და ა.შ. სხვები კი მათ საქმიანობას ვადევნებდით თვალს.

_ კარგი, ხორციანი ძვლებია, ამისი ხარჩო მისწრება იქნება პახმელიაზე. მოდით, დავჩეხოთ და ხვალამდე მაცივარში შევინახოთ, _ თქვა ჩაქაფულის მზარეულმა.

_ ამას დანით ვერ მოვერევით, ნაჯახით თუ დაჩეხავ, _ თქვა «სივრცეში» ახლადშემოსულმა ახალგაზრდა პოლიციელმა, რომელიც ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი იყო…

_ მართალი ხარ. წადი ბადრაგთან და ჩვენი ნაჯახი გამოართვი, გუშინწინ წაიღეს, _ დაასაქმა ხუმრობის ხასიათზე დამდგარმა საკნის სტაჟიანმა ბინადარმა პოლიციელი.

_ ხოო, ეგ სხვა საქმეა, ნაჯახით იოლად დავჩეხავთ, _ თქვა ახლადშემოსულმა და ციხის დერეფანში გამავალ რკინის კარზე ბრახუნი ატეხა.

_ რა ხდება, რა ამბავია, _ იკითხეს «იქიდან».

_ ჩვენი ნაჯახი გვჭირდება, ძვლები გვაქვს დასაჩეხი, _ უპასუხა პოლიციელმა.

_ რა ძვლები? შენ ავად ხომ არა ხარ?

_ ხბოს ძვლები, ხარჩოსთვის გვინდა!

რკინის კარში გასაღები აჩხაკუნდა და რამდენიმე გაკვირვებული თანამშრომელი გამოჩნდა.

_ რა ნაჯახზე ლაპარაკობ? შენ სიცხე ხომ არა გაქვს?

_ სიცხე თქვენ გაქვთ, გუშინწინ რომ ჩვენგან ნაჯახი წაიღეთ, იმაზე გეუბნებით.

_ რომელი ნაჯახი წავიღეთ, ხალხნო, რა ხდება გამაგებინეთ? _ თქვა ჩინიანმა თანამშრომელმა.

_ საქმეს ნუ გვირჩევ, თქვენმა ხალხმა ჩვენგან ნაჯახი წაიღო და დაბრუნებას ვითხოვთ, თუ დაკარგეთ, ეგ თქვენი პრობლემაა, ჩვენ ჩვენსას ვითხოვთ, _ არ ნებდებობდა პოლიციელი.

_ ჩვენ ნაჯახი არ გვაქვს და რას ითხოვთ, იქნებ კარგად გამაგებინოთ?!

_ ირაკლიევიჩ, ნაჯახს არ იძლევიან, ამბობენ, არ წაგვიღიაო, _ შემომჩივლა პოლიციელმა.

_ აბა, ეგეთები არ იყოს, ჩვენს ნაჯახს ვითხოვთ, თქვენსას ხომ არა, თუ შეგვაწერეთ, გვითხარით, _ ჩემ მაგივრად უპასუხა «სივრცის» ერთ-ერთმა ავტორიტეტმა და «კოლეგას»  გვერდით დაუდგა.

_ ჰოო, გაგვახსენდა, პატარა ნაჯახზეა საუბარი, _ აგვყვა «დიალოგში» ჩინით უფროსი თანამშრომელი, _ ის ნაჯახი ცოტა ბლაგვი იყო და გასალესად წაიღეს…

_ მერე?.. თქვენ ვინ გეკითხებათ ჩვენი ნაჯახის გალესვას?! _ შეტევაზე გადავიდა პოლიციელი.

_ როგორც ჩანს, შევცდით, უნდა გვაპატიოთ, ნაჯახის მაგივრად ელექტროხერხს მოგიტანთ, უფრო კარგად ჭრის, _ შემოგვთავაზეს თანამშრომლებმა:

_ ირაკლიევიჩ, ელექტროხერხს იძლევიან, გამოვართვა? _ იკითხა ნაჯახზე გაგზავნილმა პოლიციელმა.

აქ უკვე თავის შეკავება ყველას გაგვიჭირდა და ავხარხარდით. დაბნეული პოლიციელიც, ცხადია, მიხვდა ჩვენს ხუმრობას და მანაც გულიანად იცინა.

