Home რუბრიკები საზოგადოება თეიმურაზ ღლონტი: ქართული ტრადიციული მეღვინეობის გასანადგურებლად სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა!

თეიმურაზ ღლონტი: ქართული ტრადიციული მეღვინეობის გასანადგურებლად სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა!

1063

ცნობილი ჩინური წყევლისა არ იყოს, მართლაც, საინტერესო დროს მოგვიწია ცხოვრება. სულ რაღაც, 15-20 წლის წინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ 21- საუკუნის საქართველოში, თბილისში .. გეიაღლუმის ჩატარების საფრთხის წინაშე აღვმოჩნდებოდით, ხოლო მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა შეივსებოდა მამათმავლებითა და დედათმავლებითამ «გამორჩეულმა» საზოგადოებამ სამკვდროსასიცოცხლო ომი გამოუცხადა ყველაფერ ეროვნულს და ტრადიციულს; მათ შორისაა გადაშენების პირას მისული სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი. მაგრამ, საბედნიეროდ, უფალი აგზავნის ადამიანებს, რომლებიც გადაულახავ კედლად აღუდგებიან კაცობრიობის მტრების მეტად მზაკვრულ გეგმებს. მეღვინეობის დარგს ერთერთ ასეთ მხსნელად მოევლინა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალავერდის მონასტრის მარნის ენოლოგკონსულტანტი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ჟურნალის «ვაზი და ღვინო» აღმდგენელი და მთავარი რედაქტორი, თეიმურაზ ღლონტი. დღეს ბატონი თეიმურაზი «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია.

 

_ რას გვეტყვით ქვევრის ტრადიციული წესით დაყენებული ღვინის კვებით და დიეტურ თვისებებზე?

_ საქართველოში ღვინო ოდითგანვე გამოიყენებოდა, როგორც მოსალხენი, საკვები და მაკურნებელი სითხე. ღვინის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის XIII საუკუნის სამედიცინო ძეგლი «წიგნი სააქიმოი», რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა ღვინის გამოყენებას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ღვინო გამოყენებული იყო, როგორც სამკურნალო სითხე, წამალი, საკმაზი სხვადასხვა წამლის დასამზადებლად. «უსწორო კარაბადინში» მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ენოთერაპიის საკითხებს.

ქართულ წერილობით ძეგლებში დაცული წყაროების მიხედვით, ღვინით მკურნალობას საქართველოში უძველესი და უმდიდრესი ისტორია აქვს, რასაც ისტორიულად განაპირობებდა ვაზის მდიდარი ქართული გენოფონდი და განუმეორებელი ღირსებების ღვინოების მომცემი მიკროზონების მრავალფეროვნება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ  საქართველოში.

ყურძნის მაგარი ნაწილები, განსაკუთრებით კი ყურძნის წიპწა და კლერტი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კახური ღვინის მაღალ ანტიოქსიდანტურ მაჩვენებლებს. როგორც აღვნიშნეთ, ქვევრის კახური ღვინო მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის აქროლადი და არააქროლადი, არომატწარმომქმნელი ნაერთებით, აგრეთვე, თავისუფალი ამინომჟავებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინით, რომლებიც განსაზღვრავს ამ ღვინის განსაკუთრებულ კვებით, დიეტურ და სამკურნალო თვისებებს.

საინტერესო ექსპერიმენტულ მონაცემებს გვაწვდის ცნობილი მეცნიერ-კარდიოლოგი, პროფესორი ა. კოჭლამაზაშვილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ღვინის დადებითი ზემოქმედების შესახებ. სტატისტიკური მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა გაცილებით მეტია ღვინის არამომხმარებლებში, ვიდრე  ზომიერად მსმელებში. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ინფარქტის გადატანის შემდეგ ორი ჭიქა ნატურალური ღვინის დალევა სასარგებლოა, თუ სხვა მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესი მოგვარებულია. ფრანგი კარდიოლოგი მიშელ დე ლორჟერილი ჯოზეფ ფურიეს უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ასკვნის, რომ, ვინც ყოველდღიურად ორ ჭიქა სუფთა ღვინოს მიიღებს, მას სისხლძარღვოვანი გართულებების ორჯერ ნაკლები რისკი ექნება არამსმელებთან შედარებით.

