Home რუბრიკები პოლიტიკა ჯემალ ჯანაშია: საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის ნარკოტიკები გამრუდებული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო

ჯემალ ჯანაშია: საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის ნარკოტიკები გამრუდებული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო

1332

ბატონი ჯემალ ჯანაშია, რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნარკომანიის, განსაკუთრებით კი, ნარკოტრაფიკის საკითხების აღიარებული ექსპერტია. იგი წლების განმავლობაში სწავლობდა და აანალიზებდა, ამჟამადაც თვალყურს ადევნებს ამ პრობლემასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში, სისტემატურად მონაწილეობს საქართველოში თუ უცხოეთში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში, ამიტომაც მივმართეთ მას თხოვნით, ეპასუხა იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩვენს მკითხველებს აწუხებს.

_ პრობლემისადმი მიდგომა უწინ უფრო ჭირისუფლური იყო, უფრო გულისტკივილით ვუდგებოდით ამ საკითხებს. შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი ქვეყნის პირველ პირთან, რომელთანაც რეგულარულად ვიხილავდით ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს, თუმცა, შეზღუდული რესურსების გამო, სათანადოდ ვერ ვაფინანსებდით იმ საკითხებს, რომლებსაც ჩვენ, პროფესიონალები, მთავრობის წინაშე ვაყენებდით. მაგრამ მაინც შევქმენით ეფექტიანად მოქმედი სტრუქტურა, მექანიზმები, რაც, სამწუხაროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა სასურველი შედეგების მისაღწევად.

მოკლედ, ვიცოდით, როგორ უნდა გვემუშავა, მაგრამ სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა არ გაგვაჩნდა, მითუმეტეს, 1990-იანი წლების უმძიმეს ფონზე, რამაც განაპირობა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მკვეთრი ზრდა.

_ ანუ გაიზარდა ნარკოტიკების შემოდინება?

_ დიახ.

_ რა გზებით, საიდან შემოდიოდა?

_ ჩემს წიგნში ნაჩვენები მაქვს ის ტრადიციული ვექტორები, რომლებიდანაც საქართველოში შემოჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები. ეს ვექტორები არსებობდა და მომავალშიც იარსებებს, რადგან, როცა არსებობს მოთხოვნა, იარსებებს ბაზარი. პირდაპირ ვთქვათ, როცა არის მოთხოვნა, ყოველთვის მოიძებნება ამორალური ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

_ ამას ჰქვია ბიზნესი.

_ რა თქმა უნდა, _ ნარკობიზნესი.

_ ესე იგი, საქართველოში «მოღვაწეობდნენ» ასეთი ადამიანები?

_ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ! სამწუხაროდ, _ გავლენიანი ადამიანები.

ტრადიციული ვექტორი გადიოდა, მაგალითად, აზერბაიჯანზე. აზერბაიჯანი ესაზღვრება ირანს, რომელიც ავღანეთის მეზობელია, ხოლო ავღანეთი რასაც წარმოადგენს ამ თვალსაზრისით, ყველასთვის ცნობილია. წელიწადში აქ აწარმოებენ 3 ათას ტონა ოპიუმს, რომელიც ამ ნარკოტიკით დატვირთული მატარებლის შემადგენლობის 4 ეშელონი მაინც არის.

არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ. ჩეჩნური ვექტორიც, სადაც ერთხანს ნარკოტიკების გადამამუშავებელი ლაბორატორიაც კი ფუნქციონირებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ვექტორის შედეგი იყო პანკისის ხეობაში ნარკოტიკული მდგომარეობის გართულება.

წინა ხელისუფლებამ, მე ასე მგონია, მცდარი სტრატეგია აირჩია ამ მოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად _ მხოლოდ რეპრესიული მექანიზმებით მუშაობის სტრატეგია. მართალია, ამან გამოიწვია შიშის ფაქტორის გაძლიერება მომხმარებლებში, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო ნარკობიზნესის წარმოშობას საქართველოში. სახელმწიფო იღებდა არც თუ მცირე თანხას ნარკომომხმარებლების ოჯახებიდან, რომელიც, როგორც გვეუბნებოდნენ, სახელმწიფო ხაზინაში აკუმულირდებოდა, მაგრამ იქ მიდიოდა თუ სხვაგან, არავინ იცოდა. დღეს რამდენიმე საქმე აღძრულია სხვადასხვა მიმართულებით და გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ეს თანხა არ მიდიოდა სახელმწიფო ხაზინაში. ასეთი ხარკი დიდ ტვირთად აწვებოდა ნარკოდამოკიდებულთა ოჯახებს და ძალიან ამწარებდა მათ.

