Home რუბრიკები საზოგადოება აგური _ ივანიშვილის კისერზე

აგური _ ივანიშვილის კისერზე

643

ყველა ხელმოცარული, გაკოტრებული, თუნდაც თაღლითი პოლიტიკოსობაში ეძებს ყბედობისა და ქარაფშუტა ქაქანის ასპარეზს. ისინი ბევრნი არიან. ნამდვილი სახით მათი დანახვა პირველ ეტაპზე არც თუ იოლია. პოლიტიკოსის ნიღაბს დიდი მონდომებით ირგებენ, რამეთუ ხალხის გაბითურების, მოტყუებისა და ძარცვის მექანიზმი აქ უფრო ეფექტურად მუშაობს. მთავარია, რომელიმე რეიტინგულ პარტიას მიეწებო, როგორც წურბელა.

ტელეეკრანებიდან იბჟუტურე ყოველგვარი აბდაუბდა. თუ ვინმე ოპონენტი დაგისვეს საკამათოდ, სიტყვის თქმა არ დააცადო, ილაპარაკე ყველაფერზე, რაც შენ თვითონაც არ იცი და ვერც მსმენელი გაიგებს რამეს, სამაგიეროდ გამარჯვებულად ჩაითვლები, რაკიღა მარტო შენ იქადაგე. დაგესევიან კორესპონდენტები და შენც მარჯვნივ-მარცხნივ ფანტე ინტერვიუები. ახლა ტელეშოუებზე მიგიწვევენ და შენი დამზრალი გოგრის იუმორით ამცნე მაყურებელს, რომ აქაც ისეთი უმარილო ხარ, როგორც პოლიტიკაში.

მოდას უნდა აჰყვე. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ აუცილებელია ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა; ნატოში შესვლის საღერღელაშლილი მოთხოვნა; ავღანეთში სისხლისღვრით სამშობლოს დაცვა. ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს რუსეთის ოკუპანტობის აკომპანიმენტის თანხლებით; თუ პუტინზე ხაბაზივით ბილწად შეიგინები, მაშინ ხომ უდრეკ პოლიტიკოსად შემორჩები გაპოლიტიკოსებულ თაღლითთა გალერეას.

შენი დასკვნები ყველაფერზე გააკეთე, რაშიც ვერ ერკვევი. მერე რა, ლუარსაბ თათქარიძემ წიგნი რომ არ იცოდა?! ფერი აკლდა თუ ხორცი, ყველაზე მცოდნედ ვერ მოჰქონდა თავი? სანამ პოლიტიკაში ხარ, ყველაზე გავლენიანთა გვერდით ისუნსულე და მათთან ყოფნით ჩრდილი მიაყენე რეიტინგული პარტიის ავტორიტეტს. მთელი შესაძლებლობით ეცადე ხალხისთვის თავდადებულად გასაღდე. მაღალ ხმაზე იღრიალე «საქართველო! საქართველო!», ყოველგვარი დაპირებები ფანტე მარჯვნივ-მარცხნივ, რაც არ გაქვს და არც გექნება. ოღონდ იცოდე, ხალხს არაფერი ეშლება და, რომ გითმენს, ეს ავანსია. იზრუნე საკუთარ კეთილდღეობაზე, მოიხვეჭე, რასაც კი შეძლებ; გაიბღინძე და გაიბერე იმ დონეზე, რომ გასკდომას ცოტაღა დაგაკლდეს. ნუ დაივიწყე, რომ შენც მოგიწევს მაგ პრივილეგიის დათმობა და შერცხვენილი ადრე თუ გვიან გამობუნცულდები ბღენძის ქონიანი ნაჭუჭიდან, რათა იქ ახლა სხვა შენნაირი შეძვრეს. დაჯექ, კვნიტე, რაც მოიხვეჭე და გაფრენილ ძალაუფლებაზე ისინანულე.

ილუზიებით დაბანგულს ადამიანთა ბედის მართვის სადავეებთან ყოფნა მუდმივი ნუ გგონია. შენი ხუშტურების ნებაზე არ უნდა აჯირითო ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა; ნურც ის დაგავიწყდება, რომ დრო ყოველთვის სიმართლის მოკავშირეა.