…აბა, ციხეში ნაჯახსა და ელექტროხერხს ვინ შეგატანინებდა?!

ამბავი მეხუთე

ციხის ყოველდღიურობას თავი რომ დააღწიოს ადამიანმა, რაღაც გასართობი უნდა მოძებნოს. მართალია, «სივრცეში» რადიოები, ტელევიზორები და ვიდეოები ყველა კამერაში იყო, მაგრამ ნარდისა და კარტის თამაში მაინც პირველობდასათამაშო ოთახში, რომელსაც «კაზინოს» ვეძახდით, 24 საათის განმავლობაში ისმოდა ან კამათელის ჭახანი, ან ჯოკერისთვის დამახასიათებელი ყაყანი.

ჩემი იქ ყოფნის დროს «სივრცის» ჩემპიონატებიც ტარდებოდა, რომლის ფავორიტი მეგრელი გენერალი იყო. მასთან თამაში დიდ პატივად ითვლებოდა. ციხის სხვა კორპუსებიდანაც კი მოდიოდნენ მასთან სათამაშოდ.

მე ნარდის დიდი მოთამაშე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა «სივრცეში» სიამოვნებით ვჯდებოდი სათამაშოდ. გენერალი, რომელიც ჩემი «ბოლელშიკი» იყო, ხშირად უყურებდა ჩემს თამაშს და მერე მეუბნებოდა, თუ რა შეცდომებს ვუშვებდი.

«სივრცეში» არსებული ერთადერთი ნარდი, გენერლის საკანში ინახებოდა.

ერთხელ შუახნის სიმპათიური გურული ბიზნესმენი შემოიყვანეს. მის შესახებ გარედანაც სერიოზულმა ადამიანებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, ციხეში კარგი კაცი შემოდის და, აბა, თქვენ იცითო… მან მეორე დღესვე დაამტკიცა, რომ მაგარი იყო: ერთ ბრექია და უზრდელ პატიმარს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი პატივსაცემ ადამიანს უდიერად მოექცა, ცხვირით უნიტაზი ახეხინა, მთელი ღამე დერეფანში გაათენებინა და დილით ჩვენი «სივრციდანაც» გააგდო. საკანში იგი ჩემ გვერდით იწვა და არა მარტო სასიამოვნო საუბრით, არამედ დახვეწილი იუმორითაც გამაოცა.

გურულმა პირველ დღესვე აუღო ალღო «სივრცეში» დადგენილ წესებს, დააკვირდა მონარდეთა თამაშს და მითხრა: არც ერთმა ნარდის თამაში არ იცისო…

_ რას ამბობ, ნარდის ვირტუოზები არიან, _ შევეკამათე მე.

_ ყველაზე მაგარი რომელია? _ მკითხა სასხვათაშორისოდ.

_ გენერალი, რომელსაც ზედმეტსახელად «ნარდის გენერალიც» კი შევარქვით.

_ რა ანგარიშსაც მეტყვი, იმ ანგარიშით მოვუგებ… თუმცა ნარდი არ ვარგა, გაცვეთილია, _ თქვა და მობილურით ვიღაცას დილისთვის ახალი ნარდის შემოგზავნა დაავალა.

მეორე დღეს, იღლიაში ნარდამოჩრილი საკანში ეწვია გენერალს და, თუ სურვილი გაქვთ, ვითამაშოთო, _ უთხრა, თან ახალი ნარდი აჩვენა… სიამოვნებითო, უპასუხა გენერალმა, მაგრამ ჩემი კამათლებითო. როგორც ისურვებთო, _ მიუგო გურულმა.

«სივრცეში» დადგენილი წესით, ერთი პარტია ხუთი თამაშისგან შედგებოდა, მოთამაშეები «კაზინოში» გავიდნენ და რამდენიმე პატიმარიც თან შევყევით.

_ ვინ იმსაჯოს? _ იკითხა გურულმა.

_ თუ ირაკლიევიჩი არ დაგვზარდება, მას ვთხოვოთ, _ მიუგო გენერალმა.

გაჩაღდა თამაში… გენერალმა ოთხი პარტია ზედიზედ მოიგო და გურულს ღიმილით უთხრა, რომ ბოლო პარტიას დაუთმობდა.

