Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი ჩხეიძე: 6 ივნისის ტერაქტი, სამწუხაროდ, უკანასკნელი არ იქნება

ვალერი ჩხეიძე: 6 ივნისის ტერაქტი, სამწუხაროდ, უკანასკნელი არ იქნება

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუშიყველამ თავის გაპედერასტებულ ქვეყანას მიხედოს») გენერალლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ ჰელმანდის პროვინციიდან მიხეილ სააკაშვილის 26 მაისის ტელეგაკეკლუცება შეაფასა, როგორც «საკუთარ თავზე შეყვარებული «ბოლვანის» პოზა», როცა ქვეყნის მთავარსარდალმა ელექტრონული მედიით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებდნენ ავღანელი მოჯაჰედები. ისარგებლეს! შედეგად 6 ივნისს დაიღუპა 7 ქართველი მებრძოლი, 9 დაიჭრა.

_ ეს ტრაგედია მისი ნარცისული პოზირების შედეგია, _ ადასტურებს ვალერი ჩხეიძე იმავე დღეს ჩამორთმეულ ინტერვიუში, _ ეკრანზე ჩანდნენ არამარტო ის ჯარისკაცები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თავდამსხმელთა ლიკვიდაციაში, არამედ იმ ბაზის ნაწილიც, რომელშიც ქართველები არიან. ტელევიზიით და ინტერნეტსაიტით სურათი შეიძლება სრულად არ გადაიცა, მაგრამ, ალაჰმა უწყის, როგორი მოცულობის რა ინფორმაცია მიიღეს მოჯაჰედებმა. ეს ერთი.

მეორე. გამორიცხავთ, რომ მოწინააღმდეგე, რომელიც თვალს ადევნებს ქვეყნის პირველი პირის სტუმრობას აღნიშნულ ბაზაზე, არ მიიჩნევს, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და განსაკუთრებული მონდომებით არ აკვირდება და არ აანალიზებს იქიდან მიღებულ თითოეულ კადრს? ამ დროს მოწინააღმდეგე მაქსიმალურად კონცენტრირებულია როგორც დაზვერვის, ასევე საბრძოლო მოქმედების თვალსაზრისით, ჩვენ შემთხვევაში, ტერორისტული და შეიარაღებული თავდასხმის განხორციელების ხაზით.

ამის არცოდნა, ამის გაუთვალისწინებლობა, პირდაპირ გეტყვით, დანაშაულია.

_ თქვენ გინდათ, თქვათ, რომ ეს არის სამხედრო საიდუმლოების გაცემა, რომლის მოპოვება მოწინააღმდეგის დაზვერვის მიზანი და ამოცანაა?

_ რა თქმა უნდა, ასეა. თანაც სანდო ინფორმაციაა, რომელსაც სამხედრო ოპერაციის დეტალებზე პირველი პირი გასცემს. ამაზე უკეთეს წყაროს ვერანაირი აგენტურა ვერ მოიპოვებს. სააკაშვილმა საკუთარი ჯარისკაცები მოწინააღმდეგის სამიზნედ აქცია!

6 ივნისის ტრაგედიამ კიდევ ერთი პრობლემა წამოსწია წინა პლანზე. კაცმა რომ თქვას, ეს პრობლემა არასოდეს მოხსნილა დღის წესრიგიდან, მაგრამ ამჯერად უფრო მეტი სიმწვავით წარმოჩნდა.

არაერთხელ მითქვამს და კვლავ და კვლავ გავიმეორებ დღევანდელი ხელისუფლების საყურადღებოდ (ყოფილი ხელისუფლების დროს ჩემი ასეთი პოზიცია ყოველთვის უყურადღებოდ რჩებოდა): რა არის ავღანეთი, რას წარმოადგენს იგი იმ ქვეყნის მიწაზე შეჭრილი გარეშე ძალისთვის, სხვისი გადმოცემით არ ვიცი. იქ ვმუშაობდი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ცხელ წერტილებში და პირდაპირ ვამბობ, _ ჩვენ არაფერი გვესაქმება ავღანეთში. ავღანეთი ჩვენი საქმე არ არის.

ეგ არის თავი და თავი.