სულ კარგად იქნებოდნენ, ეგონათ «ნაციონალებს», მაგრამ წაიტეხეს კისერი. შინაგან საქმეთა მინისტრი _ მერაბიშვილი დიდი ქადილის შემდეგ ციხის საკანში მოხვდა და ახლა ჩადენილი ცოდვების ამონთხევის სტადიაშია. როგორი ბრძნული  ნათქვამია: დიდებიდან არარაობამდე ერთი ნაბიჯი რომ არის. წუთისოფლის წარმავალობა კი ყველაზე ძლიერ თანამდებობით გაზულუქებულ ბოროტ სულიერს უგრეხს კისერს.

უდანაშაულო დანაშაულთა შეკერვის ოსტატი მერაბიშვილი ახლა თვითონ ზის საკანში და ფართობს ნაბიჯებით ზომავს და უსასრულოდ გაწელილ დროში მახრჩობელა ჭაობში ფართხალებს.

ძნელია ხალხის ნდობის მოპოვება და ისეთი სათუთია, რომ თვალისჩინივით საჭიროებს მოფრთხილებას. უხეშად მოპყრობის შემთხვევაში, რაც ადამიანის ცხოველური განცხრომით დაუოკებელ გაუმაძღრობას ახლავს, ხალხის ნდობას კარგავს ისე, როგორც მინდია ბუნებასთან საუბრის უნარს. ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე ნდობა და იმედის სხივი «ნაციონალებმა» ხალხს გლოვად და ჯოჯოხეთად უქციეს, რაც ბუმერანგივით უკანვე დაუბრუნდათ; ხალხი მათ ხსენებას და ბოროტ ნაფეხურებს წყევლით იკლებს. ბოლო კი ყველასთვის ერთია: გაუმაძღარი მოხვეჭის ტყვე ისეთივე ცარიელი მიდის, როგორიც მოვიდა. გაზულუქებით სიამოვნება კი სუსხიან განაჩენად იქცევა, როგორც დატოვებული სამარცხვინო კვალი უძღებობის ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის.

სიცოცხლე სიკეთისა და ბოროტების განუწყვეტელ ჭიდილში სანთელივით დნება. კაცობრიობამ ვერაფრით მოახერხა ბოროტების გაკეთილშობილება. პირიქით, სიკეთის ნიღაბში შემძვრალი უფრო სახიფათო ხდება და ადამიანთა ბედნიერ ამქვეყნიურობაზე ზრუნვის დასაკნინებლად უამრავ კაკანათს აგებს.

იქნებ განგებამ ასე ისურვა თუ ქართული ხასიათის დაუდგრომლობის გამო ხდება? სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის ლაბორატორიად გვექცა ღვთისმშობლის წილხვედრი სამშობლო. ურთიერთმტრობა, მომხვეჭელის გაუმაძღრობა, კარიერომანია და უფლის რწმენის სახელით ყოველივე სატანურის თაყვანისცემა მართვის სადავეებთან შემოგვეპარა.

განა ქართველმა ფეოდალებმა თავიანთი ეგოისტური ჟინის ზეგავლენით არ დააქუცმაცეს საქართველო?! მეთხუთმეტე საუკუნის დასასრულს ერთმანეთის ქიშპობითა და მტრობით დაუძლურებული საქართველო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისს სულის ღაფვით შეხვდა. თუ არა ერეკლე მეორის რეამინაციული ძალისხმევა, ახლა აღარც საქართველო იქნებოდა და ქართველი ხალხის არსებობა ისტორიის დამტვერილ თაროზე მიმქრალ მოგონებასავით გაუჩინარდებოდა.

უმადურობა იმხელა საძაგელი გრძნობაა, რომ თვითონ უმადურიც მალავს თავის უმადურობას. არადა, ქართველი ხალხის უმადურობა ვინ თქვა; ყოველგვარი სიკეთისთვის გაათმაგებული სიკეთითა და სიყვარულით პასუხობდა.

ორი საუკუნის რუსულ-ქართულ შეხმატკბილებას ერთიან ნათელ სხივად გასდევს ურთიერთნდობა, ძმური და მეგობრული თანადგომა. განა რუსეთში საამაყო არ იყო ქართველის სახელის ხსენება? ვის აღიზიანებდა ორი მართლმადიდებელი ერის ესოდენი ძმური ურთიერთობა? იმას, ვინც ერთ დროს მძლავრ, უაღრესად განვითარებულ, ინდუსტრიულ-აგრარულ საქართველოს ბანანის რესპუბლიკების დონის იქით მიათრევს დემოკრატიის დამცველის ყბაღია ქადილით.