_ არა, არ მინდა. მე ხუთი პარტია ზედიზედ უნდა მოვიგო?!. ასეა ხომ? _ მაცდური ღიმილით ჰკითხა გურულმა.

_ ჰო, დაახლოებით ეგრეა.

_ აბა, ვიწყებ, _ თქვა გურულმა და, ჯერ არსად რომ არ გვინახავს, ისეთი ალოგიკური თამაში დაიწყო, რას აკეთებსო, რამდენიმეჯერ გავიკვირვეთ მაყურებლებმა.

გურულმა ზედიზედ ოთხი პარტია მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. სიტუაციაც დაიძაბა, «კაზინო» ბოლო პარტიის მოლოდინში გაიტრუნა. მართლაც, საინტერესო თამაში გამოდგა, კენჭების გამოსვლისას გენერალს ორი ქვა დარჩა, გურულს სამი… აქედან ერთი ფანჯის კარზე.

_ გინდა «დუშაში» გავაგორო? _ იკითხა გურულმა.

_ შენ ორი «ჩარიც» გყოფნის, _ იყო პასუხი.

_ კარგი, როგორც შენ თქვი, ისე იქნება, _ თქვა გურულმა და მეგრელის არჩეული კამათლებით «დუ ბეში» დასვა…

ახლაც მახსოვს, მეგრელის გაკვირვებული სახე. «ნახე, რა ქნა?!», _ თქვა და მაშინვე ახალი პარტიის დაწყება შესთავაზა.

_ პრობლემა არაა! _ მიუგო გურულმა და კენჭების დაწყობა დაიწყო.

გენერალი აშკარად ღელავდა, ის დამარცხებას არ იყო ჩვეული. ახალ პარტიაში გენერალმა სამი თამაში ზედიზედ მოიგო.

_ ამ პარტიას გურული ვეღარ გადაარჩენს, _ თქვა ვიღაცამ.

_ დავიწყო, ირაკლიევიჩ?! _ მკითხა გურულმა.

მე მხრები ავიჩეჩე, რაც იმას ნიშნავდა, _ შენი საქმისა შენ იცი-მეთქი…

დაიწყო გურულმა და პარტიაც 5:3-ზე დამთავრდა. იმ საღამოს კიდევ ითამაშეს რამდენიმე პარტია, რომლებშიც ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მეორე.

_ დღეს მეტი აღარ გვინდა, მგონი, ვერ ვარ კარგად, _ თქვა გენერალმა და თავის საკნისკენ გაემართა.

გურულს არაფერი უთქვამს, ნარდი იღლიაში ამოიჩარა და ჩვენც საკანში დავბრუნდით.

მეორე დღეს გენერალი  თვითონ გვეწვია საკანში.

_ ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემი ვალი გაქვს, _ უთხრა გურულს.

_ ვალის რა მოგახსენო, თუ გინდა, ვითამაშოთ.

იმ დღეს 5 პარტია ითამაშეს და ანგარიშით 5:3 მოიგო გურულმა.

_ ვერაფერი  გავიგე. მე მგონი, თამაში საერთოდ არ იცის, ისეთ სვლებს აკეთებს, რომ ვიბნევი, ასეთი თამაში მარტო გურიაში იციან, _ თქვა გენერალმა.

გურულისა და გენერლის სანარდო პაექრობა მალე მთელი ციხის ყურადღების ცენტრში მოექცა. მის სანახავად სხვა კორპუსებიდანაც მოდიოდნენ ელიტარული პატიმრები.

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ იღლიაში ნარდამოჩრილი გურულის დანახვაზე გენერალი უკვე «იმალებოდა». გურული დროდადრო იხედებოდა მის საკანში და საკმარისი იყო ლოგინზე წამომჯდარი დაენახა, იმწამსვე ნარდთან ერთად ეწვეოდა და საპაექროდ იწვევდა.

_ კაცო, შემეშვი, აღარ მინდა თამაში. ჩემპიონი ხარ, _ იძახდა გენერალი, მაგრამ ბოლოს მაინც თანხმდებოდა და იწყებოდა მორიგი სანარდო სანახაობა.

ეს საინტერესო ბატალიები დაახლოებით 20 დღე გრძელდებოდა, მერე გურული «სივრციდან» გავიდა და არც გარედან ასვენებდა გენერალს, დღეში რამდენიმეჯერ ურეკავდა და კარგ მოსაკითხებსაც გვიგზავნიდა.

