Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ ხუბულაშვილი: ქართველი ხალხი რას იტყვის, აღარ გაინტერესებთ, ბატონო ბიძინა?

ზურაბ ხუბულაშვილი: ქართველი ხალხი რას იტყვის, აღარ გაინტერესებთ, ბატონო ბიძინა?

706

საქართველოს პარლამენტმა 188 ადამიანს ოფიციალურად მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც კანონის ამოქმედების დროს ციხეებში სასჯელს იხდიდნენ და ამნისტია შეეხოთ. არადასააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში საქართველოში პოლიტიკური ნიშნით გაცილებით მეტი ადამიანი იყო დაპატიმრებული, რასაც ქართული და საერთაშორისო  უფლაბადამცველი ორგანიზაციებიც აღიარებენ. პოლიტპატიმრის სტატუსი არ  გააჩნიათ იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე მოხდილი ჰქონდათ სასჯელი იმ დროს, როცა პარლამენტმა პოლიტპატიმრების შესახებ საგანგებო კანონი მიიღო. ერთერთი მათგანი «სახალხო კრების» წევრი ზურაბ ხუბულაშვილია. იგი შეთითხნილი ბრალდებით (6 პოლიციელის ცემა დააბრალეს) 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს და 1-წლიანი სასჯელიც მოიხადა. უსტატუსოდ დარჩენილი პოლიტპატიმრების მოთხოვნებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ზურაბ ხუბულაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო ზურაბ, დაახლოებით  რამდენი ადამიანი იხდიდა სასჯელს პოლიტიკური ნიშნით ამ 9 წლის განმავლობაში?

_ დაახლოებით 600-700 კაცი. ამ დროს მხოლოდ 188 ადამიანს აქვს ოფიციალურად მინიჭებული პოლიტპატიმრის სტატუსი. რა მექნა, როცა პარლამენტმა პოლიტპატიმრების შესახებ კანონი მიიღო, მე სრულად მქონდა სასჯელი მოხდილი და  ხელახლა ხომ არ დავაჭერინებდი თავს, რომ სტატუსი შემხებოდა?! ბოლო დროს დიდი ამბებია ატეხილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებზე, იმ საშინელებებზე, რაც იმ სამალავებში ნაპოვნ ფირებზეა დაფიქსირებული. მართალია, გაუპატიურება არ შეგვხებია, მაგრამ ასეულობით ადამიანმა ის ყველაფერი გადავიტანეთ, რაც იმ ფირებზეა ჩაწერილი. მე პირადად დაკავების მომენტიდან, მთელი პატიმრობის მანძილზე წამებისა და შეურაცხყოფის  მეტი არაფერი მინახავს. ჩემნაირი ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ისინი დღეს ხელისუფლებას არ ახსოვს.

_ თქვენ ითხოვთ, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მოგანიჭონ?

_ მე კი არ ვითხოვ, კანონი და სამართალი ითხოვს ამას. ციხიდან რომ გამოვედი, 4 წელი პირობითი სასჯელი გამომყვა. ამ პირობითის მოხსნასაც კი არავინ ფიქრობს. ყველა პოლიტპატიმარს, ვიდრე დაგვიჭერდნენ, საკმაოდ ნორმალური სამსახურები გვქონდა, ჩვენი ოჯახის წევრებიც დასაქმებულნი იყვნენ, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას შევწირეთ ყველაფერი, საკუთარი კი არა, შვილების მომავალი შევაგდეთ სასწორზე და რა მივიღეთ? ჩემი მეუღლე ეროვნულ ბანკში საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა, ჩემ გამო დაითხოვეს და დღეს უმუშევარია. ცოლი კი არა, ზოგს მთელი სანათესაო უმუშევარი დაუტოვეს, ქონება წაართვეს და მათი გამომქომაგებელი დღეს არავინ არის. ხელისუფლებას განზრახული აქვს, რომ ჩვენ, ვისაც პოლიტპატიმრის სტატუსი პარლამენტმა არ მოგვანიჭა, სასამართლოს გზით გაგვამართლონ.

_ ეს ვიცი, მაგრამ ამ გზით პოლიტიკური პატიმრის სტატუსს არ მოგანიჭებენ, ისევ უსტატუსოდ დარჩებით.

