Home რუბრიკები საზოგადოება ბომბეიმდე გვირაბი _ არა, მაგრამ მარმარილოს ზღვის ქვეშ გაჭრილი გვირაბით მობრძანდით...

ბომბეიმდე გვირაბი _ არა, მაგრამ მარმარილოს ზღვის ქვეშ გაჭრილი გვირაბით მობრძანდით ევროპაში!

რკინიგზას ისეთი ბედი დაჰყვა, რომ ქვეყნის ბედტეხილის ჟამს ყურადღების ცენტრში ექცევა ყოველთვის. აბულაძის გენიალურ «ნატვრის ხეში» ციციკორეს და კოჭლი რევოლუციონერის შეფასებები გაიხსენეთ თუნდაც: ერთის მხრივ, მატარებელი, როგორც მიწაჰაერის მომწამლავი და ქვეყნის დაქცევის წინამორბედი, მეორე მხრივ, მატარებლის კახეთში შემოსვლა განათლებისკენ და ქვეყნის აყვავებისკენ გზის გაკვალვა. ჰო და არა! ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები. რკინიგზა _ ადამიანების ბედის გზაჯვარედინი რეზო გაბრიაძის შედევრებში. და ისევ რკინიგზა _ ბაქოთბილისიყარსი, ისევ აზრთა დაპირისპირება. კატეგორიული.

ერთის მხრივ, _ საუკუნის მშენებლობა, მეორე მხრივ, _ წამგებიანი წამოწყება, გაუმართლებელი სატრანსპორტო ექსპერიმენტი, ხარჯი მოგებაზე მეტია (ტვირთების გადაზიდვის სიძვირე, დიდი ენერგოშემცველობა, ნელი ტემპი და . .) და _ «ფულის საჭრელი ქარხანა», ბოლოს და ბოლოს. წინააღმდეგობათა ამ გორგალში არიადნას ძაფის პოვნას ვთხოვ შპს ბაქოთბილისიყარსის რკინიგზის მშენებლობის გენერალურ დირექტორს ბატონ ირაკლი წულაიას, რომელიც იმდენად ახალგაზრდაა, რომ ბატონობით მიმართვას, შეიძლება, მიჩვეულიც არ არის. სამაგიეროდ, როგორც მითხრეს, მაღალი რანგის პროფესიონალია და ამ უმნიშვნელოვანესი შპს სათავეში დამსახურებულად არის დანიშნული. პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს რკინიგზა დიდად პერსპექტიულია, რაც დღეს და ხვალ, შეიძლება, არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დადასტურდება. ეს იქნება საქართველოს, როგორც «დიდი აბრეშუმის გზის» საკვანძო ქვეყნის რეალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

_ ის წინააღმდეგობები, რომლებიც ჩამოთვალეთ, შეიძლება გარეშე თვალისთვის მართლაც მნიშვნელობანი ჩანს, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, დავრწმუნდებით, რომ ასეთი საფრთხეები რეალურად არ არსებობს. ასე არ არის, _ ამბობს ირაკლი წულაია, _ ამ რკინიგზის ექსპლუატაცია იმდენ ხარჯს არ მოითხოვს, რომ გადაფაროს ის შემოსავალი, რომელსაც იგი მოიტანს. ლაპარაკი არ არის მარტო ფინანსურ შემოსავლებზე. ახალქალაქში ჩვენ ვაშენებთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სარკინიგზო სადგურს, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ ექნება. პროექტის რეალიზაციით აღორძინდება და განვითარდება მარაბდა, თეთრიწყარო, ახალქალაქი, კარწახი, ფაქტობრივად, მთელ რეგიონში გაშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტერმინალები.

ამ რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლით დაინტერესებული არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ბევრი სხვა ქვეყანა. ტვირთგამტარობა 5 მილიონ ტონაზეა გათვლილი, რომელსაც სამომავლოდ 15 ტონამდე გაზრდა შეეძლება, ეს უდიდეს შემოსავალს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს.

