Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ შათირიშვილი: რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ხელს ვერაფერი შეუშლის

მერაბ შათირიშვილი: რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ხელს ვერაფერი შეუშლის

608

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ ბატონო მერაბ, რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და მიმდინარე სამართლებრივი პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტს საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე. წინა კვირას ეუთომაც მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, დაკავების გამო. ეს ყველაფერი, ალბათ, სამართლიანად გვაფიქრებინებს, რომ ევროპა და ამერიკა ცალსახად მხარს უჭერს სააკაშვილს. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ ამას ხომ არ მივყავართ იქით, რომ «ნაცმოძრაობის» უმაღლესი ეშელონები ხელშეუხებელი დარჩეს და მართლმსაჯულების ჯოხი მხოლოდ შემსრულებლებზე გადატყდეს? არის საუბარი მერაბიშვილის შესაძლო გამოშვებაზეც.

_ ამგვარი შიში საზოგადოებაში სრულიად სამართლიანად ჩნდება. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტიც რომ ავიღოთ, მის განცხადებებში მე ბევრი რამ არ მომეწონა. ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენს კეთილის მოსურნეებს, ამერიკელებს და ევროპელებს, უნდათ, რომ საქართველო მართონ მათი სურვილისამებრ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. კანონი ყველგან უნდა კანონობდეს და სამართლის უზენაესობა ყველამ უნდა დაიცვას. აქ არის ერთი ფაქტორიც: თქვენ თუ დააკვირდებით, ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» მოსვლის შემდეგ დასავლეთის რიტორიკა, ჩვენსა და რუსეთს შორის საერთო ენის გამონახვასთან დაკავშირებით, ძალიან შეიცვალა, ანუ, ადრე თუ გვესმოდა საუბარი ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე, დღეს უკვე პირიქითაა _ ოცდაოთხი საათი გვამუნათებენ, დასავლურ კურსს არ უნდა გადაუხვიოთ და პრორუსულები არ უნდა გახდეთო. ახლა რა გამოდის? მთელი მათი მაშინდელი მითითება და მოწოდებები, რომ პრობლემები მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, მხოლოდ ფასადური პოლიტიკა იყო. სინამდვილეში კი ძირს გვითხრიდნენ ჩვენც და რუსებსაც…

_ კი მაგრამ, რატომ იყვნენ დარწმუნებული, რომ ეს მოწოდებები და ფასადური პოლიტიკა ჩვენი მხრიდან რეალურ ქმედებებში არ გადაიზრდებოდა?

_ მათი ეს რწმენა დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ზუსტად იცოდნენ, სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» ვერასოდეს მოაგვარებდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ამას თვითონ რუსეთის ხელისუფლებაც ღიად აცხადებდა, მაგრამ, როგორც კი მოვიდა ახალი ძალა, რომელმაც სულ სხვა პერსპექტივები გააჩინა, ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დღეს კრემლის მესვეურები არ ამბობენ, რომ საქართველოს არ დაელაპარაკებიან, პირიქით, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ. აი, ესაა დასავლეთისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა და ყველაზე დიდი თავსატეხი.

_ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს?

_ იმ განცხადებებში, რომლებსაც დასავლელი დიპლომატები აკეთებენ _ თითქოს საქართველომ პროდასავლურ კურსს გადაუხვია. რას ნიშნავს ეს პროდასავლური კურსი, მე უკვე, სიმართლე გითხრათ, აღარც მესმის; თუ იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვახსენოთ რუსეთი, ბოდიში, მაგრამ ასე არ გამოვა, ჩვენ მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვერ ვიქნებით. ბავშვიც კი ხვდება დღეს, რომ ამხელა სახელმწიფოსთან ჭიდაობა და ძიძგილი ჩვენთვის სიკეთის მომტანი არ არის. თავის დროზე ევროპაც მიხვდა ამას და მთელი მსოფლიოც. ასე რომ, ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ: საქართველო საჯილდაო ქვა ვერ იქნება, საქართველომ განვითარების საკუთარი გზა უნდა მოძებნოს…

_ ამგვარი პოლიტიკით ევროატლანტიკურ სტრუქტურას დავშორდებით. ამაზე ისინი ღიად და დაუფარავად მიანიშნებენ.

_ ჯერ ერთი, ვინ გიღებს ამ სტრუქტურაში და მეორეც, თუ ჩვენ გვინდა, ევროპულ ოჯახში შევიდეთ, როგორც სრულუფლებიანი ქვეყანა, მაშინ ერთიანი სახელმწიფოებრიობა უნდა გაგაჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა არ არსებობს. ასე რომ, რომელ ევროკავშირზეა საუბარი ან ნატოზე?! სააკაშვილი ასრულებდა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კონკრეტულ დავალებას, რომელსაც თავისი მიზანი ჰქონდა. იმის მეტი მათ აქ არაფერი აინტერესებდათ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ არც ერთხელ დასავლეთიდან მისთვის არ მიუთითებიათ კატეგორიულად, დემოკრატიული გზებით დაარეგულირე ურთიერთობა რუსეთთანო. დარწმუნებული ვარ, მას რომ ეს მითითება ჰქონოდა, ცხრა ტყავში გაძვრებოდა და შეძლებდა, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ყველაფერი პირიქით იყო, ამ კაცს არწმუნებდნენ, რომ სწორად იქცეოდა, სწორ ნაბიჯებს დგამდა და უკან არ უნდა დაეხია.

