Home რუბრიკები საზოგადოება ვიდრე უმადურობას არ მოვინანიებთ, არაფერი გვეშველება!

ვიდრე უმადურობას არ მოვინანიებთ, არაფერი გვეშველება!

2097

«საქართველო და მსოფლიოს» მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას

ბატონო ირაკლი, გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» ერთერთ (თუ არა ერთდერთ!)  საიმედო და სანდო გამოცემად მიმაჩნია, ამიტომ ვარ მისი ერთგული მკითხველი. კარგახნის ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ თქვენი გაზეთისა და ჩემი იდეოლოგია ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ამიტომ გიგზავნით ამ სტატიას.

არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც მადლიერება, სხვათა ამაგის დაფასების უნარი… და არაფერი იწვევს ისეთ ზიზღს, როგორც უმადურობა. ანდაზაც კი შექმნეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა უმადურ კაცზე და ანდერძად დაგვიტოვეს საუკუნო სიძულვილი უმადურობისადმი: «ობოლო, ვის მოკლავო და _ ვინც გამზარდა იმასო» (რათა, შე უღმერთო, რათა!).

უმადურობა დიდ ცოდვადაც ითვლება ნებისმიერი აღმსარებლობის ხალხში. აბა, გაიხსენეთ, უფლისგან როგორ ისჯება უმადურობა ქართულ, სპარსულ, არაბულ თუ სხვა ქვეყნების ხალხთა ზღაპრებში. ამირანის მითის გახსენებაც კმარა საამისოდ. მითის მიხედვით, ქრისტე ღმერთი ამირანის ნათლია იყო და მან თავის ნათლულს საოცარი ძალა და ენერგია დაანათლა. ამირანმა ყველა დაამარცხა, დედამიწაზე მეტოქე აღარავინ ჰყავდა და ბოლოს ნათლია ღმერთს აუხირდა _ გინდა თუ არა, უნდა მეჭიდავოო, ბოლოს და ბოლოს უნდა დადგინდეს, ვინ არის ჩვენ შორის უძლიერესიო. მაშინ უფალმა ამირანი კავკასიის ქედის ერთ სალ კლდეს მიაბა და საუკუნო სატანჯველში ჩააგდო.

ხალხის ცნობიერებაში ასე დაისაჯა უმადურობა და მასზე დამყნობილი სიბრიყვე.

ერთმა უმადურმა და ბრიყვმა კაცმაც კი შეიძლება უსიამოვნება მოუტანოს საზოგადოებას და, თუ ბევრი გაბრიყვდა, მტრისას.

ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ამნაირმა უმადურობამ და სიბრიყვემ დაგვრია ხელი ქართველობას და ვისჯებით განგებისგან, კარგა ხანია.

გუშინდელი დღეა და ბევრს უნდა ახსოვდეს: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნა აგორდა 80-იანი წლების საქართველოში და ხალხის მასები ისე აიყოლია და გაიტაცა, მოვარდნილი ნიაღვარი რომ გაიტაცებს ხოლმე ფოთლებსა თუ ჩალაბულას. ხალხის გაბრიყვებას ბევრი კი არაფერი უნდა: დაჰპირდი მუქთა სმა-ჭამას და იმწამსვე გადაეკეტება აზროვნების უნარი. აბა, სხვა რა იყო 80-იან წლებში ჩვენი ხალხის უკიდურესი აღტყინების მიზეზი?

დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გვექნება, ჩვენს ულეველ სიმდიდრეს ჩვენვე მოვიხმართ და ვიცხოვრებთ ბედნიერადო, _ ასე ეგონა ხალხის ნაწილს.

ჩვენ მხოლოდ ბორჯომის წყალი გვაცხოვრებს, სხვა რომ არა იყოს რაო, _ მიმტკიცებდა ერთი ჩემი მეგობარი მწერალი კაცი და მას მხარს აქტიურად უბამდა მასზე უფრო ხნიერი და გამოცდილი, აგრეთვე, მწერალი.

ბორჯომი ბორჯომად, მაგრამ ჩვენი ჩაი? მსოფლიოში საუკეთესო ჩვენი მარგანეცი? ჩვენნაირი ღვინო ხომ მსოფლიოში არ არის?! ახლა ციტრუსები, ახლა ელმავლები (რომელთაც თურმე სულ მუქთად ვაძლევთ რუსებსა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს), ქართული თუჯი და ფოლადი… რას ამბობთ, კაცო, სულ შეიხებივით ვიცხოვრებთ! _ ქადაგებდნენ სხვები.

