Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ უნდა შაშკინის ჩადენილი დარღვევის გამოსწორება მარგველაშვილს და რატომ მართავს განათლების...

რატომ არ უნდა შაშკინის ჩადენილი დარღვევის გამოსწორება მარგველაშვილს და რატომ მართავს განათლების სამინისტროს შაშკინის მეთოდებით?

891

თვეზე მეტია, რაც განათლების რამდენიმე საკითხზე ვმუშაობ. რა არ ვცადე, რა ხერხი და ღონე არ ვიხმარე, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ განათლების სამინისტროსთან ელემენტალური კომუნიკაციაც კი ვერ მოვახერხე. განათლების სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან ტელეფონით დაკავშირებაც კი შეუძლებელია. როგორც წესი, არავის სცალია (მინისტრის ერთ მოადგილეს ტელეფონი «ქრონიკულად» გათიშული აქვს) და, თუ მე, ჟურნალისტმა, ჩემი ჟურნალისტური ჩვევებისა და კონტაქტების მეშვეობით ვერ შევძელი სამინისტროს წინ ჩამოფარებული რკინის ფარდის მიღმა შეხედვა, როგორ შეძლებს ამას ჩვეულებრივი მოქალაქე?! საინტერესოა, რატომ ემალებიან მინისტრი და მისი მოადგილეები მასწავლებლებს და რატომ არ უნდათ, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენის თაობაზე? _ ამ თემაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა ფიზიკის სასკოლო  სახელმძღვანელოს ავტორი, ქალბატონი ეთერ ბასიაშვილი.

_ ქალბატონო ეთერ, წინა წლებში თქვენი სახელმძღვანელოებით სკოლებში ფიზიკა ისწავლებოდა და რა მოხდა, რატომ ამოიღო განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ნუსხიდან თქვენი წიგნი?  

_ 2012 წელს სამინისტრომ გამოაცხადა სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების კონკურსი, ჩავაბარე ყველა _ VII-XI კლასების ფიზიკის სახელმძღვანელოები (მე-7 კლასში იყო ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია გაერთიანებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესეც უაზრობა იყო, რადგან საქართველოში 2000 მასწავლებელს სად მოძებნი, რომ სამივე საგანი კარგად იცოდეს). მე წლების მანძილზე ფიზიკის სახელმძღვანელოების ავტორი ვარ და ჩემი წიგნით სარგებლობს საქართველოში მრავალი სკოლა, კერძო თუ საჯარო. და, ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წლეულს გრიფი ვერ მივიღე. 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება იყო, რომ სერიებად დაეყოთ ეს წიგნები, ანუ მე-8 და მე-9 ერთი სერიაა. ბრძანებაში იყო ასეთი პუნქტი, თუ ერთ-ერთმა წიგნმა ვერ გადალახა ქულების საჭირო მინიმუმი, მაშინ მეორეც უნდა ჩაიძიროსო. მოხდა ისე, რომ ბარიერი ვერ გადალახა ჩემმა მე-8 კლასის სახელმძღვანელომ, რომელიც წინა კონკურსში იყო გამარჯვებული და ახლა უკვე შესწორებულსა და გადამუშავებულს 1,2 ქულა დააკლდა. მე-11 კლასის სახელმძღვანელოსაც, რომელიც წინა კონკურსში გამარჯვებული იყო, ერთი ქულა არ ეყო. ამიტომ დაიწუნეს მე-9 და მე-10 კლასების სახელმძღვანელოებიც, რომლებსაც მაღალი ქულები ჰქონდა. თავისთავად საეჭვო იყო ეს. შაშკინს ორჯერ მივწერე წერილი, პასუხი მომივიდა, თქვენ ვერ გადალახეთ ქულების მინიმუმიო.

_ ქულების რაოდენობა რატომ დაგიმალეს?

_ არ ვიცი, ამ ბრძოლას დასჭირდა ორი თვე. ორი თვის მერე კი სასამართლოში საჩივრის შეტანის ვადაც გასული იყო, თუმცა მაინც არ შევიტანდი, რადგან აზრი არ ჰქონდა მაშინდელ სასამართლოში დავას.