_ პრინციპში, ივანიშვილსაც იმავეს ეუბნებიან, ამასწინათ რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ამერიკა თქვენთან არისო.

_ გასაგებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს სხვა პრიზმაში ატარებს, მისთვის ამგვარ განცხადებებს არ აქვს წაქეზებისა და წახალისების ეფექტი. ამას უკვე ხედავენ დასავლეთში და, როგორც ჩანს, ნერვები ეშლებათ. ამიტომაა, რომ ახლა ჩვენს შიდა პროცესებზე აკეთებენ აქცენტს; ანუ ისინი იმ პოლიტიკას და კანონმდებლობას ეხებიან, რომელიც თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია, მის სუვერენულ ჩარჩოებშია. იმავე ამერიკის ელჩი რომ ახსენეთ, ფაქტობრივად, ყველგან ფიგურირებს, ყველაფერში მონაწილეობს, თითქოს ის არის ცენტრალური ფიგურა. ეს თავისთავად კითხვებს აჩენს, ბოლოს და ბოლოს ვინ ვართ ჩვენ _ სახელმწიფო თუ კოლონია?!

_ თქვენი აზრით, ის პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი ატარებს დღეს ჩვენთან დაკავშირებით, რეალურად რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

_ თუ ჩვენ აქ კანონიერად ვიქცევით, მათი შეფასებები, ყველა შემთხვევაში, დარჩება შეფასებებად. უბრალოდ, ეს გარკვეულწილად ხელს შეუშლის ჩვენი ევროპული პოლიტიკის წინსვლას, რაც თავისთავად სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ვერავინ და ვერაფერი ამას წინ ვერ აღუდგება, იმიტომ, რომ ესაა ჩვენი, რუსი ხალხის, აფხაზებისა და ოსების ნება; ზოგადად, საერთო სამეზობლო ფორმატია ეს, რაც დიდი უგუნურება იყო, რომ დაირღვა და მტრობა გაჩნდა.

_ ნატოზეც გკითხავთ. თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახალი საყოველთაო გამოკითხვა იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ალიანსში შესვლა?

_ ერთი ასეთი გამოკითხვა სააკაშვილმა ჩაატარა 2008 წელს და მაშინ, გახსოვთ, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა. იმ დროს ყველა ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ არავის დაუყენებია საკითხი, ის რეფერენდუმი რამდენად ობიექტური იყო. ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმური უფლება გვქონდა, დავეჭვებულიყავით. რაც შეეხება ხელახალ გამოკითხვას, მიმაჩნია, რომ ის უნდა ჩატარდეს არა მარტო ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ბევრად უფრო ფართო და მრავლისმომცველ კონტექსტში. კერძოდ, რას ვგულისხმობ, წლების მანძილზე ხალხი არ მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ, თუ მას არ უნდა, რომ წინამორბედივით მოსწყდეს საზოგადოებას, მოსახლეობა უფრო მეტად უნდა ჩართოს გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს შეეხება იგივე საგარეო პოლიტიკური ორიენტირების განსაზღვრასაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის, და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხსაც.

ჩვენ 9 წლის განმავლობაში გვესმოდა, რომ ევროპულ ოჯახს ვეკუთვნით, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რა არის ეს ოჯახი. მერე, საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ თურმე მთლად ჩვენი სახლიც არ ყოფილა ეს ევროპა. მეტიც, ზოგი რამ ისეთებიც აღმოვაჩინეთ მასში, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აი, ზუსტად იმავე გაუგებრობაში რომ არ აღმოვჩნდეთ ახლაც, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ხალხმა უნდა იცოდეს, რას ვირჩევთ და საით მივდივართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დაბნეულობიდან ვერასოდეს გამოვალთ, ვერასოდეს გავხდებით სტაბილური ქვეყანა.

_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება. პოლიტიკური დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. იმის მიუხედავად, რომ «ნაცმოძრაობა», ფაქტობრივად, არანაირ ძალაუფლებას არ ფლობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც არის შიში, რომ სააკაშვილმა ბოლოს შეიძლება სიტუაცია არიოს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს საფრთხე? რას უნდა ველოდოთ?