ყურძნის ნატურალურ ღვინოში აღმოჩენილია ნივთიერება _ ტრიოქსისტილბენი, რომელიც აფერხებს ათეროსკლეროზის, სიბერის, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ზრდის გულის კუნთის კუმშვადობას.

ღვინით მკურნალობას, ანუ ენოთერაპიის საკითხებს არაერთი გამოკვლევა მიუძღვნეს კალიფორნიელმა (აშშ), იტალიელმა, ფრანგმა და ევროპის სხვა ქვეყნების მედიკოსებმა, ბიოლოგებმა და დიეტოლოგებმა.

საბერძნეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ე.წ. «ხმელთაშუაზღვის კვების წესი», რომელშიც გარკვეული როლი განეკუთვნება ყურძნის ღვინოს, მნიშვნელოვნად უკავშირდება  მოხუცებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობას. დოქტორ რენაუდის ჯგუფმა აჩვენა, რომ პირველად გადატანილი ინფარქტის გამეორების შანსი  70%-ით შეიძლება შემცირდეს.

ქვევრის კახურ ღვინოში ჩვენ მიერ აღმოჩენილი იქნა ამინოერბომჟავა მაღალი კონცენტრაციით. ეს ამინომჟავა წარმოადგენს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირომედიატორს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ნეირომედიატორულ და მეტაბოლიზურ პროცესებში. Yამინოერბომჟავის ზემოქმედებით აქტიურდება ენერგეტიკული პროცესები ტვინში, იზრდება ქსოვილების სუნთქვითი აქტიურობა, უჯობესდება ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. კახურ ღვინოში ასევე იდენტიფიცირებულია სკვალენი _ აციკლური ტერპენების კლასის ნახშირწყალბადი, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში.

სასურველია, ქვევრის კახური ღვინო კვების ყოველდღიურ რაციონში დავამკვიდროთ, რაც შეეხება დოზას, ეს, ალბათ, ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. სადილობისას ერთი, ორი ან სამი ჭიქა ღვინის შესმა ოპტიმალურ დოზად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ჭიქაც არის და ჭიქაც. ჩვენ მხედველობაში გვაქვს საღვინე ჭიქა 80-120 მლ-ის მოცულობით.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კახური ღვინო მაღალგრადუსიანია (13,5-15,0 მოც.%). ამდენად, მის შესმას გარკვეული ცოდნა-გამოცდილება სჭირდება. ღვინომ კი არ უნდა დაგვათროს, არამედ მოგვალხინოს.

_ ბატონო თეიმურაზ, რა დადებით ან უარყოფით ტენდენციებს გამოარჩევთ ქართულ მეღვინეობაში, როგორ უნდა წარიმართოს მისი შემდგომი განვითარება?

_ უკანასკნელი ორასი წელი მოიცავს არაერთ ნეგატიურ პერიოდს ქართული ტრადიციული კულტურის იგნორირებისა და იავარქმნის თვალსაზრისით. ეს, უპირველეს ყოვლისა, შეეხო ვაზის ქართულ ჯიშებს, ტრადიციულ საღვინე ჭურჭელს _ ქვევრს და ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ წესს.

ჯერ კიდევ XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს სათავეს ქვევრის იგნორირების ტენდენცია.

1826 წელს შ. გამბა, რომელმაც კარგად შეისწავლა ადგილობრივი პირობები და სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა, წერდა: «როდესაც ამ მხარეში მიწათმოქმედება განვითარდება, როდესაც სხვადასხვაგვარი კასრით შეიცვლება ქვევრები და ტიკები, როდესაც აქ ცნობილი გახდება ბოთლების ხმარება და ღვინის კარგად დაყენების ევროპული წესები შემოვა, ამ პროვინციას შეეძლება ძალიან დიდი რაოდენობის ღვინო გაგზავნოს ბაქოში, საიდანაც ის გადაიგზავნება ასტრახანს, ხოლო იქედან ვოლგითა და მისი შენაკადებით მოამარაგებს რუსეთის ნაწილსა და ციმბირს, სადაც ეს ღვინოები შეცვლიან მოლდავეთისა და საბერძნეთის ღვინოებს».