ქულების მაქსიმალური რაოდენობა იყო 111, ანუ 37 კრიტერიუმის მიხედვით ხდებოდა შეფასება და ყველა მაღალი ქულის მიმღებს 111 ქულა უნდა მინიჭებოდა. ხოლო ქულების მინიმუმი, რომელიც სახელმძღვანელომ უნდა გადალახოს, დაახლოებით 100 ქულა გამოდის. გამოვიდა, რომ 100 ქულას გადააჭარბა მე-9 კლასის სახელმძღვანელომ, მე-10, მე-8 და მე-11 კლასებისას კი დააკლდა ერთ მთელზე ცოტა მეტი ქულა. თავისთავად უკვე ეჭვს იწვევს ეს ფაქტი. შემდეგ ექსპერტების ანალიტიკური შეფასებები მომცეს. ელემენტალური წერა-კითხვის მცოდნეც კი მიხვდება, რა სასაცილო შეცდომებია. ეს არ იყო ექსპერტის ნაწერი. როგორ შეიძლება ექსპერტმა მეცნიერულ დონეში, ყველაფერში დაწეროს უმაღლესი შეფასება და დაშვებული კორექტურული შეცდომების გამო, ანუ «თ»-ს ნაცვლად, რომ «ტ» არის, ამაში დაწეროს ნული ქულა. ეს ხომ წარმოუდგენელია?! თანაც, როდესაც ექსპერტებიდან მოდის შედეგები, რაც უნდა მაღალი ქულები მიიღოს წიგნმა, შენიშვნები აუცილებლად არის; ამას ვითვალისწინებთ, ვასწორებთ და შემდეგ მიდის სტამბაში. 4 ექსპერტი წერს 3, 3, 3, ანუ უმაღლეს შეფასებას და ვიღაც ნულს, ერთს, ე.ი. აშკარად ეტყობოდა, რომ ეს იყო უკვე სამინისტროში გადასწორებული, მოვიდა მაღალი ქულები და იმათ გადააკეთეს.

_ გამოდის, კანონდარღვევით გადააკეთეს

_ დიახ, შაშკინთან არაფერი გამოვიდა. მოვიდა ახალი მინისტრი, მითხრეს აუცილებლად მივხედავთ ამ საქმესო, იმიტომ, რომ ყველამ იცოდა ყველაფერი, იცოდნენ, რომ მაღალი ქულები მქონდა და იქ გადაკეთდა, მაგრამ არაფერი გამოასწორეს.

_ შემდეგ ვის მიმართეთ და რა მოიმოქმედეთ?

_ განათლების ყველა მინისტრს. მივმართე დეკანოიძის პირველმა მოადგილემ გვითხრა, ამას აუცილებლად მოვაგვარებთო. ჩემმა მეუღლემ უთხრა: სხვათა შორის, იმხელა კედელი დაგხვდებათ, ვერ მოაგვარებთო და ასეც მოხდა. ამ საკითხის მოგვარება უკვე დაგვიანებულიაო, გვითხრეს ბოლოს. შემდეგ მერაბიშვილსაც მივმართე (პრემიერი რომ გახდა), თუმცა არსაიდან პასუხი არ იყო. 29 ოქტომბერს განათლების ახალი მინისტრი რომ დაინიშნა, შევიტანეთ განცხადება. ჩაგვესახა იმედი და სხვათა შორის, გაამართლა კიდეც, ოღონდ შემდეგ მოხდა რაღაც… დავწერე განცხადება, ყველაფერი მოვახსენე მარგველაშვილს, ვთხოვე, გაერკვია, რა მოხდა და შეხვედრაც ვითხოვე, მაგრამ დღემდე ეს შეხვედრა არ შედგა. რამდენიმეჯერ მივმართე წერილობით, ბოლოს ერთი წერილი დაიკარგა კიდეც(!), კვლავ ვთხოვე მარგველაშვილს, შემხვედროდა, ამ წერილს აუცილებლად მივიტანთ, მაგიდაზე ედება მინისტრს 5 წუთშიო, მიპასუხეს, მაგრამ შეხვედრა არ მოხერხდა.

_ რატომ?

