Home რუბრიკები სამართალი შალვა ხაჭაპურიძე: სანამ კუბლაშვილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლო სწორედ მასზეა დამოკიდებული

შალვა ხაჭაპურიძე: სანამ კუბლაშვილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლო სწორედ მასზეა დამოკიდებული

859

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრება.

_ ბატონო შალვა, რას მოუტანს ქვეყანას ახალი შემადგენლობით არჩეული, უმეტესად ძველი კადრებით დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო

_ იმედია, პარლამენტიდან მაინც შევა ამ საბჭოში ნორმალური კადრები.  არის დასახელებული რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვიცნობთ მათ და ვიცით მათი პრაქტიკა, მაგრამ დღეს სასამართლო მეტწილად დაკომპლექტებულია ისევ იმ მოსამართლეებით, რომლებიც სააკაშვილის დროს იყვნენ, რომლებსაც «ნაციონალური მოძრაობა» მართავდა და რომელთაც გამაოგნებელი გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ უნდა შეიქმნას მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია. კანონპროექტის მიხედვით, მისი რეკომენდაციით, ესა თუ ის საქმე შემდგომში ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა უნდა განიხილონ. ამ ორივე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები იუსტიციის საბჭოში შედიან. წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც შეგაქვს საჩივარი და წერ, რომ ამა და ამ მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიღო და შემდეგ ამავე საქმეს ისევ იმ მოსამართლეს დააწერენ ისევ იმავე შემადგენლობით. ამგვარად, ჩვენ საქმე გვაქვს იურიდიულ ნონსესთან.

_ სასამართლო ჯერ ისევ «ნაციონალური მოძრაობის» გავლენის ქვეშ რჩება. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამგვარი მიდგომა?

_ სასამართლოზე და მოსამართლეებზე საუბარს ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვეკიდები. მე თავად მოსამართლედ ვმუშაობდი და ვიცი, რა ზეწოლას შეიძლება განიცდიდეს იგი. რა თქმა უნდა, სასამართლო «ნაციონალებისგან» დამოუკიდებელი ვერ იქნება, სანამ «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი წევრი და ლიდერი მეთაურობს (კოტე კუბლაშვილს ვგულისხმობ). რა ქნას მოსამართლემ მაშინ, როცა ასეთი მდგომარეობაა? მოსამართლეზე საჩივარი რომ დაიწეროს, ისევ კუბლაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» წევრების ხელთ არის მისი ბედი. არც ერთ სხვა ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რამ. ამგვარად, ის აზრი, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და აპოლიტიკურია დღეს, ახალი ცვლილებების გატარების შემდეგ, იდეაშივე მოკვდა. სანამ კუბლაშვილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლო სწორედ მასზეა დამოკიდებული. გახსოვთ, ალბათ, «ნაციონალების» დროს საქართველოს ხერხემალი შს მინისტრი მერაბიშვილი იყო,  რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები. სახელმწიფოს ხერხემალი სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს. სად არჩიოს ადამიანმა ესა თუ ის მოსამართლე რომელი პარტიის წევრია _ «ქართული ოცნების» თუ «ნაციონალური მოძრაობის»? სანამ სასამართლო დამოუკიდებელი არ გახადეს, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

_ რამდენადაც მახსოვს, ამ ცვლილებების მოთავე იუსტიციის სამინისტრო და თავად მინისტრი გახლავთ. რატომ მოხდა ასე, ხომ არ მოტყუვდა წულუკიანი და რა გამოსავალი არსებობს შექმნილი ვითარებიდან?

_ ფაქტობრივად, თეა წულუკიანს მარტოს მოუწია ამ საკითხებისთვის ბრძოლა. ამგვარ საკითხებში უფრო ფართო მიდგომა იყო საჭირო. მთლიანი  საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის უფრო მეტად გააქტიურება. ხოლო იმ ვითარებაში, რაშიც თეა წულუკიანი და «ქართული ოცნება» აღმოჩნდა, მათ ითამაშეს წმინდა დემოკრატიულ პრინციპზე დაყრდნობით, ანუ მათ არ დაარღვიეს  მოსამართლის ხელშეუხებლობა, ხოლო «ნაციონალებმა» თავიანთი ძველი, ძალადობის მეთოდი არჩიეს. ისევ ზეწოლა, დაშინება და საოცარი დაპირებები. თქვენ გახსოვთ, იქ იყო დაპირებები, რომ არავინ დაისჯებოდა იმ უკანონო გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც სასამართლო ბოლო ცხრა წლის მანძილზე იღებდა. ამ ყოველივემ კი, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი გამოიღო. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ დამთავრდება და, რაც ახლა კუბლაშვილმა გააკეთა, ასე არ უნდა დარჩეს. აუცილებლად ისევ უნდა დაიწყოს ამ თემაზე  მსჯელობა და ხელახლა უნდა აირჩიონ იუსტიციის უაღლესი საბჭო. თუ არა და ამ შემადგენლობით ეს საბჭო დამოუკიდებელი არ არის და მიუკერძოებელი ვერ იქნება.

_ მიუხედავად იმისა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ხელისუფლებაში აღარ არის, მაინც განაგრძობს საზოგადოებისა თუ საკუთარი გავლენის ქვეშ დარჩენილი სახელისუფლო ბერკეტების კონტროლს. თქვენი აზრით, სამი ძირითადი სახელისუფლო განშტოებიდან რომელს აკონტროლებს ჩვენი პრემიერი სრულად?

_ მე მესმის თქვენი კითხვის პათოსი. ჩვენ, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ყველაფერი გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს, პროცესები კი ისე სწრაფად ვერ ვითარდება. ამის შესახებ მე არაერთხელ გამოვთქვი აზრი, რომ, თუ სამართლიანობის აღდგენა ასე და ამ ტემპით გაგრძელდა, ხალხი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს და იმ მარტივი ანგარიშსწორების ფორმაზე გადავიდეს, რომელსაც თვალი თვალის წილ და სისხლი სისხლის წილ ჰქვია. სამართლიანობის აღდგენის ამ ფორმას უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი ხშირად მიმართავს და ჩვენ გვაქვს ამის პრეცედენტი. რაც შეეხება იმას, აკონტროლებს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებას, იგი აკონტროლებს სწორედ იმდენად, რამდენადაც ნორმალურ ქვეყანაშია მიღებული. ივანიშვილს კანონით ეკუთვნის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი და მერწმუნეთ, რომ ის ამას სრულფასოვნად ახორციელებს.

_ აქვს თუ არა «ნაციონალურ მოძრაობას», როგორც პოლიტიკურ გაერთიანებას, არსებობის უფლება და რამდენად შეიძლება მისი წევრები სამომავლოდ თუნდაც სხვა სახელწოდების პარტიაში ან პოლიტიკურ თანამდებობებზე მოგვევლინონ?

_ რა თქმა უნდა, არა. ამაში აუცილებლად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული და, თუ ასეთი საფრთხე გაჩნდება, ეს უნდა გახდეს მკაცრი მსჯელობის საგანი. სამართლებრივად კი პარტია, რომელიც ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, უნდა აიკრძალოს. «ნაციონალები» ატარებდნენ აღნიშნულ პოლიტიკას. ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს და ამასვე ადასტურებს ტალიავინის დასკვნაც.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here