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის აქცენტების მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით მუშაობაზე გადატანა, ეფექტიანი სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის გარეშე პრობლემას ვერ გადაჭრის. პირიქით, სწორედ ასეთი გაუმართლებელი გზით სიარულმა ნარკოტიკების ქრონიკული მომხმარებლების რაოდენობა, ბოლო პერიოდის გამოკვლევებით, მკვეთრად გაზარდა და 50 ათასს გადააჭარბა, ანუ ბოლო სამ-ოთხ წელიწადში მატებამ 20 პროცენტი შეადგინა.

_ ამ პოლიტიკის შედეგად?

_ დიახ. საზღვრის პერიმეტრზე ღონისძიებების გამკაცრებამ შიდა ბაზრის განვითარება გამოიწვია. სააფთიაქო ქსელში თავისუფალ გაყიდვაში არსებული სამედიცინო დანიშნულების პრეპარატებიდან (მათი დაბალი ფასებისა და ხელმისაწვდომობის გამო), გარკვეული ქიმიური ინგრედიენტების გამოყენებით, სახლის პირობებში, კუსტარულად ამზადებენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოდამოკიდებულებმა (და მათმა მოკავშირეებმა) დაიწყეს «წამლის» დამზადება. ამ პრობლემაზე და მისით გამოწვეულ ტრაგიკულ შედეგებზე თქვენს გაზეთთან ინტერვიუში ილაპარაკა პროფესორმა გელა ლეჟავამ, ამიტომ ამ მიმართულებით საუბარს არ გავაგრძელებ.

მხოლოდ ერთ ისტორიულ მაგალითს შევახსენებ «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს.

მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის პირობებში იტალიიდან ყველა დამნაშავე გაიქცა. ნარკომანიაზე ლაპარაკიც არ იყო, მაგრამ საკმარისი იყო დამარცხებულიყო დუჩეს მმართველობა, რომ იტალია გახდა მაფიისა და ორგანიზებული დანაშაულის ცენტრი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მუსოლინის რეპრესიულმა პოლიტიკამ პრობლემა კი არ გადაწყვიტა, არამედ მხოლოდ შეაჩერა.

იგივე დაემართა სააკაშვილის ხელისუფლებასაც: მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით მკვეთრად ნეგატიური შედეგი მიიღო, პრობლემა კიდევ უფრო გართულდა და გამძაფრდა.

_ ესე იგი, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც ძალადობრივ მეთოდებზე იყო აქცენტირებული, და არა მარტო ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხში, შვა ახალი ტიპის ნარკომანია, უფრო საშიში და ამ ეტაპზე მკურნალობას დაუქვემდებარებელი.

ეს ერთი.

მეორე, ამ პოლიტიკის განმხორციელებელი სახელმწიფო იღებდა შემოსავალს. მაშ, რა განსხვავებაა ნარკომაფიასა და ასეთ ხელისუფლებას შორის?!

_ განსხვავება არ არის. ყოფილების ასეთი პოლიტიკა, უწინარეს ყოვლისა, სწორედ პოლიტიკურადაა წამგებიანი. პირდაპირ გეტყვით _ საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის ნარკოტიკები გამრუდებული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო; თანაც წვრილმანი, არაკაცური ქმედების საშუალებით _ ჯიბეში ნარკოტიკების ჩადება, არაფრიდან საქმის «შეკერვა», დაშანტაჟება არჩევნებში ხმების უკანონოდ მოპოვების, ცრუმოწმეობის და სხვა უკეთურ საქმეებში ჩათრევის მიზნით.

მოკლედ, საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მსგავს მაგალითებს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს შიგნით დანერგა. ეს იყო არამარტო სერიოზული, არამედ საბედისწერო შეცდომა.

_ ერთი პარალელიც. აშშ, რომელიც ავღანეთში ცდილობს სიტუაციის მართვას, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაურევლობითა და ავღანელ გლეხებზე «ზრუნვით» ამართლებს აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში ოპიუმის პლანტაციების არსებობას, რადგან იქ ეკონომიკა, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობა, პრაქტიკულად არ არსებობს და გაუბედურებულ, გამათხოვრებულ ადამიანებს არსებობის სხვა საშუალება არ გააჩნიათ.

