Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია: მე არ ვთვლი «ნაციონალურ მოძრაობას» მტრად და მისი დამარცხება და...

ირაკლი ალასანია: მე არ ვთვლი «ნაციონალურ მოძრაობას» მტრად და მისი დამარცხება და განადგურება არ მიმაჩნია ჩემს მთავარ ამოცანად

1510

«საქართველოს დღეს უკეთესი ჯარი ჰყავს, ვიდრე 15 წლის წინ», _ აცხადებენ ექსპერტები. «ჩვენი მისია ავღანეთში სულაც არ არის ბილეთი ნატოში», _ გვესმის ნატოსა თუ ჩვენი მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან, მაშინ, როცა 2008 წლის ინციდენტის დროს ქართულმა ჯარმა თავი მთლად კარგად ვერ აჩვენა, ხოლო ქართველი მამლუქები ავღანეთში სულ უფრო მძიმე პირობებში იბრძვიან. მიიღებს თუ არა ნატო თავის რიგებში ისეთ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და რომელშიც რუსეთის ორი ბაზა უკვე დგას? _ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამჟამად აწუხებს საზოგადოებას და რომელზე პასუხის მისაღებადაც «საქართველო და მსოფლიომ» თავდაცვის მინისტრს _ ირაკლი ალასანიას მიმართა.

_ ბატონო ირაკლი, ნატოში საქართველოს შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით გვაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა განლაგდეს, მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე არის რუსეთის სამხედრო ბაზები? ანუ შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ერთ ქვეყანაში ერთდროულად იყოს ნატოსა და რუსეთის სამხედრო ბაზები?

_ ეს კითხვა ვის მოუვიდა თავში? არასდროს არსად გამიგონია ასეთი შეკითხვა.

_ ჩვენ გაგვიჩნდა ეს კითხვა და გვაინტერესებს თქვენი პასუხი….

_ თქვენ გაინტერესებთ? კი, ბატონო… საუბარს ნატოსთან ჩვენი ინტეგრაციის ტემპებით დავიწყებ, სადაც დინამიკა არის არნახულად დიდი. ახლახან ევროატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები, ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვიდნენ, მათ შეაფასეს თავდაცვის რეფორმა და ჩვენი ჯარების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მე თამამად შემიძლია გავიმეორო, რაც რასმუსენთან ერთად ვუთხარი ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს – პრაქტიკულად, ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია. რატომ? იმიტომ, რომ მათ ისე ენდობიან ამერიკელები, ბრიტანელები და ჩვენი მოკავშირეები, როგორც საკუთარი ორგანიზაციის, ნატოს წევრებს და ურჩევნიათ კიდეც, რომ მათთან ერთად იყვნენ ბრძოლაში. აი, ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ჯარის.

აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებმაც, როგორც საქართველოში, ასევე ნატოს ქვეყნებში, ვცადოთ და დავეწიოთ ჯარს ამ ინტეგრაციაში. რაც შეეხება სამხედრო ბაზას, საქართველოში არ იგეგმება არანაირი უცხო ქვეყნის ჯარის განლაგება, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება. მე მგონია, უფრო სწორად, ზუსტად ვიცი, რომ ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ ევროატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ იუსტიციისა და ზოგადად პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის სფეროშიც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და, როდესაც წავიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ორივე მხარეს დაგვრჩა ისეთი განცდა, რომ ნატოს მომავალი სამიტისთვის საქართველოს საკითხი იქნება ერთ-ერთი, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან პოზიტიურად იქნება გადაწყვეტილი, ანუ კიდევ ერთი სოლიდური ნაბიჯი იქნება დაფიქსირებული უკვე ნატოს მიერ საქართველოს ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე.

_ როგორც ცნობილია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ნატოში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში ვისაუბრებთ, რამდენად შესაძლებელია, უფრო ზუსტად, ურთიერთგამომრიცხავი ხომ არ არის აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობის ანტინატოური პოზიციის იგნორირება და პარალელურად მათთან შერიგებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი?

_ კვლევები გაქვთ ჩატარებული?