_ ჰოდა, არ არის ეს სამართლიანი. ირაკლი ბათიაშვილი, ნორა კვიციანი, თამაზ თამაზაშვილი, ზაზა დავითაია არ არიან პოლიტპატიმრები? ყველა პოლიტპატიმარს რომ სტასუსი მოგვანიჭონ, ჯერ ერთი, იმაზე ფიქრობენ, ამათ კომპენსაცია არ მოსთხოვონ ხელისუფლებასო. კიდეც რომ მოვითხოვოთ, რა მოხდა მერე? განა რამდენს მოვითხოვთ? რამდენიმე ათეულ მილიონს აიტანს ეს ბიუჯეტი. დააბრუნებინონ «ნაცებს» ბიუჯეტიდან მოპარული მილიარდები კანონიერად და იმის უმცირესი პროცენტი მისცენ იმ ხალხს, რომელიც მათი მსხვერპლი გახდა, განა ეს კანონიერი არ იქნება? მეორე მიზეზიცაა, რის გამოც ხელისუფლება თავს იკავებს, გვაღიაროს პოლიტპატიმრებად. ჩვენ გვითხრეს, მოამზადეთ კანონპროექტი პოლიტპატიმრების შესახებ, შემოიტანეთ პარლამენტში, განვიხილავთ და მივიღებთ კანონსო. დავწერეთ ეს კანონპროექტი, შევიტანეთ, მაგრამ დასავლეთის ზეწოლით დაიბლოკა პარლამენტში. ხომ გითხარით, რეალურად, 700-მდე ადამიანი იხდიდა სასჯელს პოლიტიკური მოტივით. 700 პოლიტპატიმარი პოლ პოტსა და ბოკასას არ ჰყოლიათ. ხელისუფლებამ 700 პოლიტპატიმარი რომ აღიაროს პარლამენტმა, სააკაშვილი მსოფლიოს ყველაზე სისხლისმსმელ ტირანებს გაუტოლდება.

_ გაუტოლონ მერე, ტყუილი იქნება? რაც დაიმსახურა, იმას მიიღებს.

_ მაგრამ ეს ხომ ხელს არ აძლევს მის მფარველ ევროპასა და ამერიკას?! ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, მათ გაუწიოს ანგარიში და არ მომწონს ეს ძალიან. 

 მე ციხიდან შარშან, ივნისში გამოვედი. ეგრევე ჩავერთე «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო კამპანიაში. გარდაბნის რაიონში მომიწია მუშაობა. დავუპირისპირდი კუდის უფროსის მოადგილეს _ ვაჟა ლილუაშვილს, გუბერნატორ დავით კირკიტაძეს, გიორგი ხევიაშვილს, «ნაციონალების» მაჟორიტარ კანდიდატს, ლილუაშვილის ნათესავს _ თემურ ფეიქრიშვილს. გარდაბანში მამუკა არეშიძე იყო «ქართული ოცნების» მაჟორიტარი კანდიდატი. დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლილუაშვილმა და კუდის ხალხმა ალყაში მომაქციეს და ჩემს დაჭერას აპირებდნენ. გია ყარყარაშვილის ბიჭებმა მიშველეს, დროზე მოვიდნენ და იქიდან გამომიხსნეს. ციხიდან გამოვედი და მეორე დღესვე ისევ თავი გადავდე, ბიძინა ივანიშვილს გვერდით დავუდექი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გული მისკდება იმის გამო, რასაც დღეს ვხედავ. რეგიონებში რესპუბლიკელების დროშებით საკრებულოებისა და გამგეობების ხელმძღვანელები ისევ ყოფილი «ნაციონალები» არიან. ვინც ეს ქვეყანა დაანგრია, ისევ იმათ აბარებენ რაიონებს სამართავად. გურჯაანისა და საგარეჯოს მაგალითი ავიღოთ. საგარეჯოს რაიონის  გამგებელი, გარესპუბლიკელებული «ნაცი» დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით, მას რამდენიმე კაცი მიაყოლეს, გამოვიდა თინა ხიდაშელი, გადაეფოფრა და გამოაშვებინა. მეტიც, თანამდებობაზეც დააბრუნეს ეს კაცი. არადა, 80 ათასი ლარის მითვისებას ედავებოდა მათ პროკურატურა. არჩილ კბილაშვილს  მივმართავ: გაგვარკვიოს, _ ვინ არის მართალი? თუ თინა ხიდაშელი მართალია და ეს ხალხი უდანაშაულოა, მაშინ კბილაშვილის უწყება გვატყუებდა. თუ პროკურატურა სიმართლეს ამბობდა და საგარეჯოს გამგებელსა და 6 სოფლის რწმუნებულს ეს 80 ათასი მართლა აქვთ გაფლანგული და ისევ თავიანთ პოსტებზე სხედან, მაშინ თინა ხიდაშელი ყოფილა ქვეყნის მთავარი პროკურორი, ხოლო ქვეყანაში ისევ უკანონობა სუფევს. თუ თინა ხიდაშელი გმფარველობს, მაშინ მოიპარე, ხელს არავინ გახლებს და სამსახურიდანაც კი ვერ მოგხსნიან _ აი,  ეს არის მთელი ამ  ისტორიის მორალი.