მაშინ რა განსხვავებაა სააკაშვილის პოლიტიკასა და აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკას შორის, როცა შემოსავლის წყარო ნარკოტიკებია?!

_ მეოცე საუკუნეში ავღანეთი ოპიუმის ძირითად მომწოდებლად ითვლებოდა. ოპიუმი იყო ავღანელთა ცხოვრების, კულტურის, პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. წინა მთავრობების დროს მისი რეალიზაციიდან მიღებული ფულით ფინანსდებოდა პოლიტიკური კამპანიები მეზობელ პაკისტანში.

როცა საბჭოთა ჯარები შევიდნენ ავღანეთში, მათ რატომღაც სრულად მოშალეს ერთმანეთთან დაკავშირებული ჭების სარწყავი სისტემა, კარეზების სისტემა, რომლის წყალობით გლეხობა სოფლის მეურნეობის კულტურების ორ-სამ მოსავალს იღებდა. ავღანელები ცარიელზე დარჩნენ, ერთადერთი კულტურა, რომლის მოყვანას არც დიდი შრომა და, მით უფრო, სარწყავი სისტემები არ სჭირდებოდა, ხაშხაში იყო. ერთი ძირი ღონიერი მცენარე ხუთ კილოგრამამდე ოპიუმს იძლევა. ოპიუმს მუშტარი გამოულევლად ჰყავს, მაშასადამე, შემოსავალიც გარანტირებულია.

_ ესე იგი, ამერიკელები მართალს ამბობენ.

_ მაგრამ აქ უმთავრესი სხვა რამეა. ბამბის მოსავლიდან მამრავლი, როგორც ნავთობისა _ ორმოციდან ორმოცდაათამდეა _ პლანტაციებში მოკრეფილი ნედლეულიდან სამრეწველო ნაწარმის მიღებამდე, ასეთია «მარგი ქმედების კოეფიციენტი»; ოპიუმის მამრავლი კი _ 688, კოკაინის რვაასამდეა.

ამიტომაა ეს «დარგი» უდიდესი მომგებიანი ბიზნესი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებ ბამბით, კარტოფილით და ა.შ. გლეხის უდიდეს შრომას მოითხოვს ეს კულტურები, მოგება კი ოპიუმთან შედარებით ნულის ტოლია.

ავღანეთში არამარტო იცავენ ოპიუმის პლანტაციებს შეიარაღებული რაზმები, არამედ აქვთ «მფრინავი ლაბორატორიები», რომლებიც მანქანებზეა მოწყობილი და, მაშასადამე, მობილურია, სადაც დასჭირდებათ, ოპერატიულად იქ გაჩნდება.

_ რა ლაბორატორიებზეა ლაპარაკი?

_ ოპიუმის ჰეროინად გადამმუშავებელ ლაბორატორიებზე მოგახსენებთ: ოპიუმი ყარს, ჰეროინი უსუნოა და თეთრი, ნაკლებ წონას იკავებს და იოლი გასატანია საზღვარზე. ამერიკელებმა ეს პლანტაციები რომ გადაწვან და ააფეთქონ, აქაური გლეხობა შეიძლება შიმშილით ამოწყდეს. სხვა შემოსავალი მათ არ გააჩნიათ. ამას კი შეიძლება მოჰყვეს სახალხო აჯანყება.

_ ამერიკელების წინააღმდეგ?

_ არამარტო ამერიკელების, არამედ თავიანთი ხელისუფლების და ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც ამ «ბიზნესს» ხელს შეუშლის. ამიტომ მიდიან ამერიკელები გარკვეულ დათმობაზე.

_ გამოდის, რომ ჩვენი საჯარისო ნაწილები, რომლებიც ავღანეთში საერთაშორისო მისიაში არიან ჩართულნი, ამ პოლიტიკის დამცველებად გვევლინებიან?

_ ყოველ შემთხვევაში, ხელს არ ვუშლით. ჩვენ ჩვენი მისია გვაკისრია _ შევინარჩუნოთ წესრიგი და სტაბილურობა.

_ რომელიც არ არის

_ ჩვენ არ ვერევით ამგვარ საკითხებში. ავღანეთში ჩვენი კონტიგენტი თავის ფუნქციას ასრულებს.