საქართველოს დაქცევა კი მისი განუმეორებელი მეგობრისა და მოკავშირის რუსეთის ლანძღვით დაიწყო. ფსევდოდემოკრატიის მიერ შემორიგებულ უმადურობის თესლის ყოველივე სასიკეთოს სპობს და, თუ არა მართლმადიდებელი რუსეთი, ჩვენი «სტრატეგიული პარტნიორები» ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოში დემოკრატიული აღვირახსნილობის ჩარბუზანას გამართავდნენ.

მავანს ეწყინება სიმართლის ასე ხმამაღლა აღიარება. არადა როგორი მეგობრები არიან, როცა არცერთ სტრატეგიულ პარტნიორთაგანს არ წამოსცდენია, ავღანეთში ამხელა ჯარს რომ აგზავნი, შენთვის დაიტოვე რამეო? საქართველოს პრეზიდენტად წოდებული არარაობა ტუტუცი რომ არის, ჩვენზე კარგად იციან. რატომ არ ეუბნებიან, ამხელა ნატოს შენი დასახმარებელი რა გვიჭირს, როცა თავად ხარ უამრავი პრობლემებიდან ამოსაძრობიო. სოფლის სალაყბოზე მასხარა ახალგაზრდების მიერ ჭკუასუსტი თანასოფლელის გაბითურებით გართობას ჰგავს ამ სტრატეგიული პარტნიორების ნაციონალთა ტუტუც პრეზიდენტთან ურთიერთობა, ნატოში შესვლის სურვილი ბავშვის, ბრჭყვიალა სათამაშოს მოხვეჭის ისტერიულ ახირებად რომ ექცა. იმას იქითაც წასულა! ნატომ ჩვენ რა უნდა გვიშველოს, როცა ავღანეთის ავანტიურაში კისრამდე ჩაფლული ჩვენც მიგვათრევს. ზემოთ მოხსენიებულ პოლიტიკოსთაგან გასაკვირი არ იქნებოდა, ხვალ რომ გამოაცხადონ, საქართველო მთვარიდან უნდა დავიცვათო. დაფიქრებაა საჭირო, ვის და რა ფასში მიჰყიდეს თავიანთი პოლიტიკური ვაჭრობის ალღო.

ახალმა სამხედრო მინისტრმა რამხელა ტვირთი მოხსნა მიშას, ავღანურ ცალხარიან უღელში თვითონაც რომ შერგო თავი და ახლა ერთად მიაგორებენ ნატოს დაპირებებით ამჩატებულ და ქართველი ვაჟკაცების სისხლით გაპოხილ ცოდვას. არადა სააკაშვილი ამ დანაშაულს გრძნობდა, იქ ვაჟკაცების დაღუპვას მაქსიმალურად რომ აჩუმათებდა, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგით ამოტივტივებული პოლიტიკოსები, ადრე ფსკერს ცხვირით რომ ხნავდნენ, ახლა მას ისე ამძიმებენ, როგორც კარგ მოცურავეს ჩამოკიდებული აგური. როგორი თავდაჯერებით გვარწმუნებენ, რომ ავღანეთიდან სამშობლოს ვიცავთ. ოსეთის მავთულხლართები თვით გორში რომ გაატარონ არაფერია, მთავარია ოკეანეში გადაკარგულმა ვანუატუმ არ სცნოს და ნატომ მადლობა გამოუცხადოთ ავღანეთის ავანტიურაში ესოდენი თავდაყირა გადაშვებისთვის.

«ნაციონალებს» ეგონათ, რომ ძალაუფლება სამუდამოდ იგდეს ხელთ და მომკითხავიც აღარავინ ჰყავდათ. კანონი და სამართალი თავიანთ ფაიტონში შეაბეს და ქვეყნის ამოსაგდებად დააჯირითებდენ. ხალხიც საბოლოოდ დაბეჩავებულად ჩათვალეს და ყოველგვარი მორალური, ზნეობრივი, სულიერი თუ ტრადიციული ფეხქვეშ გაიგდეს თვითდაჯერებული ყეყეჩის როკვას აყოლილებმა.