_ მარტო  გურჯაანსა და საგარეჯოში არ ხდება ფერშეცვლილი «ნაციონალების» დაბრუნება ადგილობრივ ხელისუფლებაში.

_ «ქართული ოცნების» შტაბში ვმუშაობდი, რეგიონებთან ძალზე მჭიდრო ურთიერთობა მქონდა და მაგის მეტი რა ვიცი, სად რა ხდება! გელა ხვედელიძემ დააკომპლექტა «ქართული ოცნების» რაიონული შტაბები. რა კაციც გამოდგა ხვედელიძე, ყველამ დავინახეთ. ხვედელიძის ეს შერჩეული ხალხი ზოგ რაიონში კი მოვიდა ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაგრამ «ნაციონალებთან» კოაბიტაციის რეჟიმში არიან. ხვედელიძემ  ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სხვა რეგიონებშიც კუდისა და სოდის ყოფილი თანამშრომლები დანიშნა, ზოგიერთი ისეთიც, ამ სტრუქტურების შექმნის დღიდან 2010 წლამდე ამ სისტემაში რომ მუშაობდა.  დღეს ეს ხალხი, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, ზოგიერთ რაიონში გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეა. ხომ გითხარით, ეს «ნაციონალებთან» თანამშრომლობის გზით მოახერხეს. მათგან იფორმებენ ბიზნეს წილებს, სამაგიეროდ, ეს «ნაციონალები» ხდებიან რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიების,  «თავისუფალი დემოკრატების» წევრები და მათ, როგორც კოალიცია «ქართულ ოცნებაში» შემავალი პარტიის წევრებს, წარსულ ცოდვებზე პასუხს აღარ სთხოვენ.

უარესს გეტყვით: რუსთავში ზვიად ძიძიგურმა უკვე დაასრულა «ნაციონალების» ბიზნესის გადმობარება, მის ბიზნესს რუსთავში ახლა ვინმე არჩვაძე პატრონობს. ქუთაისელები თავად ამბობენ, _ გუბაზ სანიკიძემ «გააიასნა» ქუთაისში საქმე, სადაც მსხვილი ბიზნესი იყო, ყველგან წილში ჩაჯდაო. კიდევ არაერთი დეპუტატი, გამგებელი «ქართული ოცნებიდან» «ნაციონალებთან» ბიზნესის გაყოფითაა დაკავებული და, ამ საქმეს როცა მოილევენ, ალბათ, მერე მოიცლიან ხალხისთვის. «ნაციონალთა» ყველა რაიონულმა ლიდერმა თავი გადაირჩინა ამათთან კოაბიტაციით. და რას ნიშნავს ეს? რაც ეს წლები ძარცვეს და გლიჯეს ქვეყანა, უნდა შერჩეთ? ამისთვის ვიბრძოდით? ყველაფერს ისევ «ნაცები» ფლობენ, ნაწილს კი _ მათთან კოაბიტირებული პარტიების რეგიონულ-რაიონული მასშტაბის ლიდერები.

კი, ბატონო, ბიძინა ივანიშვილს ბევრი აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული. ის რომ არ გამოჩენილიყო, დღეს ისევ «ნაცმოძრაობის» დიქტატის პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება. ცხადია, ამისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, მაგრამ როდემდე? ერთი იდეა მაქვს: შევიკრიბოთ ყველა ერთად თავისუფლების მოედანზე, დიდი მადლობა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, რომ მოგვაცილა «ნაცმოძრაობა» და მოვთხოვოთ, მეორე დღიდანვე დაიწყოს იმ საქმეების კეთება, რომელთაც ქართველი ხალხი ითხოვს მისგან. ხალხის დაკვეთა კი «ნაცებთან» კოაბიტაცია ნამდვილად არ ყოფილა, წინასაარჩევნოდ სხვას გვპირდებოდა.

_ რატომ არ იყენებს ხელისუფლება პოლიტპატიმართა გამოცდილებას, ეს მართლა საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრიხართ, არ შეგითავაზებიათ თქვენი სამსახური?

_ ბიძინა ივანიშვილი მიუწვდომელია ჩვენთვის. ყველას ხვდება, პოლიტპატიმრების გარდა. ერთხელ შევხვდით ირაკლი ღარიბაშვილს, საკმაოდ თბილი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ეგ იყო და ეგ, ამის შემდეგ ღარიბაშვილიც ივანიშვილივით მიუწვდომელი  გახდა ჩვენთვის. რა მოხდა, დღესაც არ ვიცი. ჩვენი მინისტრები საკადრო დეფიციტზე ლაპარაკობენ. ყოფილ პოლიტპატიმრებში ძალიან ბევრი მაღალი რანგის პროფესიონალია, დღეს ქვეყანას რომ გამოადგება. ამ ხალხის იგნორირება ხდება. ერთადერთი, ყოფილი პოლიტპატიმრებიდან, მუმლაძე დაასაქმა ბიძინა ივანიშვილმა _ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა. ეგეც იმიტომ, რომ მუმლაძე დაჭერამდე ივანიშვილის ერთ-ერთი ბიზნეს-ობიექტის დაცვის უფროსი იყო.