ვაზის ქართული ჯიშების, ქვევრისა და ღვინის დაყენების ტრადიციული წეს-ჩვეულებების გაუქმების ახალი ეტაპი იყო ცნობილი სპეციალისტის, გ. ლენცის, დასახლება კახეთში. მისი მივლინების უმთავრესი მიზანი იყო, დაერწმუნებინა ადგილობრივი მოსახლეობა, მევენახეები და მეღვინეები ვაზის ევროპული ჯიშებისა და ღვინის დაყენების ევროპული წესების, ევროპული საღვინე ჭურჭლის (მუხის კასრებისა და ჩანების) უპირატესობაში ადგილობრივ ჯიშებთან და ტექნოლოგიებთან შედარებით. მას გაშენებული ჰქონდა  28 ევროპული თეთრი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები, მათ შორის მუსკატური ჯიშები, ასევე შემოტანილი ჰქონდა «იზაბელა» (Vitis Labrusca). გ. ლენცი ცდილობდა, გაეკეთილშობილებინა ადგილობრივი «ველური ჯიშების» ყურძნისგან დაყენებული ღვინოები მუსკატური ვაზის ჯიშების შერევით, მაგრამ ათწლიანი საქმიანობა ამ ცნობილი სპეციალისტისა უშედეგოდ დასრულდა. ამის დასტურია მისივე სიტყვები ვაზის ქართულ (კახურ) ჯიშებსა და ქვევრზე, რომლებიც მოგვაქვს 1846 წელს გაზეთ «Кавказ»-ში გამოქვეყნებული მიმოხილვიდან: «Нео­спо­р­и­м­ое преи­му­ще­ство квеври пред ев­р­оп­ейскими бо­чками и чанами». ღვინოების შესახებ კი გ. ლენცი წერდა: «Кро­ме Сап­ерави, есть три хоро­ш­ие сорта бе­лого винограда, назы­ваем­ые Мцване, Ркацит­е­ли и Мцвиване. Луч­шего бе­лого вина выде­лы­в­а­ют иногда из одного из этих пород винограда». ცხადია, რომ ამ სტრიქონების ავტორი აღიარებს საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანისა და კახური მცვივანის ვაზის ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინოების დაყენების შესაძლებლობას.

უკეთუ გ. ლენცის დასკვნა ობიექტური სამართლიანობის პრინციპით იყო ნასაზრდოები, ამას ვერ ვიტყვით მოარულ ხმებზე, რომლებიც წუნს სდებდა ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ ეს მოვლენა უნდა მივიჩნიოთ ადგილობრივი წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიზანმიმართული და შეფარული ბრძოლის ნაწილად.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს XIX საუკუნის მიწურული, როცა მეორე რუსმა სპეციალისტმა მიხაილ ბალასმა ერთგვარად შეაჯამა უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობაში მიმდინარე მოვლენები და აღიარა ვაზის ქართული ჯიშებისა და ღვინის დაყენების ტრადიციული წეს-ჩვეულებების უპირატესობა ევროპულთან შედარებით. 1896 წელს მან დაწერა: «Главная задача вновь устроенных рассадников должна была заклю­ч­аться в том, чтобы помимо ознакомл­ения местного насе­л­ения с улуч­шенными приё­мами виноградарства, без­де­не­жной раздачею заграни­чных ви­ноградных лоз, по­буд­ить ме­ст­ных виноде­лов замен­ить лучш­ими иностранными сортами ме­стн­ые  и, как тогда пола­г­али, груб­ые сорта…

По­сле це­лого ряда не­уд­о­вл­е­тв­о­р­ит­е­льных ре­зу­л­ьт­атов пр­и­ме­нения ев­р­оп­ейских пр­иемов выде­лки вина, здесь вина ст­али пр­и­г­ото­вл­ять по ме­стн­о­му спо­с­о­бу…