_ რამდენად შემთხვევითია, რომ ორიოდ კვირის ინტერვალით ორჯერ განხორციელდა თავდასხმა ქართული ჯარის მოწინავე ბაზაზე ასეთი ტრაგიკული შედეგით?

_ არ არის ეს, ჩემო ბატონო, შემთხვევითი. ჰელმანდის პროვინციაში ეს ბაზა და ჩვენი ბიჭები იქნებიან მუდმივი თავდასხმის ობიექტი. ჯერ ერთი, ფსიქოლოგიურად რომ გატეხონ და დათრგუნონ და, მეორე, ტაქტიკური უპირატესობა რომ მოიპოვონ, მუდმივ დაძაბულობაში რომ ჰყავდეთ ჩვენი ჯარის ნაწილი.

_ გასული საუკუნის 80-იან წლებში კუნდუზის პროვინციაში ჰოსპიტალი დაგვათვალიერებინეს და, როცა ერთ, რკინისგისოსებიან პალატას მივადექით და გავიკვირვეთ, ეს გისოსები რას უნდა ნიშნავდესთქო, ექიმმა გულახდილად მითხრა: აქ ჭკუაზე გადასულ ჯარისკაცებს ვათავსებთ. ყველა ვერ უძლებს მუდმივი სტრესის პირობებში ყოფნასო.

_ კი, ასე იყო. არც ჩვენი ახალგაზრდა ჯარისკაცები და კაპრალები არიან დაცულნი ასეთი სტრესის გავლენისგან. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ყველაფერი ხდება.

რა გვინდა ავღანეთში? ამერიკულ დემოკრატიას ვიცავთ? ამერიკამ მოუაროს თავის პრობლემებს!

ახლა სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, რამდენ ქვეყანას გამოჰყავს თავისი საჯარისო კონტინგენტი ავღანეთიდან. ამერიკაც კი ამცირებს… სააკაშვილმა არ იცის, რით ასიამოვნოს თავის პატრონებს, სააკაშვილმა გაზარდა რაოდენობა და, ისე ჩანს, ახალი მთავრობა მისი გაკვალული გზით აპირებს სიარულს…

_ მაგრამ სულ უფრო გაბედულად ისმის ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის შემცირების წინადადებები.

_ ამას ამბობენ ცალკეული პოლიტიკოსები და ექსპერტები. ოფიციალური პოზიცია, ისე ვატყობ, უცვლელია. ჯერჯერობით მაინც.

_ ალბათ, იმის იმედით, რომ მიგვიღებენ ნატოში?

_ ძნელი დასაჯერებელია. ის, რაც ხდება, მე მგონი, ადამიანების ცალკეული ჯგუფების პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლადაა გამიზნული.

_ ბატონო ვალერი, არის ასეთი მკრეხელური მოსაზრება, რომ სააკაშვილის ტელეგამოსვლა გამიზნული იყო მოჯაჰედების ისეთი რეაქციის პროვოცირებისთვის, რომელიც მართლაც მოხდა. ამას პატივცემული მიხეილი გამოიყენებდა საკუთარი თავის გასაპიარებლად: ხომ ხედავთ, რა ხდება, როცა მე აღარ ვარ საქართველოს ერთპიროვნული მმართველი. ახალი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში ისეთ შეცდომებს უშვებს, ისე შეცვალა საგარეო პოლიტიკის ვექტორი, რომ მისი (ახალი ხელისუფლების) ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო და უფრო უეფექტო ხდებაო.

_ იმათ, ვინც ამ მოსაზრებაზე დგას, ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონიათ ამ «ბოლვანზე». ასეთი რამეების გათვლის ტვინი და შესაძლებლობა მას არ აქვს. გაროზგვა რომ შველოდეს, გასაროზგია, მაგრამ ამით იმ დახოცილ ბიჭებს ვერ გააცოცხლებ.

ხალხი და ქვეყანა, სხვისი გაჭირვება, მითქვამს და ვიმეორებ, მას არასოდეს აინტერესებდა.