_ ბუნებრივია, ასეთი შიში იარსებებს. 9 წელი რომ მუდმივი ტერორის ქვეშ იქნები, მერე იქიდან გამოსვლა ძნელია, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს გაზეთს და მინდა, თქვენი მკითხველი დავამშვიდო, _ ეს არის უსაფუძვლო შიში. «ნაციონალურ მოძრაობაზე» აქ ლაპარაკი აღარაა, სააკაშვილის რეჟიმი დასრულდა 1 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, გველეშაპი ბოლომდე ჯერ არ განგმირულა, მაგრამ მისი კუდის მოქნევა უკვე ვერავის ზიანს ვერ მიაყენებს. ეს თვითონაც კარგად იციან. ასე რომ, მთავარი საფრთხე ქართველმა ერმა უკვე გადაიტანა; «ნაცმოძრაობა» პრაქტიკულად დამთავრებულია.

_ არჩევნების თარიღის დასახელება სააკაშვილმა ერთგვარად გაართულა. ჯერ 27 ოქტომბერი გამოცხადდა, შემდეგ _ 31, შემდეგ ისევ _ 27. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს?

_ ამათ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ლოგიკის დანახვას ტყუილად არ უნდა შეეცადო. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რაში სჭირდებოდა სააკაშვილს არჩევნების თარიღის ერთ დღეში სამჯერ შეცვლა. თუ ამით ვადის გახანგრძლივება სურდა, მაშინ თავიდანვე 31 ოქტომბერი უნდა დაესახელებინა, თუმცა არა მგონია, ოთხი დღე რამეს ნიშნავდეს. საერთოდ, სააკაშვილს ჭკუა რომ ჰქონდეს, ვადას კი არ უნდა იხანგრძლივებდეს, პირიქით, უნდა იმოკლებდეს; ვინაიდან ის ახლა რეალურად თავისი პარტიის განადგურებას და მოსპობას ახანგრძლივებს. სააკაშვილი საბოლოოდ აცამტვერებს «ნაცმოძრაობას», შანსს არ უტოვებს მას. ასევე არ უტოვებს შანსს მისი პარტიის წევრებსაც, რომლებსაც მთლად იმდენი დანაშაულიც არ აქვთ ჩადენილი, რომ ხალხმა ვერასოდეს აპატიოს. მან იცის საკუთარი შეცდომები, იცის, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა პოლიტიკაში. ამიტომ სხვებიც უნდა, ჩაიყოლიოს და გემს ძირავს. ჩაძირული გემიდან ვინც გარბის, კარგად იცით თქვენ…

_ ვირთხები. ისე, არის საუბარი იმაზეც, რომ მათი ნაწილი, შესაძლოა, «ქართულ ოცნებაში» შევიდეს.

_ მეც გავიგე ეს და, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ვიფიქრო. გინდა, არ გინდა, შენია და ამ ვირთხებს კარი უნდა გაუღო, მაგრამ მერე იმის შიშში უნდა იყო მუდმივად, რომ არ გამოგხრან…

_ დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი ყოფილი «ნაციონალია» «ქართულ ოცნებაში», რას ფიქრობთ ამაზე?

_ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საფრთხეა ეს კოალიციიოსთვის, მაგრამ იმედი მაქვს, არჩევნები ყველაფერს გაწმენდს. სხვანაირად მუდმივად ნაღმზე ვიქნებით. განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონს ეხება ეს.

_ კერძოდ?

_ ერთ ფაქტს გეტყვით: ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად ძიძიგურს, მაგრამ ფოთში, მაგალითად, მისი პარტიის ხელმძღვანელი გახდა ვიღაც წურწუმია, ყოფილი დეპუტატი «ნაციონალური მოძრაობიდან». თავის მხრივ, მან ძირითადი ბირთვი შეავსო ასევე ყოფილი «ნაციონალებით». იქ ვიღაც ასანიძეა კიდევ ერთი გაქანებული «მიშისტი»… აი, ესაა უკვე საფრთხე და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება პარტიის ლიდერებმა…

_ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რას ფიქრობთ?

_ არ მინდა, მკვეხარობაში ჩამომერთვას, მაგრამ ჯერ კიდევ 1 ოქტომბრამდე ვამბობდი, ეს არჩევნები, როგორც უნდა შეფასდეს, დემოკრატიული ვერ იქნება-მეთქი. ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს, _ ის ჩატარდა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. მაშინ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ უნდა მომხდარიყო გარდატეხა და შემდეგ ჩაგვეტარებინა ხელახალი, ობიექტური არჩევნები. მხოლოდ ასე მიიღწეოდა სამართლიანობა და მხოლოდ ასე შეიძლებოდა, ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება მისცემოდა. მე დღესაც იგივე აზრი მაქვს და, იმის მიუხედავად, რომ «ქართული ოცნების» ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, ამას ხმამაღლა ვამბობ _ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უპრიანი იქნება, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც. ამით გაიწმინდება კოალიცია და პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here