_ მაგრამ არა დღეს და ხვალ, რა თქმა უნდა, _ მშენებლობა მიმდინარეობს.

_ მე ორ ეტაპად დავყოფდი ამ პროცესს. პირველი _ პირველ ოქტომბრამდე პერიოდი, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და სულ სხვა რეალობა გაჩნდა ქვეყანაში, მეორე ეტაპი, _ ოქტომბრის შემდგომი პერიოდი. როცა სულ სხვა პრიორიტეტებმა წამოიწია წინა პლანზე, სულ სხვა ამოცანები და მიზნები დასახა ახალმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრმა. ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა, რაც შეიძლება სწრაფად პროექტის განხორციელება და ახალი რკინიგზის საექსპლუატაციოდ გადაცემა.

ხოლო «ფულის მოჭრის ქარხნის» პრობლემა დღეს არ არსებობს, რადგან კანონდარღვევის, ამ ბოლო ხანს ფაქტებით დავრწმუნდით, ყველა გზა გადაკეტილია და სასჯელი _ გარდუვალი.

_ ნეგატიურად განწყობილი ყოფილების მოგონილს ჰგავს, იმათი, ვისაც საამისოდ ხელი ჰქონდათ გაწაფული.

_ ალბათ, იმათიც.

_ ეგებ, გახსოვთ (თუმცა რა მოვლენა ეს იყო, რომ დაგეხსომებინათ), გაწბილებული სააკაშვილის «გულწრფელი» აღშფოთება, როცა თქვენს ერთერთ სამშენებლო ობიექტზე მისულს იქ არ დახვდა მშრომელთა მოზეიმე კოლონები. მან მისთვის ჩვეული ლოგიკით ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა: უწინ, როგორც კი გაიგებდნენ (!), მე რომ მოვდიოდი, აქ მუშების ტევა არ იყოო. თქვენს ობიექტებზე მართლაც სიხალვათეა?

_ გუშღამ დავბრუნდი ობიექტებიდან. მარტო ახალქალაქის სადგურზე 90 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, სამშენებლო ფრონტი გაშლილია და მუშაობა მაქსიმალური დატვირთვით მიმდინარეობს. ხარვეზები, პრობლემები, რა თქმა უნდა, გვქონდა. მაგრამ სამი თვის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ აზერბაიჯანულ მხარესთან, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება რომ მოგვეხდინა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ პრობლემების სისტემური აღმოფხვრისთვის.

რეალური მოცემულობა ასეთი იყო: 2012 წლამდე აღებული ტემპით, არსებული მენეჯმენტითა და მართვით, პროექტის განხორციელება, დაახლოებით 2020 წლამდე გააჭიანურებდა რკინიგზის მშენებლობას.

ჩვენ დაგვხვდა  სიტუაცია, როცა შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ 30-პროცენტამდე იყო განხორციელებული.

_ რაც უნდა გაკეთებულიყო, იმის მესამედი?

_ უფრო ზუსტად _ 28,4 პროცენტი.

_ და ფული სრულად, 100 პროცენტის ოდენობით დაიხარჯა?

_ არა, ასი პროცენტი არ დახარჯულა, 220 მილიონია ათვისებული. დანარჩენი 500 მილიონის სამუშაოები შესასრულებელია.

არსებული ტემპი ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მალე ამოქმედდეს რკინიგზა, რა თქმა უნდა, ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების შედეგად. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ საერთაშორისო სტანდარტების რკინიგზა, რომელიც გაჭრილი სარკმელი იქნება ევროპაში გასასვლელად, რომლითაც ტვირთები შემოვა ჩინეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, ავამუშავებთ შესაბამის სამრეწველო საწარმოებს და ა.შ.

_ უკვე მუშაობთ იმ გრაფიკით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო ტემპს?

_ ჯერჯერობით ტემპი ისეთი არ არის, რომელიც გვჭირდება. აზერბაიჯანულ მხარესთან გაგვაჩნდა კითხვები და ველოდებით ამ კითხვებზე პასუხს.