ბიძინა ივანიშვილს ერთი რამ ავიწყდება: კი, არჩევნებში პირადად მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, მაგრამ «ქართული ოცნების» გამარჯვება სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ქართველი ხალხის ზიზღმა, რეჟიმის უკვე აუტანლობამ განაპირობა. მიშა და მისი «ნაცხროვა» რომ მოეშორებინა, იმიტომ დაუჭირა ხალხმა მას მხარი. ივანიშვილი არჩევნებამდე ხალხის გვერდით იყო, დღეს აშკარად დაშორდა ხალხს. ადრე მუდამ  ეკლესიაზე, გლეხისა და სოფლის აყვავებაზე, ქართული კულტურის გადარჩენაზე ლაპარაკობდა. დღეს ვენეციის კომისიისა და ევროკომისრის ნათქვამებზეა ორიენტირებული. ქართველი ხალხი რას იტყვის, აღარ გაინტერესებთ, ბატონო ბიძინა?

_ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მერე წავალ პოლიტიკიდან და ქვეყანას ძალიან კარგ გუნდს დავუტოვებო. მაინც ვის ხელში აღმოვჩნდებით შემოდგომიდან, როგორ ფიქრობთ?

_ ასეც უნდა მოიქცეს! მან წელში გატეხა სააკაშვილი და მისი ხროვა და თავისი მისია შეასრულა. ახლა გვჭირდება არა უსუფაშვილი და კოაბიტაციის მომხრე მისი ძმები, არამედ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად აღადგენენ სამართლიანობას და საბოლოოდ მიწას მიაყრიან ამ აყროლებულ ლეშს, რომელსაც «ნაცმოძრაობა» ჰქვია.

_ რაც ბრძანეთ, კარგი იქნება, თუ ეგრე მოხდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია _ «ნაცმოძრაობისთვის» მიწის მიმყრელი პოლიტიკური ძალები არ ჩანან ივანიშვილის კოალიციაში.

_ სამწუხაროდ, ეს მწარე რეალობაა. კოალიცია «ქართულ ოცნებაში» ვინ არის გამწევი ძალა, თქვენ თავად არ იცით? ბიძინა ივანიშვილის პარტია «ქართული ოცნება» მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ამ პარტიიდან ვინც ივანიშვილს გვერდით ედგა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველა იგნორირებულია.

«ნაცმოძრაობის» სახით საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში სწორედ მახინჯ პროდასავლურ კურსსა და ლიბერალიზმს უთხრა უარი. მაგრამ ჩართეთ ერთი ნებისმიერი ტელეარხი, რაზე მიდის დღენიადაგ მსჯელობა? ერთი და იგივე ადამიანები ლაპარაკობენ ლგბტ საზოგადოების ინტერესების დაცვაზე, ნატოში გაწევრიანების ეფემერულ თემებზე და ა. შ.  ივანიშვილის გუნდის წევრებიც დღენიადაგ დასავლურ ორიენტაციაზე, ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკობენ. მათ ჩემზე კარგად იციან, რომ ნატოში არავინ მიგვიღებს, მაგრამ მგონია, ამ თემით ასე ხშირად იმიტომ აპელირებენ, რომ რუსეთის პოლიტიკური წრეები გააღიზიანონ, ისინი დასავლეთის დაკვეთას ასრულებენ. ამით ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საფუძველს აცლიან. დღეს რომ მოისურვოს ივანიშვილმა პუტინთან ლაპარაკი, ისეთი ანტირუსული ფონია ქვეყანაში შექმნილი, რომ ვერც კი მოახერხებს, შეხვდეს და დაელაპარაკოს. მისი კოალიციის პროდასავლური ძალები, «ნაციონალებისგან» ბევრად რომ არ განსხვავდებიან, პირველები იქნებიან, ვინც ამგვარი შეხვედრის ჩასაშლელად ყველაფერს გააკეთებენ. ბიძინა ივანიშვილმა ერთ ჟურნალისტს უთხრა, _ პოლიტიკაში ჩემი მასწავლებელი დათო უსუფაშვილიაო. დათო უსუფაშვილის გაკვეთილებით შორს ვერ წავა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ქართველ ხალხს კი დაშორდება.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here