რუსეთს მიაქვს ჩვენი ეროვნული შემოსავლის უდიდესი ნაწილი, _ ეს იყო მთავარი მოტივი, რომელსაც ბრმად მიჰყვა მოსახლეობის უმრავლესობა.

ქართველი, ბუნებით, ისეც სულსწრაფია (აბა, დღევანდელი კვერცხი რომ ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, მე კი არ დამიბრალებია მისთვის!), და ამისთანა «კეთილგონიერების პერსპექტივას» რომ დაანახებ, არიქა, ჩქარა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობაო, იხუვლეს და «დამპყრობელი» და «კოლონიზატორი» რუსეთის ძირფესვიანად ამოთხრა მოინდომეს ქართველთა შეგნებიდან. ბევრს გადაუტრიალეს კიდეც ტვინი.

ამას წინათ ერთ-ერთ პოპულარულ სატელევიზიო გადაცემაში ვინმე თინეიჯერმა კი არა, მწერალმა, მეცნიერების დოქტორმა და პროფესორმა გაწიწმატებულმა განაცხადა: თუ რამე ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ყველაფერი რუსეთის მიერაა წართმეული. აბა, ტაო-კლარჯეთი და სხვა ტერიტორიები, თურქეთის შემადგენლობაში რომ არის, ნებაყოფლობითაა გადაცემული? _ მორიდებით ჰკითხა ერთმა სერიოზულმა ისტორიკოსმა. ის ტერიტორიები ბიზანტიას ეკუთვნოდა და თურქეთმა მემკვიდრეობით მიიღოო, _ ისე გაწიწმატებულმა შეუტია იმ მწერალმა, თითქოს თვითონ იყო ისტორიკოსი, ის მორიდებული კაცი კი _ მწერალი.

მე იმის მომხრე და მოწადინე ვარ, ყველა მეზობელთან ვიმეგობროთ, წარსულის ცოდვები ერთმანეთს არ გავახსენოთ, მაგრამ ასეთი უმადურობა ღვთის საწყენი საქმეა და დავისჯებით უთუოდ. დღევანდელ თურქეთს ღმერთმა სიკეთე მისცეს, მაგრამ, რაც თურქეთმა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს უბედურება დააწია, წერაკითხვის მცოდნე კაცმა ანაგებად მაინც არ უნდა იცოდეს?

არადა, ვინ არ იცის, ნეტავი, რომ 1801 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა («შეუერთდა» და «არა დაიპყრო!»), თურქეთის საზღვარი იქით ნატანებთან, აქეთ ბორჯომთან და წალკასთან იყო. ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია 1821 წელს წაართვა თურქეთს რუსეთმა (ქართველების მონაწილეობით!), აჭარა კი 1878 წელს დაუბრუნეს საქართველოს.

იმის შეხსენებისგან თავს არავის შევაწყენ, თუ რამდენ ნაწილად იყო დაყოფილი საქართველო რუსეთთან შეერთებამდე და მათი გაერთიანების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობდა. თვით აღმოსავლეთ საქართველოც არ იყო ერთიანი. იმ «მწერალს» მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ქართლელები ერეკლე მეორეს თავიანთი ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრედ არ მიიჩნევდნენ, თუმცა მისი დიდი პიროვნული ავტორიტეტისა და პოპულარობის გამო აღიარებდნენ მეფედ, მაგრამ, როდესაც მისი შვილი გიორგი XII გამეფებიდან ორი წლისთავზე აღესრულა, ქართლელებმა დავით XII ტახტზე არ დასვეს _ კახეთში იმეფოს მაგანო. თვითონ ერეკლეს შვილებიც კახთა ბატონებად თვლიდნენ თავს. ამიტომ იყო, რომ კრწანისის ბრძოლაში შვილები არ ამოუდგნენ ერეკლეს მხარში (უფროსი შვილი და ტახტის მემკვიდრე სიღნაღში ქეიფობდა იმ დროს!).

ჰოდა, იმას ვამბობდი, ერეკლეს შთამომავალი დავითი ქართლელებმა ტახტზე არ დასვეს _ ბაგრატიონ მუხრანელი უნდა იყოსო მეფე. ატყდა ჩხუბი, დახოცეს კინაღამ ერთმანეთი ქართლელმა და კახელმა თავადებმა. მერე ის იყო, რუსეთის საექსპედიციო ჯარის უფროსმა, გენერალმა, თუ არ ვცდები, ლაზარევმა, ურჩია ქართველებს: რად ხოცავთ ერთმანეთს, სთხოვეთ ერთმორწმუნე რუსეთის მეფეს და იქნებ დაითანხმოთ საქართველოს მეფობაზეცო. ეს რა კარგი რამე გვირჩიეო, _ გაუხარდათ ქართველებს და მყისვე აფრინეს თხოვნის წერილი პეტერბურგში. თხოვნას ერთსულოვნად აწერდნენ ხელს როგორც ქართლელები, ისე კახელები.