_ საბჭოთა კონტიგენტის ავღანეთში ყოფნის პერიოდში ნულამდე იყო დასული ოპიუმის წარმოებაგადამუშავება. ამას ირწმუნება არაერთი კომპეტენტური წყარო, უცხოელი მკვლევარები.

_ კი, ძალიან მკაცრი პოლიტიკა ხორციელდებოდა მაშინ, რომელსაც ავღანელთა საყოველთაო უკმაყოფილება მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა რუსებიც ნაწილობრივ იყვნენ ჩართული _ სამხედრო მაღალჩინოსნები ამ ბიზნესში. მაგრამ მაინც საერთო ჯამში მათ შეუტიებს ხაშხაშის პლანტაციებს.

ეს ერთი მხარეა.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა შეიარაღებული ნაწილები ავღანეთიდან გამოვიდა, დასავლეთმა ჩათვალა, რომ მიზანი მიღწეულია, და ეს ქვეყანა უყურადღებოდ მიატოვა. სწორედ ამ პერიოდში აღორძინდა ოპიუმის წარმოება ავღანეთში, უფრო ფართო მასშტაბი მიიღო, ამ დროს ჩაისახა იქ ტერორისტული ბანაკები.

_ ამერიკელების დახმარებით.

_ ჩემს წიგნში მიწერია, რომ თვით ტერორისტი #1 ბენ ლადენი აშშ-ის სპეცსამსახურის აგენტი იყო…

_ შორს წავედითდავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას _ მარიხუანის ლეგალიზაციადეკრიმინალიზაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დგას.

 _ ამ პრობლემის პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით მახსენდება ჰანრიხ ჰაინეს ერთი გამონათქვამი: «არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩინებულად იცნობენ ფრინველს, რადგან უნახავთ კვერცხები, საიდანაც ეს ფრინველი იჩეკება».

მე მგონი, ნარკოტიკების ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ავტორებს ნანახი აქვთ ის კვერცხები, საიდანაც იჩეკება ნარკომანია და დაჩემებული აქვთ, რომ ღრმად იცნობენ ნარკომანიას როგორც პრობლემას.

თავიდანვე მინდა შევიტანო სიცხადე საკითხში: მე და ჩემი კოლეგები ვთვლით, რომ ნარკომანები არიან ავადმყოფები. ეს ჭეშმარიტებაა. მაგრამ ეს ის კატეგორიაა, რომელიც ნარკოტიკის საშოვნელად ნებისმიერ დანაშაულზე წავა, თაღლითობა იქნება ეს, ძარცვა, ქურდობა მანქანის გატაცება და ა.შ.

ამჟამად საქართველოში გახსნილია ცენტრები, სადაც მეტადონისა და სხვა საშუალებებით ცდილობენ ნარკომანების განკურნებას. ამ დაწესებულებებთან რიგი დგას მეტადონის ულუფის მისაღებად. ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ვიყავი, კოლეგები მეუბნებოდნენ, მათ სცადეს, და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს გამოსავალი არ არის, რადგან მეტადონი იგივე ნარკოტიკია.

ნარკომანიის განკურნების უმთავრესი და მართლაც ეფექტიანი საშუალებაა მისი სურვილი, მოერიოს ამ ჩვევას.

ქვეყანაში დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციაზე რომ ვლაპარაკობთ, ჯერ  უნდა მოვამზადოთ სამედიცინო დარგი იმ 50 ათასი ნარკომანის განსაკურნებლად, რომლებიც გვყავს. ბევრი მათგანი არ მოინდომებს მკურნალობას, ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს იძულებითი მკურნალობის სისტემა. ამავე დროს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში უნდა შევიტანოთ ცვლილებები, ევროპის შესაბამის კანონმდებლობასთან შეფარდებული, იმ ნარკომანთა მიმართ, რომლებიც, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, თავს არიდებენ მკურნალობას. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში ძალიან მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული მათ წინააღმდეგ.

_ ერთი, შეიძლება მოულოდნელი შეკითხვა: წარმოიდგინეთ, რომ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, მისცემდით ხმას კანონპროექტს, რომელზეც ვსაუბრობთ?

_ ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა ეს პროექტი. მაგიდაზე ედო ხუთი წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი კანონის მიღება მათთვის პრობლემა არ იყო. მაგრამ შეეშინდათ, გაფრთხილდნენ, ვერ იკისრეს პასუხისმგებლობის აღება, რადგან მიღებას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყოლოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.

