Home რუბრიკები საზოგადოება მურმან კვარაცხელია: თუ ასე გაგრძელდა, 150 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილი ქუჩაში გამოვა და...

მურმან კვარაცხელია: თუ ასე გაგრძელდა, 150 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილი ქუჩაში გამოვა და ეს ვულკანის ამოხეთქვის ტოლფასი იქნება წინასაარჩევნოდ!

უცნაურია, რომ მმართველი გუნდის ყურადღების მიღმა რჩება ის ცხელი წერტილი, რომლიდანაც დღეს თუ არა ხვალ ვულკანი ამოხეთქავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვნებათაღელვა პიკს უახლოვდება. ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკების დეტალები რატომღაც არ გახმაურებულა. «საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ინტერვიუს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, ფრაქცია «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარესთან _ მურმან კვარაცხელიასთან.

_ როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მაშინვე ჩავდექი მის იდეოლოგიურ მხარდამჭერთა რიგებში. ამდენად, არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ არჩევნებში «ქართული ოცნების» გამარჯვებისთანავე ფრაქციის შექმნის იდეით გამოვედი და 2013 წლის მაისში ჩამოვაყალიბე კიდეც ფრაქცია «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო». ამის შემდეგ მეტად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ერთ-ერთმა დეპუტატმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, განცხადებით  დამიდასტურა ფრაქციის წევრობა, სამი დღის შემდეგ კი მივიღე პასუხი, რომ  თურმე ის აღარ აპირებდა ფრაქციის წევრობას. როგორც გაირკვა, მას პრეზიდენტის დაცვის წევრი მიუგზავნეს და აიძულეს, უარი ეთქვა ფრაქციაში გაწევრიანებაზე. მის მაგივრად ფრაქციის წევრობაზე დათანხმდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი გასვიანი. ფრაქციაში ჩემსა და გასვიანის გარდა შედიან ადა მარშანია, ჯემალ საჯაია და როსტომ შამუგია.

_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ვინ ებრძოდა «ქართული ოცნების» ფრაქციის ჩამოყალიბებას

_ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მისი მომხრე დეპუტატები. 2013 წლის მაისიდან წავიდა განსაკუთრებით მძიმე ზეწოლა ჩვენს ფრაქციაზე. აკაკი გასვიანის  ფრაქციაში გაწევრიანების შემდეგ, მას თავად ყოლბაიამ გამოუგზავნა წარმომადგენელი  და ფრაქციიდან გამოსვლის სანაცვლოდ მოადგილეობა შესთავაზა. ეს იყო სრული ნონსენსი, ვინაიდან კონსტიტუციაში არ გვიწერია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს (მითუმეტეს მოვალეობის შემსრულებელს) შეიძლება მოადგილე ჰყავდეს. ამისთვის ყოლბაიას ჯერ რეფორმა უნდა ჩაეტარებინა და კიდევ ერთი დეპუტატისთვის შეეჩერებინა უფლებამოსილება. ამ დროს ვახტანგ ყოლბაიამ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გასვლისთანავე შეიჩერა დეპუტატის უფლებამოსილება და დავრჩით 24 დეპუტატი. გასვიანი მოადგილედ რომ დაენიშნა, მისთვისაც უნდა შეგვეჩერებინა უფლებამოსილება და დავრჩებოდით 23. გამოდიოდა, რომ ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შლიდა?! აქ ყველაზე მთავარია ის, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში «ქართული ოცნება» არის უმცირესობაში. ვერანაირად რომ ვერ მოერივნენ ჩვენს ახლადჩამოყალიბებულ ფრაქციას, მის საპირწონედ გააერთიანეს დარჩენილი სამი ფრაქცია და დაარქვეს «ქართული ოცნება _ ერთიანი საქართველო». როგორც ჩემთვის ცნობილია, «ერთიანი საქართველო» ბურჯანაძის პარტიის სახელწოდებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიგნით შექმნეს კოალიცია. ეს მეორე ნონსენსია, იმიტომ, რომ ეს არც კონსტიტუციაში გვიწერია  და არც რეგლამენტში.  თავის დროზე წინასაარჩევნო  კოალიციაში ნინო ბურჯანაძის პარტია  არ შესულა. არჩევნების შემდეგ ეს კოალიაცია დაიშალა და ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხომ ყოველგვარ კოალიციაზე ლაპარკიც ზედმეტია. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კი სწორედ ასეთ წარმონაქმნს უპყრია უმრავლესობა. არ ვიცი, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისას როგორ წარმოუდგენია ასეთი კონგლომერატის არსებობა საქართველოს მმართველ პარტიას. თორემ მე გადასარევად ვაცნობიერებ, რომ ესაა შირმა, რათა «ქართული ოცნება» გამოეყენებინათ თავიანთი მიზნებისთვის.  როგორ შეიძლება ფრაქცია «ქართული ოცნების» საპირწონედ შექმნა ფრაქციათა გაერთიანება «ქართული ოცნება _ ერთიანი საქართველო (ბურჯანაძე)», როდესაც ორივე ამ პარტიას კონკურენტი საპრეზიდენტო კანდიდატები ჰყავს წარმოდგენილი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევენებში. 