ისიც ცნობილია, რომ რუსეთის მეფე მაშინვე როდი დაეთანხმა ამ თხოვნას (ყასიდად, ალბათ!): ჩვენ ისედაც ამხელა იმპერია გვყავს საპატრონო და სად შეგვიძლია კიდევ სხვა სახელმწიფოც შევიერთოთო, მაგრამ ქართველები არ მოეშვნენ _ გვიშველეთ, შენი ჭირიმეო. «დაიყოლოეს» ბოლოს: ჯანდაბას თქვენი თავიო, _ უთქვამს რუსის ხელმწიფეს და შეერთების აქტზე ხელი მოუწერია.

აი, ასე «დაგვიპყრო» რუსეთმა.

ახლა ის ვნახოთ, როგორი საქართველო ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის (შემდეგ კი საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში.

XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურობა აუმბოხდა რუსეთის ხელისუფლებას იმ მოთხოვნით, რომ პრივილეგიების მიხედვით ჩვენც რუს თავადაზნაურობას გაგვატოლეთო. კარგიო, _ უთხრეს, _ შეადგინეთ პეტიცია და თავად-აზნაურებმა მოაწერონ მას ხელიო. შეადგინეს პეტიცია და ქართველ თავადაზნაურთა ათმა პროცენტმა (!) მოახერხა ხელმოწერა, ოთხმოცდაათმა (!) პროცენტმა ჯვრის დასმა შეძლო მხოლოდ.

რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არც ერთი საერო სკოლა არ არსებობდა. 1802 წელს გაიხსნა პირველი «სახალხო სასწავლებელი» თბილისში, 1804 წელს _ «თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი», 1817-1820 წლებში სასულიერო სემინარიები გაიხსნა თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისში, მარტვილში. 1830 წელს დაარსდა სამაზრო სასწავლებლები თბილისში, ქუთაისში, გორში, სიღნაღში, მარტვილში, დუშეთში, ახალციხეში. უკვე 1830 წელს საქართველოში იყო 90 სკოლა. შემდგომში სკოლების ქსელი ინტენსიურად ფართოვდებოდა. ამავე დროს იზრდებოდა კერძო სასწავლებელთა ქსელი. 1835 წელს მათი რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. იქმნებოდა პროფესიული სკოლები და გიმნაზიები. უკვე XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში 21 გიმნაზიის ტიპის საშუალო სკოლა ფუნქციონირებდა. დაწყებითი სკოლების ქსელზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

სახელმწიფო სკოლების პარალელურად «ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ» ათობით სკოლა გახსნა ოფიციალური ხელისუფლების ხელშეწყობით. უკვე XIX საუკუნის შუახანებში ოფიციალურ სახელისუფლო გაზეთებთან ერთად არსებობდა საზოგადოებრივი ჟურნალ-გაზეთები: ლიტერატურული, საზოგადოებრივ-პუბლიცისტური, საყმაწვილო გამოცემები. თბილისსა და ქვეყნის მნიშვნელოვან ცენტრებში გაიხსნა თეატრები და ა. შ.

სკოლისა და სწრაფად განვითარებადი ლიტერატურის მეოხებით ინტენსიურად ყალიბდებოდა ქართული ეროვნული ცნობიერება და თვითმყოფადობის შეგნება. ეროვნულსაზოგადოებრივ ასპარეზზე წარმატებით მოღვაწეობდნენ რუსეთში განათლებამიღებული დიდი ქართველი მოღვაწენი, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ ერთიანი საქართველოს ახალ კულტურასა და განათლებას.

საქართველომ დაისვენა ომებისგან და ფიზიკურად გადარჩა!

საბჭოთა პერიოდში როგორ განვითარდა საქართველოს კულტურა და ეკონომიკა, მეცნიერება და სპორტი, ამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია წიგნიერ საზოგადოებაში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ქართული საენათმეცნიერო, საისტორიო, მათემატიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ფილოსოფიური სკოლები, ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული ფეხბურთი, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა და ანგარიშგასაწევ ფენომენად მიიჩნია.