_ გულისხმობთ პრობლემებს, რომელთა სისტემურ აღმოფხვრაზე განაგრძობთ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან?

_ დიახ. მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის პარალელურად მიმდინარეობდეს სამუშაოები და რაც შეიძლება ხარისხიანად ვაშენოთ რკინიგზა. თუმცა არის კითხვები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით აზერბაიჯანელ ძმებთან, ერთობლივად შევქმნით ისეთ სტრუქტურას, ისეთ სისტემას, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2015 წლისთვის მწყობრში ჩავაყენოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი.

_ ფინანსები, რომლებიც ამ მშენებლობისთვისაა საჭირო, საიდან მოდის?

_ აზერბაიჯანის სახელმწიფომ პირველი ეტაპისთვის გამოყო 220 მილიონი დოლარი. პროექტის რეალიზაცია 2007 წელს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო 2009 წლისთვის. ამან განაპირობა პროექტის გაძვირება. ამიტომ დამატებით გამოიყო 500 მილიონი.

ეს არის კრედიტი აზერბაიჯანის მხარის, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმ კომპანიის მეშვეობით, რომელიც მოემსახურება ამ რკინიგზას, იმ მოგებიდან, რომელსაც იგი ფუნქციონირების შედეგად მიიღებს.

ეს იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომპანია, 50X50 წილით.

_ რა ხასიათის სამუშაოები ხორციელდება ამჟამად? უკვე აგებთ ლიანდაგს? ბოდიშს გიხდით დილეტანტური შეკითხვისთვის, მაგრამ უფროსი კოლეგებისგან მაქვს გაგონილი, რომ ლიანდაგის დაგება რკინიგზის მშენებლობის დაგვირგვინების მაჩვენებელია. მიხვედით აქამდე?

_ (ეღიმება). მშენებლობა ოთხ ეტაპად არის დაყოფილი: მარაბდა-თეთრიწყარო, თეთრიწყარო-წალკა, წალკა-ახალქალაქი, ახალქალაქი კარწახი. ცალკე ობიექტია ახალქალაქის სადგური, რომელიც ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაშია და  სექტემბრის ბოლოს იგეგმება მისი სამუშაო დოკუმენტაციის დასრულება.

_ პროექტი ქართულია?

_ ქართულ-უკრაინული რამდენიმე საპროექტო ორგანიზაცია არის ჩართული, მათ შორის ისეთი დიდი და პროფესიული კომპანია, როგორიც არის «კიევგიპროტრანსი». პირველი ეტაპი _ მარაბდა-თეთრიწყარო დასრულებულია, მეორე ეტაპი თითქმის ბოლომდეა მისული. ფაქტობრივად, განსახორციელებელი რჩება მესამე ეტაპი, ჩასამთავრებელი _ მეოთხე ეტაპი, ევროპული სტანდარტის ლიანდაგი იგება და ახალქალაქიდან კარწახამდე  ახალი რკინიგზა გვექნება.

_ ძველი რკინიგზა «დაიკარგა»?

_ არა, რა თქმა უნდა. მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთზე ამ რკინიგზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც უფრო შრომატევადია, ვიდრე ახლის მშენებლობა. სამუშაო მრავალფეროვანია: მიწის სამუშაოებს ვასრულებთ, ვაშენებთ ხიდებს, ვაგებთ ლიანდაგებს, მიმდინარეობს ელექტრიფიკაციის სამუშაოები და ა.შ.  ვაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების რკინიგზის გამართული ექსპლუატაციისთვის.

_ ამ ყველაფერს სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები. გყავთ ასეთი პროფესიონალები, თუ ძირითადად ჩამოყვანილი სპეციალისტებით გადიხართ ფონს?