_ ჩვენ არა, მაგრამ ეს რომ ასეა, ამას მოწმობს ის პოლიტიკური პროცესები და მოცემულობა, რომელიც დღეს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით გვაქვს…

_ მე მაინტერესებდა რაიმე კვლევა ხომ არ არის ჩატარებული? არა, ხომ?.. ჯერ ერთი, მე არ მგონია, ასე ცალსახად იყოს საქმე, ანუ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობა ასე ერთმნიშვნელოვნად ნატოს წინააღმდეგი იყოს ან ნატოს მხარდამჭერი, იმიტომ, რომ ეს საკითხი ასე აქტუალურად იქაურ საზოგადოებაში განხილული არ არის. მე ეს ვიცი. მეორეც – ჩვენ დავიწყეთ პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რაც ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს აქვს უფრო მყარი ინტეგრაციის გზაზე ნატოსკენ, ნატოს პარტნიორებსაც მეტი სიმშვიდისთვის სჭირდებათ, რომ საქართველო იყოს პოლიტიკურად მოწიფული და არ ეგებოდეს პროვოკაციებზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ახალი პოლიტიკა რუსეთის მიმართ მხარს უჭერს გრძელვადიან საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში. რუსეთთან ჩვენ დავიწყეთ ისეთი საკითხებით ურთიერთობა, რომლებიც, ჩვენი გადმოსახედიდან, დღეს შესაძლებელია, რომ წარმატებულად განხორციელდეს. ეს არის ვაჭრობა, ეკონომიკა. ამასთან ერთად, ეს მოგვცემს საშუალებას, მეტი სივრცე გვქონდეს აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ჩვენს მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნება, უკეთ გავაცნოთ ახლიდან თავი აფხაზებსა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, რომ წლების განმავლობაში (არავინ იცის, ერთ თუ ხუთ წელიწადში) ეს პოლიტიკა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ნდობას აღადგენს ჩვენ შორის და იმ კონდენციამდე მივა, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოება უფრო დადებითად იქნება განწყობილი ქართველებთან ერთად ევროპის საერთო ოჯახში ყოფნის მიმართ, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩენაზე.

_ და თუ არ შეიცვალა მათი განწყობები? მაშინ ნათელია, რომ ამ დისპოზიციით ნატოში შესვლის ერთადერთი პერსპექტივა და გზა გადის ამ ალიანსში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრიანებაზე, მიიღებს კი ამას ქართველი ხალხი და დათანხმდება კი ასეთ გაწევრიანებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია?

_ ეს საკითხი არ დგას და არ დადგება ჩვენგან, არც ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ეს არის განწყობები, რომლებიც შეგნებულად შემოაქვთ მარგინალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ან ანტიევროპული და ანტინატოს განწყობების წამხალისებლებს საქართველოში. დიახ, ეს მიზანმიმართული კამპანიაა, უნდათ საზოგადოებაში გააჩინონ ისეთი ეჭვები, რომ ჩვენ ნატოში გაწევრიანების შანსი არ გვაქვს თუ არ დავთმეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის ტყუილი, ვიმეორებ, ეს მიზანმიმართული კამპანიაა და რეალობასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. დღეს საქართველო არის ნატოს საიმედო პარტნიორი და ეს 15 წელიწადში მოხდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალ 15 წელიწადში რა ქვეყანად გადაიქცევა საქართველო. საქართველო გადაიქცევა ქვეყანად, რომელსაც შეეძლება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც იქნება ლიდერი კავკასიაში, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე სამხედრო შესაძლებლობების. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპულ ოჯახსა და ევროატლანტიკურ სივრცეში.

_ თუმცა საზოგადოების ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენლის განწყობა ნატოს მიმართ შეცვლილია… ავღანეთში ჩვენი ჯარების ყოფნისა და გარდაცვლილი ბიჭების გამოც უნდა გკითხოთ… როგორც ერაყში, ისე ავღანეთში ჩვენი სამხედროების ყოფნას წინა ხელისუფლება ხსნიდა იმით, რომ ეს აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის. ამასწინათ თბილისში ჩამოსულმა რასმუსენმა კი გარკვევით გვითხრა, რომ ჰელმანდის პროვინციაში გაღებული მსხვერპლი და ავღანეთში ჩვენი კონტიგენტის ყოფნა არ არის ჩვენი ბილეთი ნატოში… და თუკი ამ მიზანს არ ემსახურებოდა და მხოლოდ თავის გამოსაჩენად იყო საჭირო ჩვენი ავღანეთში ყოფნა, ამის გაკეთება ხომ ერთი ასეულითაც შეიძლებოდა?