ახლა პატიოსანმა კაცმა გულზე ხელი დაიდოს და ღვთის წინაშე დაიფიცოს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დახმარების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ოქტომბრის რევოლუციას ბევრი უბედურება მოჰყვა თან, როგორც, საერთოდ, მოსდევს ხოლმე რევოლუციებს, მაგრამ ეს უბედურებანი პირველ ყოვლისა, ყველაზე სასტიკად რუსეთს დაატყდა თავს (სადაც სამართალია, ისიც უნდა ითქვას, რომ ოქტომბრის რევოლუციის ლიდერთა შორის თითებზე ჩამოსათვლელი იყო რუსი!): არისტოკრატია, რომელიც ელიტური რუსული ინტელიგენციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა, გაჟლიტეს ან ემიგრაციაში გააქციეს. ბრწყინვალე რუსული ინტელიგენცია ჩაანაცვლეს წერა-კითხვის უცოდინარმა რუსმა პროლეტარებმა და წერა-კითხვის კარგად მცოდნე უცხოტომელმა ავანტიურისტებმა, რომლებიც მსოფლიო რევოლუციის ბოდვითი იდეებით ტვინს უბნელებდნენ «მშიერმუცელა მონებს».

რომ არა სტალინის ფენომენი, სიონისტურმასონური ბანდა, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთის უზარმაზარი იმპერია რომ ჩაიგდო ხელში, მთელ მსოფლიოს თუ არა, ჩვენ კი უსათუოდ გადაგვიყოლებდა ისტორიის უფსკრულში.

 აქაც რუსეთმა და მისმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ძირითადი დარტყმა და თავისი სისხლითა და ხორცით ამოყორა ურჩხული. იმ რევოლუციურ ჯოჯოხეთში რუსი ხალხი ენდო და ბოლომდე გაჰყვა სტალინს, ენდო და გლობალისტ-მასონურ წარღვნას გადაურჩა თვითონ და გადაარჩინა რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხები, მათ შორის ჩვენც.

მერე იყო და მიხაკისფერი ურჩხული დაემუქრა კაცობრიობას გერმანული ფაშიზმის სახით. მან ლავასავით გადაუარა მთელ ევროპას და კავკასიონის მისადგომებთან მოიტეხა კისერი. კი, ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღოდათ ამ საქმეში (ბოლოს და ბოლოს უმაღლესი მთავარსარდალი ხომ ქართველი იყო!), მაგრამ რუსი ხალხის გარეშე, ჩვენ ვიყავით ჰიტლერის ურდოების შემჩერებელი? ახლა უმადურები რომ გაიძახიან (ღმერთმა შეუნდოთ!), 700 ათასი ქართველი სხვის ომში იბრძოდაო, ერთი მინდა ვკითხო მათ: ჰიტლერი საქართველოში ფოჩიანი კანფეტების დასარიგებლად მოდიოდა?

უმადურობამ საყოველთაო ქართული ცნობიერება მოიცვა . . ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში (80-90-იანი წლები), ხოლო აპოგეას ჩვენს დღეებში მიაღწია. ახლა ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ვისაც ზნეობრივი სიფხიზლე არ დაუკარგავს, ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ ამ უზნეო ბრძოლას წინ უნდა აღუდგეს. ასე თუ არ ვქენით, მოზარდი თაობები მახინჯი ეროვნული ცნობიერებით აღიზრდებიან და ისე აღმოვჩნდებით ნიანგის ხახაში, აზრზე მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ დავინახოთ, როგორ ვისჯებით ჩვენი უმადურობის გამო. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სასჯელი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და მისი ცინიკური სიტყვიერი თუ საქმიანი ურთიერთობაა ხალხთან. მეორე სასჯელი ის არის, რომ ჩვენს მიწა-წყალს, რომელსაც ჩვენი წინაპრები სისხლითა და ოფლით იცავდნენ სამი ათასი წლის განმავლობაში, უცხოელები ეპატრონებიან და იმ დამცველთა შთამომავლებს თავიანთ მიწაზე გავლას უშლიან. მესამე და ყველაზე საშინელი სასჯელი კი ქართული ენის ფეხქვეშ გათელვა, დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

ყველას გახსოვთ, როგორი აღშფოთებულები იყვნენ ჩვენიანები 80-90-იან წლებში: რატომ არის აბრებზე წარწერები რუსულად და ქართულად, მარტო ქართულად უნდა ეწეროსო. როგორც კი «გავთავისუფლდით», მაშინვე ვეტაკეთ და მეტროს ვაგონების კარებზე «Не прислонатся» ავაფხიკეთ.