უმრავლესობის ზოგიერთმა პარტიულმა მესვეურებმა უნდა იცოდნენ, რომ მათზე არანაკლებად იბრძოლეს სხვებმაც «ნაციონალთა» ბინძური ძალადობის დასამხობად, რომელთაც მხოლოდ საქართველოს ბედნიერი მომავლის პერსპექტივები ამოძრავებდათ და არავითარი თვითგანდიდების ეგოისტური მიზნები არ უბურღავდათ ტვინს.

ხალხი როგორი მოუთმენლობით ელოდებოდა კბილაშვილის ყოველ გამოსვლას საშინელ დანაშაულთა ჩამდენი მაღალჩინოსნების მხილების შესახებ. დამნაშავეთა სამართლიანი პასუხისგების მექანიზმი აგორებას იწყებდა, მაგრამ შეშფოთდა დემოკრატიის ნიღბიანი დასავლეთი. ატეხეს თითის ქნევა და, ადრე ნაციონალთა პარპაშის დროს ყრუმუნჯები რომ გვეგონა, საუცხოო სმენის და მეტყველების ენერგია აღმოაჩნდათ მათივე ლაქია ნაციონალების შელამაზებაში, რომელთაც ხალხის ისეთი რისხვა იწვნიეს, რომ ამერიკა კი არა, სატანის მთელი ნახირი ვეღარაფრით ვეღარ წამოაყენებს.

გამოსაძიებელ პირებს სასამართლოში ისე ანთავისუფლებენ, იფიქრებ, კულისებში ჯილდოებს ხომ არ აძლევენო. პროკურორებზეც გულაჩუყებულები ალაპარაკდნენ, ისინი რეჟიმის მძევლები იყვნენო. ნაციონალებმა ყველა წინამორბედი პროკურორი გაანთავისუფლეს და ისეთები დანიშნეს, ინსტიტუტიდან გაპროკურორებულებს ნაპოპები ისევ რომ ეტყობოდათ. მათი ერთადერთი მოვალეობა იყო, ხელისუფლების დავალებით ცრუ ბრალდებების შეთითხვნა. სამაგიეროდ ბღენძის ძალაუფლებით შენელებული, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი სასათბურე განცხრომა არ აკლდათ. თურმე ესენი ხელისუფლების მძევლები იყვნენ. მაშინ უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებდნენ, დღეს საქმეებს ისევ ეს მძევლები იძიებენ.

პროკურორობის, მოსამართლის, თბილისის მერიის იურისტთა გამოცდები ბრწყინვალედ რომ ჩააბარა და არც ერთგან არ გაუშვეს, რომელსაც «ქართული ოცნება» მიაჩნდა ამგვარი ძალადობიდან ხსნად და მის გასამარჯვებლად თავდაუზოგავად იბრძოდა, რა სტატუსი შეიძლება მიენიჭოს? იქნებ ის უფრო იყო მძევალი და მძევლებად მოხსენიებულნი კი ხელისუფლების მსუყედ ნაკვები ნაგაზები.

ასევე უცნაურია სასამართლო რეფორმის შესახებ მოსამართლეების მიერ არჩევნების ჩატარება. რამხელა გულუბრყვილობაა, თუ სხვა უარესი რამ არა, ამ მოსამართლეების მიერ კუბლაშვილის მიერ შერჩეული კანდიდატურების არჩევა.

საქართველოში ორხელისუფლებიანობა რაც უფრო გრძელდება, შოკური მდგომარეობიდან გამოსული ნაციონალები დიდი მონდომებით ცდილობენ სატანის სამსახურისთვის ჯილდოდ მიღებული რქებისა და ჩლიქების შენიღბვას და ანგელოზის ფრთების მორგებას.

«ქართული ოცნების» ძალა ხალხის ნდობაშია, რომელიც ასე მოთმინებით ელოდება სიმართლის პურობას. ხალხს სჯერა, რომ «ნაციონალთა» ლობისტების ღავღავი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისა და ერის ერთხელ აღებულ აღორძინების კურსს ვერ შეაცვლევინებს და «ქართული ოცნების» საქმიანობას ქართველთა ოცნების შესასრულებლად წარმართავს. ხალხის ნდობით აღჭურვილი მამულიშვილი კი შინაური და გარეშე მტრის რისხვაა.

 გივი სომხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here