_ აბსოლუტურად არასწორი შეფასება ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ეს იყო სპეკულაციური შეფასება. ავღანეთში ჩვენ იმიტომ ვართ, რომ გვჯერა იმ ღირებულებების, რომლებიც აერთიანებს დემოკრატიულ საზოგადოებას. მე მჯერა იმის, რომ იქ ქართველი ბიჭები იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ იქ თუ დაბრუნდნენ ტერორისტები, იქ თუ «ალქაიდამ» ისევ აღადგინა საკუთარი სტრუქტურები, მაშინ მოგვიწევს ტერორისტებთთან ბრძოლა საკუთარ სახლში, აქ, თბილისში და ევროპის ქვეყნებში. ამიტომ არის ეს არასწორი გაგება და წინა ხელისუფლება თუ კი ასეთ რამეს ავრცელებდა, იყო არასწორი. არავითარი საფასური ეს არ არის, ეს არის ის, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, წვლილი უნდა შევიტანოთ საერთო უსაფრთხოებაში. გარდა ამისა, ასევე მცდარია და შეგნებულად ავრცელებენ აზრს, რომ, თუ კი რუსეთთან ვერ მოვილაპარაკეთ, ნატოში არავინ შეგვიშვებს. ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ არის დამოკიდებული რუსეთზე, მეორეს მხრივ, ჩვენი პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომავალში რუსეთი დაინახავს რეალურად როგორ სჭირდება ძლიერი მეზობელი სამხრეთში, როგორიც არის საქართველო და დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც, ადრე თუ გვიან, მოხდება სასიკეთო ცვლილებები, რუსეთშიც ის განწყობები დაისადგურებს, რაც დაემთხვა რუსეთის, საქართველოსა და ევროპის თანაცხოვრების აბსოლიტურად სამართლიან ფორმებს.

_ ფიქრობთ, ნატოსკენ სწრაფვა რომ გავაგრძელოთ, რუსეთთან თანამშრომლობას შევძლებთ? ეს ურთიერთგამომრიცხავი არ არის?

_ ეს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, დიახ, ასე ვთვლი. იცით, სხვანაირმა გეგმამ აქ არ იმუშავა აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენი გეგმაა პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, ოღონდ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე.

_ კვლავ ავღანეთის თემას დავუბრუნდეთ, 2014 წლამდე ჩვენი კონტიგენტის შემცირება არ შეიძლებოდა?

_ ჩვენ ვასრულებთ მისიას 2014 წელს, ეს ვალდებულება აღებული აქვს საქართველოს და ჩვენი სახელმწიფო თავის ვალდებულებას ასრულებს, ამიტომ ამას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ველოდებით ოქტომბერში ნატოს სარდლობის ოპერატიულ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც დაიწყება ეტაპობრივად ჩვენი ჯარის შემცირება და შემდეგ სრული გამოყვანა. ჩვენი შეიარაღებული ძალები ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებს. შემდეგ უკვე ჩვენ განვაცხადეთ პოლიტიკური ნება _ ახალ მისიაში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც იქნება არასაბრძოლო და იქნება დახმარება, გამოცდილების გაზიარება ავღანური შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ, ამერიკელები, ავღანელები, ბრიტანელები და ა.შ. ერთობლივად ვგეგმავთ ასეთი დახმარების ტიპის მისიის გაგრძელებას 2014 წლის შემდეგ. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? პირველი – ბოლომდე რომ მივიყვანოთ ჩვენი საქმე და ავღანურ საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა განვითარებისთვის. ეს უნდა იყოს წარმატებული პროექტი და ჩვენი უსაფრთხოების გეგმებში შედის, რომ ავღანეთიც არ იყოს ტერორისტებისთვის ნავსაყუდელი. როგორც გითხარით, დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ, რომ ავღანელებს ჰქონდეთ განვითარების საშუალება. ვიმეორებ, ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომელიც ავიღეთ და უნდა შევასრულოთ ბოლომდე, ესეც რომ არა, როდესაც თავს დაგესხმება მტერი, შენ კი არ უნდა გაიქცე, უნდა გამაგრდე და გააგრძელო ბრძოლა. როგორც კი ჩვენ ამ ტრაგედიის გამო შევცვლიდით ჩვენს პოლიტიკას, გაასმაგდებოდა თავდასხმები. «ალქაიდა» დაინახავდა, რომ მათმა ტაქტიკამ გაჭრა. ეს არის მიუღებელი ჩემთვის.