В Кахе­тии, по словам по­чт­ен­ного пи­о­нера Ленца, много лет пот­руд­и­в­шегося на попр­и­ще пр­и­ме­нения ев­р­оп­ейских пр­иемов виноде­лия в этом районе, уже с 1846 года обширная алазанская долина… была по­к­р­ыта вино­градными садами…

Воронцов высл­ал сюда сотни тысяч лоз из Крыма бе­зп­л­атно, но по-в­и­д­и­м­о­му, эти сорта здесь не пр­и­в­ились, да в них и особенной надобности не пред­ста­вл­ялось в виду нес­о­м­ненных превосходных каче­ств ме­стных сортов ви­но­града.

Ленц, изучив ме­стн­ые по­ч­вен­н­ые условия и исп­ытав в течении 10 лет более 26 иностранных сортов винограда выписанных из Крыма, отд­ает преи­му­ще­ство ме­стным сортам  Сап­ерави, из коего выде­лы­в­ае­тся  здесь прекрасного каче­ства красное вино, полн­ое бу­ке­та и кре­по­сти и бе­лый  Мцване, Ркацит­е­ли и Мцюани».

XX საუკუნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე არათანაბარზომიერმა აღმასვლა-დაღმასვლის პროცესებმა არცთუ დადებითი და პროგრესული ზეგავლენა მოახდინეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე.

უარყოფითი და ყოვლადმიუღებელი ტენდენციები გამოიკვეთა განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან. ეს განსაკუთრებულად მძიმედ აისახა ვაზის ქართული გენოფონდისა და ღვინის დაყენების ტრადიციული წეს-ჩვეულებისადმი დამოკიდებულებაში. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობაში დომინირებული მდგომარეობა დაიკავა ორმა ჯიშმა: რქაწითელმა და ცოლიკაურმა, სხვა უმაღლესი ხარისხის ღვინოების მომცემი ვაზის ჯიშების ფართობები საგრძნობლად შემცირდა 60-იანი წლების შუახანებში. ოფიციალურ დონეზე იყო მცდელობა ქვევრის მეღვინეობის წარმოებიდან ამოღებისა და გაუქმებისა.

კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტში (თავმჯდომარე ჯომარჯიძე) სპეციალურად მოწვეულ თათბირზე სწორედ ქვევრის გაუქმების საკითხი იხილებოდა. მეღვინეობის დარგის სხვა სპეციალისტებთან ერთად თათბირს ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერ-სპეციალისტები, პროფესორი გიორგი ბერიძე და ბატონი გივი ალექსი-მესხიშვილი. ამ სტრიქონების ავტორმა, ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკმა, პროფესორ გიორგი ბერიძის ინიციატივით მოწვეულმა, წავიკითხე მოხსენება ქვევრის შენარჩუნების საჭიროების შესახებ. გაიმართა ცხარე პროფესიული კამათი. ქვევრის გაუქმების მოსურნეებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ თავიანთი პოზიცია, გადამწყვეტი როლი ქვევრის შენარჩუნების საქმეში იქონია წარდგენილმა მოხსენებამ, პროფესორ გიორგი ბერიძისა და ბატონ გივი ალექსი-მესხიშვილის პრინციპულმა პოზიციამ და დიდმა ავტორიტეტმა.

ქვევრის გაუქმების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თანდათანობით იწყო ფეხის მოკიდება ერთგვარმა ნიჰილიზმმა ქვევრისა და ქვევრში ღვინის დაყენების წესის მიმართ. 80-იანი წლებიდან ქვევრის იგნორირების ტალღა საგრძნობლად გაძლიერდა და კატასტროფულ მოვლენად იქცა _ იწყეს ქვევრების ამოვსება მიწით, ინერგებოდა აზრი, რომ ვითომდა ქვევრი სიბინძურის წყარო იყო. ასე გასინჯეთ, სპეციალისტების წრეშიც ინერგებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ქვევრში დაყენებული, ანუ კახური ღვინო გუშინდელი დღეა, ეს ღვინო მძიმეა, უხეშია და რომ ევროპა და ამერიკა ქვევრის ღვინოს არც კი მიიღებდა.