ახლა სასტუმრო «ივერიას» ინგლისურად «Redisson» რომ დაარქვეს და არსად ქართული წარწერა არ ჭაჭანებს, ვითომც არაფერი! ასეთი ეროვნული გამოთაყვანება ღვთის სასჯელია, აბა, რა არის!

ვიდრე ჩვენს უმადურობას არ მოვინანიებთ, ვიდრე ისტორიულად სიმართლეს გულწრფელად არ ვაღიარებთ, ღმერთი არ შეგვიწყალებს ქართველობას. უმადური კაცი და ერი არც ღმერთს სჭირდება და არც კაცობრიობას.

ზურაბ ცუცქირიძე,

პედაგოგიკის დოქტორი, განათლების აკადემიის აკადემიკოსი

 

25 COMMENTS

  1. სრულიად ვეთანხმები სტატიის ავტორს,მადლობა ღმერთს, რომ სარად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის არსებობენ საქართველოში და ამიტომაც მოვაღწიეთ დღემდე!

  2. ძლივს არ წავიკითხე გონივრული და ობიექტყრი სტატია. სულ ვამბობ, წავიკითხოთ ილია, პლატონ იოსელიანი, ზურაბ ავალიშვილ, ან თუნდაც ზვიად გამსახურდია რას წერენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, მაგრამ რად გინდა. რუსეთი ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადეს და თურქეთი სტრატეგიულ მეგობრად. არადა, საბჭოთა პერიოდში ქართველებისნაირად რუსებს არავინ უძვრებოდა (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის). იმდენი ტვინი არ გვეყო, რომ სიყვარული-არსიყვარულის მიუხედავად ნორმალური და ღირსეული ურთიერთობა გვქონოდა ჩრდილოელ მეზობელთან. ვაი, უჭკუობისგან გვჭირს. უმადურობის გამოც ვისჯებით, უტვინობის გამოც და სრულიად უსაფუძვლოდ გადაჭარბებული თვითშეფასებგამოც. ეგ კი არა, ზოგს დღესაც სჯერა, რომ რუსეთს ვაჯობეტ 2008 წელს.

  3. 25-წლიანი უმეცრებისა და ურა-პატრიოტიზმის ტყვეობაში ყოფნის შემდეგ, რაოდენ სასიამოვნოა რეალისტური აზრის გაცნობა!
    იმედია, სტატიის ავტორის აზრსა და პოზიციას ჯეროვნად შეაფასებს მკითხველი, გასაკუთრებით ახალგაზრდა.ეს მათ სჭირდებათ საღი გონებით შეაფასონ ჩვენი ქვეყნისა და ერის უახლესი ისტორია, რათა არ დაიკარგონ ხელოვნური გლობალიზაციის ბურუსში და გაიყვანონ ერი, ქვეყანა და თავის თავი მართლმადიდებლურ სამშვიდობოზე.

  4. ღმერთო შენ დაგვიფარე! რა ბოდვა არის ეს? ჩასწორების გაკეთების სურვილიც არ მაქვს, ამდენი მარაზმი რამ მოგიყვანა თავში სტატიის ავტორო, ზურაბ ცუცქირიძევ? თქვენც ხომ კარგად ხვდებით, რომ გაქანებულ პროპაგანდისტი "ბრძანდებით"? აი ამაზე იტყვიან კახელები:- "რას მიაც-მოაცომო?"

  5. შენ გაიხარე ბატონო ზურაბ. ისე ალექსი შენ კი ხარ ცოდვა, მაგრამ ღმერთი იყოს შენი გამომღვიძებელი.

  6. ეს სტატია უნდა გაეკრას ყოველ ხეზე და ბოძზე.100 დან 2 ქართველს მაინც თუ ჩააფიქრებს,ესეც დიდი მიღწევა იქნება.ბევრი რამ იქნებ არც გვესიამოვნოს,მაგრამ სიმართლეს ვერსად ვერ გავექცევით.უამრავი ბავშვი უკვე აღარდადის სკოლაში და ეს სადამდეც მიგვიყვანს დიდი სამკითხაო არ არის.ისიც კი ვერ მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა ეს მიღწევები,თუნდაც გათბობის სისტემა.რამდენიმე კაცისთვისრომ ხელფასი გადაგვეხადა, თანხებიც დაგვეზოგებოდა და ყველა თბილად ვიქნებოდით.რა თქმა უნდა უნაკლო არ იყო ეს სისტემა,მაგრამ კი არ უნდა გაგვენადგურებინა უნდა გაგვეუმჯობესებინა.ეხლა კი ყველა საკუთარ ჯიბის გასუქებაზე ფიქრობს და საქართველო აღარავის ედარდება.

