Home რუბრიკები საზოგადოება კოაბიტაცია უნდა დამთავრდეს!

კოაბიტაცია უნდა დამთავრდეს!

912

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო დაპირებებით მოხიბლული იყო, ხელისუფლების ცხრათვიანი მოღვაწეობით, განსაკუთრებით კი სააკაშვილის რეჟიმთან კოაბიტაციითა და ფარული თანამშრომლობით იმედგაცრუებულია. «ქართული ოცნების» ამომრჩეველთა შორის კოალიციის ჭრელი შემადგენლობის მიმართ ერთგვარი  უნდობლობაც კი წარმოიშვა. უნდობლობასა და უკმაყოფილებას უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ არა მარტო ჭრელი კოალიციის, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. ამ საკითხთან დაკავშირებით, «საქართველო და მსოფლიოს» «დაიცავი საქართველოს» სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენელი _ კახა მიქაია, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე _ შალვა ოგბაიძე და ლეიბორისტი გიორგი გუგავა ესაუბრნენ.

 

კახა მიქაია:

_ ბატონო კახა, ივანიშვილმა ხალხს მრავალი დაპირება მისცა, უკვე 10 თვეა, მათი უმრავლესობა ბოლომდე არ არის შესრულებული. როგორ ფიქრობთ, გაუცრუვდა თუ არა მოსახლეობას იმედები?

_ ივანიშვილი რომ არა, ხელისუფლებაში ისევ «ნაციონალური მოძრაობა» იქნებოდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამოისუნთქა «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლით. დღეს კი ყველას აქვს თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალება. იქნებ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა, მაგრამ ხელისუფლებით ყოველთვის კმაყოფილი არავინ ყოფილა. მე მაინც ვიტყვი, რომ, ვინც უკმაყოფილოა, ცოტა უმადურიცაა. ვინც ფიქრობდა, რომ ივანიშვილის გუნდი რამდენიმე თვეში ყველაფერს მოაგვარებდა, ის, უბრალოდ, გულუბრყვილოა. ივანიშვილმა თავისი მოძრაობით, თავისი შემოსვლით პოლიტიკაში დაიწყო იმ მონსტრის დამარცხება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ეწოდება.

საზოგადოების ნაწილი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს დღევანდელი მთავრობის პერიოდში სასულიერო პირების გასამართლების გამო 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. საკუთარი აზრი უკვე არაერთხელ გამოვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ყველას პატრიარქის მოწოდებისთვის უნდა დაგვეჯერებინა და ეს აქცია ან არ უნდა გამართულიყო, ან უნდა გადადებულიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში ავცდებოდით 17 მაისის უხერხულობას. ცხადია, არსებობს კონსტიტუცია, რომლის წინაშეც ყველა თანასწორია და სახელმწიფო ვალდებულია კიდეც, დაიცვას კანონი, მაგრამ კანონზე მაღლა დგას სამართლიანობა, ეროვნული და ქრისტიანული ტრადიციები. სწორედ ამიტომ მღვდლების გასამართლების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

შალვა ოგბაიძე:

_ ბატონო შალვა, 9 თვეა, რაც «ქართული ოცნება» ხელისუფლებაშია. ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების გათვალისწინებით, საზოგადოებას ამ ცხრა თვეში იმედგაცრუების საფუძველი მეტი ჰქონდა თუ კმაყოფილების?

_ 1 ოქტომბერს ქარველი ხალხის ძირითადი მოტივი ივანიშვილის კოალიციის მხარდაჭერისთვის იყო სამართლიანობის აღდგენის სურვილი. სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი. აუცილებელია რომ ქვეყანაში განხორციელდეს დენაციფიკაციის პროცესი, რათა აიკრძალოს «ნაციონალური მოძრაობის» მსგავსი მახინჯი პოლიტიკური ძალა. ყველა ადამიანის უფლებები, როგორც მორალური ასევე მატერიალური, უნდა აღდგეს, რომელთა უკანონო დასჯაც განახორციელა ნაცხელისუფლებამ. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება იმედგაცრუების აღმოფხვრა.

_ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, იმედგაცრუების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად რეჟიმთან კოაბიტაცია, მასთან გარიგება. თქვენ, შალვა ობგაიძე, რომლის გასისხლიანებულმა ფოტომაც მთელი მსოფლიო შემოიარა, მიიჩნევთ, რომ ივანიშვილმა სამართლიანობა აღადგინა? საკმარისად მიგაჩნიათ ის ძალისხმევა, რომელიც დამნაშავე რეჟიმის გამომზეურებას ხმარდება და რამდენად მისაღებია კოაბიტაცია რეჟიმთან? ან ნორმალური იყო ის, რომ რასმუსენმა ვიზიტისას ხანგრძლივად და მგზნებარედ დაგვტუქსა 17 მაისს მამათმავლების შეშინების გამო, მაგრამ კრინტი არ დასცდენია 26 მაისზე?

_ მე, შალვა ობგაიძე, არ ვარ გულღრძო კაცი და ჩემს საპატიებელს მივუტევებ, მაგრამ ადამიანს რაღაც რომ აპატიო, ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კოაბიტაცია უნდა დამთავრდეს. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ ესაა. «ნაცებისა» და «ოცნების» მაამებლური ურთიერთობა გაკვირვებას იწვევს. ისე დათბნენ, ლამის ბავშვები მოუნათლონ ერთმანეთს. ჩვენ ვშიშობთ, რომ, თუ პროცესები ამ ტემპით და ასე გაგრძელდა, კოაბიტაციიდან მივიღებთ კოლაბორაციონიზმს, ქართველი ხალხის საზიანოდ. მონური დამოკიდებულება უცხოელების მიმართაც გამაღიზიანებელია. ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა საგარეო ურთიერთობების ობიექტიდან საგარეო ურთიერთობების სუბიექტად იქცეს. ჩვენი სიმართლე ყველას უნდა გავაგებინოთ, მათ შორის, რასმუსენსაც.

_ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი საშინაო და საგარეო ურთიერთობებში «ნაციონალების» პოლიტიკურ კურსს ინარჩუნებს. «ქართული ოცნების» ძირითადი ბირთვი რესპუბლიკელებისა და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი სხვა ლიბერალებისგან შედგება. ხელისუფლების შეცვლა, ფაქტობრივად, არ მომხდარა და ამის  გამო ახალ ხელისუფლებას ხალხში უკვე მოიხსენიებენ «ფარულ ნაცმოძრაობად»… რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ამის თქმის უფლება «ოცნებამ» თავად მისცა ხალხს, თავისი დასავლეთიდან თავსმოხვეული კოაბიტაციური პოლიტიკით. იმისათვის, რომ დამთავრდეს ეს უნიათო კოაბიტაცია, ქვეყანას პრეზიდენტად უნდა ჰყავდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ყველა ფრონტზე დაიცავს და ხელისუფლების შტოების ბალანსს მოახდენს. ამ შემთხვევაში, ჩვენს ხალხს ექნება საშუალება, აღკვეთოს და მყისიერად წარმოაჩინოს ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი შეთანხმება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ «ნაცებთან» მაამებლური დამოკიდებულებით მათ ვაძლევთ შანსს, 2-3 წელიწადში ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მერე, რაც მოხდება, ყველამ კარგად გაიაზროს.

გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, უკვე 10 თვეა, რაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაშია და წინასაარჩევნო დაპირებათა უმრავლესობა ბოლომდე არაა შესრულებული. თქვენი აზრით, გაუცრუვდათ თუ არა ივანიშვილის ამომრჩევლებს იმედი?

_ თქვენ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ სფეროს, რომელშიც ესა თუ ის რეფორმა წარმატებით განხორციელდა. დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენით. ამ თვალსაზრისით, მათ მხოლოდ ის მიაჩნიათ სამართლიანად, რაც მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესებს შეეხება. ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ის საქმეებია წარმოებაში და მხოლოდ მათი სამართლებრივი განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც ივანიშვილს შეეხება. ჩვენ არ გვაქვს რიგითი ადამიანის სამართლიანობის აღდგენის ერთი პრეცენდენტიც კი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ქონება წაართვეს ან პოლიტიკური შეხედულებების გამო უკანონოდ გამოაგდეს სამსახურიდან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შერჩევით სამართალს აქვს ადგილი და სამართალი მხოლოდ იქ ჭამს პურს, სადაც ივანიშვილსა და მის გარემოცვას სურს.