_ ბატონო მურმან, როგორც ვიცი, თავის დროზე სწორედ თქვენ დაუჭირეთ მხარი ვახტანგ ყოლბაიას ამ პოსტზე არჩევას

_ დიახ და აგიხსნით რატომაც. აფხაზეთის წინა მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, როდესაც შვებულებაში ანდა საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფებოდა, მოვალეობის შემსრულებლად ტოვებდა ფინანსთა მინისტრს. ასე რომ, ბარამიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სრულიად ლოგიკური იყო დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფინანსთა მინისტრის _ თამაზ კვარაცხელიას დარჩენა. მერე, ვისაც სურვილი ექნებოდა, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე  გამხდარიყო, იგი სათანადო კანონიერი პროცედურების გავლით  დაიკავებდა ამ ადგილს. ამ შემთხვევაში მოხდა შემდეგი _ როდესაც ეს საკითხი გავიდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე ადგა და გამოაცხადა, რომ რატომ უნდა გადავდოთ ეს საკითხი, აგერ ჩვენი დეპუტატი და ფრაქციის ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, ის გავუშვათ დროებით მოვალეობის  შემსრულებლადო.  თუ რამდენად კანონიერი იყო ეს, ამას სჭირდებოდა კონსტიტუციაში და რეგლამენტში ჩახედვა. მაგრამ იმ მომენტში  ამაში ჩახედული არავინ იყო და ყოლბაიას კანდიდატურის მხარდასაჭერად ყველამ ავწიეთ ხელი, მეც მათ შორის. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რა მოჰყვებოდა ამას. მერე, ჩავიხედეთ კანონში და მივხვდით, რომ ძალიან შევცდით _ საქმე გვქონდა დიდ კანონმდებლობით დარღვევასთან.

_ რას გულისხმობთ?

_ პირველი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ არსებობს მუხლი თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოსტის და საერთოდ ამ  ინსტიტუციის შესახებ. თუ ვინმე ასეთ თანამდებობას დაუშვებს, ეს უნდა იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში ან რეგლამენტში. ვახტანგ ყოლბაია როდესაც ხსენებულ პოსტზე დაინიშნა, იგი პარალელურ რეჟიმში რჩებოდა დეპუტატად და ფრაქციის ხელმძღვანელად. ეს არის სწორედ დიდი კანონდარღვევა. როდესაც ამაზე ხმა ამოვიღეთ, გვითხრეს, ჩვენ ამას გამოვასწორებთო და უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, ანუ რასაც აკეთებდა სააკაშვილი და მისი პარლამენტი (კონსტიტიციის გადაკეთება-გამოდმოკეთება, შეცვლა-მორგება სასურველ კანდიდატებზე), ის გააკეთეს ამჯერადაც.