_ საქართველოს მოსახლეობის განწყობაც ყოველთვის არ არის ერთგვაროვანი, ცოტა ხნის წინ ითვლებოდა, რომ სამეგრელოში თქვენს ავტორიტეტს ალტერნატივა არ ჰყავდა… მერე ითქვა, რომ «ქართულმა ოცნებამ» ზუგდიდი დათმო, გარიგება დადო ახალაიების კლანთანო… რამ გამოიწვია თქვენი დამარცხება და პარლამენტის დასტური ამაზე?

_ ეს აბსურდია, ამიტომ არც გაგცემთ პასუხს, უსუსური აზრი დაებადა ვიღაცას, თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას. მე მადლიერი ვარ იმ ვაჟკაცი ადამიანების, რომლებმაც ხმა მოგვცეს. პრაქტიკულად, ზუგდიდში ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და რა გადაწყვეტილებაც მიიღო საარჩევნო კომისიამ, ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, უნდა დავემორჩილოთ. რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ განცდას გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები. ბუნებრივია, სამეგრელოში მცხოვრები ადამიანები ამით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ეს არის რეალობა. დარწმუნებული ვარ, ეს რეალობა თვისობრივად შეიცვლება მთელ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩაივლის უმაღლესი ევროპული სტანდარტებით.

_ და «ქართული ოცნების» კანდიდატს ვერავინ გაუწევს კონკურენციას?

_ მე დიდი იმედი მაქვს და შინაგანი რწმენა, რომ ჩვენი კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

_ სხვათა შორის, არჩევნების წინ თქვენ ითვლებოდით პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად, თუმცა არც პრეზიდენტობის კანდიდატად დაგასახელეს და ვიცეპრემიერის პოსტიდანაც კი მოხდა თქვენი ჩამოშორება, კლანური დაპირისპირების მსხვერპლი ხართ თუ ვიცეპრემიერობა პრეზიდენტის კანდიდატობას ნიშნავდა თავისთავად?

_ ზოგადად, პოლიტიკას მე სულ ვადარებ ჯაზს, რომელიც მუდმივ იმპროვიზაციებს ითხოვს და ქართული პოლიტიკაც ძალიან მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსეა. ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მე წილად მხვდა პატივი, ვუხელმძღვანელო ქართულ არმიას და ის გეგმები, რომლებიც აქ დავაწყვეთ (არის მხარდაჭერილი პრემიერისა და მთავრობის მხრიდან), მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. რაც შეეხება მარგველაშვილს, ის არის ღირსეული კანდიდატი. მე ამ გადაწყვეტილებას (როგორც კი გამაცნო პრემიერმა) მივესალმე და თავიდანვე დავეთანხმე.

_ აქვე გკითხავთ, უმცირესობის ლიდერსა და პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატ დავით ბაქრაძეს რატომ იწვევენ მოსალაპარაკებლად პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი მაშინ, როცა რანგის მიხედვით მასთან საგანელიძეს ან ნებისმიერ სხვა დეპუტატს უნდა გაემართა კონსულტაციები? რა ხდება, მაზანდას უწევენ? თქვენ სამხედრო ბრძანდებით და იცით, რომ მოწინააღმდეგე ბანაკის ზემდეგს მოსალაპარაკებლად გენერალი არ დაუჯდება…

_ მე მგონია, რომ ეს შეხვედრა იყო საქმიანი და კარგი. მე არ ვიზიარებ მაგ მოსაზრებას, რაც თქვენ ბრძანეთ, მაზანდის აწევას ვგულისხმობ. მე გამიხარდა ისიც, რომ შედგა შეთანხმება იმაზე, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს პარლამენტში და პარლამენტარებმა პარლამენტში განაგრძონ მუშაობა.

_ კი მაგრამ, «ნაცმოძრაობას» ხომ მეტ ყურადღებას არ უთმობენ, ვიდრე მათ ეს დაიმსახურეს, «ქართული ოცნება» ცდილობს ხელოვნურად გააცოცხლოს ისინი?