  7. ამ ალექსიმ აქაც შემოაღწია?
    ყველაფერი ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით არის დაწერილი… ალექს ნაცებს თქვენი ისტორია გაქვთ, რომელიც 2003 წლიდან იწყება და სირცხვილი და უბედურება მოუტანა ერს….

  8. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. უბრწყინვალესად ჩამოაყალიბეთ სიმართლე. სამაწაუხაროა რომ ამ ინფორმაციას ვერ გაეცნობა ყველა ქართველი ადამიანი.ჩემი ნება რომ იყოს ტელევიზიაში გადაცემის- 100 გრადუსის ნაცვლად ამ სტატიას განვიხილავდი ,რომ დაფიქრდეს ჩვენი ხალხი და სწორად გააკეთოს არჩევანი ბოლოსდაბოლოს. ამ ეტაპზე რა არის, და ვინ არის ჩვენთვის მისაღები, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად

  9. ტკვენ გაიხარეტ ასეტი სტატიის დაწერისატვის.სიმარტლე ,ტუნდაც ეს მტერს ეხებოდეს ,მაინც სიმარტლეა და ამის აგიარებას ვაჯკაცობა უნდა. გვერდიტ მეზობელი,რაც არ უნდა ცუდი იყოს,ვალდებული ხარ გამონახო საურტიერტობო ენა.ცჰკვიანი ხელისუპალი,სამსჰობლოს მოყვარული ,აუცილებლად გამონახავს გზას.დგეს კი ეს სჰეგნებულად არ ხდება.სიმარტლეს ტვალი უნდა გაუსწორო,რაც არ უნდა მდზიმე იყოს.

  10. ცოტა ტენდეციური და ცალმხრივად გაშუქებული სტატიაა. რაც შეეხება ფაქტებს, მათი დიდი ნაწილი სიმართლეა, ოღონდ უნდა იტქვას, რომ ფაქტებიც ტენდეციურადაა წარმოჩენილი.
    -რა თქმა უნდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას უამრავი დადებითი, ასევე უარყოფითიც ჰქონდა. ძალიან საინტერესო წერილი აქვს ამ თემაზე მერაბ კოსტავას.თუ ვინმეს უნდა, ცოტა ღრმად ერკვეოდეს ამ საკითხებში, მერაბის ეს წერილიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს.
    -არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება პარტახის მეტს არაფერ მოუტანდა, და პატრიოტების ქურქში შემალულებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქართველთა და რუსთა შორის მტრობა და უნდობლობა ჩამოეგდოთ. ამ თავიანთი ქმედებით ისინი თავიანთ ვერაგულ ზრახვებს ახორციელებენ და შედეგიც დღესდღეობით სახეზეა!
    -საქართველოს მტრებს (პტრიოტის ქურქში გახვეულებს), და მათ ბრმა და უტვინო მხარდამჭერებს ვთხოვ ნუ ასისინდებიან! ერეკლე მეორის აზროვნების დონემდე ვერ მოხვალთ!

  11. გელათის აკადემია — დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.
    ახლა პატიოსანმა კაცმა გულზე ხელი დაიდოს და ღვთის წინაშე დაიფიცოს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დახმარების გარეშე შესაძლებელი ყოფილა.

  12. ავტორი მართალია! რომ არა რუსეთი ( რა ტქმა უნდა თავისი იმპერიული ზრახვები ჰქონდა) დღეს არც ის აკადემია ეხსომებოდა არავის და არც ქართული ენა! ზუსტად ისე ვილაპარაკებდით, როგორც დღეს მეტყველებენ ჩვენებურები ფერეიდანსა თუ თურქეთში! აღმოსავლეთი საქართველო იქნებოდა სპარსეთის, დასავლეთი კი ოსმალეთის! ახლა ნუ დამიწყებთ ურა პატრიოტიზმზე აგებულ ჭკუის სწავლებას!!