შეიძლება ითქვას, რომ ქვევრისა და ქვევრის ღვინისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების დამკვიდრებას ხელს უწყობდა ისიც, რომ წარმოებაში დარღვეული იყო ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული წესი, ანუ ღვინის დავარგება სრულ ჭაჭაზე 5 თვის განმავლობაში, მარტ-აპრილამდე. ღვინოს ჭაჭას დეკემბერში მოაცილებდნენ, რათა წლის პროდუქციაში ჩაეთვალათ ღვინო და ამგვარად, ეპატაკებინათ გეგმის შესრულება. ამ გზით შეუძლებელი იყო ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიური ციკლის დასრულება. ამდენად, ვღებულობდით დაუსრულებელ ნახევარპროდუქტს, რომელიც ითხოვდა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებას.

მაშინ, როცა ქართველებმა უარი ვთქვით ქვევრსა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ წესზე, ქვევრები მიწით ამოვავსეთ და დავივიწყეთ ჩვენი უდიდესი კულტურული მონაპოვარი, უცხოელებმა კარგად აუღეს ალღო შექმნილ სიტუაციას და გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ჩვენგან უარყოფილი ჩვენივე ქვევრი თავიანთი ინტერესებისთვის. მათ ალღომ არ უმტყუნა. ეს პროცესი დაიწყო 90-იანი წლების შუახანებიდან და გრძელდება დღესაც.

ამდენად, მეტად ზიგზაგოვანია ქვევრისა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული წესის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ისტორია, განსაკუთრებით, უკანასკნელი ორასწლოვანი ისტორიის მანძილზე. XXI საუკუნეში კი დაიწყო ქვევრისა და ტრადიციული მეღვინეობის აღორძინების პროცესი.

ქვევრების უარყოფის ფონზე საქართველოში მასობრივად დაიწყეს ევროპული ტიპის ღვინის დაყენება ევროპული (ფრანგული, იტალიური, გერმანული) საფუვრებისა და სხვა დამხმარე მასალების გამოყენებით.

მსოფლიო მეღვინეობის მეტრი, პროფესორი რიბერო-გაიონი თვლიდა (და ეს ჭეშმარიტება ყველა გამოცდილმა მეღვინემ იცის), რომ დაუშვებელია ერთი რეგიონის საფუვრების სხვა რეგიონში გამოყენება, მით უმეტეს ეს დაუშვებელი უნდა იყოს ისეთი მკვეთრად განსხვავებული ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და განსხვავებული ვაზის ჯიშების შემთხვევაში, როგორიცაა ევროპის ქვეყნები და საქართველო.

უცხოური მშრალი საფუვრის წმინდა კულტურის შემოტანა და მათი გამოყენება უჭაჭოდ დაყენებული ღვინოების ტექნოლოგიაში საზიანოა ჩვენი ღვინოებისთვის. ეს საფუვრები არომატწარმომქმნელი ბუნებისაა და გათვლილია მოკლე დროში რეალიზებადი ღვინოების დამზადებაზე. ეს ჩვენი ღვინის წარმოებისთვის მიუღებელია. ჩვენს პრაქტიკაში ამგვარი საფუვრების გამოყენება იწვევს ტყუპისცალებივით ერთგვაროვანი ღვინოების მიღებას სხვადასხვა მიკროზონაში და თვით ერთი და იგივე ჯიშის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქციაში. ამდენად, გამორიცხულია ურთიერთგანსხვავებული, მაღალხარისხოვანი ღვინოების მიღების შესაძლებლობა, ყველა ზონისა და მიკროზონის ღვინო ერთმანეთის მსგავსია. ქვევრში ტრადიციული კახური ტიპის ღვინის დაყენებისას დურდოში საფუვრის წმინდა კულტურის დამატების საჭიროება არ არსებობს, ბუნებრივ (და არა «ველურ»!) საფუვრებზე დადუღებული ღვინოები გამოირჩევა მდიდარი  არომატით, ხილის ტონებით, ფენოლურ ნაერთთა შეთანაწყობით ღვინის ერთიან ჰარმონიაში და დავარგებისას კარგად ვითარდება.