_ რაც საზოგადოებამ გააკეთა, ოქტომბრის არჩევნებით დაადასტურა, რომ პოლიტიკური კულტურა და სიმწიფე საზოგადოებაში მაღალ დონეზეა. შემდეგი ეტაპი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების არის ის, რომ, რაც უნდა დაპირისპირებულნი ყოფილიყვნენ, პოლიტიკური ძალები მოძებნიდნენ თუ არა საკუთარ თავში ძალას, რომ გარკვეულ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ. ამიტომაც თანაარსებობა პოლიტიკური ძალებისა და შეთანხმება საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე თუ ხდება, ე. ი. დემოკრატიული პროცესები საზოგადოებაში გაჯანსაღდა და ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ შურისძიება არ უნდა გადავიტანოთ პოლიტიკურ ძალაზე, სისტემურ დანაშაულს ვინც სჩადიოდა, ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოლიტიკური პროცესი გავაჩეროთ. აქედან გამომდინარე, თანაარსებობა პოლიტიკური ძალებისა და შეთანხმება ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია.

_ თუმცა სამხედრო აქსიომაა – როცა უკვე დამარცხებული მტერი არ ნებდება მას ანადგურებენ… რა ხდება ჩვენთან?

_ მე აბსოლიტურად სხვა განწყობა მაქვს. მე არ ვთვლი «ნაციონალურ მოძრაობას» მტრად. მათი დამარცხება და განადგურება არ მიმაჩნია ჩემს მთავარ ამოცანად. რაც შეეხება იმ შედარებას, რომ ბრძოლაში დამარცხებული ბოლომდე უნდა გაანადგურო, ჯერ ერთი, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ასე გავუსწორდეთ; მეორე, ვინც არის დამნაშავე, იმან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი და არა ის, რომ პიროვნული სასამართლოები მოვაწყოთ. ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი _ დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული რიგითი მოქალაქით.

ესაუბრა
ქეთი ხომერიკი

17 COMMENTS

  1. ბატონი ალასანია შეიძლება მტრად არ თვლის ნაცებს, მაგრამ ნაცები მტრობენ საქართველოს, ეს არის პარტია, რომელიც 9 წლის განმავლობაში ტერორსა და დამცირებაში ამყოფებდა საქართველოს მოსახლეობას. ალასანია და საერთოდ "ოცნება" ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ ნაცმოძრაობისთვის დაესვა წერტილი. ამიტომ კეთილი ინებონ შეასრულონ ხალხის დაკვეთა. სხვა შემთხვევაში ალასანიასაც და სხვებსაც უნდა ახსპოვდეთ რეალურად რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ თითოეულ მათგანს. ეს არ დაავიწყდეთ არასდროს .

  2. მტრად არავინ არ თვლის მაგრამ სისხლის სამართლის დანაშავე სუბიექტებისგან შემდგარ და დანაშაულებრივი, ანტიჰუმანური და ანტისახელწიფოებრივი იდეოლოგიის პარტიად (ისევე როგორც გერმანელები ნაცისტებს) ასეთად ნამდვილად თვლის საქართველოს მოსახლეობის 99% !

  3. ალასანია არასოდეს არ იყო პატრიოტი და ღირსეული ადამიანი და ეს ყოველთვის ჩანდ თავისი მოქცევით.ის არის კარიერისტი და ეს ბევრჯერ დაამტიცა კიდევაც.ზუგდიდში რომ დამარცხდა,იმიტომ დაარცხდა,რომ მეტის ღირსი არც იყო.პრეზიდენტობაზე აბოდებს,მაგრამ ვერასოდეს ვერ ეღირსება ამ თანამდებობას!პრეზიდენტი უნდა გახდეს ისეთი ადამიანი,ვისაც ხალხის აზრი აინტერესებს და არა ისეთი,ვინც ამერიკის ან რუსეთის მონაა.ნატოში შესვლას ბოდავდა მიშა და იგივე სისულელეს იმეორებენ ესენიც.რა შეიცვალა?ესენი ბევრად უარეები და მატყუარა გარეწრები არიან და ეს უკვე დაამტკიცეს ხალხის მოტყუებით და რაღაც უაზრო კოაბიტაციით!!!მალე მოვიშორებთ ამ გარეწრებსაც და სათავეში მოვა ქართულად მოაზროვნე ხელისუფლება და არა ვიღაცის დაკრულზე მოცეკვავე მონა.

  4. უნდა გაირკვას რას ითვალისწინებდა საქართველოს და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების -გრიგოლ ვაშაძის და ზალმაი რასულს შორის 11.09.2011წელს დადებული ხელშეკრულება.
    რა გარიგებაა,იქ ქართველი ჯარისკაცების მსახურის სანაცვლოდ რას იღებდა ძველი მთავრობა და რას იღებს ახალი მთავრობა.
    ყველა შემთხვევაში ამას არავითარი კავშირი არ აქვს ნატოსთან და არც ევროკავშირთან!!!!!!!!!!!!!!