დეკრიმინალიზაცია არის სერიოზული ნაბიჯის გადადგმა ლეგალიზაციისკენ. ლეგალიზაცია პლიუს ნარკოტიკები უდრის ბაზარს. ბაზარი ნიშნავს ნათესებს _ საქართველოში დაიწყება მარიხუანის პლანტაციების გაშენება.

დილეტანტობად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის. პირიქით, ისეთი მავნებელია, რომ მტრისას, რადგან იწვევს თავის ტვინის ქერქის გამოშრობას. მისი მომხმარებელი ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანი გადადის მძიმე ნარკოტიკზე.

დეკრიმინალიზაციის საკითხი იტალიაში 1993 წელს დადგა. ვერ გადაწყვიტა პარლამენტმა ასეთი კანონის მიღება, ვერ აიღო თავის თავზე და ამიტომ რეფერენდუმი ჩაატარეს. ერთი პროცენტით გაიმარჯვა დეკრიმინალიზაციის პუნქტმა.

მე მგონია, რომ პარლამენტართა იმ ჯგუფს, რომელიც დეკრიმინალიზაციის პროექტს ლობირებს, უფლება არ აქვს, პარლამენტში მოახდინოს ამ საკითხის ინიცირება. ეს საკითხი საბედისწეროა საქართველოსთვის.

_ ჰოლანდიისთვის რატომ არ აღმოჩნდა საბედისწერო?

_ ჰოლანდიას ნარკოტიკებთან დამოკიდებულების თავისი ისტორიული სპეციფიკა ახასიათებს, რომელიც უცხოა საქართველოსთვის. 1920-იან წლებში ჰოლანდიელებმა კუნძულ იავაზე გააშენეს კოკაინის პლანტაციები, წელიწადში დაახლოებით 600 ტონა კოკაინს აწარმოებდნენ და მთელ ევროპას ამარაგებდნენ.

გააგრძელეს ეს პოლიტიკა და მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთის დასაწყისში ტურისტების მოსაზიდად დაუშვეს ყოველდღიურად 25 გრამი ნარკოტიკის _ მარიხუანის თავისუფლად მოხმარება.

ეს არის ორ-ნახევარი ასანთის კოლოფი.

ამჟამად ეს დოზა 5 გრამამდეა შემცირებული. ლაპარაკია ტურისტებზე.

ეს არის მათი ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი და ერთგვარად მასტიმულირებელი მუხტი. ტურისტებიდან შემოსული ფულიდან 117 ევრო იხარჯება თითოეულ ნარკომანზე, მათ განკურნებაზე. ლაპარაკია ჰოლანდიის მოქალაქეებზე.

რუსეთმა მოუმზადებლად მოახდინა დეკრიმინალიზაცია. 1992 წლის 12 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ეს იყო ელცინის პერიოდი, რომანტიკული დემოკრატიის ხანა, როცა ბევრს არ ფიქრობდნენ შესაძლო უკუქმედებაზე.

ამ გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციაში ნარკოტიკების მოხმარების 100-პროცენტიანი ზრდა მოჰყვა. დღეს რუსეთი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზიანებულ ქვეყნად ითვლება.

ბევრი ნაღმი დევს დეკრიმინალიზაციის გზაზე და ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ყურადღებიანი მკითხველი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ ამ ინტერვიუში რამდენიმეჯერ იყო ნახსენები ჯემალ ჯანაშიას წიგნი. ამ ფუნდამენტური ნაშრომის «XXI საუკუნის გამოწვევა» რედაქტორი ბატონი ჭაბუა ამირეჯიბია (ბატონ ლევან სანიკიძესთან ერთად). ის, რასაც დიდი ქართველი მწერალი წინათქმაში წერს, მგონი, ამ ინტერვიუს დასკვნად გამოგვადგეს:

«მოდის მტერი ნარკოტიკებით ხელში, გვისპობს ახალგაზრდობას და იმდენს, რამდენიც ქართველებს არც ერთ ომში არ დაგვიკარგავს. რას დავდუმებულვართ, რატომ არ შემოვიღებთ კანონს, რომლის ძალითაც დანაშაულზე წასწრებული ნარკოტიკების გამავრცელებელი სიკვდილით დაისჯება ისევე, როგორც იარაღით შემოჭრილი დაისჯებოდა. სად არის ლოგიკა და უაზრო ჰუმანიზმის ზღვარი

ეს სიტყვები 2001 წლის 19 ივლისს დაიწერა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here