_ საქართველოს რკინიგზაში ისეთი განათლებული და მაღალპროფესიონალი კადრები გვყავს, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ეს ეხება როგორც ძველ, გამოცდილ თანამშრომლებს, ისე ახალგაზრდა მენეჯერებს. მათი ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი ერთიანი, კარგი პროდუქტის მიღება, რაც დღეს რეალობაა.

_ მუშაკაცები, ვინც ფიზიკურად შრომობს, ისინი გყავთ?

_ რა თქმა უნდა.

_ შეგიძლიათ დამისახელოთ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა?

_ ადმინისტრაციაში სამოცდაათი თანამშრომელი გვყავს, ასევე ვაკონტროლებთ 25-მდე კომპანიას, რომლებიც უშუალოდ მშენებლობებს ახორციელებს.

არის ისეთი სამუშაოები, რომელთა შესასრულებლად უცხოეთიდან ჩამოგვყავს სპეციალისტები. მაგალითად, ელექტრიფიკაციის სამუშაოებს შვეიცარიელი პროფესიონალები ასრულებენ. ასე რომ, არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ვქირაობთ უცხოურ კომპანიებს. ასეთებია, მაგალითად, სლოვაკური კომპანიები, რომლებიც პროექტის მიხედვით სამუშაოების შესრულების ხარისხის, ვადების დაცვის მონიტორინგს განახორციელებენ.

_ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ თქვენს მოსვლამდე მშენებლობა ჩამორჩენილი იყო ტემპს, გნებავთ, რიტმს, რომელიც გეგმით იყო განსაზღვრული.

_ სიმართლე გითხრათ, გეგმები არსად არ მინახავს. არც გეგმები არსებობდა, არც გრაფიკები, რომელთა მიხედვით უნდა წარმართულიყო მუშაობა.

_ ეტყობა, სააკაშვილმა მართალი თქვა, როცა გაიგებდნენ, აქ რომ მოვდიოდი, უამრავი მუშა იყრიდა თავსო. მიშა იყო, როგორც ჩანს, მამოძრავებელი ძალაც, გეგმაც და გრაფიკიც

_ (ეღიმება). დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რათა თითოეულ კომპანიას სამუშაოების წარმოების თავ-თავიანთი გეგმები წარმოედგინათ. დავსახეთ ამოცანები, რომელთა შესრულებას ახლა მივყვებით. აქამდე ასე განსაზღვრავდნენ _ წლის ბოლოს უნდა გაიხსნას, 2013 წლის ბოლოს თუ 2014-ის ბოლოს უნდა ამუშავდეს და ასე ზედაპირულად, პრიმიტიულად. ეს განცხადებული მიზნები არაფრით იყო გამყარებული, არანაირი გეგმა და გრაფიკი. ცარიელი სიტყვები იყო.

იძულებული ვიყავით სიტუაცია დეტალურად შეგვესწავლა, გაგვეანალიზებინა და დაგვესახა კონკრეტულად გასაკეთებელი საქმე, რომელიც გამომდინარეობდა რეალობიდან, ანუ 3-4 წლის განმავლობაში შეუსრულებელი 70 პროცენტი როგორ უნდა შეგვესრულებინა სულ რამდენიმე თვეში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვადა, რომელიც შეიძლება პროექტის დასრულებას დასჭირდეს, არის 2015 წელი.

ასეთი ამოცანა დავისახეთ, რადგან იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩვენთან ერთად განახორციელებს იმ სტრატეგიულ, სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც ერთობლივად დავსახეთ.

_ თქვენს მოსვლამდე გაკეთებული სამუშაოების მონიტორინგი თუ ჩაატარეთ? ედრება თუ არა ჩატარებული სამუშაოს მოცულობა დახარჯულ ფინანსებს?

_ მსოფლიოში საუკეთესო საფინანსო კომპანიები ჩართული არიან შემოწმების პროცესში, აწარმოებენ  აუდიტს. ძალიან მალე დაიდება დასკვნა. ამასთან ერთად. არის ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც გამოვავლინეთ და რომელთა გამოსწორებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. პრობლემები, რა თქმა უნდა, დაგვხვდა. მაგრამ არა ისეთი, რომელთა აღმოფხვრა არ შეიძლება.

