Home რუბრიკები საზოგადოება დალილა ხორავა: როგორც ექიმი და ფსიქოლოგი, ვამბობ, რომ სააკაშვილის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია…

დალილა ხორავა: როგორც ექიმი და ფსიქოლოგი, ვამბობ, რომ სააკაშვილის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია…

ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი ფიქრობს მის გუნდში შეღწევასა და იქ დამკვიდრებაზე. ამ პროცესს ქართველი ხალხი გაგებითა და უხმაუროდ აკვირდება, მაგრამ დიდად განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან ვერაფერს ხედავს. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა ესაუბრა.

_ ქალბატონო დალილა, უპირველესად, მინდა, იმ ტრაგედიას შევეხოთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. ვგულისხმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვიღაც განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სწორედ ქართული ჯარის ავღანეთში ყოფნას? აქვე მინდა გკითხოთ: რამდენად მიზანშეწონილია ჩვენი ჯარის რაოდენობრივი უპრატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით? ხომ არ აჯობებდა, ჩვენს სახელმწიფოს გამოეხმო ჩვენი ჯარი ავღანეთიდან ან, თუ მთლიანად არ გამოიყვანდა, შეემცირებინა მაინც მისი რაოდენობა?

_  ტრაგედიაა, როცა ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილს განეკუთვნებიან, ასე იღუპებიან. ამ ბიჭებს ხომ ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ. ძალიან დიდი ტკივილია ქვეყნისთვის, რომელსაც საკუთარი გენოფონდის საკითხი მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ აქვს მოწესრიგებული და ასეთ შვილებს კარგავს უცხო ქვეყანაში, სხვის ომში. მეორეს მხრივ კი, ISAF-ის პროგრამაში ჩვენი მონაწილეობა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა და ხედვაა, თუმცა, ჩემი აზრით, სამომავლოდ ეს საკითხი, ალბათ, გადასახედია. მე ამ საქმის პროფესიონალი არ გახლავარ, მაგრამ, როგორც დედას და როგორც ერთ რიგით ქართველს, 2014 წლის შემდეგ ამ მისიაში ჩვენი მონაწილეობის გაგრძელება არასწორად მიმაჩნია.

_ მოგეხსენებათ, რომ 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს ერთერთმა ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში გადასცა  კადრები, სადაც სააკაშვილი ჯარისკაცებს საბრძოლო ოპერაციების განხორციელების შესახებ ეკითხება, თუ რამდენი ადამიანი მოკლეს და როგორ. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს გახდა მორიგი ტერაქტის მიზეზი? ხომ არ თვლით, რომ ამ ტერაქტით ავღანელმა ჯარისკაცებმა შური იძიეს დაღუპული თანამებრძოლების გამო?

_ ის ფაქტი, რომ ბატონი პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ესაუბრება ჯარისკაცს ისეთ თემებზე, რომლებიც სიკვდილს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან არის მსხვერპლი, ეს უკვე მიუღებელია. როცა ჩვენი ჯარისკაცები სამშობლოსგან შორს იმყოფებიან და ყოველდღიური რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება და საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს სწირავენ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ისინი ყველანაირად დავიცვათ. მგონი, არ იყო საჭირო, ტელეკამერების წინ ესაუბრათ, სად და კონკრეტულად რომელ საბრძოლო ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. თუ გნებავთ, როგორც ექიმი და როგორც ფსიქოლოგი, მოგახსენებთ, რომ ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელია. ვფიქრობ, რომ არსებობდა სხვა მრავალი, გაცილებით უსაფრთხო თემა, რაზეც პრეზიდენტს შეეძლო ესაუბრა.

_ ტელე და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, მასში არაერთხელ არის ნახსენები სააკაშვილის გვარი. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული რგოლები დამზადებულია საქართველოში და სხვადასხვა საიტზე სწორედ საქართველოდან აიტვირთა. თქვენი აზრით, ხომ არ გვაქვს საქმე ბინძურ პიართან, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება და რამდენად საფრთხის შემცველია ის ჩვენი ქვეყნისთვის სამომავლოდ?

_ უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ და ნაჩქარევ დასკვნებს მოვერიდები. მაგრამ, თუ ეს ასეა, საშინელებაა! მე მაინც არ მინდა, დავიჯერო, რომ ამის გამკეთებელი ადამიანები საქართველოს შვილები არიან. ეს უნდა გამოიძიონ და სიმართლის დადგენის შემდეგ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. სანამ რაღაც ქმედებას ჩავიდენთ, ჯერ უნდა გავიაზროთ, რა მოჰყვება ამას. ამგვარი აქტივობებით ხომ შეიძლება საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, ისეთი დარტყმა მივაყენოთ, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ, და მაშინ ერი ფიზიკურად განადგურდება. ჩვენს ქვეყანაში საჭიროზე მეტი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, პირველ რიგში _ შიდა კონფლიქტი და ამ ფონზე ზედმეტი პრობლემა არ გვჭირდება. ჩემი აზრით, მე ექსპერტი არ გახლავარ, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ჩვენმა ჯარისკაცებმა საკუთარ ქვეყანაში უნდა გააგრძელონ სამხედრო სამსახური.