  13. მაგათი მონობის დროს 300 კაცზე ნაკლებ ქორწილს არ იხდიდნენ -ხოლმე ბიჭები,რომ ინიშნებოდნენ და საქორწინო მოგზაურობაში მოსკოვში ან ლენინგრადში მიდიოდნენ და საუკეთესო ნავაჭრით ბრუნდებოდნენ (ნებისმიერი გლეხის ოჯახს შეეძლო მაშინ თორემ "ნაცები" უფრო შორს და უფრო კარგად დადიან და ვაჭრობენ.უგულავამ საზღვარგარეთ გაიყვანა ცოლი ფორმების შესაცვლელად და ალბათ ეს დრო ურჩევნია) რაც ამერიკული თავისუფლება მოვიპოვეთ ბიჭებს კალიცო ვერ უყიდიათ ,რომ ცოლი მოიყვანონ და სულ გალოთდა ახალგაზრდობააა!!!!!!!!!!!!!სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ ,როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის!!!!!!!!!1

  14. ეს გაზეთი არის ანტიქართული და არაფერი აქვს საერთო საქართველოს ნამდვილს ისტორიასთან….ქარტველებო ვინც ამ გაზეტს ემსახურებით,იფიქრეთ რომ ძაან ცუდ საქმეს აკეტებთ…ან შეგნებუყლად ან მიზანდასახულად.თუ არ იცით საქართველოს ისტორია წაიკითხეთ და მერე სიმართლე დაწერეთ…იმედია ამ ჩემს კომენტარს გამოაქვეყნაბთ.

  15. ძალიან საინტერესო, დამაFიქრებელი და დროული წერილია, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ყველაზე კარგად ვცხოვრობდით, რას გვიშავებდნენ რუსები, რას ვერ ვაკეთებდით, სადაც გვინდოდა იქ ვსწავლობდით, თუ რამ უკუღმართი ხდებოდა, ამას მხოლოდ ქართველები აკეთებდნენ. იყიდებოდა სახელმშიფო ბინები, ინსტიტუტში უფულოდ ვერ მოეწყობოდი, ვინმე თუ არ გყავდა სამსახურს ვერ იშოვნიდი და ასეთს რამდენიც გინდა, ყველაფერს ქართველები აკეთებდნენ. რუსებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ვმეგობრობდით და ვმეზობლობდით. ყოველ წელს დასასვენებლად დავდიოდი, ახლა სიზმარშიდაც ვერ ვხედავ გაგრას და განთიადს.ყველაფერს ვერ მოვყვები. ისტორია ძალიან კარგად ვიცი და ისიც ვიცი რა როგორ იყო.რა მოვიგეთ, ამას კი ვერ ვხედავ…

  16. ეს სტატია ცოტა დიდი ხნის წინ უნდა გამოქვეყნებულიყო. რომელი გრძნობდით რუსების მონად თავს? ხელფასი თავის დროზე გვქონდა, განათლება უფასო, იქით გვიხდიდნენ სტიპენდიას. ექიმი და სამედიცინო მომსახურება უფასო. პენსიით ოჯახებს ინახავდნენ, უმუშევარი ვინ დადიოდა? ვინ გაბედავდა ლოთობას და უსაქმურობას? ბინებს უფასოდ (მართალია რიგში დგომა გვიწევდა) გვაძლევდნენ და რომელი ერთი ჩამოვთვალო? ახლა თითი დაადეთ იმ სიკეთეებიდან რომელი გვაქვს? მაშინ ჩაისაც კარგს ვსვავდით და ბირჯომსაც. დღეს ყველაფერი ფალსიფიცირებულია. ვინ წააგო, ვინ მოიგო- ნათლად ჩანს. ღმერთმა ქნას ნათელი მომავალი მისცეს საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ მართლა, უმადურობას ღმერთი დიდი ხანია არ გვპატიებს.

  17. ამ ბოლო დროს ხშირად ისმის – "ეჰ, ჰეტა იმ დროს!…" ან "მაშინ მაგარი დრო ყოფილა და არ ვაფასებდით…"და ამისთანები.
    ძალიან გაოცებული ვარ! არა მგონია ჩემზე უკეთესად ახსოვდეს ვინმეს "ის" დრო, რომელიც პრინციპში, პირადად ჩემთვის ცუდი არ ყოფილა, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და უკან აღარ გაგვახედა!
    ყველაზე მეტად მიკვირს იმ ახალგაზრდების, რომლებიც სსრკ-ს
    პერიოდში ან ძალიან პატარები იყვნენ, ან ჯერ არც იყვნენ მოვლენილი. გადმოცემების მიხედვით შენატრიან რაღაცას და სიბნელეში დაბრუნებას ნატრობენ. პმ-ზე მივიღე წერილები, რა ცხოვრებას მოესწარით უფროსი თაობა და ჩვენ რა გვეშველებაო!
    მოდი, ერთად გავიხსენოთ "იმ ცხოვრებისა" და "ამ ცხოვრების"
    ავკარგი. ცოტა იუმორიც არ გვაწყენს, თორემ ასე დაძაბულ სიტუაციაში ერთმანეთს შევჭამთ!
    ჩემი შვილებისთვის დღემდე გაუგებარია, რატომ ვეზიდებიდით
    80-იან წლებში მოსკოვიდან კარაქს, დაკონსერვებულ ხორცს, "სგუშჩონკას", კანფეტებს და სხვადასხვა კონსერვებს,
    ფეხსაცმელს, ტანსაცმელს…რვეულებს, ფანქრებს…
    რატომ ასწავლიდნენ სკოლასა და უმაღლესებში ყრილობის მასალებს, ბრეჟნევის მოხსენებებს, რატომ იყო აკრძალული ეკლესიაში სანთლის ანთება?!
    ერთს ვიტყვი – ეს იყო ბნელი და საზიზღარი წყობა, ფართე შარაგზა საყოველთაო გარუსებისაკენ!