_ შეიძლება ვთქვათ, რომ 2015 წელს თბილისში მატერებელში ჩავჯდებით და დილით, სად გავიღვიძებთო, რას ამბობდა სააკაშვილი?

_ ლონდონში (ეღიმება). ეს პროექტი მარტო საქართველოს ტერიტორიაზე არ ხორციელდება. მისი გაგრძელება არის «მარმარაის» პროექტი თურქეთის რესპუბლიკაში _ მარმარის ზღვის ქვეშ გვირაბში გაივლის მატარებელი.

_ მარმარილოს ზღვის ქვეშ?

_ დიახ, დიახ. ჩვენ პროექტი გაგრძელდება ყარსამდე, სადაც შეუერთდება თურქეთის ცენტრალურ რკინიგზას, გაივლის ბოსფორის სრუტეს და გაგრძელდება ევროპისკენ.

_ მაგრამ ეს უკვე ჩვენი საზრუნავი არ არის.

_ არ არის, მაგრამ ეს იქნება აზია-ევროპის სატრანსპორტო დერეფნის გაგრძელება. ამასწინათ ვიყავი თურქეთში, დავათვალიერე მიმდინარე სამუშაოები და შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად ბოლოში არიან გასულები. აუარებელი თანხა ჩადო თურქეთმა ამ პროექტში, რომელიც მსოფლიოს საუკუნის პროექტების  ასეულში შედის.

_ მახსოვს, სახელმწიფოთა მეთაურების სტამბოლის სამიტზე, რომლის გასაშუქებლად სხვებთან ერთად მეც ვიყავი ჩასული, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს საუკუნის მშენებლობა უწოდა.

თქვენ რომ გისმენთ, არც ეს პროექტია ნაკლებად მასშტაბური.

_ პირდაპირ გეტყვით: ეს არის გაგრძელება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის. მისი ანალოგიურია, მაგრამ მილსადენის ნაცვლად აქ რკინიგზაა, რომელიც ცივილიზაციებს დააკავშირებს ერთმანეთთან. შესაძლებელი ხდება ისიც, რომ აზიური ტვირთების ნაკადებმა თავი მთლიანად საქართველოში მოიყაროს, და ეკონომიკური სწორი გათვლის შემთხვევაში, ახალქალაქი ჩვენი ბიზნესგანვითარების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდეს.

_ საქართველოს მოქალაქეთა წილი თქვენთან დასაქმებული ადამიანების დათვლილი გაქვთ?

_ გენერალურ კონტრაქტორთან შეთანხმებით, ამ პროექტში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა  70 პროცენტით განისაზღვრა.

_ ამ პროექტს როდიდან ჩაუდექით სათავეში?

_ 2013 წლის იანვრის ბოლოდან.

ინტერვიუსთვის გამოყოფილ 20 წუთი (ასე შევთანხმდით) ამოიწურა. მასპინძლის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა მარტო  უტაქტობა არ იქნებოდა, შეიძლება მაინც და მაინც დიდი ამოვარდნაც არ ყოფილიყო მისი სამუშაო გრაფიკიდან, მაგრამ საქმეს რომ არ წაადგებოდა, ცხადია.

აწყობილ საქმეში წუთიც ძვირად ფასობს და _ ვემშვიდობები.

…ახალ შეხვედრებს წინ არაფერი უდგას.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

ცნობისთვის: ირაკლი წულაიას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ოქსფორდის კოლეჯი; მუშაობდა: «ქართუ ჯგუფში» ლოჯისტიკის მრჩევლად, «ივენსი» პროგრამირების ჯგუფში _ კომერციულ დირექტორად, Black & WhiteSolutionsის გენერალურ დირექტორად, დღეს, უკვე იცით, შპს «მარაბდაკარწახის რკინიგზის» გენერალური დირექტორია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here