_ ქალბატონო დალილა, მინდა ახალ მთავრობასაც შევეხოთ. ახალი მთავრობის საკადრო პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება ძველისგან. რამდენად შეძლებს ივანიშვილი ერის ნდობის შენარჩუნებას მაშინ, როცა უკმაყოფილება ხალხში საკმაოდ შესამჩნევია და კიდევ უფრო მატულობს?

_ იმის თქმა, რომ ზოგადად საკადრო პოლიტიკა ცუდია, მე არ შემიძლია, რადგან მეტწილად მთავრობაში ძალიან ძლიერი მინისტრები არიან, მაგრამ არიან სუსტი მინისტრებიც. ეს დაბალ რგოლსაც ეხება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეულნი და არა პროფესიულით. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებმაც როგორღაც ძველი ნაცნობობით თუ კიდევ სხვა ხერხებით შეძლეს თანამდებობების მოპოვება _ არც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, არც დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ისინი საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავენ, ნერგავენ ნეპოტიზმს და უსამართლობას; სარგებლობენ არსებული ვითარებით, მაშინ, როცა ახალ მთავრობას ჯერ კიდევ ესაჭიროება განმტკიცება და გაძლიერება. ამგვარმა მერკანტილურმა მიდგომამ კი რა მოგვიტანა ხალხს და ქვეყანას, ყველამ ვიცით. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ივანიშვილი გააკეთებს ვითარების ღრმა ანალიზს, მას ეს არ გაუჭირდება, შექმნის ძლიერ ანალიტიკურ ჯგუფს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ამგვარი უსამართლობები და უკანონობები მხოლოდ აზარალებს «ქართული ოცნების» იმიჯს. დაუყოვნებლივ უნდა გადაიხედოს არსებული სიტუაცია და ის ადამიანები, რომლებიც ამგვარ ქმედებებში არიან ჩართულნი, უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. სამწუხაროა, როცა ამა თუ იმ ცნობილი პოლიტიკოსის სახელით მის ზურგს უკან ერთგვარად ვაჭრობენ. შეიძლება ამ ადამიანმა სულაც არ იცის, რომ მისი სახელით დაბალი რგოლის ჩინოვნიკები უკანონობებს სჩადიან.

_ რაიმე კონკრეტულ ფაქტს ხომ არ გულისხმობთ?

_ თუნდაც ის, რაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ხდება. მიმდინარეობს ისეთი საკადრო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, მთლიანად არღვევს აფხაზეთის კონსტიტუციას, ასევე ირღვევა საქართველოს დამოუკიდებლობის ქარტია. ეს პროცესები, უკვე ორი თვეა, გრძელდება და არავის აინტერესებს. ამგვარი ვითარება კი ძალიან დამაფიქრებელია. განსაკუთრებით გულსატკენი კი ის არის, რომ ამ დარღვევებთან ასოცირდება და იკვეთება სწორედ ივანიშვილის გუნდის წევრთა სახელები _ ბატონი ზაქარეიშვილი, ბატონი უსუფაშვილი… ამ ადამიანების სახელით გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები მოქმედებენ. კანონის მიმართ ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომა, მაშინ, როცა სწორედ ამ კანონების დასაცავად მოვიდა ახალი მთავრობა, სულ მცირე, გაუგებარია.

_ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ახალმა პრეზიდენტმა? უნდა ჩაებას თუ არა აფხაზეთსა და ოსეთს შორის არსებული კონფლიქტების აღმოფხვრის საკითხებში? უნდა იყოს თუ არა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ჩართული? რას ფიქრობთ, თუ ეთნიკურად აფხაზი ჩაიბარებს ამ პოსტს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი აქტიურად განიხილავდა ამ წინადადებას?

_ საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართველი უნდა იყოს და ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ქართველების, აფხაზებისა და ოსების, ასევე რუსების პატივისცემით. იყო პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი გერქვას, არ შეიძლება. პრეზიდენტი არა მარტო ჩართული უნდა იყოს ამ პროცესებში, არამედ აუცილებლად თავადვე უნდა ხელმძღვანელობდეს მათ.

_ რამდენად შეუძლია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ამ პროცესებში ხელის შეწყობა?

_ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ეს სტრუქტურა დღეს არსებობს, არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ეს ადამიანები, უკვე ოცი წელია, კაბინეტებში სხედან, არაფერს აკეთებენ, ხელფასებს იღებენ და, სხვათა შორის, ხალხისგან ძალიან დისტანცირებულები არიან.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here