ამის შემდეგ დაიწყო მეორე ეტაპი: კონსტიტუციაში გვიწერია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა ხდება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა ამას ხელი არ მოაწერა და დაასაბუთა იმით, რომ   იგი არ დაუშვებდა ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივნის დანიშვნას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ.

_ კი მაგრამ, ყოლბაიას მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ფაქტი  სასამართლოში რატომ არ გაასაჩივრეთ?

_ იმ მომენტისთვის მე არ მქონდა ფრაქცია ჩამოყალიბებული. ამასობაში გასაჩივრების ვადა გავიდა. პრეზიდენტის უარის შემდეგ ისევ ჰაერში ჩამოეკიდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის საკითხი. დღეს ვახტანგ ყოლბაია მოვალეობის შემსრულებად ისევ რჩება, მაგრამ არსად არ წერია ვადები, ანუ სანამდე შეუძლია მას ამ პოსტზე დარჩენა. ეს შეიძლება იყოს ორი თვე და შეიძლება იყოს ოცი წელი. მაგრამ, ეს ხომ გამორიცხულია! თუ ასე გაგრძელდა, 150 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილი ქუჩაში გამოვა და ეს ვულკანის ამოხეთქვის ტოლფასი იქნება წინასაარჩევნოდ! ამას გარდა,  ისევ და ისევ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, «საქართველოს ორგანული კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ». ამ კანონის მიხედვით, არ შეიძლება მაღალ პარტიულ თანამდებობაზე დაწინაურდეს ის პირი, რომელიც მუშაობდა რაიკომის მდივნად. ვახტანგ ყოლბაია კი გალის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი გახლდათ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა ყველა საკანონმდებლო აქტმა უნდა გაიაროს და მიიღოს აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანხმობა. თუ ხსენებული დეპარტამენტი ამ თუ იმ საკანონმდებლო აქტს არ მისცემს დადებით შეფასებას (ამისთვის იგი უნდა იყოს შესაბამისობაში მოსული საქართველოს კანონმდებლობასთან, აფხაზეთის კონსტიტუციასთან და ა.შ.), იგი იბლოკება. ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას ვეტო დაადო სწორედ აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა და შესაბამისად, ყოლბაიას მიერ ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი კანონგარეშეა.  ყოლბაიას ამ პოსტზე დარჩენისთვის რომ მიეცათ კანონიერი საფუძველი, უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში გააკეთა საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის ინსპირირება. მათ გადაწყვიტეს, გვერდი აევლოთ იუსტიციის დეპარტამენტისთვის და ყველა ნორმატიული აქტი მიეღო უმაღლეს საბჭოს. მოამზადეს ცვლილება და შეიტანეს პარლამენტში დასამტკიცებლად.  ეს კანონპროექტი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა. თუმცა მეორე დღეს იგი სასწრაფო წესით გაიტანეს პლენარულ სხდომაზე და ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

_ კი მაგრამ, უკანონობის დაკანონებას მისცა ხმა მმართველმა გუნდმა?

_ ვფიქრობ, რომ ისინი კარგად არ იყვნენ ჩახედული პრობლემის არსში. მათ არ იცოდნენ, კონკრეტულად რას აძლევდნენ ხმას ამ პლენარულ სხდომაზე, არ ჰქონდათ გაცნობიერებული მისი პოლიტიკური შედეგი. სამწუხაროდ, სხდომის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გვთხოვა, მხოლოდ სამართლებრივ საკითხზე გვესაუბრა, თორემ მისთვის ეს მდგომარეობა რომ აგვეხსნა, დარწმუნებული ვარ, შედეგი სულ სხვა დადგებოდა.  სავარაუდოდ, არც «ქართული ოცნების» და არც სხვა პარტიების დეპუტატებს თავშიც არ მოსვლიათ ის აზრი, რომ ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი «გაყავდათ» აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, თანაც  წინასაარჩევნოდ.

ესაუბრა

თამარ ნაზღაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here