_ ერთ რამეში გამარკვიეთ, სულ რამდენიმე დღის წინ ავღანელმა შაჰიდმა ტრაგედია დაატრიალა ჩვენი ნაწილის განლაგებაში. დავიჯერო, ეს ამბავი ისე სწრაფად დაივიწყეს, რომ არავითარი ღონისძიება არ განახორციელეს მსგავსი თავდასხმის მოსაგერიებლად? არადა, გამეორდა უფრო ტრაგიკული შედეგით.

_ დეტალურად ინფორმირებული არ ვარ. მაგრამ აუცილებლად ჩასატარებელია გამოძიება _ იყო თუ არა შესაბამისად მოწყობილი თავდაცვის ზღუდეები, აუცილებელი წინაღობები, როგორი იყო კონტრთავდასხმის ღონისძიებები და ა.შ. და თუ დანაშაულებრივი უყურადღებობა დადასტურდება, ბაზის მეთაურიდან დაწყებული, პასუხისმგებელი ოფიცრით დამთავრებული, ყველა სამხედრო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს.

მოდით, დავაკვირდეთ, ამ დღეებში ასეთი სერიოზული ტერაქტები თუ განხორციელდა იმავე კუნდუზში, გერატში, ჯალალაბადში, ავღანეთის სხვა პროვინციებში, სადაც განლაგებულია ე.წ. სამშვიდობო ძალები. როგორც ვიცი, ასეთი თავდასხმები არ ყოფილა.

_ რა გინდათ, ამით თქვათ?

_ ეს არის მიზნობრივი ნადირობა ჩვენს ბიჭებზე, რომელიც, სამწუხაროდ, გაგრძელდება, და აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. რატომ ხდება ასეთი მიზნობრივი თავდასხმები? ხდება იმიტომ, რომ ამ უტვინომ თავისი წინდაუხედავი ნაბიჯებით მოახდინა მათი პროვოცირება. ეს ერთი. და მეორე, უმთავრესი _ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ შაჰიდების შემოტევა გაგრძელდება.

_ გამოსავალი?

_ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთიდან. უნდა გა-მო-ვი-ყვა-ნოთ! ამიხსნან მთავარსარდალმა და თავდაცვის მინისტრმა, რა ფასეულობებს იცავენ იქ ჩვენი ჯარისკაცები, ამიხსნან მე, გენერალს, რომელიც მათსავით სამარიაჟოდ (მაპატიეთ ეს გამოთქმა) რამდენიმე საათით არ ჩავსულვარ ავღანეთში; ამიხსნან, არა იმ ზოგადი ფრაზებით, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს იცავენ, რომ გლობალურ მსოფლიოში ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ყველაა და ა.შ. გამაგებინონ მეც და საქართველოს მოსახლეობასაც, რატომ ვართ იქ წარმოდგენილი გაცილებით დიდი კონტინგენტით, ვიდრე ნატოს წევრი 11 ევროპული ქვეყანა? რატომ გამოჰყავთ თავიანთი კონტინგენტები ავღანეთიდან, ვთქვათ, ესპანეთს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენ კი იქ უნდა ამოვწყვიტოთ ჩვენი გენოფონდის საუკეთესო ნაწილი?

არ იყო საკმარისი სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, ომი ცხინვალში, დაბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომი? კიდევ რამდენი ჰალსტუხი უნდა დაღეჭოს სააკაშვილმა, კიდევ რამდენჯერ უნდა მოხნას ცხვირით მიწა, რომ გავუშვათ იქ, სადაც საჭიროა?

_ სად უნდა გავუშვათ, ბატონო ვალერი?

_ ვიტყოდი _ სადაც, მაგრამ მიშასავით ზრდილობა და ტაქტი არ დამიკარგავს. უმძიმდება ბრალდებები სააკაშვილს, დგება დრო, დაიკითხოს ავღანეთთან დაკავშირებით, ცხინვალთან დაკავშირებით, სამხედრო ოპერაციების უტვინო დაგეგმვის გამო, სად არის მისი ხელმოწერა ბრძანებებზე, სამხედრო რუკაზე, საერთოდ რომელიმე დოკუმენტზე? არ არის? მაშ, რისი და ვისი მთავარსარდალია?!

დიდი გულისტკივილით ვაცხადებ, რომ 6 ივნისის ტერაქტი უკანასკნელი თავდასხმა არ იქნება ჩვენს ბიჭებზე.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here