    გავიხსენოთ და დავანახოთ ახალგაზრდებს სსრკ თავისი მოჩვენებითი დიდებულებით!

  18. არცერთ ქვეყანაში არ არის საკუთარი ქვეყნისა ხალხის მტერი მთავრობა იმ ასკექტში წარმოდგენილი, როგორც ეს ჩვენთან ხდება, იგივე ბორჯომს, ბოთლს დოლარად ვყიდულობთ, როცა კადაფი ბენზინს ათ ცენტად ყიდდა. ეგ კაცი დიქტატორი იყო დედა ტერეზა. სანამ პარლამენტარების უნდობლობის (რა თქმა უნდა, საქციელზე )და გამოთხოვის და გადარჩევის პრაქტიკა არ დამკვიდრდება, არაფერი არ გვეშველება. არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის. მღრღნელები მრავლდებიან მხოლოდ!!!

  19. შესანიშნავი წერილია. მე სწორედ მე–17–19 საუკუნის დოკუმენტებზე ვმუშაობ და ეს ყველაფერი ნათლად ჩანს იქ. კიდევ კარგი, რომ კიდევ არიან ქვეყანაში მოაზროვნე ადამიანები. დიდი მადლობა.

  20. სულ ქართული სპორტი, მეცნიერება; და ა.შ. იყო მსოფლიოსთვის ცნობილი ავტორო ხოიცი ??? 🙂 სსრკ ხომარა? მასეთი აზროვნების გამო ამოძვრება მონობაში ერს სული ზუსტად.

  21. ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა სიმდიდრის გამო არ სურდა და სურს.. მთავარი აქ თავისუფალი საქართველოა სიმდიდრე
    ის რომ ქართველებს დამოუკიდებლობა ფულის გამო სურს არის ერის შეურაცხყოფა. ფულს რომ ირჩევდეს ქართველი თავისუფლების სანაცვლოდ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა გაცილებით ბარაქიანია და ეს ყველამ იცის.. აზროვნებაში უჭირს ამის დამწერს

  22. მაგარი ტენდენციური სტატიაა რა ვქნათ ეხლა? რუსებს ხოხვით ვთხოვოთ პატიებაა რატომ არ არის აქ ყურადღება გამახვილებული იმაზე რუსები ქართულ ენას ძაღლის ენად რატომ მოიხსენიებდნენ რატომ გვღალატობდა რუსები ყოველ კრიტიკულ მომენტში ანდაც რატომ ჩვედა დაუკითხავად გაასხვისა ჩვენი მიწები?

  23. ვაიმე, გული გამისკდა, რამდენი იწონებს ამ სტატიას, ცუდადაა ჩვენი საქმე და ყოველთვის ცუდად იყო, ყოველთვის სხვა სახელმწიფოებს შევტიროდით და ერთმანეთში შუღლი და ქიშპი გვქონდა, ყველა სახელმწიფოს და მათ შორის თქვენს ძვირფას რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს და სხვას კი არ უნდა მივტიროდეთ დახმარებისათვის და ვემადლიერებოდეთ, ქართველებმა ერთმანეთის გატანა და სიყვარული უნდა ვისწავლოთ ჯერ. მაგრამ უმეტესობა იმ პერიოდს მიიჩნევს კარგ დროდ, როცა ტვითონ იყო კარგად, რამდენიმე დღის წინ ერთი მიმტკიცებდა, შევარდნაზი დრო იყო ყველაზე მაგარი, კარგი “ლევი” შემოსავალი მქონდაო. რაო, ბატონო ზურაბ, მოგენატრატ მივლინებები მოსკოვში? გულის ამრევია ეს სტატია მისი ავტორითურთ. სულ მცირე, ა.ყაზბეგის წიგნები გადაიკითხეთ მაინც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here