გურულის წასვლის შემდეგ გენერალმა მოიწყინა: აზრი აღარ აქვს ჩემს თამაშსო, _ ამბობდა. დანაღვლიანდა და ხშირად იგონებდა გურულს.

დროთა განმავლობაში, «სივრცე» სხვებმაც დატოვეს. მეც გამოვედი, ცოტა ხნის შემდეგ გენერალმაც დატოვა იქაურობა. ერთხელ აკადემიაში მეწვია და გურულთან ერთად სავახშმოდ რესტორან «ფიროსმანში» მიმიწვია.

_ რა ხდება, რაიმე თარიღია? _ ვიკითხე მე.

_ არა, «იქაურები» შევხვდებით და თან გურულს «ვალი» უნდა დავუბრუნო, _ მითხრა მან.

იმ შეხვედრაზე სანაქებოდ მოვილხინეთ. სუფრას მხოლოდ «სივრცის» მეგობრები ვუსხედით. შუა ქეიფში ვიყავით, როდესაც სუფრიდან გენერალი ადგა, რამდენიმე წუთში მოვალო, _ თქვა. უკან მობრუნებულს ხელში ცნობილი მარტვილელი ხელოსნის მიერ სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბზის ნარდი ეჭირა… გურულთან მივიდა და ნარდი გადასცა: მართალია, იქ სისხლი გამიშრე, მაგრამ შენ ეს საჩუქარი ჩემგან ნამდვილად დაიმსახურეო…

ისინი, არა მარტო ღირსეული მეტოქეები, არამედ ღირსეული კაცებიც იყვნენ. მათი სანარდო პაექრობა კი დღემდე ისევ ისეთი ხმაურითა და სიმძაფრით გრძელდება.

P.S. უკვე, რამდენიმეჯერ ვთქვი, მაგრამ ისევ მინდა გავიმეორო: ციხის იუმორითა და ცელქობით მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას არა მარტო დავცინოდით, არამედ ვებრძოდით კიდეც. იმათ მაგივრადაც ვებრძოდით, ვინც ციხეში არ იყო, მაგრამ რეჟიმისგან შეურაცხყოფილები ჩუმად იყვნენ.

მეამაყება, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა მოვიგეთ, თანაც ისეთი მარტივი იარაღით, როგორიც იუმორია.

ჩემში სიბრალულს იწვევს ის ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ნაძირალააზიზღსა და ფურთხს იწვევს ის, ვინც იცის, რომ ნაძირალაა და ამას მალავს, ხოლო ამოსაძირკვი და ამოსაშანთია ის, ვინც იცის, რომ ნაძირალაა და ამით ამაყობს.

სააკაშვილი და მისი ხროვა მესამე გრადაციით შევა საქართველოს ისტორიაშისამწუხაროა, რომ დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენც ამ ნაძირლების დიქტატურის დროს ვცხოვრობდით, ძალიან სამწუხაროა!

კანონი ბატონობს იქ, სადაც გონიერებაა, _ ამბობდა არისტოტელე. იქნებ ქართველებმაც მოვუხმოთ გონიერებას!

დასასრული იქნება

 

1 COMMENT

  1. ვახ, რა მაგარი ყოფილა, მეც მომინდა ციხეში. იქნებ გვასწავლოს ავტორმა, რა გოთვერნობა უნდა ჩავიდინოთ, რომ იქ მოვხვდეთ

  2. "ჩიჟიკა" – არამგონია ამის ავტორმა შენთვის გოთვერნობის სწავლება შესძლოს, რადგან ციხეში გოთვერნობისთვის არ ჩაუსვიათ. იქ სულ სხვა მიზეზით მოხვდა და სხვა ამონარიდებსაც თუ წაიკითხავთ იქნებ სხვა რამე ისწავლოთ ამ კაცისგან.

  3. იქ ბევრი კარგი წესიერი ადამიანები სხედან ზოგს ამას ვერ გააგებინებ იმიტომ რომ ტელევიზიიტ ეუბნებიან ნადზირლები რომ იკ ცუდები არიან და თვითონ საზოგადოების კარგ ნაწილად ასაღებენ თავს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here