უკანასკნელ წლებში წარმოჩენილი პრობლემები შეიძლება მოვიაზროთ, როგორც გაგრძელება XIX-XX საუკუნეებში წარმოჩენილი უმწვავესი პრობლემატიკისა, ზოგიერთ შემთხვევაში გაგრძელებას უმძიმესი, კატასტროფული შედეგით. ეს თემა მეტად ღრმა და მრავალასპექტიანია და ცალკე სასაუბრო თემად შეიძლება გამოდგეს. აქ კი შევჩერდებით იმ ძირითად მოვლენებზე, როგორც დადებითზე, ისე უარყოფითზე, რაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მოხდა ჩვენს სინამდვილეში.

2003 წლიდან საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წარმატებით ხორციელდებოდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური რეფორმის პროექტი. ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად დაისახა ვაზისა და ხეხილის ადგილობრივი გენოფონდისა და ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიების აღდგენა-სრულყოფა. რეფორმის წარმატებით დასრულების შემდეგ ამგვარი რეფორმები გატარდებოდა მთელს აგრარულ სამეცნიერო სფეროში.

ჩვენთვის, მკვლევართათვის, ეს იყო ხელ-ფეხის გახსნის ტოლფასი, მართლაცდა, დავიწყეთ აქტიური კვლევითი საქმიანობა ვაზის გენოფონდის და ტრადიციული ტექნოლოგიების აღდგენის მიმართულებით. მაგრამ, სამწუხაროდ, 2005 წლიდან ცხადი გახდა მდიდარი ტრადიციების მქონე მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის დაშლა-გაუქმების ბოროტი წინასწარგანზრახულობა. ინსტიტუტს ჯერ ჩამოერთვა მთავარი კორპუსი, გაუქმდა ვაზისა და ღვინის ისტორიულ-სამეცნიერო მუზეუმი, გაიყიდა თელავისა და საქარის საცდელი სადგურები, განადგურდა ვაშლიჯვრის ხეხილის, კენკროვანი კულტურებისა და ვაზის ექსპერიმენტული ბაზა, რითაც საფუძველი გამოეცალა ინსტიტუტს, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო სტრუქტურული დაწესებულების არსებობას. 2005-2011 წლებში მიმდინარეობდა სამეცნიერო კადრების სისტემატური შემცირება. სამსახურიდან დათხოვნა ხდებოდა ყოვლად გაუმართლებელი და ალოგიკური პრინციპით. მე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო თემის კოორდინატორი 2011 წელს გამათავისუფლეს ყოველგვარი მოტივაციისა და გაფრთხილების გარეშე. შეგვიწყვიტეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საშუალება. ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა ხდებოდა მაშინ, როცა 2010 წელს საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი. კონგრესის გამართვა საქართველოში იმ მხრივაც იყო დადებითი მოვლენა, რომ ქართველი მეცნიერები აქ ღირსეულად წარდგნენ.

  _ თუ არ ვცდები, 33- მსოფლიო კონგრესის გახსნის დღე სააკაშვილის მორიგი უმსგავსობით «აღინიშნა».

  _ ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი საქართველოში ორჯერ ჩატარდა: პირველად _ 1962 წელს, რიგით მეათე და, როგორც უკვე მოგახსენეთ, 2010 წლის 20-25 ივნისს _ რიგით 33-ე. ამ ორი მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმის თბილისში ჩატარება მეტყველებს საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის უძველესი კულტურის ქვეყნის, დიდ საერთაშორისო აღიარებაზე. ეს აღიარება უფრო რეზონანსულია მაშინ, როცა უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ყურადღება ქართული ტრადიციული მეღვინეობისადმი ძალზე გაიზარდა. სწორედ ამგვარი განწყობით ესტუმრნენ თბილისს კონგრესის დელეგატები და სტუმრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მოლოდინი დიდი იყო და, აი, ამ ფონზე მსოფლიო ფორუმის მონაწილეებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა კონგრესის ოფიციალურ გახსნაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა, როდესაც მან პირდაპირ მიმართა ევროპელ მევენახეებსა და მეღვინეებს: ჩვენ გურიაში გვაქვს ძალიან კარგი ვაზის ჯიში – ჩხავერი, ჩამოდით და გვასწავლეთ, როგორ დავაყენოთ კარგი ჩხავერის ღვინო, ჩამობრძანდით და მოუარეთ ჩვენს მევენახეობასა და მეღვინეობასო…