  5. უნდა გაირკვას რას ითვალისწინებდა საქართველოს და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების -გრიგოლ ვაშაძის და ზალმაი რასულს შორის 11.09.2011წელს დადებული ხელშეკრულება.
    რა გარიგებაა,იქ ქართველი ჯარისკაცების მსახურის სანაცვლოდ რას იღებდა ძველი მთავრობა და რას იღებს ახალი მთავრობა.
    ყველა შემთხვევაში ამას არავითარი კავშირი არ აქვს ნატოსთან და არც ევროკავშირთან!!!!!!!!!!!!!!

  6. არც ჩვენ, ამომრჩევლები, რომლებმაც ოცნება მოიყვანეს, არ ვთლით მათ მტრად, უბრალოდ უნამუსო ყაჩაღები არიან, უკანონოდ ნაძარცვი და ნაალაფარი მილიარდები დააბრუნონ და დახვრეტილი და მოკლული ადამიანებისთვის, საყოველაოდ დანერგილი სიცრუისთვის პასუხი უნდა აგონ როგორც ამას ცივილიზებული სამართალი მოითხოვს…

  7. თითი რომ გაიყარეთ დახვრეტილი ადამიანებით და მოპარული მილიარდებით სადაა დახვრეტილი ხალხი??? რატომღაც არავინ არავის არ ასამართლებს მკვლელობაზე. ეხლა მაინც შეუშვით მაგ თავებში რომ ქოცებმა დაგაბოლეს და მოგატყუეს. გაგაკეთებინეს რაც უნდოდათ და მიგაგდეს როგორც გამოყენებული საცვალი. ვინც აკეთებდა ის გძულთ და ვინც ინტრიგნობის მეტს არაფერს აკეთებს ის გიყვართ, რა ჯიშის ხალხი ხართ ნუთუ ტვინი საერთოდ არ გიმუშავებთ?

  8. აქ მარტო ქოცების კომენტარებს უშვებთ? რატომ არ იდება სხვა კომენტარები? არც ცუდი სიტყვა დამიწერია და არაფერი ადმინ დადე სხვა კომენტარებიც.

  9. თუ არსებობს ადამიანი საქართველოში,ვისაც ქვეყნის ბედს ვანდობთ და არ გაგვაწბილებს—-დაასახელეთ ?!-ხელისუფლებაში მოსვლის მერე მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მოსახლეობა სულ…კიდიათ…

  10. ირაკლი დიახაც პატრიოტი ქარტველია!აბა ვხოცოტ ერტმანეტი?.ეგ 90 იან წლებმა ცკუა ვერ გვასწავლა?

  11. მე ვთვლი რომ საითაც არ უნდა წახვიდე და სადაც არ უნდა იყო წარმატების კუთხით სულ ერთია რომელ მხარეს, მაინც ხვდები წრეში ხო და იქ პოზიცია და ოპოზიცია არ არსებობს ამ კუთხით ანუ, ასე რომ ეს ყველაფერი ერთი მეორეზეა გადამბმული, სულ ერთია ვინ მოვა ან ვინ წავა

  12. ნაცებმა იმდენი ცუდი და დიდი ბოროტება დათესეს ხალხში, ეგენი საერთოდ არ უნდა მოვიდნენ მთავრობაში, მაგრამ ოცნებაც უნდა წავიდეს და ხალხმა მართოს სახელმწიფო.

  13. ქოცებმა უარესი ჩაიდინეს ქვეყანა განადგურების პირზეა … ერთი დაასახელონ სასიკეთო რა გააკეთეს ქვეყნისთვის ნაციონალების გაშენებული ქვეყანა ჩამოშალეს ბიუჯეტი გააქრეს ისტორიული ძეგლი დაანგრიეს, ფოთის პორტი რუსებს მიყიდეს ციხეებში ადამიანები თავს იკლავენ. ქურდები და ყაჩაღები ციხიდან გამორეკეს და ქუჩაში მიდის პირდაპირ სროლები .. გვატყუებენ თვალებში ნაცარს გვაყრიან სად არის მათი დაპირებული საქმეები? ? ?

  14. Qveyana martos safixvnom. Partiuli archevnebi saqartveloshi ar gamova,radgan aq partia nishnavs ertnairad moazrovne,qveynis gasazartsvad momzadebul bandas,romelsac xalxi archevnebit vazlevt dzartsvis kanonier uflebas.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here