ასევე შევეხოთ სოციალურ პრობლემებსაც. ყბადაღებული მილიარდი, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადებულიყო, ბლეფი აღმოჩნდა. შეგიძლიათ ნახოთ და გადაამოწმოთ. უფრო მეტიც, გლეხებისთვის არ გახსნეს მოწეული მოსავლის ჩაბარების შესაბამისი პუნქტები. კახეთში მოსახლეობას, ფაქტობრივად, უკვე ულპება ატამი, რის გამოც გლეხი აბსოლუტურად ხელმოცარული დარჩა. ასევე არ გახსნილა რუსეთთან სახალხო-სავაჭრო ეკონომიკური გზები და ბაზარზე მხოლოდ ის კომპანიები გავიდნენ, რომლებიც რუსების მიერ იყვნენ დაფუძნებულნი ან ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენდნენ.

ჯანდაცვის საკითხებს რაც შეეხება, სახელმწიფო არ ანაზღაურებს ისეთ მნიშვნელოვან და ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა კარდიოლოგიური დაავადებები. ასევე, პრაქტიკულად, ფასები არ შემცირებულა მედიკამენტებზე, საწვავზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე და იმ ბიზნესზე, რომელიც საკვებ პროდუქტებთანაა დაკავშირებული. პირიქით, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, ქვეყანაში ადგილი აქვს ეკონომიკურ სტაგნაციას. ამ დროს კი ვხედავთ, რომ მოგებას და წარმატებას პოულობენ ივანიშვილის ის კომპანიები, როგორიცაა «ლუკოილი», «კარფური», «ფარმადეპო», «ქართუ ჯგუფი», «ქართუ ბანკი» და მისი სამშენებლო კომპანიები.

შესაბამისად, მოსახლეობაში უკვე გაიზარდა რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც არა სკეპტიკურად, არამედ უკვე  პესიმისტურადაც კი არიან განწყობილნი «ქართული ოცნების» კოალიციის მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ უდიდესი სიღატაკის ფონზე პარლამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ პრემიების სახით ოცი მილიონი ლარი გამოიწერეს, ეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო ამძაფრებს ქართული მოსახლეობის სოციალურ უკამყოფილებას.

_ საზოგადოების გარკვეული ნაწილი კოალიცია «ქართულ ოცნებას» უკვე «ნაციონალურ მოძრაობასაც» კი ადარებს. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ შეხედულებას და, თუ ეთანხმებით, რატომ?

_ რა თქმა უნდა, ვეთანხმები. თვისობრივად ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. პოლიტიკურ მოედანზე მხოლოდ ფიგურანტები შეიცვალნენ, სისტემა და დამოკიდებულება კი იგივე დარჩა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძველსა და ახალ ხელისუფლებას, უახლოეს წარსულში, ერთი ისტორია ჰქონდათ, როდესაც ისინი ერთად ქმნიდნენ ბოროტების რეჟიმს, ბუნებრივია, რომ მათ ერთნაირი გამოცდილება გააჩნიათ ძალაუფლების შენარჩუნებისა და ხალხის დამონების. მაგალითად, წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი თავად აფინანსებდა იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც მწვავე რეპრესიულ მანქანებად ჩამოყალიბდა. ყიდულობდა მათთვის აღჭურვილობას და იმ იარაღს, რომლითაც 2007 წელს დაგვარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელიც 1 ოქტომბრამდე იმედით შესცქეროდა ახალ ხელისუფლებას, რწმუნდება იმაში, რომ ძველებისგან ისინი არაფრით განსხვავდებიან. ეს მოსაზრება კი მათ ცნობიერებაში, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ გასაქანს პოულობს.

მოამზადა

შორენა ღვაჩლიანმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here