სააკაშვილის ამ გამოსვლაში ქართული მეღვინეობის დასაკნინებლად სხვა აქცენტებიც გაკეთდა. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის დისკრედიტაციისა მსოფლიოს თვალში!… როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობას ასე აკნინებს უცხოელების წინაშე, შესაძლოა, ეს გახდეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩაშლის მიზეზი. საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა! მეორე დილით სესია გაიხსნა მოხსენებით: «ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციული ტექნოლოგიები», რომელშიც მიმოვიხილეთ ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიის ძირითადი ეტაპები, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სპეციფიკური თავისებურებანი, ქართული ვაზის მდიდარი გენოფონდი, უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგიები, რამაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია და გაუფანტა კონგრესის ხელმძღვანელებსა და მონაწილეებს წინა დღით მიღებული უსიამოვნო ეჭვები ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მდგომარეობაზე საქართველოში, ქართველ მევენახე-მეღვინეთა ცოდნა-გამოცდილებაზე.

  _ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილმა რამდენიმე წლით ადრე ლონდონშიც «გვასახელა», როდესაც განაცხადა, რომ საქართველოში მევენახეობამეღვინეობა ბერძნებმა დაამკვიდრესო

_ ლონდონში ღვინის ქალაქის _ «ვინოპოლისის» გახსნის ცერემონიას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. «ვინოპოლისის» პირველი პავილიონი საქართველოს დაეთმო, როგორც ღვინის სამშობლოს; აკი პავილიონზეც გააკეთეს წარწერა: «საქართველო _ ღვინის აკვანი». ჩვენდა გასაოცრად, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტებმა კატეგორიულად უარი თქვეს, გადაეღოთ პავილიონის გახსნის ცერემონია, როდესაც ძალიან საინტერესოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე ყურძნით სავსე გიდელი ეშვებოდა, იმ მოტივით, თითქოს ამაში მნიშვნელოვანი არაფერი იყო. და მაყურებელს ძალიან მწირი, ალბათ, სულ ერთწუთიანი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ეჭვიც არ მეპარება, «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტების ეს «გაჯიუტება» სააკაშვილის ბრძანებით იყო გამოწვეული! «ნაციონალების» დაქვემდებარებულ ტელევიზიებში ტაბუახსნილი იყო ჩვენება იმისა, თუ როგორ იკრიფება ყურძენი თავსხმა წვიმაში და როგორ იჭყლიტება ნაწვიმარი ყურძენი რეზინის ჩექმებით გიგანტურ საწნეხელში.

ვის გაუგონია წვიმაში ყურძნის კრეფა და ნაწვიმარი ყურძნის გადამუშავება?! ყოველივე ამას მსოფლიო უყურებდა. ეს ხომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დისკრედიტაციაა მსოფლიოს წინაშე?! ვინ დაგიჯერებს ამის შემდეგ, რომ ქართული ღვინო უმაღლესი ხარისხისაა?! ერთი წინადადებით რომ ვთქვა, სააკაშვილმა და მისმა «ნაციონალურმა მოძრაობამ» ყველა ღონე იხმარეს ქართული ტრადიციული მეღვინეობის გასანადგურებლად!..

_ ბატონო თეიმურაზ, როგორც ჩემთვის ცნობილია, დედაეკლესიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ტრადიციული მეღვინეობის გადარჩენის საქმეში. რამდენიმე სიტვა ამის თაობაზე.