_ არ ვიცი, პასუხი არ არის, არც უარყოფითი, არც დადებითი. როგორც ეტყობა, 29 ოქტომბერს დაწერილი წერილი სამინისტრომ განიხილა და გადაუგზავნა პროკურატურას. ჩათვალეს, როგორც ჩანს, რომ მასში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. აღმოჩნდა, დაკარგული ყოფილა მთელი დოკუმენტაცია. სამინისტროში გრიფირების სამმართველოს უფროსი იყო ვინმე ყიფიანი, რომელმაც დატოვა სამსახური და მასთან ერთად გაქრა დოკუმენტაციაც. ასე რომ, საბუთები აღარ არსებობს. სათვალთვალო კამერებიდანაც კი წაშლილია ინფორმაცია. ყველაფერი განადგურებულია, მაგრამ არიან ექსპერტები, რომლებიც ცოცხლები არიან და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. შევხვდი გამომძიებელს, რომელმაც მითხრა, რომ ჯერ უნდა დაეზუსტებინა რაღაცები, მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და დღემდე არაფერი დაძრულა ადგილიდან. გამომძიებელმა ისიც მითხრა, რომ ეს არის ადმინისტრაციული საკითხიო, მე 250 საქმე მაქვსო და ამისთვის როდის მოვიცლი, არ ვიციო. თუ დადგინდა, რომ ნამდვილად მაღალი ქულა ეკუთვნოდა ჩემს წიგნს, მაშინ, თუ სამინისტროს კეთილი ნება იქნა, მასვე შეუძლია გამოასწოროს ეს დანაშაული.

_ სხვა წიგნებიც ამავე მეთოდით დაიწუნეს? გაქვთ თუ არა კონტაქტი სხვა დაწუნებული წიგნების ავტორებთან?

_ ადვოკატი რომ ავიყვანე, მოითხოვა ექსპერტების ვინაობა და სამინისტრომაც მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. ექსპერტებმა თქვეს, რომ 100 ქულა არავის დაუწერია, ყველაზე დაბალი ქულა არის 104, მაგრამ საბოლოოდ 111-ია დაწერილი, დოკუმენტებიც მაქვს. ერთხელ გამომცემლების შეკრება იყო სამინისტროში, რომელსაც ჩემი მეუღლეც ესწრებოდა (ჩემი მეუღლეც გამომცემელია) და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებულიამ ასეთი რამ თქვა: ბასიაშვილს პრობლემა არ აქვსო (სხვები ჩიოდნენ 95 ქულა გვაქვსო). ეს ყველაფერი გაირკვა, პროკურატურამაც იცის, რომ მართალი ვარ და სამინისტრომაც. იმ ბატონმა ლევანმა გამოაცხადა, აი, ბასიაშვილის ნამდვილი ქულებიო და ეკრანზე დაიწერა ეს ქულები. ვისი გაყვანაც უნდოდათ, გაჰყავდათ. მე «ნაციონალების» დროს ამასაც ვერ დავადგენდი. ღვთის მადლით, ახლა გაირკვა ყველაფერი, მაგრამ გამოვიდა კიდევ უარესი; შეჩვეული მაინც ვიყავი მაშინ იმ ამბავს, ახლა კი ყველაფერი გავარკვიე, დოკუმენტებიც მაქვს, მაგრამ რა მერე? ჰოდა, როდის მიენიჭება გრიფიო, ჰკითხმა ჩემმა მეუღლემ, აპრილის დასაწყისში გრიფის მინიჭებაზე ბრძანება უკვე იქნებაო, უპასუხა ბატონმა ლევანმა, მაგრამ… ვითომ გამოასწორა ახალმა მთავრობამ იმათი დანაშაული, მაგრამ მოხდა კიდევ უარესი _ გაჩერდა ყველაფერი. ამის შემდეგ პასუხი არ არის, იმიტომ, რომ თურმე გამოძიება მიდის ამ საქმეზე.

_ რის გამოა საქმე ჯერაც დაუმთავრებელი? ვის შეეძლო წიგნის ჩაგდება და შემდეგ საქმის გაჭიანურება?

_ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არის ჩადენილი და კანონიერად სასამართლომ უნდა ამინაზღაუროს ის დანაკლისი, რომელიც სამინისტროს მიზეზით მომადგა. ვის შეეძლო წიგნის ჩაგდება, ვინ იყო დაინტერესებული ამით? იცით, რომ შაშკინმა პრივილეგირებული გახადა რამდენიმე გამომცემლობა და ამ გამომცემლობებისთვის, რომელთაც ჰქონდათ ფიზიკა, ცხადია, ბასიაშვილის მოშორება ცუდი არ იქნებოდა მათთვის. თანაც ეს იყო წელი, როცა ყველა წიგნი იცვლებოდა. თქვეს, მოდით, ახლა მოვაშოროთ ეს ბასიაშვილი და ჩაჯდება იმ გამომცემლობების ფიზიკის სახელმძღვანელოებიო.  გაიმარჯვეს ყველაფერში და უნდოდათ ფიზიკა მთლიანად მათი ყოფილიყო. სულ 3 ავტორია (ხელს არავის ვადებ). ლოგიკურად არ შეიძლება, რომ ამის გამკეთებელი ყოფილიყო ინგლისურის ან მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი. ეს არის იმ გამომცემლობის გაკეთებული, რომლის კონკურენტიც მე ვიყავი. როცა იმ შეკრებაზე ითქვა, ბასიაშვილმა გაიმარჯვა და გრიფი უნდა მივანიჭოთ ორ-სამ დღეშიო, ყველა გამომცემელი იქ იჯდა და, რა თქმა უნდა, ზომებიც მიიღეს. სამინისტროს პრივილეგირებულ გამომცემლობებს, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ და არ გამოვრიცხავ, რომ ფინანსური დაინტერესებაც არსებობდა შაშკინის სამინისტროს პირობებში. ახლა კი შეაჩერეს საკითხის შესწავლისა და ძიების პროცესი. ვინ გააჩერა ეს პროცესი? ისევ თვითონ აჩერებენ. ყველა ძველი კადრი დღესაც იქ მუშაობს და შესანიშნავად გრძნობს თავს.

_ კი მაგრამ, მარგველაშვილმა ეს ყველაფერი არ იცის?

_ მარგველაშვილს ჰქონდა ქარელის პედაგოგებთან შეხვედრა და იქ  მიმართეს მასწავლებლებმა, _ ბასიაშვილის წიგნი გაქრა, რა ხდებაო. ასეა თუ ისე, მინისტრი საქმის კურსშია. როგორ შეიძლება ამდენი წერილი დაიწეროს და საქმის კურში არ იყოს. უბრალოდ, ზედმეტად უჯერებს, ალბათ, ძველ კადრებს ან ძალები არ ჰყოფნის მათთან დასაპირისპირებლად.

_ რა ხდება, ესენიც «ნაციონალებივით» იქცევიან?

_ ვფიქრობ, მოლაპარაკებული არიან, რომ როგორმე ,,გადაგორდეს» ეს სექტემბერი, დაიწყოს სწავლა, სხვების წიგნები შევა სკოლებში და მერე აღარ ექნება მნიშვნელობა, მიენიჭება გრიფი ჩემს სახელმძღვანელოს თუ არა. აბა, რით უნდა აიხსნას ის, რომ დროის გაყვანაზე არიან გადასული?! სიტყვით ყველა მეუბნება, რომ მართალი ვარ, მაგრამ არც არავინ სწავლობს ამ საკითხს და არც საბუთს მაძლევენ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ჩემი უფლებები იყო დარღვეული. როგორ ჩანს, შარშანწინ ვიღაცას მეტი ფული მოუნდა, ვიდრე ეკუთვნოდა, სამინისტროშიც ნახა დამხმარე და ამას გადააყოლეს ჩემი და ბავშვების ინტერესები. სამინისტროს ექსპერტებმა უნდა გვითხრან, რამდენი ქულა მიიღეს სხვა წიგნებმა. გასაგებია, რომ ჩემი წიგნი დაიწუნეს, მაგრამ რა პარამეტრების მიხედვით და რამდენი ქულით მოიწონეს სხვა წიგნები? მაინტერესებს, იმ გამარჯვებულებმა დააგროვეს 100 ქულა? საინტერესოა ექსპერტების შეფასებები. თუ ოდესმე პროკურატურამ დაიწყო ამ საქმის შესწავლა, ამ ექსპერტების დაკითხვასაც მოვითხოვ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ დაკავშირება განათლების სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, მარგველაშვილი განათლების სისტემას მარტო შაშკინის კადრებით კი არა, შაშკინისავე მეთოდებით მართავს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. რამდენი საქმეა ჩაოხრებული! ნეტავ როდის გვეშველება, განათლებას, ხომ არ ეღირსა ისეთი მინისტრი, რომელიც განვითარების ყველა საფეხური გაიარა პედაგოგობიდან მინისტრობამდე -ამიტომააცაა, რომ რას ისწავლის და როგორ ისწავლის ბავსვი არ აინტერესებტ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here