_ საქართველოს ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ალავერდის მონასტერმა და ალავერდის ეპარქიის წინამძღვარმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აიღო თავის თავზე ტრადიციული მევენახება-მეღვინეობის გადარჩენისთვის ზრუნვა. 2007 წელს ალავერდის მონასტრის მარანში საფუძველი ჩაეყარა ქვევრში უძველესი ტრადიციული წესით კახური ღვინის დაყენებას, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 2010 წელს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტ ანდრიასა და ჭონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს თაოსნობით შეიქმნა «ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი», რომელმაც დააარსა «ქართული ღვინის კულტურის ცენტრი». 2011 წელს «ქართული ღვინის კულტურის ცენტრის» ბაზაზე ჩამოყალიბდა «ქვევრის ფონდი», რომლის დამფუძნებლები არიან «ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი», «ასოციაცია ქართული ღვინო», «ასოციაცია ქვევრის ღვინო» და «ღვინის კლუბი». «ქვევრის ფონდის» საქმიანობამ განაპირობა 2011 წლის სექტემბერში «ქვევრის ღვინის I საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის» მოწვევა ალავერდის მონასტერში. სიმპოზიუმი მაღალ მეცნიერულ და ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა. სიმპოზიუმი გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების პროექტის _ «ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის» _ დაფინანსებით. ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა სიმპოზიუმი ჩვენი საუკეთესო პროექტი იყოო.

მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა «ქვევრის ღვინის II საერთაშორისო სიმპოზიუმი». ამ მეტად საინტერესო ღონისძიების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო «ღვინის ეროვნულმა სააგენტომ» და საგამოფენო ცენტრმა «EXPO GEOღGIA».

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ნათელი ფურცელია საგურამოს მახლობლად, სოფელ ჯიღაურაში «ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრის» დაარსება. ამჟამად თავმოყრილია 430-მდე ქართული აბორიგენული ვაზის ჯიში და, აგრეთვე, 280-მდე უცხოური ვაზის ჯიში. ამ ცენტრის შექმნის მისიაა საქართველოში თანამედროვე ტიპის სპეციალიზებული, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაზისო სანერგის მოწყობა. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ცენტრი გადაიქცევა საერთაშორისო დონისა და მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად.

უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. ეს მეტად სასიხარულო ტენდენციაა. ქართული ღვინო, თუმცა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იკიდებს ფეხს საერთაშორისო არენაზე. უცხოელებს ძალიან მოსწონთ ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით დაყენებული ჯიშური ღვინოები.

აგრარული სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების დანგრევამ და მოშლამ თითქმის აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ჩვენი სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო დარგებს. უპირველესად, აღსანიშნავია დიდი წყვეტა კადრების საკითხში. სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილმა წარსულის გამოცდილების იგნორირებამ ასპარეზზე გამოსულ ახალ თაობას წარსულის ფესვები გადაუჭრა, საარსებო ნიადაგი გამოაცალა.

დღეს ქართული მეღვინეობის ევროპიზაციისა და გლობალიზების პროცესი უპირატესად ღვინის ტექნოლოგიაში ევროპული წარმოების არომატწარმომქმნელი საფუვრების დანერგვით ხორციელდება. ამავე მიზანს ემსახურება მსოფლიოში ერთგვარ მოდად ქცეული ღვინის მუხის ტონებით გამდიდრება, რაც უკარგავს სხვადასხვა რეგიონისა და ვაზის სხვადასხვა ჯიშისგან დაყენებულ ღვინოებს თავისთავადობას, ორიგინალურ თვისებებს და ღვინოებს ერთმანეთს ამსგავსებს.

ქვევრის ღვინის ინდუსტრიალიზაცია, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი და არც სასურველი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მაგრამ ქვევრის ღვინის წარმოების აღორძინება და განვითარება საქართველოს რეგიონების მიხედვით გადაუდებელი აუცილებლობაა.

ჩვენი ვაზის ჯიშების ჩვენს მიკროზონებში და თვით ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნლოგიურ წესებში იმალება უდიდესი პოტენცია, რისი გახსნა-გამომზეურება ახალ ელფერს შესძენს ჩვენს ისედაც გამორჩეულ ღვინის ასორტიმენტს.

ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მსოფლიო მეღვინეობაში ჩვენთვის განკუთვნილი ღირსეული ადგილის მყარად დასამკვიდრებლად.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here